წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016180
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
28/03/2014
ვებგვერდი, 01/04/2014
010250020.35.122.016180
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2014 - 27/07/2018)

 

        წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2014 წლის 28 მარტი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

 

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის,  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილების მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:


მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი დანართი 1-ის მიხედვით (თან ერთვის).
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრაქტრუქტურის კომისიას.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი



                                                                                                                                                   დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
მოცემული წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის–წყალტუბოს   მუნიციპალური სასაფლაოების (შემდგომში – მუნიციპალური სასაფლაო) მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვის, გაუქმების ლიკვიდაციისაა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

              ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) სასაფლაო – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.

 

ბ) სასაფლაო – არის მიწის ნაკვეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად.

 

ბ.ა) ზონა არის სასაფლაოს ნაწილი, რომელიც დამტკიცებულია  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით და რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად ზონა  შესაძლებელია შედგებოდეს სექტორებისგან.

 

ბ.ბ) სექტორი არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთი, რომელშიც მოქცეულია საფლავების ერთი ან რამდენიმე რიგი.

 

გ) პანთეონი – მუნიციპალური სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილი საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დაკრძალვისათვის.

 

დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.

 

ე) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე.

 

ვ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.

 

ზ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან ნებისმიერი იმ ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად, ვისი დაკრძალვაზედაც განაცხადებენ თანხმობას საფლავის მფლობელი ოჯახის წევრები.

 

თ) საძმო საფლავი არის საფლავი, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე.

 

ი) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურე­ბასთან.

 

კ) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს.

 

ლ) ოჯახის წევრები – ამ წესების მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები.

 

მ) ახლო ნათესავი – ამ წესების მიზნებისათვის ახლო ნათესავები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის მემკვიდრეები.

 

ნ) უპატრონო მიცვალებული – მიცვალებული, რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი ან რომლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობით.

 

ო) სასაფლაოს მმართველი – კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი ან ფიზიკური პირი, რომლებიც ახორციელებენ სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას.

 

პ) საფლავების მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს:

 

         პ.ა) მუნიციპალური სასაფლაოების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

 

         პ.ბ) კერძო სასაფლაოების შემთხვევაში – კერძო სასაფლაოს მესაკუთრე.

 

ჟ) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ. რომელიც განკუთ­ვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

 

რ) დაკრძალვა არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.

 

ს) ზემოდან დაკრძალვა  არის გარდაცვლილის  მიწას მიბარების ცერემონია,   როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე გარდაცვლილის ნეშტზე ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.

 

ტ) საფლავის მეორადი გაცემა – ადრე არსებული საფლავის წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელახალი გაცემა.

 

უ) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

 

ფ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა.

 

ქ) სასაფლაოს დახურვა – არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი, საფლავების გამოყოფა.

 

ღ) სასაფლაოს გაუქმება – არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.

 

ყ) სასაფლაოს ლიკვიდაცია არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის სხვაგვარად გამოყენების მიზნით არსებული სასაფლაოს ტერიტორიის  ლიკვიდაცია.

 

შ) ინფორმაციის გამოცხადება – ამ წესების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოცხადება არის ინფორმაციის გამოკვრა საინფორმაციო დაფაზე, ვებგვერდზე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში ან/და სხვა სახით გამოცხადება.

 

ჩ) საფლავის პასპორტი – მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად.

 


მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა

1. მშენებლობადამთავრებულ (მოწყობილ) სასაფლაოებს სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით ექსპლუოატაციაში იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

2. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 100 მეტრის (ასი მეტრის) დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ. იმ შემთხვევაში როცა არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას.

2.1 გამონაკლის შემთხვევაში, თუ  ახალი სასაფლაოს მოწყობა (გახსნა) ხდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, სასაფლაოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი უნდა იქნას ამ მონაკვეთში მცხოვრები  მოსახლეობის უმრავლესობის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები.

3. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (გარდა კერძო სასაფლაოსი), სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს            წყალტუბოს             მუნიციპალიტეტის              საკრებულოსთან

 

სავალდებულო შეთანხმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

 

4. მუნიციპალური სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი  მიწის ნაკვეთი შედგება არა უმეტეს 5 ზონისგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენის და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებს და ფასებს სასაფლაოს მმართველის მიერ მომზადებული და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეთანხმებული სასაფლაოს პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდეგის გათვალისწინებით:

 

ა) ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.  მე-5 ზონის გამოყოფა სავალდებულოა და აღნიშნულ ზონაში განთავსებული ერთ და ორადგილიანი საფლავების გამოყოფა უფასოა;

 

ბ) მუნიციპალურ სასაფლაოზე მე-5 ზონაში განლაგებული  თავისუფალი საფლავების რაოდენობა  უნდა იყოს  იმავე სასაფლაოზე თავისუფალი საფლავების რაოდენობის არანაკლებ  40%;

 

გ) მე-5 ზონის გარეთ არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე სხვა ზონების რიგითობა დამოკიდებულია არსებულ რელიეფსა და ინფრასტრუქტურაზე, ხოლო საფლავის გამოყოფის ფასი განისაზღვრება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სასაფლაოებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფლავის გამოყოფის ფასის მიხედვით;

 

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის შემთხვევაში, მუნიციპალურ სასაფლაოზე მე-5 ზონის გარეთ არსებულ ზონებში საფლავის გამოყოფის ფასი არანაკლებ 20%-ით ნაკლები უნდა იყოს კერძო სასაფლაოებზე არსებულ ფასებზე.

 

5. მუნიციპალური სასაფლაოსათვის (მათ შორის, პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.

 

6. სასაფლაოსათვის (მათ შორის, პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულების ფორმით იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე პანთეონის განლაგების შემთხვევაში შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის წესი.

 

8. მუნიციპალური სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

 

9. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს  შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.

 

10. სასაფლაოს შესასვლელში უნდა მოეწყოს საავტომობილო სადგომი.

11. სასაფლაოს მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

          ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში.

            ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენებიან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

            გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალური სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.

12. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

            ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში.

            ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში.

            გ) გრუნტის წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.

            დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის.

            ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.

  13. მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უნდა მოეწყოს სასაფლაო, ნებართვის მისაღებად თან უნდა ახლდეს გეოლოგიური დასკვნა  წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ.

 


მუხლი 4. სასაფლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია

1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარხების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.

 

2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალიწინებული უნდა იქნეს:

 

ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

 

ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

 

გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;

 

დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა. შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა. შ;

 

ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა. ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;

 

ვ) სასაფლაოს შესასვლელებში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

 

ზ) საფლავებისა და საფლავში და სამარხების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.

 

3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

4. ერთსამარიანი საფლავისათვის მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ. მეტრი, ორი და მეტ სამარიანი საფლავისათვის თითოეული სამარის მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ. მეტრი. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

 

5. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

 

6. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული კუბოთი ან სპეციალური სუდარით.

 

7. ნეშტის გადასვენების შემთხვევაში სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

 

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე.

 

9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მმართველს გარდაცვალების შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

 

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

 

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი.

 

გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;

 

დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

10. სასაფლაოს მმართველი ვალდებულია საფლავის გაცემისას დაამზადოს და გასცეს საფლავის პასპორტი.

 

11. მუნიციპალურ სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ.

 


მუხლი 5. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება

1. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების (დახურვის) შესახებ.

 

2. გაუქმებული (დახურული) მუნიციპალური სასაფლაოს ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მისი გაუქმებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. მუნიციპალური სასაფლაოს ლიკვიდაციის თაობაზე, მუნიციპალური სასაფლაოს მმართველის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

3. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი მუნიციპალური სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალური სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

 

4. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებულ მუნიციპალური სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

5. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.

 


მუხლი 6. სასაფლაოების მართვა 

1. წყალტუბოს მუნციპალიტეტის სასაფლაოების მართვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მართვაში საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ასევე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები).

 


მუხლი 7. სასაფლაოების მმართველი იურიდიული პირის უფლებამოსილება

1. სასაფლაობის მმართველი იურიდიული პირი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.

 

2. სასაფლაოების მმართველი იურიდიული პირი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

 

ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

 

ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;

 

გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

 

დ) სამარხზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება, საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა;

 

ე) სასაფლაოების გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

 

ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;

 

ზ) საფლავის პასპორტის გაცემა ახალი საფლავის გაცემისას;

 

თ) საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მომსახურების გაწევა.

 

3. მუნიციპალური სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება ამ დებულებით.

 

4. მუნიციპალური სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის საფასურის დადგენაც წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან ან/და აუცილებლობიდან, განისაზღვრება მუნიციპალური სასაფლაოს მმართველსა და ჭირისუფალს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

5. უპატრონო მიცვალებულისა და პანთეონში დაკრძალვის შემთხვევაში მუნიციპალური სასაფლაოს მმართველს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნით, უფლება აქვს მოახდინოს ერთადგილიანი საფლავის გაცემა უფასოდ.

 

6. მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას სანიტარიული ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტუ­რული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

 

7. სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

 

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

 

ბ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი.

 

გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი.

 

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა შესაბამის იურიდიულ პირს.

 

8. სასაფლაოს მმართველი იურიდიულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით:

 

ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვ.

 

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოს მოვლის ეფექტურობა.

 

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შემოფარგვლის, ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი.

 

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად გამგებელს წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.

 

9. მმართველს უფლება აქვს სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს დაავალდებულოს მათი მისგან შეძენა, ან მასთან დამზადება.

 

10. მუნიციპალური სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მუნიციპალური სასაფლაოს მმართველის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

 

11. მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკეული განკარგულების სახით იღებს თვითმმართველი ერთეულის – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

12. სასაფლაოს მმართველის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება სასაფლაოს მესაკუთრისა და მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

13. მუნიციპალური სასაფლაოების მართვას ახორციელებს მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის – წყალტუბოს საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

 

14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია მუნიციპალური სასაფლაოების მართვის მიზნით გარკვეული ვადით საკონკურსო საფუძველზე მოიწვიოს იურიდიული ან ფიზიკური პირი.

 


მუხლი 8. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

 

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას.

 

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას.

 

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას.

 

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას.

 

ე) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურებას.

 

ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

 

2. სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

 

3. მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი საკუთარი ხარჯებით საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მეორადი გაცემის მიზნით.

 


მუხლი 9. საფლავი

1. საფლავი შეიძლება იყოს:

 

ა) სტანდარტული საფლავი;

 

ბ) საოჯახო (საგვარეულო) სამარხი;

 

გ) საძმო საფლავი.

 

2. სტანდარტული საფლავებია:

 

ა) ერთადგილიანი – 4 კვ.მ;

 

ბ) ორადგილიანი – 6 კვ.მ;

 

გ) სამადგილიანი – 9 კვ.მ.;

 

დ) ოთხადგილიანი – 12 კვ.მ.

 

3. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს რვა სამარე და სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავი შეიძლება გაიცეს, მაგრამ არა უმეტეს 24 კვადრატული მეტრისა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მმართველის გადაწყვეტილებისა და სანიტარიული დასკვნის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით ან/და დამტკიცებული სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.

 

4. მუნიციპალური სასაფლაოზე გაცემულ საფლავზე, როგორც წესი, ხდება ოჯახის წევრების ან/და მათი თანხმობით ახლო ნათესავის დასაფლავება.

 

5. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის  უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ მეუღლეები არ არიან გაცილებული ან გარდაცვლილის მიერ ანდერძით სხვა რაიმე არ არის დადგენილი.

 

6. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება,  ანდერძი არ არსებობს) შეუძლია მიიღონ:

 

ა) გარდაცვლილის სიცოცხლეში სათანადო ხალშეკრულებით დანიშნულმა მისი   დაკრძალვის ცერემონიის განმახორციელებელმა პირმა;

 

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

 

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

 

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

 

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრუწლოვანმა წევრებმა;

 

ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

 

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

8. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაო ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).

 

9. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე. მმართველი ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.

 

10. იმ  შემთხვევაში, როდესაც გაცემული საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია ოცი წელი, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით,  ასეთი ფართობი შეიძლება გაცემულ იქნეს, როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

 

11. მმართველის მიერ დანიშნული მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე ბოლო დაკრძალვიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციისას დადგენილ მოუვლელ საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, მისი დადგმიდან ორი წლის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიცეს  მეორეული გამოყენებისათვის.

 

12. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან ჭირისუფლის სურვილის შემთხვევაში – სასაფლაოს მმართველ იურიდიულ ამ დებულებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე. ამ დებულებით  განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ შესაბამისად, ექსჰუმაციის (გვამის საფლავიდან ამოღება) შემთხვევაში.

 

13. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.

 

14. ჭირისუფლის მიერ საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, მისი მეორადი გაცემა დაიშვება ჩაბარებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ.

 

15. ჭირისუფლის მხრიდან უკვე გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების მოთხოვნისას, სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს გასცეს თანხმობა, თუ:

 

ა) მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საფლავის მთლიანი ფართი არ აღემატება ამ წესებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს;

 

ბ) დაცულია საფლავებს შორის დაცილების ამ წესებით განსაზღვრული ნორმები.

 

16. საფლავის წინასწარი გაცემა დასაშვებია მხოლოდ საოჯახო (საგვარეულო) საფლავის დანიშნულებით.

 


მუხლი 10. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური

                1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ფართობის ტერიტორია და სამარე.

 

2. მომსახურების საფასური განისაზღვროს:

 

ა) ერთადგილიანი – 40 ლარი;

 

ბ) ორადგილიანი – 60 ლარი;

 

გ) სამადგილიანი – 90 ლარი;

 

დ) ოთხადგილიანი – 120 ლარი.

 

3. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღროს 20 ლარით.

 

4. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ.მ და მომსახურება განხორციელდეს უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა არ დაიშვება.

 

5. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეს შეღავათი 50 %-იანი ფასდაკლებით.

 

6. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა ქულა 100 ათასი და ნაკლებია,  და  დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე ზღვრული ნორმების დაცვით, მიწის გაცემა მოხდეს უსასყიდლოდ.

 

7. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარებს შორის 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.

 

8. სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირისადმი ჭირისუფლის მიერ  მიმართვის შემთხვევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, მუნიციპალურ  სასაფლაოზე  გაიცემა ორსამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული ორი  სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში ან დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ 1 სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა 1-სამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის 1 სამარე.

 

9. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში, თუკი არის შესაძლებლობა, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.

 

10. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარის გამოყოფა იმ მიზნით, რომ იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი ან/და ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებითი სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.

 

11. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასური ან/და მომსახურების საფასურიდან გათავისუფლების და შეღავათის გაწევის შემთხვევები განისაზღვრება ამ წესით.

 

12. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიულ პირი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

13. მუნიციპალურ სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიულ პირი დაინტერესებულ პირზე გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. მუნიციპალურ სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

14. მუნიციპალურ სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ გაცემული მოწმობით სარგებლობისა და მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებული პირის (პირის, რომელზედაც გაცემულია ასეთი მოწმობა) ანდერძისმიერ ან/და კანონისმიერ მემკვიდრეებს მემკვიდრეთა რიგის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

 


მუხლი 11. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40  წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა), ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

 

2. სასაფლაოს მმართველი იურიდიული პირის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის იმ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე.

 

3. ამ მუხლით დადგენილი წესით, მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩნების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური უღირსი დამოკიდებულება.


მუხლი 12. . პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი

1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების სახით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:

 

ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;

 

ბ) საქართველოს საპატრიარქომ;

 

გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;

 

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ;

 

ე)საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

 

2. ამ მუხლით დადგენილი წესით, პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.

 


მუხლი 13. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი

1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას.

 

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:

 

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

 

ბ) საკუთრებაში არსებულ – მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან.

 

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას, განკარგულების ფორმით, იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.  

 

4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.

 


მუხლი 14. მუნიციპალური სასაფლაოების მართვის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის  და შესაბამისი მომსახურების ელექტრონიზაცია
ამ წესის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის დროს, მუნიციპალური სასაფლაოების მმართველის მიერ ელექტრონული და მატერიალური ფორმით მიღებულ ან/და გაცემულ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

მუხლი 15. წესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.