დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 117 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.017736 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/01/2014 - 22/08/2014)
|
მუხლი 1 |
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი“. |
მუხლი 2 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, წამოადგინოს წინადადებები რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის
საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი
|
მუხლი 1
1. საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში. 2. ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს. 3. ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე.
მუხლი 2 1. ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა: ა) აცხადებს მზადყოფნას ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს; ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად; გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით. 2. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებთან, საქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმსარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისაგან.
მუხლი 3 1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას. 2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 1 მაისამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი: ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება; ბ) შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რომელიც იქნება უფლებამოსილი აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა და მიიღოს ანაზღაურება; გ) წერილობით დაადასტურონ რომელიმე მათგანის უფლებამოსილება, იყოს შესაბამისი აღმსარებლობის წარმომადგენელი სახელმწიფოსთან და მიიღოს ანაზღაურება.
მუხლი 4 1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №305 დადგენილებით შექმნილი რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღება რეკომენდაცია რელიგიური გაერთიანებებისათვის ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. რეკომენდაცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცემს განკარგულებას. 2. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღვროს რელიგიური გაერთიანებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თანხის ოდენობა და გაცემის წესი.
მუხლი 5 1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოველწლიურად გადასარიცხი თანხა იყოფა და რელიგიურ გაერთიანებას ერიცხება ყოველთვიურად. 2. რელიგიური გაერთიანება, რომელიც ამ წესის შესაბამისად მიიღებს ანაზღაურებას, უფლებამოსილია, მიღებული თანხა მიმართოს საკულტო ნაგებობების ასაგებად ან შესაკეთებლად, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად, საკულტო მსახურების შესასრულებლად, ქონების შესაძენად და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად. |
დოკუმენტის კომენტარები