სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017933
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
316
01/05/2014
ვებგვერდი, 01/05/2014
010220030.10.003.017933
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/05/2014 - 25/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე, შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო)  შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, საბჭოს თანათავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი;

სსიპ - დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის დირექტორი;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი;

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

 საქართველოს სახალხო დამცველი.

მუხლი 2
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელს;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს;

ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალურ დირექტორს;

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ერთობის“ წარმომადგენელს;

კავშირის „21-ე საუკუნე“ წარმომადგენელს;

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის წარმომადგენელს;

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველს;

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს;

ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში.

 

მუხლი 3
დამტკიცდეს  საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 2. საბჭოს ამოცანები

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

1. კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, კონცეფციებისა და კანონპროექტების შემუშავება.

2. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი.

3. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.

4. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება.

5. სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

 

მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა

1.  საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საბჭოს საქმიანობაში,  საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან  საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

 

მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად  საბჭო უფლებამოსილია:

1.  კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.

2.  შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით.   

3. შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

 

მუხლი 5.  საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს  საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს  საბჭოს თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.

3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია  საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. საბჭოსთან იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს,  აგრეთვე, სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

11. საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

 

მუხლი 6. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები

1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს სამდივნო, მომხსენებელთან შეთანხმებით. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც.

4.  სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.

6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს სამდივნო.

 

მუხლი 7. დასკვნითი დებულება

საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.