დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.021172 |
|
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141 1. სახელმწიფო სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული და სხვა ნებისმიერი საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი, სარეწი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) განსახორციელებლად ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში − საშვის მაძიებელი) შესვლისა და ყოფნის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში − სასაზღვრო პოლიცია) მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემული ინდივიდუალური ან ჯგუფური საშვი. 2. სასაზღვრო პოლიცია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საშვის მაძიებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშვის მისაღებად ვალდებულია, წერილობით მიმართოს სასაზღვრო პოლიციას და წარუდგინოს პირისა და ტრანსპორტის შესვლის დრო, გადაადგილების მარშრუტი, სამეცნიერო-კვლევითი, სარეწი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა, მათი ვინაობა და იქ ყოფნის სხვა პირობები, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშვის მოქმედების ვადას, რომელიც არ აღემატება ერთ წელს, სასაზღვრო პოლიცია განსაზღვრავს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით. 5. სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია, არ გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშვი, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს საშვის მაძიებელს. საშვის გაცემაზე უარი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის დაღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე შესაბამისი დასახლებული პუნქტის ფარგლებში. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე. 8. სახელმწიფო სასაზღვრო ზონასა და ზოლში საშვების გაცემის პროცედურა, ასევე სახელმწიფო სასაზღვრო ზონისა და სასაზღვრო ზოლის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.“. 2. №4 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების“: ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის აღნიშნული გემის განმასხვავებელი ნიშნები;“; ა.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბაზირების პუნქტების (მათ შორის, რეკრეაციულ ადგილებში) მოწყობის საკითხს წყვეტს და ბაზირების პუნქტების მოწყობის ადგილს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან (შემდგომში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შეთანხმებით, გარდა ამ წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პლაჟზე ბაზირების პუნქტის მოწყობის შემთხვევაში, მასზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: გ.ა) „გ“ − „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მგზავრთა რაოდენობისა და ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე; დ) აფრების დაშვებული ფართობის დადგენილი პირობების დარღვევით; ე) აუცილებელი სამაშველო, სახანძრო, რადიო და სხვა აღჭურვილობის გარეშე ან თუ ისინი გაუმართავია;“; გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების გარეშე; ზ) აფრის ან ძრავის დაყენებით, რომელიც არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისობის მოწმობებით განსაზღვრული.“; დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: დ.ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მანძილის უგულებელყოფა; თ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის შეტყობინებისა და მათთან შეთანხმების გარეშე ბუქსირით წაყვანის მიზნით სხვა გემებზე მიბმა ან სხვა გემების ბუქსირზიდვა;“; დ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მოძრაობის გამყოფ სისტემაში გაჩერება და დგომა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“; დ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.დ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ − „ღ“ ქვეპუნქტები: „ფ) დღე-ღამის ბნელ დროს სანავიგაციო შუქების გამოყენების გარეშე ცურვა; ქ) რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემებზე მგზავრთა აყვანა ან გემების გაქირავება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დერეფნებისა; ღ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა პირისათვის, რომელსაც არ შესრულებია თექვსმეტი წელი.“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ზომამცირე გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინების წესი 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა არაკომერციული მიზნით ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავებისა და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ. 2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შესახებ წინასწარ შეტყობინება ხდება ულტრამოკლეტალღოვანი რადიოაღჭურვილობით მე-16 არხზე. 3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის წინასწარ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ზომამცირე გემის დასახელება ან სარეგისტრაციო ნომერი; ბ) ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა რაოდენობა; გ) ცურვის რაიონი; დ) ზღვაში გასვლის მიზანი. 4. დარღვევად ჩაითვლება: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემის გასვლა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის არასწორი მონაცემების მიწოდება; გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნის დროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდებულ მონაცემებში ცვლილების შეუტყობინებლობა.“; ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“; ზ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზომამცირე გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები