ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
393
11/06/2014
ვებგვერდი, 13/06/2014
330130000.10.003.018013
ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/06/2014 - 03/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №393

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თანდართული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (შემდგომში - პროგრამა).

 

მუხლი 2
ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­­­რობას პროგრამის განხორცი­ე­ლე­ბასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარ­­­ჯების აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის შემდგომი წლე­ბის ბიუჯეტებში გათვა­ლის­წინება, საჭიროების შემთხვევაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

მუხლი 1. ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნები

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზნებია:

ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში - არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა;

ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება;

დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ე)  სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

 

მუხლი 2. პროგრამის პრინციპები

1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბა­თუ­­მის ტერიტორიაზე.

2. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

 

მუხლი 3. პროგრამის მონაწილე პირები (მხარეები)

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მო­ვა­ლეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრე­დიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანი­ზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლა­პა­რაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველ­ყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავ­ში­რებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (შემდგომში – მოთ­ხოვნები);

ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ)  საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა);

დ)  იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

 

მუხლი 4.  მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1. ამ პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირე­ბულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

2. დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონა­წილეობისათვის წარადგინოს:

ა) მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელ­შეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხ­მობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:

ა.ა) დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგ­რამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ  500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; 

ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, საფინანსო ორ­განიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრუ­ლებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ ამ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს; 

ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის საფინანსო ორგანიზაცია და დეველოპერული კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობას წარუდგენენ წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული პირობების დაკმა­ყოფილების დამა­დასტურებელ დოკუმენტაციას.

3. დეველოპერული კომპანიების ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორ­მებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვე­პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას.

4. დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლე­ბამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღ­ნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავ­შირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელ­შეკ­რულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

მუხლი 5. ქ. ბათუმის მერიის მონაწილეობა პროგრამაში

ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას:

ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირთათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან გასათავისუფლებად;

ბ) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;

გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია.

 

მუხლი 6. პროგრამის შესრულების მონიტორინგი

პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.