დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.090.000.05.001.002.694 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს სახელმწიფო
აღიარებს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ განმტკიცებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,
კერძოდ, თითოეული ადამიანის უფლებას საკუთრებასა და ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტებზე, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, რელიგიისა, მრწამსისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა,
აცნობიერებს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1989–1992 წლების კონფლიქტის მძიმე შედეგებს, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა და საკუთარი საცხოვრებლიდან იძულებით გადაადგილება გამოიწვია,
და იღებს პასუხისმგებლობას, აღადგინოს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სტანდარტებს მიუსადაგოს 1989–1992 წლებში კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა.
ამ კანონის მიზანია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული ფიზიკური პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონფლიქტი – 1989–1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება;
ბ) ბინადრობის უფლება – თავდაპირველი საცხოვრებლით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლება;
გ) თავდაპირველი საცხოვრებელი – იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი, სადაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება დატოვების მომენტში;
დ) თავდაპირველი მცხოვრები – პირი, რომელსაც ჰქონდა ბინადრობის უფლება თავდაპირველ საცხოვრებელში;
ე) იძულებით გადაადგილებული პირი – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ ან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი;
ვ) კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლებით განსაზღვრული პირები;
ვ1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;
ზ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი;
თ) ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, პაპა-ბებია, შვილიშვილი, და-ძმა;
ი) რეკონსტრუქცია – უძრავი ქონების სახეცვლილება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება;
კ) საცხოვრებელი – საცხოვრებლად განკუთვნილი უძრავი ქონება;
ლ) სხვა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, რომელიც მყარად დგას მიწაზე;
მ) ქონებრივი რესტიტუცია – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება;
ნ) შემდგომი მცხოვრები – პირი, რომელიც ამჟამად კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის თავდაპირველ საცხოვრებელს.
ეს კანონი ემყარება შემდეგ პრინციპებს:
ა) სამართლიანობასა და თანასწორობას;
ბ) კანონიერებას;
გ) ადამიანის ღირსებისა და საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პატივისცემასა და უზრუნველყოფას;
დ) ადამიანის უფლებას, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებში მასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) ადამიანის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სამართლებრივი საშუალებებით;
ვ) სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მოქალაქეებისა და თავის ტერიტორიაზე მყოფ პირთა წინაშე;
ზ) იძულებით გადაადგილებული პირების თავისუფლად და ნებაყოფლობით დაბრუნების უფლების გარანტირებას.
მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი გამოიყენება:
ა) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელსაც კონფლიქტის შედეგად არ შეეძლო ან არ შეუძლია თავის თავდაპირველ საცხოვრებელში დაბრუნება უსაფრთხოების ან ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის არარსებობის გამო;
ბ) იმ შემდგომი მცხოვრების მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს თავდაპირველი მცხოვრების კუთვნილ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას;
გ) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების ანდა საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით მიიღო სანაცვლო საცხოვრებელი ან/და ფულადი კომპენსაცია, თუ თავდაპირველი საცხოვრებლის ღირებულება აღემატება მიღებულ სანაცვლო საცხოვრებელს ან/და ფულად კომპენსაციას.
2. ამ კანონით აღიარებულია იძულებით გადაადგილებული პირის უფლება, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიაში განსახილველად წარადგინოს 1983 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ამ პირის ბინადრობის უფლების დაკარგვა საცხოვრებელზე, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.
მუხლი 5. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის უფლება
1. ამ კანონით აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და სხვა პირის უფლება, დაბრუნდეს თავის თავდაპირველ საცხოვრებელში.
2. ეს კანონი ადგენს კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტიებს, რაც გულისხმობს დაზარალებულის უფლებას, მიიღოს უძრავი ქონება, ან თუ მისი საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მიიღოს იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებელი, ხოლო თუ იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის გადაცემა შეუძლებელია, მიიღოს ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.
3. ამ კანონით აღიარებულია შემდგომი კეთილსინდისიერი მცხოვრების უფლება, ფლობდეს ადეკვატურ (სანაცვლო), უსაფრთხო და ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და სხვა უძრავ ქონებას.
თავი II. რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია
მუხლი 6. რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის სტატუსი
1. ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად იქმნება რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია (შემდგომში – კომისია) 3 წლის ვადით. კომისიის მიზნების ვადამდე მიღწევის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ვერ შეძლებს არსებული დავების სრულად გადაწყვეტას, იღებს გადაწყვეტილებას კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით გაგრძელების შესახებ.
2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.
მუხლი 7. კომისიის საქმიანობის მიზნები
კომისიის საქმიანობის მიზანია, კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულ პირთათვის მოახდინოს:
ა) ქონების დაბრუნება;
ბ) ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
გ) ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.
მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საჯაროობა
1. კომისიისა და მისი კომიტეტის სხდომები საჯაროა. კომისიის (კომიტეტის) სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამას მოითხოვს ერთ-ერთი მხარე მაინც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კომისიისა და მისი კომიტეტის მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გასაიდუმლოებას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.
3. კომისიის წევრი ან კომისიის ბიუროს თანამშრომელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თანამდებობიდან გამომდინარე ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე ხელი შეუწყოს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
4. პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის, კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ ან სხვაგვარად. კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია პირი გააფრთხილოს ამის შესახებ.
5. კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში შესაბამისად კომისია ან კომისიის კომიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს მისგან გამოწვეული მორალური ან/და მატერიალური ზიანი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 9. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
1. კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავენ ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. კომისია შედგება კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან პარიტეტის პრინციპით დანიშნული წევრებისაგან.
3. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნიშნავს კომისიის 3 წევრს, რომლებიც შემდეგ აკომპლექტებენ კომისიას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ღია კონკურსის წესით.
4. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 2 კანდიდატი, რომელთაც დანიშნავს საქართველოს ხელისუფლება. ასეთი გარემოების არსებობისას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან კომისიის დაკომპლექტება მოხდება შესაბამისად ორ- ორი წევრით.
5. კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებიდან კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს (სუბიექტებს), პოლიტიკურ პარტიას (პარტიებს), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა, ან არანაკლებ 50-კაციანი ჯგუფისა.
6. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. იგი უნდა იყოს საზოგადოებისაგან აღიარებული და მისი ნდობის მქონე პირი. კომისიის წევრთა ერთ მესამედს მაინც უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
7. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით კომისიის წევრისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 45 დღე.
8. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა, კონკურსი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა. კანდიდატთა სია გამოქვეყნდება კანდიდატთა წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 2 დღეში.
9. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნული წევრები ნიშნავენ კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების კვოტით დასანიშნ კომისიის წევრებს.
10. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დასანიშნ წევრთა დანიშვნისა და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, ასევე კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომისიის შექმნის პროცესში მონაწილე საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან (სუბიექტებთან) დადებული მემორანდუმის შესაბამისად.
1. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე, რომლებსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარედ უნდა აირჩეს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. კომისიის თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა წარმოადგენდნენ სხვადასხვა მხარის მიერ დასახელებულ კანდიდატებს.
3. კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილეების როტაცია ხდება 3 წელიწადში ერთხელ. ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი პირი არ შეიძლება თავმჯდომარედ დაინიშნოს 2 ვადით.
4. კომისიის შემადგენლობაში იქმნება 3 კომიტეტი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში იქმნება 2 კომიტეტი.
1. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი იმავდროულად:
ა) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) უშუალოდ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ან აშკარად მოუწოდებდა ძალადობისაკენ და ეთნიკური დისკრიმინაციისა და შუღლისაკენ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება კომისიის ბიუროს თანამშრომლებზე, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა.
3. თუ კომისიის წევრს ან კომისიის ბიუროს თანამშრომელს, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა, აღმოაჩნდა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმესაც განიხილავს კომისია, იგი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
4. თუ კომისიის წევრი ან კომისიის ბიუროს თანამშრომელი, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა, არის საქმის განხილვაში მონაწილე მხარის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის ნათესავი, ან თუ ის კონფლიქტის მიმდინარეობისას მონაწილეობდა ამ საქმის სასამართლო განხილვაში ან მუშაობდა სახელმწიფო ორგანოში ან იყო სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა სადავო ქონებასთან, იგი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
5. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნულ კომისიის წევრზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი, თუ იგი კომისიაში საქმიანობისათვის ანაზღაურებას იღებს მისი წარმდგენი საერთაშორისო სამართლის სუბიექტიდან (სუბიექტებიდან).
6. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნულ კომისიის წევრზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
მუხლი 12. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. კომისიის წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) პირადი განცხადება;
ბ) 3 თვეზე მეტი ვადით ან არასაპატიო მიზეზით 20 სამუშაო დღის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;
გ) სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა;
დ) კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან საქმიანობა;
ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) გარდაცვალება.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ–დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია წყვეტს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ხოლო სხვა შემთხვევებში ცნობად იღებს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობას. ამ დროს წყდება კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა.
3. კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის შევსება ხდება ამ კანონის მე9 მუხლით დადგენილი წესით, მხარეებს შორის პარიტეტის პრინციპის დაცვით, ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3351 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 13. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის სხდომას;
ბ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებას;
გ) პასუხისმგებელია კომისიის ანგარიშზე არსებული სახსრების განკარგვისათვის;
დ) კონკურსის საფუძველზე ნიშნავს კომისიის მდივანსა და სხვა თანამშრომლებს, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა;
ე) ახორციელებს კომისიის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 14. კომისიის ბიურო. კომისიის მდივანი
კომისიის ბიუროს უფლება-მოვალეობებია:
ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) დაინტერესებული პირებისათვის დახმარების გაწევა საჩივრების სათანადოდ მომზადებაში;
გ) კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის დავალებით სხვა მოვალეობების შესრულება.
2. კომისიის ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის წესდებით.
3. კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომების ოქმებსა და სხვა საბუთებს;
ბ)ზედამხედველობს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში აცნობებს კომისიას;
გ) არის კომისიის ბიუროს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია კომისიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებისათვის;
დ) ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის ტექნიკურ და დამხმარე მოსამსახურეებს;
ე) ასრულებს კომისიის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
4. კომისიის მდივანს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
5. კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 15. კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები
1. კომისია, მისი წევრი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესებისაგან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება ან ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
2. კომისიის წევრები მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში ამ კანონის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად და შინაგანი რწმენით.
3. კომისიის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
მუხლი 16. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 6 წევრისა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე – თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრისა.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის არანაკლებ 2 წევრისა.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 17. კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები
1. კომისია და მისი კომიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შემდეგ სამართლებრივ აქტებს: კომისიის გადაწყვეტილებას, მისი კომიტეტის გადაწყვეტილებასა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას.
2. კომისიის გადაწყვეტილება, მისი კომიტეტის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები მიიღება მათ სხდომებზე.
4. კომისია იღებს კომისიის წესდებას.
5. კომისიის თავმჯდომარე ბრძანებებს გამოსცემს ამ კანონითა და კომისიის წესდებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში.
მუხლი 18. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. კომისიის უფლებამოსილებანი, საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით.
2. კომისია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ან სახელმწიფო ორგანოსაგან კომისიის მიერ განსახილველად მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) ერთ-ერთი მხარის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩააბას მესამე პირი. ამ გადაწყვეტილებას იგი იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით;
გ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოამზადოს ანგარიში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
დ) განიხილოს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები;
ე) განიხილოს არსებითად განსახილველი, ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან და ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომიტეტის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები.
3. საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით კომისია უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ადმინისტრაციული უფლებამოსილებები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში იშუამავლოს მოდავე მხარეებთან დავის გადაწყვეტისას და ხელი შეუწყოს მორიგებას.
4. ნებისმიერი ორგანო, თანამდებობის პირი ან/და კერძო პირი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული საჭირო ინფორმაცია ან საბუთი, დაეხმაროს მას თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. შესაბამისი ორგანოები და პირები ვალდებული არიან მოთხოვნილი ინფორმაცია გასცენ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 10 დღისა.
5. კომისია ვალდებულია განსახილველ საქმესთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს.
6. კომისიისა და მისი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
7. ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის კომისიის წევრი კომისიის ან კომისიის კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით უფლებამოსილია:
ა) შეაგროვოს მტკიცებულებები, ადგილზე დაათვალიეროს და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და კერძო პირებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, ჩანაწერი, ასევე დაავალოს მათ ინფორმაციის მოძიება ან დამუშავება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ გაეცნოს ან გამოითხოვოს როგორც დასრულებული, ისე გამოძიების პროცესში მყოფი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
ბ) მოსამართლის ბრძანებით წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს, დაათვალიეროს და შეისწავლოს ნებისმიერი ტერიტორია;
გ) ნებისმიერ პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოიწვიოს იგი კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე და მოსთხოვოს ახსნა-განმარტების მიცემა;
დ) მოითხოვოს გარკვეული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსაგან, აგრეთვე ჩამოართვას ახსნა-განმარტება სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს ამ სახელმწიფოსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
8. კომისიის წევრი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ახორციელებს მოსამართლის ბრძანების გარეშე.
9. კომისიისა და მისი კომ იტეტის მიერ საქმის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობისათვის, შემოსული განცხადებების დროულად განხილვისა და გადაწყვეტის, კონფლიქტის შედეგად უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების, ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ქონებრივი ზიანის კომპენსაციის მიზნით იქმნება კომიტეტები.
2. კომიტეტებს ხელმძღვანელობენ კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებსაც ირჩევს კომისია.
3. კომისიის კომიტეტებს ქმნის კომისია თავისი შემადგენლობიდან მხარეებს შორის პარიტეტის პრინციპის დაცვით, სამ-სამი წევრის შემადგენლობით.
მუხლი 20. კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
კომისიის კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს და განიხილოს უფლებამოსილი პირის განცხადება ქონებრივი რესტიტუციის თაობაზე;
ბ) საქმის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად შესწავლისათვის მოიძიოს საქმესთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;
გ) განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მოიძიოს განმცხადებლისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
დ) საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ან სახელმწიფო ორგანოსაგან კომისიის კომიტეტის მიერ განსახილველად მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) ერთ-ერთი მხარის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩააბას მესამე პირი. ამ გადაწყვეტილებას იგი იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით;
ვ) მიიღოს და დაამუშაოს მოქალაქეთა განცხადებები;
ზ) განაზოგადოს და გაანალიზოს შეგროვებული ინფორმაცია და მასალები;
თ) მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით;
ი) განახორციელოს ამ კანონითა და კომისიის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
1. კომისია ან/და კომისიის კომიტეტი უფლებამოსილია დააჯარიმოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც:
ა) დაარღვევს ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) არ შეასრულებს კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ან/და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას;
გ) დადგენილ ვადებში არ წარადგენს კანონიერი გზით მოთხოვნილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;
დ) წინასწარ გაახმაურებს გამოძიების სავარაუდო შედეგს ან ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან შეაფერხებს საქმის ობიექტურად და სრულყოფილად შესწავლას;
ე) ამ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში ხელს შეუშლის ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოს ან მის თანამდებობის პირს;
ვ) არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე, განზრახ შეცდომაში შეიყვანს ან მცდარ ინფორმაციას მიაწოდებს კომისიას ან კომისიის კომიტეტს, ან არ წარმოადგენს თავის ხელთ არსებულ, საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
3. გადაწყვეტილება პირის დაჯარიმების შესახებ მიიღება კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის ღია სხდომაზე. პირს, რომლის საკითხსაც განიხილავენ, უნდა მიეცეს გონივრული ვადა საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის.
4. ჯარიმის სავარაუდო დაკისრებისას პირს უნდა ეცნობოს ჯარიმის დაკისრების საფუძველი. კომისია ან/და კომისიის კომიტეტი ვალდებულია განუმარტოს პირს, თუ რაში ედება მას ბრალი.
მუხლი 22. კომისიის ანგარიში და რეკომენდაციები
1. კომისია საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
2. კომისიის ანგარიში უნდა მოიცავდეს კომისიის მიერ მოძიებული მასალების აღწერას, ასევე გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს და კომისიისათვის დასახული მიზნების მისაღწევად რეკომენდაციებს საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ.
3. კომისია ვალდებულია საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალურ ან ზოგად საკითხებზე, თუ:
ა) საკითხი შეიცავს საზოგადოებრივ ინტერესს;
ბ) საკითხი მოითხოვს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის სასწრაფო რეაგირებას ან მათ ჩარევას;
გ) არსებობს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა.
4. საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობისათვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ კომისიამ ეს ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს არსებულ ელექტრონულ ან/და ბეჭდვით მედიაში, ასევე უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
5. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომისია მონიტორინგს უწევს და ხელს უწყობს თავის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.
მუხლი 23. კომისიის ადგილსამყოფელი
1. კომისიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
2. კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს ასევე სხვა ადგილას.
თავი III. რესტიტუციისა და კომპენსაციის საქმის განხილვა
მუხლი 24. კომისიისათვის მიმართვის უფლება
1. იძულებით გადაადგილებულ პირებსა ან/და სხვა პირებს, რომლებსაც კონფლიქტის შედეგად მიადგათ ქონებრივი ზიანი, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ კომისიას, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა და ადგილსამყოფელისა.
2. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იძულებით გადაადგილებულ პირს ან/და სხვა პირს შეუძლია კომისიას მიმართოს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებიდან 7 წლის განმავლობაში.
1. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს;
ბ) ინფორმაციას, რომლის შედეგადაც პირს მიადგა ქონებრივი ზიანი;
გ) მოთხოვნას თავდაპირველი საცხოვრებლის ან სხვა კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების ან სანაცვლო კომპენსაციის მიღების შესახებ.
2. განცხადებას შესაძლოა ერთოდეს განმცხადებლის ხელთ არსებული მტკიცებულებები.
მუხლი 26. საქმის წარმოების დაწყება
1. კომისია იწყებს საქმის წარმოებას, თუ არსებობს დაზარალებულის, მისი მემკვიდრის ან წარმომადგენლის განცხადება. განცხადება შეიძლება წარადგინონ ნებისმიერ ენაზე.
2. განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის ერთერთ კომიტეტს. კომიტეტს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოაქვს 3 თვის განმავლობაში.
3. კომიტეტი უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ:
ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა;
ბ) მისი განხილვა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას;
გ) გასულია განცხადებით მიმართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა;
დ) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას გასაჩივრებული განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ:
ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა;
ბ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები;
გ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტი;
დ) გასულია გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა;
ე) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
1. კომისია და მისი კომიტეტი განცხადებებს განიხილავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.
2. კომისიასა და მის კომიტეტში საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. კომისიასა და მის კომიტეტში, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სამუშაო ენებად ქართულთან ერთად ოსურის და ერთ-ერთი საერთაშორისო ენის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას კომისიის წესდებით დადგენილი წესის თანახმად იღებს კომისია. საქმის განხილვაში თარჯიმნის მონაწილეობა უზრუნველყოფილია.
3. კომისია და მისი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ და აქვეყნებენ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.
4. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, თუ განცხადებაში მითითებული ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს რთულ ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
5. კომისიასა და მის კომიტეტს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოაქვთ შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) განცხადების სრულად დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
გ) განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
6. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
7. გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ უნდა განსაზღვრავდეს თავდაპირველი საცხოვრებლის დაბრუნების, ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ქონებრივი ზიანის კომპენსაციის საფუძვლებს, პირობებსა და წესს.
8. კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები ძალაში შედის სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
9. კომისია და მისი კომიტეტი გასცემენ სააღსრულებო ფურცელს მათ მიერ მიღებულ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.
10. გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი მფლობელის გამოსახლების გადავადების შესახებ.
მუხლი 28. გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. კომისიის გადაწყვეტილებები ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით – კომისიაში. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებები არსებითად განსახილველად, ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.
2. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვე. ამ ვადაში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება.
3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით განცხადება გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს გარემოებების შეტყობიდან 90 დღის განმავლობაში.
4. ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვე.
5. გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც წესი, არ შეჩერდება, თუმცა კომისიას უფლება აქვს ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება.
6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმის განხილვისათვის დადგენილი წესით. ამ დროს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს კომისიის იმ კომიტეტის წევრს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თავი IV. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის გადახდის წესი
მუხლი 29. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის ზოგადი ნორმები
1. თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, თუ ქონება:
ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია;
ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია.
2. თუ თავდაპირველ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერი მფლობელი, ეს ქონება შეიძლება დაუბრუნდეს თავდაპირველ მცხოვრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს გადაეცემა ადე კვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება ან, მისი სურვილის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია.
3. უძრავი ქონების განადგურების, დანგრევის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში თავდაპირველ მცხოვრებს უნდა გადაეცეს შესაბამისი ღირებულების სხვა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება.
4. თავდაპირველ მცხოვრებს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების სახით უნდა გადაეცეს ქონების გადაცემის მომენტისათვის იმავე საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონება იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ჩამორთმეული ან მიტაცებული უძრავი ქონება. თავდაპირველი მცხოვრების თანხმობით შესაძლებელია სხვა ტიპის უძრავი ქონების გადაცემა.
5. თუ უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, უნდა ანაზღაურდეს ასეთი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება.
6. კომისიის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაციის გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პირისათვის თავდაპირველი საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დაბრუნება ან ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების გადაცემა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 30. ქონება, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება
1. ქონება დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ქონების დაბრუნების მოთხოვნის დროისათვის იგი განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც კანონით აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონიერ მფლობელს უნდა გადაეცეს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, უნდა მიეცეს მატერიალური კომპენსაცია.
მუხლი 31. ქონების ღირებულების გაანგარიშება
1. რესტიტუციას დაქვემდებარებული უძრავი ქონება და ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება უნდა შეფასდეს ქონების გადაცემის მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით. იმავე კრიტერიუმებით ფასდება აღნიშნული ქონება ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას.
2. თუ თავდაპირველ საცხოვრებელსა და სხვა უძრავ ქონებასა და კომისიის გადაწყვეტილებით რესტიტუციას დაქვემდებარებულ ან ადეკვატურ (სანაცვლო) უძრავ ქონებას შორის არსებობს განსხვავება ღირებულებაში, იგი დაიფარება კომისიის ფონდიდან, გარდა ქონების ბუნებრივი ცვეთით გამოწვეული ღირებულებისა.
მუხლი 32. ფულადი კომპენსაციის გადახდა
1. ფულადი კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ერთიანად ან ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისად ქონების მიმღები მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩევს საქართველოს, მას მიეცემა ერთჯერადი და ყოველთვიური დახმარებები.
3. ერთჯერადი დახმარების ოდენობა შეადგენს ქონების მიმღებისა და მისი ოჯახის წევრთათვის ერთ სულ მოსახლეზე 1 500 ლარს.
4. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 6 თვის განმავლობაში და მის ოდენობას განსაზღვრავს კომისია მინიმალური სამომხმარებლო კალათის მიხედვით.
თავი V. კომისიის დაფინანსება. კომისიის წევრთა სოციალური დაცვა
მუხლი 33. კომისიის დაფინანსება
1. კომისიისა და მისი კომიტეტის საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსასრულებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება კომისიის ფონდის საშუალებით.
2. კომისიის ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით.
3. კომისიის ფონდის შევსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, სხვა სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან/და კერძო პირების საქველმოქმედო შემოწირულობები, ასევე სახელმწიფოსა და არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიერ გადაცემული სადავო ქონება.
4. კომისიას აქვს ანგარიში ბანკში, რომელზედაც აღირიცხება კომისიის ფონდის სახსრები.
5. კომისია თავისი ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 34. კომისიის წევრთა ხელფასი და სოციალური დაცვა
1. კომისიის წევრის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს სააპელაციო სასამართლოს წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია კომისიის წევრის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
2. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნული წევრების მიმართ შეიძლება გამოიყოს სხვა დამატებითი ანაზღაურება, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კომისიის წესდებით.
მუხლი 35. კომისიის ფინანსების კონტროლი
1. კომისია ვალდებულია:
ა) შეინახოს საბუღალტრო აღრიცხვის წიგნები და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები;
ბ) მოამზადოს ყოველკვარტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს ყოველთვიურად გაწეული ხარჯების შესახებ;
გ) უზრუნველყოს სრულყოფილი ინფორმაცია კომისიის მართვის ინფორმაციულ სისტემაზე დაფუძნებული საბიუჯეტო კონტროლის თაობაზე;
დ) უზრუნველყოს კომისიის მიერ თანხების მართლზომიერი განკარგვა.
2. კომისიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ყოველწლიურ აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური , ხოლო კომისიის სხვა სახსრების განკარგვაზე – კომისიის მიერ დანიშნული, დადებითი რეპუტაციის მქონე, დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ხარჯთაღრიცხვა და აუდიტორული დასკვნები წარედგინება საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და კომისიის ფონდის სხვა სპონსორებს.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 36. კომისიის მიერ გასატარებელი ღონისძიებები
1. კომისია იქმნება ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში.
2. კომისიის პირველ სხდომას, თავმჯდომარის არჩევამდე, უძღვება კომისიის უხუცესი წევრი. ამავე სხდომაზე აირჩევა კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კანონით დადგენილი წესით.
3. კომისიის კომიტეტების პირველი თავმჯდომარეები უნდა იყვნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით არჩეული პირები.
4. კომისია თავის წესდებას იღებს შექმნიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
5. კომისია განცხადებების მიღებას იწყებს ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4284–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
2. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები