დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2234-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.017386 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/04/2014 - 12/06/2015)
|
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია; ბ) ფსიქოაქტიური ზეგავლენა – აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა; გ) ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზურად დამზადებული ქიმიური ნაერთი; დ) მინარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც ერთ ან ერთზე მეტ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს; ე) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.
მუხლი 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა 1. აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. 2. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. 3. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი. 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მუხლი 5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე სხვადასხვა ნორმის შესაბამისი გავრცელება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე შესაბამისად ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 32-ე მუხლებისა და V-VI თავების მოქმედება.
მუხლი 6. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია იქმნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ სახელმწიფო კომისიის დებულება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 7. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები 1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია: ა) აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის ბაზარზე მიმოქცევას; ბ) ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; გ) საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის; დ) აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების თაობაზე. 2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება ნარკოტიკული სიმთვრალის გამოსაწვევად ხდებოდა; ბ) მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს, საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. 3. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიების განხორციელება ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 8. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანას არ ეწინააღმდეგება ამ კლასებში ისეთი ნაერთების არსებობა: ა) რომლებსაც მოხმარების შემთხვევაში არ შეუძლიათ ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა ან უმნიშვნელო ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლიათ; ბ) რომლებზედაც, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე ან ფარმაცევტულ პროდუქტზე, ვრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 15 მაისამდე უზრუნველყონ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა და ამოქმედება. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.
მუხლი 10. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. |
ქუთაისი, 16 აპრილი 2014 წ. N2234-IIს |
დოკუმენტის კომენტარები