დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 386 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.017565 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 01/09/2014)
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი
|
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მუხლი 2 საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება სასაზღვრო ნიშნებით, რომელთა ფორმა, ზომა, განლაგების თანმიმდევრობა, ნუმერაცია, მოვლის წესი და სხვა საკითხები განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებით.
მუხლი 3 1. თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ძირითადი სასაზღვრო ბოძი (დანართი №1), დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო (დანართი №2) და მდინარეზე გამავალ მონაკვეთებზე (დანართი №3) იღებება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში. 2. თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მიმმართველი სასაზღვრო ნიშანი იღებება ძირითადი ან დამატებითი სასაზღვრო ნიშნის იდენტურად.
მუხლი 4 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. 2. საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სახელმწიფო საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 3. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წასვლისას საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით (სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტით), საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პირადობის მოწმობით, მეზღვაურის პასპორტით, მატარებლის ბრიგადის წევრების პირადობის მოწმობითა და სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობით ამ პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. 4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. 5. უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებითაც ისინი შემოვიდნენ საქართველოში. 6. არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე. 7. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის შემთხვევაში მოწმდება იმ საბუთების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლას (საქართველოს სატრანზიტო ვიზა), თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. 9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. 10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევენ პირს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით – „შემოსვლა“ ან „გასვლა“. 11. საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სამგზავრო დოკუმენტებში თარიღის შტამპი აღნიშვნით – „შემოსვლა“ დაისმება მხოლოდ მოქალაქის მოთხოვნისამებრ. 12. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხორციელდება იმ პირების აღრიცხვა, რომლებიც არ გაატარა მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა. 13. საპასპორტო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას წარმოებს სრული მოცულობით ავტომატიზებული კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 5 1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემავალი საბაჟო გამშვები პუნქტი (შემდგომში - საბაჟო გამშვები პუნქტი). ამ მიზნით, აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოში შემომსვლელ ან გამსვლელ პირს მოსთხოვონ და შეამოწმონ სათანადო სამგზავრო დოკუმენტი. 2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ პირთა შემოწმება, რომლებიც სახელმწიფო საზღვარს კვეთენ ფეხით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. 4. სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას ზედამხედველობენ სპეციალურად გამოყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილი არიან საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 5. ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს. 6. ავტობუსებითა და სატვირთო-სამგზავრო მცირე ავტობუსებით პირთა საქართველოდან უკანონო გადაყვანის გამოვლენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ წარმოებს სამალავების დათვალიერება. 7. დალუქული ტვირთის გახსნა და შემოწმება წარმოებს კომისიურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებთან ერთად, მძღოლისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით. 8. კონკრეტული ინფორმაციის ან ავტოტრანსპორტის საერთო სახის დათვალიერებისას იმ პირთა გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი, ასევე იარაღისა და ნარკოტიკული მასალების სამალავების აღმოჩენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური შემოწმება. 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ორგანოების მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 6 1. საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხდება სპეციალურად ფრენისათვის გამოყოფილ დერეფანში, რომლის კოორდინატებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში. 2. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდების სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საერთაშორისო აეროპორტებში (აეროდრომები), სადაც გახსნილია სასაზღვრო გამტარი პუნქტები, აგრეთვე არარეგულარული რეჟიმით ფუნქციონირებად აეროპორტებში (აეროდრომები), რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვა. 3. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საქართველოსა და უცხოური საჰაერო ხომალდების იმ ადგილებში იძულებით დაფრენის შემთხვევაში, სადაც ეს არ არის დადგენილი, სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც გაიგზავნებიან უახლოესი ქვედანაყოფიდან, ამასთან, აღნიშნული ეცნობება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. 4. სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ყველა ქართული და უცხოური ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ხომალდები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ფრენას. 5. საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს, რომლებიც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, უტარდება სასაზღვრო კონტროლი ეკიპაჟის წევრთა საბუთების შემოწმების მიზნით. 6. უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები და ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ ეძლევათ და ისინი გადაეცემიან ავიკომპანიის წარმომადგენლებს (ეკიპაჟის მეთაური) იმ ქვეყანაში დასაბრუნებლად, საიდანაც ჩამოფრინდა საჰაერო ხომალდი, ხოლო ამ პირთა დასაბრუნებელი საბუთები ფორმდება ჩიკაგოს კონვენციის N9 დანართის შესაბამისად. 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი კონტროლს უწევს ეკიპაჟის წევრებისა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინა დათვალიერებას. 8. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ საჰაერო დერეფნის გაუვლელად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის ნებართვას ათანხმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია მოიცავს: ა) სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილს, დროსა და სიმაღლეს; ბ) რეისის ნომერს (ფრენის მარშრუტი); გ) საზღვარზე გადაფრენის მიზეზს (საგანგებო ვითარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, ავარიის წინაპირობა და სხვ.); დ) დაფრენის აეროპორტს ან აეროდრომს (საქართველოს თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე); ე) სხვა დამატებით ინფორმაციას (მოთხოვნისამებრ). 9. საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 7 1. რკინიგზის ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო კონტროლი, გარდა სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომლის მოწყობასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით უზრუნველყოფს რკინიგზის ადმინისტრაცია. 2. ყველა სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გადის შიდა და გარე შემოწმებას. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ამოწმებენ სარკინიგზო შემადგენლობის იმ ადგილებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდის დასამალად.
მუხლი 8 1. საქართველოში მომავალ მგზავრთა საბუთები, როგორც წესი, მოწმდება მატარებლის მოძრაობისას სახელმწიფო საზღვრიდან სასაზღვრო რკინიგზის სადგურამდე და პირიქით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. 2. მატარებლის უფროსი ყოველმხრივ უზრუნველყოფს სასაზღვრო ძალების მიერ სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას. 3. რკინიგზის სადგურებში სასაზღვრო კონტროლს რკინიგზის ადმინისტრაციამ უნდა შეუქმნას უსაფრთხო პირობები.
მუხლი 9 1. სატვირთო მატარებლის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ამოწმებენ მატარებლის სანატურო ფურცელში მითითებული ვაგონების რაოდენობისა და შემადგენლობაში არსებული ვაგონების რაოდენობის შესაბამისობას. 2. ტვირთის შემოწმება ხდება სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით. 3. ვაგონზე დამღის დარღვევის, ვაგონის დაზიანების ან სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდული მასალის გადამალვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები იწვევენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით ადგენენ აქტს მოქმედი წესის შესაბამისად. 4. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილი არიან საბაჟო გამშვები პუნქტის, რკინიგზის წარმომადგენლებისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით შესამოწმებლად გახსნან დალუქული ვაგონი (კონტეინერი), რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 10 1. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი უცხოეთისა და საქართველოს გემების სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება მისადგომებთან ან საჭიროების შემთხვევაში - რეიდზე. საზღვარგარეთიდან მომავალი სამგზავრო გემების სასაზღვრო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების ნავსადგურში შესვლამდე. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიული ზღვის დათქმულ ადგილზე ან საქართველოს შიდა წყლებში გემებს ხვდება კომისია. გემების სასაზღვრო კონტროლის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით გემზე ადიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი; გ) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და გავრცელების რისკი, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე; დ) საბაჟო გამშვები პუნქტის ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საერთო საშიში ინფექციური დაავადებები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე; ე) საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი გემზე ადის პირველი და ეცნობა გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად. 4. შემოწმების დამთავრებამდე გემზე ასვლა და გემიდან ჩამოსვლა აკრძალულია ყველა პირისათვის, გარდა ლოცმანისა.
მუხლი 11 1. თითოეული გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში საზღვარგარეთიდან, აღმართავს საკარანტინო ალამს სიგნალების საერთაშორისო წესის მიხედვით და ამ ალმით რჩება მანამ, სანამ არ მიეცემა თავისუფალი პრაქტიკის ნება. 2. სამედიცინო პერსონალს, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ შემოწმებას, აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე და ყველა შენობაში, სადაც შეიძლება იყვნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, თავისუფალი შესვლის უფლება. 3. სანიტარიულ-ჰიგიენური შემოწმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას ეძლევა ნავსადგურთან თავისუფალი ურთიერთობის უფლება. 4. ყველა ორგანო, რომელიც ახორციელებს ცალკეული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის კონტროლს, ხელს უწყობს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საშიში ინფექციით დაავადებულ პირთა გამოვლენაში.
მუხლი 12 1. ნავსადგურში შემოსული გემი, რომელიც არ ემორჩილება საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლის მოთხოვნებს, შეიძლება გაშვებულ იქნეს ზღვაში, ხოლო ტვირთის გადმოტვირთვა და მგზავრების გადმოსვლა შეიძლება იმ პირობით, თუ მათ გაეწიათ სანიტარიული კონტროლი. 2. იმ შემთხვევაში, თუ გემი სანიტარიულ-ეპიდემიური თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა (გემზე ავადმყოფის ან ავადმყოფობაზე საეჭვო პირის ყოფნა), საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი იღებს გადაწყვეტილებას (დაავადების სახეობის გათვალისწინებით) გემის რეიდზე გადაყვანის შესახებ. 3. გასვლის გაფორმებისას გემს აუცილებელია ჰქონდეს საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლის თანხმობა ნავსადგურიდან გასვლამდე 24-საათიანი ვადით.
მუხლი 13 1. საქართველოში შემოსვლისას (სასაზღვრო ზონაში) და გასვლისას (კონტროლის ზონაში) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევის (შიდსი) განხორციელებას (არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალისა და უცხო სახელმწიფოებთან შემოწმებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით). 2. სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა სასაზღვრო გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია დადგენილი წესით წარმოადგინოს ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისიის მოწყობისას). 3. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მორიგეს. 4. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის მორიგეს. 5. სააგენტო უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გემზე მიყვანას მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და უკან დაბრუნებას.
მუხლი 14 1. საზღვარგარეთ მიმავალი გემების სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე მათზე არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები, დამთავრებული უნდა იყოს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფებოდეს გემბანზე. 2. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებსა და სხვა მცურავ საშუალებებთან მისვლა. 3. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საშვებით, ამასთან, დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას.
მუხლი 15 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საშვებს გასცემს დაინტერესებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წლამდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაცემულ იქნეს ერთჯერადი საშვი (მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საშვი უკან უნდა დაბრუნდეს). 2. სანაოსნოს, საბაჟო გამშვები პუნქტის, ნავსადგურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს უფროსებსა და მათ მოადგილეებს უფლება აქვთ ავიდნენ ნავსადგურში მდგომ საზღვარგარეთის გემზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს საშვის გარეშე თავიანთი სამსახურებრივი დოკუმენტებით. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი დოკუმენტების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ ნავსადგურში მდგომ გემზე, განურჩევლად სახელმწიფოს დროშისა, დამატებითი საშვის გარეშე. უფლებამოსილი თანამშრომლების თანამდებობრივი ნუსხა და დოკუმენტის ნიმუში წინასწარ თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან. 4. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, შეიძლება ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ პასპორტით ან პირადობის მოწმობით, ხოლო ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ – მხოლოდ პასპორტით, ნავსადგურის მთავარი გასასვლელიდან N1 სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით. 5. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, უფლება აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე და ქალაქში გადაადგილდნენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მუხლი 16 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები ნაპირზე გადასვლას და ნაპირზე ყოფნას უკრძალავენ საზღვარგარეთის გემის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ტერიტორიულ ზღვაში და საქართველოს შიდა წყლებში ყოფნისას, ნავსადგურებში დგომისას ჩაიდინეს სამართალდარღვევა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ საქართველოში შემოსვლა. 2. გემის კაპიტნებს სხვა ქვეყნის გემზე ასვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობით ან მეზღვაურის პასპორტით.
მუხლი 17 1. უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ნავსადგურში უცხოური გემით შემოდიან და აქვთ ვადაგასული ან საერთოდ არ გააჩნიათ საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო საბუთები, არ ეძლევათ ნაპირზე გადმოსვლის ნება. 2. უცხოური გემის ეკიპაჟის წევრებს კაპიტნის თხოვნით სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსი ნებას რთავს გავიდნენ საქართველოდან მეზღვაურის პასპორტით ან პირადობის მოწმობით სხვა გემით, რომელიც გადის იმავე ნავსადგურიდან. სხვა ნავსადგურებიდან თანამგზავრი გემებით ან სხვა სახის ტრანსპორტით გასვლისას უცხოელ მეზღვაურებს უნდა ჰქონდეთ ვიზა, რასაც ის ორგანიზაციები, რომლებიც აგენტირებას უწევენ გემს, წერილობით ატყობინებენ სასაზღვრო გამტარ პუნქტს გასვლამდე ერთი დღე-ღამით ადრე. ასეთივე წესით ხდება ნავსადგურში რეიდზე მდგომი უცხოური გემების ეკიპაჟის შეცვლა.
მუხლი 18 1. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საქართველოს გემების კაპიტნები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალურად აგებენ პასუხს გემზე იმ პირების უკანონოდ ყოფნისათვის, რომლებიც არ შედიან ეკიპაჟის შემადგენლობაში და არ არიან მისი მგზავრები. 2. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ საქართველოს გემებზე კონტროლს მგზავრების მონახულებისადმი ახორციელებს სავახტო სამსახური. 3. გუშაგი-მეზღვაური კაპიტნის გუშაგ-თანაშემწის ნებართვით გემზე ასეთ პირს უშვებს დოკუმენტებით, რომლებსაც იტოვებს კონტროლისათვის.
მუხლი 19 1. საქართველოს კუთვნილი გემებით უცხო პირთა საზღვარგარეთ უკანონო გასვლისა და საზღვარგარეთიდან უკანონო შემოსვლის თავიდან აცილების მიზნით გემის კაპიტანი ვალდებულია ეკიპაჟის წევრების მეშვეობით უზრუნველყოს გემის ყველა ნაწილის გულმოდგინე დათვალიერება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. 2. გემის ნავსადგურში შემოსვლა და ნავსადგურიდან გასვლა რეისში ხორციელდება გემის შემოწმების დამთავრების შემდეგ, თუ კაპიტანი პირადად დარწმუნდება, რომ გემზე უცხო პირი არ იმყოფება. 3. კაპიტნის განკარგულებით ეკიპაჟის კონკრეტული წევრები ინიშნებიან შემოწმებისათვის პასუხისმგებლებად. 4. შემოწმება აუცილებლად უნდა მოხდეს უშუალოდ საქართველოს ნავსადგურიდან საზღვარგარეთ რეისში გასვლამდე და უცხოურ ნავსადგურში შესვლამდე. 5. საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო განწესს ეკიპაჟის წევრებთან ერთად შეუძლია განახორციელოს გემის დამატებითი შემოწმება.
მუხლი 20 1. ნავსადგურის აკვატორიის სარეჟიმო ნაწილში აკრძალულია პირადი სარგებლობის მცურავ საშუალებათა დგომა და მათთვის გამოიყოფა ცალკე სადგომი. 2. სასაზღვრო კონტროლი უცხო ქვეყნისა და საქართველოს კუთვნილი გემებისა, რომლებიც გადიან საქართველოს სხვა ნავსადგურისაკენ, ხორციელდება იმავე წესით, როგორც კაბოტაჟური ცურვის დროს. მათი გატარება ნავსადგურიდან ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს განწესის მეშვეობით. ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ აგენტირებას, გასვლის დროს ატყობინებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სამორიგეო სამსახურს გემის გეგმით გათვალისწინებულ გასვლამდე სულ ცოტა, 2 (ორი) საათით ადრე.
მუხლი 21 1. საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო გემების სასაზღვრო კონტროლი არ წარმოებს, თუ მათზე არ იმყოფებიან მგზავრები. 2. უცხოეთის გემების ეკიპაჟის წევრების ნაპირზე გადმოსვლას სასაზღვრო განწესი აკონტროლებს ტრაპთან. 3. გემიდან მგზავრთა გადმოსვლისას საბუთები მოწმდება ტრაპთან ან საპასპორტო კონტროლის ჯიხურში. ამ მგზავრთა ნაპირზე გადმოსვლის კონტროლი წარმოებს ეროვნული პასპორტებისა და სიების მიხედვით. 4. ნაპირზე გადმოსვლა დაიშვება უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრთათვის ეროვნული პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის (მეზღვაურის მოწმობა) საფუძველზე, ხოლო საზღვაოსნო საბუთების (რომლებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაოსნო წესები) არქონისას - საქართველოში შემოსასვლელი ვიზის არსებობის შემთხვევაში. 5. უცხოეთის გემის საქართველოს საზღვრებიდან გასვლისას მისი ცალკეული წევრების არყოფნის შემთხვევაში, გემის ეკიპაჟის წევრთა განრიგში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები და ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 6. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მეზღვაურის პასპორტი, ამ გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას ნაპირზე გადმოსვლა არ ეკრძალებათ და იქ ყოფნის დრო არ ეზღუდებათ. 7. მე-6 პუნქტში აღნიშნული პირების მონახულება ნათესავების მიერ საქართველოს ნავსადგურებში წარმოებს გემის კაპიტნის სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსისათვის მიმართვის საფუძველზე. 8. უცხოელებს, რომლებიც არალეგალურად მოხვდნენ გემზე უცხოეთის ნავსადგურებში, ნაპირზე გადმოსვლა ეკრძალებათ და ეს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. 9. საზღვარგარეთ მიმავალი გემების გაფორმებისას კომისიას ხელმძღვანელობს სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი.
მუხლი 22 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სასაზღვრო ძალები გემზე განათავსებენ ბადრაგს მისი ნავსადგურში ან ნავსადგურიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით. 2. გემზე ბადრაგის განთავსების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
მუხლი 23 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობის წესები განისაზღვრება ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. აქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები განისაზღვრება N5 დანართის შესაბამისად. 3. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი განისაზღვრება №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 24 უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი დიპლომატიური არხებით აღძრულ შუამდგომლობაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების გარდა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის ინდივიდუალურად განხილვის შედეგად მოთხოვნილ მონაცემებს.
მუხლი 25 1. გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ადგილებში. 2. ნავსადგურის ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადგილების გამოყოფის შესახებ აცნობებს საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს.
მუხლი 26 სახელმწიფო საზღვარზე ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ფასიანი ქაღალდების გადატანისა და ცხოველთა გადაყვანის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 27 1. სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, ყოფნა და იქიდან გამოსვლა, საქონლის შემოტანა-გატანა ხორციელდება საშვებით სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, რომელთაც გასცემს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის, რკინიგზის, საავტომობილო სამსახურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. 2. სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია. 3. სატრანსპორტო საშუალებებთან პირთა დაშვება სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის წარმოების პერიოდში იზღუდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - იკრძალება. 4. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოდან მიმავალ ან საქართველოში მომავალ სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა, ასევე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით. 5. სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით საბაჯო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი. 6. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით. 7. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მუხლი 28 1. სამეურნეო, სარეწაო და სხვა სახის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან და ეხება საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ინტერესებს, ახორციელებენ საქართველოსა და ამ სახელმწიფოს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მათ შორის ერთობლივად) უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე ან მის ახლოს. აღნიშნულმა საქმიანობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ეკოლოგიურ და სხვა სახის უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობა წარმოებს სასაზღვრო ძალებისათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რითაც განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილი, დრო, ამ საქმიანობის მონაწილეთა რაოდენობა, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდები, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
მუხლი 29 სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლის დროს, გადაადგილების მარშრუტსა და მათი იქ ყოფნის სხვა პირობების შესრულებას კონტროლს უწევენ სასაზღვრო ძალები.
მუხლი 30 1. საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი და გამარტივებული სასაზღვრო გამტარი პუნქტები იხსნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. 2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება კომისიურად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე, ოფისის ხარჯების, როგორიცაა: ელექტროენერგიის (მათ შორის, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით საწვავის შეძენა), წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობის მიზნით საწვავის შეძენის და შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯების დაფინანსება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სხვა დაინტერესებული უწყებების ხარჯზე. 4. სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახელი, როგორც წესი, ემთხვევა დასახლებული პუნქტის სახელს. 6. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. 7. სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომელთა დანიშნულება არ ემსახურება სასაზღვრო სამსახურის შესრულებას. 8. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა ორგანო ვალდებულია დროულად გააფორმოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან ტრანსპორტის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ დროს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 31 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გადაცემისა და სხვა სახის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილების საფუძველზე ან სასაზღვრო და საგადასახადო ორგანოების მიერ მათი მოწვევის შემთხვევებში.
მუხლი 32 სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის ნორმალური განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება დროებით შეწყდეს (შეიზღუდოს) მიმოსვლა ან გამოცხადდეს კარანტინი.
მუხლი 33 1. უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებისა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული ურთიერთმოქმედების გეგმებითა და სპეციალური ნორმატიული აქტით. 2. ტექნოლოგიური პროცესები ერთობლივად ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის და რეჟიმის გამკაცრების ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 34 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეთა განწესები ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას იყენებენ შეძახილის - „სდექ“ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, თუ დამრღვევნი არ ასრულებენ მესაზღვრეთა განწესების მოთხოვნებს. 2. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეები იყენებენ შემდეგ შემთხვევებში: ა) შეიარაღებულ პირთა თავდასხმის მოსაგერიებლად და მათი წინააღმდეგობის შესაწყვეტად იმ პირობებში, თუ მესაზღვრეების ან მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და სხვა საშუალებებით მისი აღკვეთა შეუძლებელია; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; გ) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; დ) თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავებულნი ცდილობენ გაქცევას და შეუძლებელია სხვა ხერხით ამის აღკვეთა; ე) შეიარაღებული თავდასხმისაგან, შეიარაღებული ან სხვა სახის პროვოკაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი საკუთრებისა და მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისათვის, როდესაც დაცვის სხვა ღონისძიებები უშედეგოა. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებსა და მესაზღვრეებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება: ა) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეთა თვალწინ, თუ ეს დარღვევა ხდება აშკარად შემთხვევით ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების (ნადირობა, საქონლის ძოვება, სოკოს, კენკრის, სათბობის შეგროვება და სხვ.), აგრეთვე ბანაობის, თვითმავალი ან არათვითმავალი გემებით ცურვის დროს; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავებული არიან სასაზღვრო რეჟიმისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევისათვის და ცდილობენ გაქცევას; გ) უცხოეთის თევზსაჭერი და სხვა სარეწი გემების მიმართ, რომლებიც ეწევიან რეწვას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს შიდა წყლებში ან სასაზღვრო მდინარეების, ტბების წყლებსა და სხვა წყალსატევებში, თუ ისინი სასაზღვრო ძალებს არ უწევენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადასული ცხოველების მიმართ. 4. იარაღის გამოყენებისას, როგორც წესი, დაუშვებელია ტყვიის მოძრაობა გაგრძელდეს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 5. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ან დარღვევის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების შემთხვევას 48 საათის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 35 სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებში გამოიყენება სპეციალური საშუალებები: ა) რეზინის ხელკეტი; ბ) ცრემლსადენი გაზი; გ) ხელბორკილი; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების დანიშნულების შუქბგერითი მოწყობილობა; ე) დაბრკოლებათა დამანგრეველი საშუალებები; ვ) ტრანსპორტის იძულებითი გასაჩერებელი საშუალებები; ზ) წყალსატყორცნები და ჯავშანმანქანები; თ) სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები; ი) სპეციალური საღებავი საშუალება; კ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლი და ცხენი; ლ) თვალთვალის ტექნიკური საშუალებები; მ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა სპეციალური საშუალებები.
მუხლი 36 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი. 3. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი - სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ. 4. სასაზღვრო წარმომადგენლის - სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 37 სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით.
დანართი № 1 ძირითადი სასაზღვრო ბოძი ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 12 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
დანართი №2
დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე 1. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – გვერდები თეთრია, შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. 2. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები იღებება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებში.
დანართი №3 დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
დანართი №4
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების (შემდგომში - წესები) მიზანია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა.
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი (შემდგომში - სასაზღვრო რეჟიმი) მოიცავს: ა) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მოწყობის, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესებს; ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესებს. 2. ეს წესები ვრცელდება: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, გარდა საქართველოს ნავსადგურების აკვატორიის ტერიტორიისა, მცურავ (მყოფ) ზომამცირე გემებზე, განურჩევლად გემის დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან, ცურავენ ან ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მფლობელებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზომამცირე გემი: ა.ა) თვითმავალი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით; ა.ბ) არათვითმავალი აფრიანი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით, აგრეთვე სხვა არათვითმავალი გემი (ნიჩბიანი ნავი 100 კილოგრამი ან მეტი ტვირთამწეობით, ბაიდარი 150 კილოგრამისა და მეტი ტვირთამწეობით, გასაბერი ნავი, რომლის ტვირთამწეობაა 225 კილოგრამი ან მეტი); ბ) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტი (შემდგომში - ბაზირების პუნქტი) - ზომამცირე გემებისათვის განკუთვნილი ნავმისადგომი, რომელიც განთავსებულია საზღვაო ნავსადგურების ფარგლებს გარეთ, შედგება მისთვის განსაზღვრული აკვატორიისაგან, სახმელეთო ტერიტორიისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან.
თავი II. ბაზირების პუნქტების მოწყობა
მუხლი 3. ბაზირების პუნქტების მოწყობის წესები 1. ბაზირების პუნქტების ტერიტორია აღიჭურვება განათებით, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისამებრ შემოიფარგლება არანაკლებ 2მ სიმაღლის ღობით, მათ შორის, ზღვის მხრიდანაც. 2. ბაზირების პუნქტი აღინიშნება თეთრი ფარით, რომლის ზომაა 100X60 სმ, მასზე აღინიშნება მონაცემები სადგომად დასაშვები ზომამცირე გემების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ. 3. ბაზირების პუნქტის ტერიტორიაზე განლაგდება გასაბერი ნავების, ნიჩბების, აფრების, კიდული ძრავების, სამაშველო-ავარიული აღჭურვილობის შესანახი სათავსი საკეტით. 4. ბაზირების პუნქტი აღიჭურვება: ა) ზომამცირე გემების დასამაგრებელი ბოძებით (არანაკლებ 15 სმ დიამეტრისა და 60 სმ სიმაღლისა) ლითონის რგოლებით, საკეტებითა და 2 მ სიგრძის ბაგირებით (ჯაჭვებით); ბ) ნავმისაბმელი მოწყობილობით; გ) საშტორმო გაფრთხილების სასიგნალო ანძით; დ) საინფორმაციო სტენდით, რომელზეც აღინიშნება ინფორმაცია ბაზირების პუნქტის მუშაობის რეჟიმის, სასაზღვრო რეჟიმის, მათ შორის, ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესების შესახებ. 5. ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლისა და შემოსვლისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება ზომამცირე გემების: ა) სარეგისტრაციო ნომერი ან/და სახელწოდება; ბ) მოსარგებლის სახელი და გვარი (მიეთითება პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს); გ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის დრო; დ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის მიზანი და მარშრუტი; ე) დანიშნულების ადგილი; ვ) ნაოსნობის ფაქტობრივი დრო. 6. აკრძალულია ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლა, თუ: ა) თვალსაჩინო ადგილზე არ არის აღნიშნული სარეგისტრაციო ნომერი ან/და სახელწოდება; ბ) ზომამცირე გემი ტექნიკურად გაუმართავია; გ) პროგნოზირებული და/ან ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები სახიფათოა შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის. 7. ბაზირების პუნქტის მფლობელი ვალდებულია დანიშნოს ბაზირების პუნქტის მოვლასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი. 8. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტი, რომელსაც იგი არაკომერციული მიზნით იყენებს თავის მფლობელობაში არსებული ზომამცირე გემის სადგომად, აღჭურვილი უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. 9. ბაზირების პუნქტების (მათ შორის, რეკრეაციულ ადგილებში) მოწყობის საკითხს წყვეტს და ბაზირების პუნქტების მოწყობის ადგილს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან (შემდგომში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შეთანხმებით, გარდა წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4. ბაზირების პუნქტებში ზომამცირე გემების შენახვის წესი 1. ბაზირების პუნქტებში ზომამცირე გემები ინახება ბაგირების (ჯაჭვები) საშუალებით ლითონის რგოლების მქონე ბოძებზე დამაგრებულ და საკეტით ჩაკეტილ მდგომარეობაში ან საკეტიან სათავსში, რომლის გასაღები ინახება ზომამცირე გემის მფლობელთან. 2. გასაბერი ნავები ინახება საკეტიან სათავსში, რომლის გასაღები ინახება ბაზირების პუნქტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირთან ან მფლობელთან. 3. დასაშვებია იმ ზომამცირე გემების წყალზე შენახვა და ღუზაზე გაჩერება, რომელთა წონის, ზომისა და სხვა დამახასიათებელი ნიშნების გამო შეუძლებელია მათი ნაპირზე ატანა ან ბაზირების პუნქტთან მიბმა.
მუხლი 5. რეკრეაციულ ადგილებში ბაზირების პუნქტების მოწყობა 1. ბაზირების პუნქტი შეიძლება მოეწყოს პლაჟზე, როგორც მარტივი ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის ნავსადგომი, მათ შორის, ზომამცირე გემების გამქირავებელი პუნქტის სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით. 2. ბაზირების პუნქტის პლაჟზე მოწყობის დროს მასზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემების გასაქირავებელი პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს სამაშველო ინვენტარით (სამაშველო რგოლი, ჟილეტი, თოკი) და უნდა ჰყავდეს წყალზე უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი. 4. ძრავიანი და იალქნიანი ზომამცირე გემების პლაჟების ნაპირიდან გასვლა-შემოსვლა უნდა წარმოებდეს მხოლოდ სპეციალური ტივტივებით შემოღობილი დერეფნებიდან, რომელთა სიგრძე ნაპირიდან არანაკლებ 100 მეტრია, ხოლო სიგანე არანაკლებ - 25 მეტრი. მათი შემდგომი ნაოსნობა ხორციელდება ნაპირის გასწვრივ 100 მეტრის დაშორებით.
თავი III. ზომამცირე გემებით სარგებლობა და ცურვა
მუხლი 6. ზომამცირე გემებით სარგებლობის წესი 1. ზომამცირე გემებით სარგებლობის წესი განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გამოყენების პირობებს. 2. აკრძალულია ზომამცირე გემების გამოყენება: ა) გემის სარეგისტრაციო მოწმობის გარეშე; ბ) ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობის გარეშე; გ) მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისა და ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე; დ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის და რაოდენობის, აფრების დაშვებული ფართობის დადგენილი პირობების დარღვევით; ე) აუცილებელი სამაშველო, სახანძრო, სასიგნალო, სანავიგაციო, კავშირგაბმულობისა და სხვა საშუალებებით აღჭურვილობის გარეშე.
მუხლი 7. ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს ზომამცირე გემის მფლობელი ან პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, ზღვის გარემო, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია; ბ) გამოყენებამდე შეამოწმოს ზომამცირე გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა; გ) გააცნოს მგზავრებს ზომამცირე გემზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები; დ) განახორციელოს ზომამცირე გემის ნაოსნობა (მართვა) მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემისათვის; ე) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე. უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს; ვ) შეასრულოს ბაზირების პუნქტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები; ზ) ზომამცირე გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; თ) დაიცვას ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მუხლი 8. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის წესი 1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის პირობები განისაზღვრება ამ წესით. 2. აკრძალულია: ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში ზომამცირე გემის მართვა; ბ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის; გ) მცურავი საშუალებების სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისათვის, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით; დ) ძრავის მქონე ზომამცირე გემების ნაოსნობა ბაზირების პუნქტების აკვატორიაში 6 კვანძზე (11 კმ/სთ-ზე) მეტი სიჩქარით; ე) ზომამცირე გემებით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როცა შეზღუდული ხილვადობის გამო შეუძლებელია ორიენტირება; ვ) სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება; ზ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მაქსიმალური მანძილის უგულებელყოფა; თ) ბუქსირების მიზნით სატრანსპორტო, ტექნიკურ და დამხმარე გემებზე მიბმა, მათი კურსის გადაჭრა ან მათ ახლოს მოძრაობა; ი) აფრის ან ძრავის დაყენება ზომამცირე გემებზე, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული; კ) ზღვაში გასვლა დღე-ღამის ბნელ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გათვალისწინებულია სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით; ლ) მოტივტივე სანავიგაციო ნიშნებთან ან უსაფრთხოების ზონებში არსებულ ობიექტებთან მისვლა და ზომამცირე გემის მათზე მიბმა; მ) ზომამცირე გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, მავნე ნივთიერებებისა და დამაბინძურებელი ნარჩენების, აგრეთვე მასალების ჩაყრა ან ჩამარხვა; ნ) ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონებში გაჩერება, დგომა და თევზჭერა; ო) მოძრაობის დროს ერთი ზომამცირე გემიდან მეორეზე გადასხდომა; პ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებისა და ტერიტორიული ზღვის დროებით შეზღუდულ ან აკრძალულ რაიონებსა და აკვატორიაში ცურვა; ჟ) ორი ან მეტი კიდული ძრავის გამოყენება, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული; რ) თვითმავალი ან იალქნიანი ზომამცირე გემით პლაჟისა და სხვა საბანაო/საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ს) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე სხვა გემებთან მისვლა და მიბმა; ტ) გამცილებლის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანა; უ) ზღვაში გასვლა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის შეტყობინების გარეშე, გარდა ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. პირები, რომლებიც მართავენ ზომამცირე გემს, ვალდებული არიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ზღვაში გემების შეჯახების პრევენციის საერთაშორისო წესები, უზრუნველყონ ზომამცირე გემების უავარიო ნაოსნობა, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან თევზჭერის წესები და გარემო.
მუხლი 9. ზომამცირე გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინება 1. ბაზირების პუნქტებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავების და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინებით. 2. ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის შესახებ შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
თავი IV. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელება
მუხლი 10. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესები 1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის (შემდგომში - საქმიანობა) განხორციელებაზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების შეჩერება ან აკრძალვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული გემების მფლობელები და ის პირები, რომლებიც მართავენ ამ გემებს, ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ადამიანთა გადარჩენის მიზნით.
თავი V. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლი 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზომამცირე გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის ამ წესების დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №5 არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი
მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების, აგრეთვე ოქმის შინაარსის გამო შენიშვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2 1. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები (ფორმა №1 და ფორმა №2) ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის (შემდგომში – უფლებამოსილი თანამშრომელი) მიერ. 2. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო მეორე – გადაეცემა არასამხედრო გემის კაპიტანს.
მუხლი 3 1. არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასამხედრო გემის შემოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი სამართალდარღვევა; ბ) ჩადენილი სამართალდარღვევა არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე; გ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არასამხედრო გემის დაკავება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო გემის შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 4 არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის (ფორმა №1): ა) პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ბ) მე-3 პუნქტში აღინიშნება უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა; გ) მე-4 პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებში მიეთითება მონაცემები არასამხედრო გემის შესახებ; დ) მე-5 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებში მიეთითება არასამხედრო გემის კაპიტნის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი ან პირადი ნომერი; ე) მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და შედეგები; ვ) მე-7 პუნქტში მიეთითება თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მე-8 პუნქტში მიეთითება მონაცემები ოქმზე დართული დოკუმენტების თაობაზე.
მუხლი 5 1. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის (ფორმა №2) პირველი-მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების შევსებისას გამოიყენება არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის შევსებისათვის დადგენილი წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის დაკავების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და საფუძველი.
მუხლი 6 1. თუ შემოწმებული ან დაკავებული არასამხედრო გემის კაპიტანს უფლებამოსილი თანამშრომლის მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე. 2. თუ არასამხედრო გემის კაპიტანი ხელს არ აწერს არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
ფორმა №1
არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი
1. ________________________________ 2. _________________________________ შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ______________________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________
4. არასამხედრო გემის: ა) ______________________ ბ) _________________________________ მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №) გ) ________________ დ) __________________ ე) _______________ ვ) ____________________ დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური
5. გემის კაპიტნის: ა) __________________________________ ბ) _______________________ სახელი, გვარი დაბადების თარიღი გ) ________________ დ) __________________________________________________________ მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №
6. არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი, დრო და შედეგები: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________
7. _____________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი ________________________________________________________________________________ 8. ოქმს თან ერთვის: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ______________________ ხელმოწერა
გემის კაპიტანი _________________________________________________________________ ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
თარჯიმანი: ____________________ ხელმოწერა
ფორმა №2 არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმი
1. _____________________________________ 2. ___________________________ შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ___________________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________
4. არასამხედრო გემის: ა) __________________________ ბ) _______________________ მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №) გ) _______________ დ) __________________ ე) ______________ ვ) ____________________ დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური
5. გემის კაპიტნის: ა) _________________________________ ბ) _____________________ სახელი, გვარი დაბადების თარიღი გ) ______________ დ) ______________________________________________________ მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №
6. არასამხედრო გემის დაკავების ადგილი, დრო და საფუძველი: _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ 7.___________________________________________________________________ ____________________________________________________________________ თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი ____________________________________________________________________ 8. ოქმს თან ერთვის: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ________________ ხელმოწერა
გემის კაპიტანი ________________________________________________________ ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
თარჯიმანი: ____________________ ხელმოწერა
|
უკან დაბრუნება 


დოკუმენტის კომენტარები