დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 275 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200030000.10.003.017895 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/04/2014 - 26/03/2015)
|
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი“. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი
|
მუხლი 1 . ზოგადი დებულებანი
1. გადასახადის გადამხდელსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად. 2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში. მუხლი 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი 1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით. 2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლებით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე, აგრეთვე მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმასა და საურავზე, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. მუხლი 3. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების წარდგენა 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელი წერილობითი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს წინადადებას საგადასახადო შეთანხმების შესახებ და ასახავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს ან სახელს, გვარს და პირად ნომერს, ასევე იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; გ) გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შემოტანის თარიღამდე არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს ხელმომწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. შემოსავლების სამსახური რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს, წერილობითი ფორმით განესაზღვრება გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 6. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 7. თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის მითითებულ ხარვეზს ან/და არ წარადგენს დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, წარდგენილი განცხადება აღარ განიხილება. გადასახადის გადამხდელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. მუხლი 4. გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ 1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით) წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების პირობების (გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა) განსაზღვრის მიზნით. 5. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა. 6. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს. 7. საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს, მისი მოთხოვნის თანახმად, უბრუნდება განცხადება თანდართული მასალებით. მუხლი 5. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად, შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. 2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მეორეს მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს. 3 . საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ბ) საგადასახადო შეთანხმების შინაარსი, პირობები და შეწყვეტის საფუძვლები; გ ) საგადასახადო შეთანხმების აქტის გასაჩივრების ვადა და წესი. მუხლი 6. საგადასახადო შეთანხმების შესრულება 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო დავალიანების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ მესამე პირის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად. 2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით. მუხლი 7. საგადასახადო დავალიანების შემცირება 1. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს უმცირებს საგადასახადო დავალიანებას. 2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 8. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების აქტი შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ. |
დოკუმენტის კომენტარები