„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2039-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2039-IIს
20/02/2014
ვებგვერდი, 27/02/2014
320110000.05.001.017341
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/02/2014 - 12/06/2015)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;“;

ბ) „ჰ50“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ51“ და „ჰ52“ ქვეპუნქტები:

„ჰ51) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად;

52) მულტიპლექსპლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად.“.

2. 47-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით.“.

3. 49-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:

„მუხლი 501. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების შესახებ, თუ არსებობს:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსი;

ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. ამ შემთხვევაში კომისია კონკურსს ატარებს ამავე კანონის 521 მუხლით დადგენილი წესით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:

„მუხლი 511. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ  გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.

4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

5. კონკურსის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას კონკურსის ჩატარების მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად გადაცემის მიზნით.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

„მუხლი 521. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეები და მათი გამოყენების შესაბამისი გეოგრაფიული არეალი;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ტექნიკური და საოპერაციო პირობები საზიანო ხელშეშლის და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის;

გ) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

დ) დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც უნდა დაერთოს საკონკურსო განცხადებას;

ე) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები;

ვ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის პირობები;

ზ) საკონკურსო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი ინდიკატორები;

თ) კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლები;

ი) სხვა მონაცემები – კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში საკონკურსო განცხადებების მიღებას.

4. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს საკონკურსო განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ კონკურსი გამოცხადებულია ერთზე მეტი ლიცენზიის მოსაპოვებლად, − შესაბამისი ლიცენზია/ლიცენზიები.

5. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

6. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა, ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობაზე – საბანკო გარანტია;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

დ) ტელემაუწყებლებისათვის შეთავაზებული სატარიფო პირობები;

ე) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში – შესაბამისი შემოთავაზება;

ვ) სხვა დოკუმენტაცია – კომისიის გადაწყვეტილებით.

7. საკონკურსო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება საკონკურსო განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება აღნიშნულ განცხადებებზე თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. ლიცენზიის მაძიებლების მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მათ განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.

8. საკონკურსო განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.

9. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ან არ უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ან თუ ის დოკუმენტაციას არასრულყოფილად წარმოადგენს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლების დადგენის შემთხვევაში – მისი დისკვალიფიკაციის შესახებ.

11. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

12. კონკურსის ჩატარებისას კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

13. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, რომელიც დეტალურად დასაბუთებული უნდა იყოს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/და ინტერნეტით.

14. კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

15. თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებების ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებისგან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის მათ კონკურსში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ მომდევნო 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.

16. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

17. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის და ამ რესურსის გამოყენებით განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა დასაშვებია კომისიისთვის წინასწარ, 6 თვით ადრე შეტყობინების პირობით.

18. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების მიზნით უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, სატელევიზიო სიგნალის გავრცელება და ამ გზით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ტელემაუწყებლების დაშვება.“.

 მუხლი 2

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად.

2. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური სიხშირული რესურსი მოთხოვნილი ინფორმაციული გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

3. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ 2015 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ქვეყნის მასშტაბით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება არაუგვიანეს 2015 წლის 17 მარტისა.

4. პარალელური მაუწყებლობის (ტელემაუწყებლის სიგნალის ციფრულ და ანალოგურ ფორმატებში ერთდროულად გავრცელების) პერიოდში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, თავის ქსელში ჩართოს და გაავრცელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალები.

 5. პარალელური მაუწყებლობის პერიოდის გასვლის შემდეგ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია უზრუნველყოს მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების დაშვება მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით. 

 6. საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 17 ივნისი.

 7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიანიჭოს საჭირო რადიოსიხშირული რესურსი ადგილობრივ საეთერო ტელემაუწყებლებს, 2015 წლის 17 ივნისისთვის მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით განსაზღვრული არეალის შენარჩუნებით, 10 წლის ვადით.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა შესასრულებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.

 10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის წესის თაობაზე“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 თებერვალი 2014 წ.

N2039-IIს