დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 456 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.023012 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ძირითადი სასაზღვრო ბოძი (დანართი №1), დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე (დანართი №2) და დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე (დანართი №3) იღებება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში.“. 2. 141 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები განისაზღვრება დანართი №4-ის შესაბამისად. 3. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი განისაზღვრება დანართი №5-ის შესაბამისად.“. 4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28 1. უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე ან მის ახლოს სამეურნეო, სარეწი და სხვა სახის საქმიანობა, რომელიც ეხება საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ინტერესებს და დაკავშირებულია ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან, ხორციელდება საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ (მათ შორის, ერთობლივად). აღნიშნულმა საქმიანობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ეკოლოგიურ ან/და სხვა სახის უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ამ საქმიანობის ხასიათი, მონაწილეთა რაოდენობა, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდები, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებები, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილი და დრო.“. 5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29 1. სასაზღვრო რეჟიმი მოიცავს ღონისძიებათა და პროცედურათა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა საქმიანობის (შემდგომში − დაშვებული საქმიანობა) განსახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინების, პირ(ებ)ისა და სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების წესი. 2. სასაზღვრო რეჟიმის დაცვაზე კონტროლს, აგრეთვე დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.“. 6. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომში − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასცეს ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშვი; ბ) მოახდინოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის იდენტიფიკაცია; გ) განახორციელოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის, არსებული ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული ან/და სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; დ) შეამოწმოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის საქმიანობა გაცემულ საშვთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) აღკვეთოს სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი პირის ქმედებები, მოახდინოს მისი გაყვანა სასაზღვრო ზოლიდან ან ზონიდან, მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესი განისაზღვრება დანართი №6-ის შესაბამისად. 3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნების დამზადებასა და განთავსებას დანართი №7-ის შესაბამისად.“. 7. დანართი №5-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №6 და დანართი №7. |
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მიერ გაცემული ინდივიდუალური და ჯგუფური საშვები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მათი მოქმედების ვადით.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უზრუნველყოს საშვის გაცემის პროცედურის დამტკიცება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №6
|
საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები |
მუხლი 1
1. საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში: ა) ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის, სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების წესს; ბ) სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი შეტყობინების განხორციელების წესს. 2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში აკრძალულია პირთა შესვლა და დაშვებული საქმიანობების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის (შემდგომში − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) ამ წესით დადგენილი წინასწარი შეტყობინების ან/და საშვის გარეშე. 3. ამ წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. მუხლი 2 1. წესის მოქმედება არ ვრცელდება სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, ასევე სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებზე. 2. მოსახლეობის დასვენების ადგილებში წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე. მუხლი 3 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, ასევე იურიდიული პირი; ბ) უფლებამოსილი პირი – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე; გ) დაშვებული საქმიანობა – სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო კველევითი, ტურისტული, სამშენებლო, სანადირო, სათევზაო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა; დ) შეტყობინება – სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქმიანობის ხასიათის, მონაწილეთა რაოდენობის, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდების, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) საშვი – დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების შესახებ დადგენილი წესით გაცემული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი; ვ) საშვის მაძიებელი – სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების სურვილის მქონე პირი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობა მუხლი 4 1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის შეტყობინების საფუძველზე. 2. შეტყობინებაში აღინიშნება სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის: ა) ხასიათი; ბ) ტექნოლოგია; გ) ტექნიკური საშუალებები; დ) სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა; ე) მონაწილეთა რაოდენობა; ვ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია ან ნებართვა (თუ ცალკეული სამეურნეო, სარეწი ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განეკუთვნება სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას). 3. ამ მუხლით დადგენილი წესით შეტყობინების წარდგენა არ ათავისუფლებს პირს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების მიზნით საშვის მიღების ვალდებულებისგან. 4. შეტყობინება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შეიძლება წარედგინოს დამოუკიდებლად ან საშვის მოთხოვნასთან ერთად. 5. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე, აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, თუ პირმა შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას. მუხლი 5 1. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სასაზღვრო ზოლში სამეურნეო, სარეწი ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაშვების შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით.
თავი III. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის საშვი მუხლი 6 1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირები დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი საშვის საფუძველზე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვს გასცემს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. მუხლი 7 1. საშვი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. 2. საშვის გაცემა ხდება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით. 3. საშვს აქვს მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. 4. საშვის მოქმედების ვადა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 8 1. საშვის მაძიებელი ვალდებულია წერილობით მიმართოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. აღნიშნულ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს: ა) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის ხასიათის, ტექნოლოგიის, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ბ) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის განხორციელების ადგილის, დროისა და ხანგრძლივობის შესახებ; გ) ინფორმაცია დაშვებულ საქმიანობაში მონაწილე პირთა რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვინაობის შესახებ; დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია ან ნებართვა (თუ დაშვებული საქმიანობა განეკუთვნება სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას); ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ საშვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 2. საშვი გაიცემა 10 წლის ასაკიდან. 10 წლამდე ასაკის პირთა მონაცემები აისახება კანონიერი წარმომადგენლის ან ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით სხვა სრულწლოვანი პირის სახელზე გაცემულ საშვში. 10 წლამდე პირთა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლა, დროებითი ყოფნა და გადაადგილება ხორციელდება საშვის მფლობელ პირთა თანხლებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/ მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის შემთხვევაში, 10 წლამდე არასრულწლოვნის მონაცემები აისახება ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორ/მომწყობ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი) სახელზე გაცემულ საშვში და არასრულწლოვნის გადაადგილება ხორციელდება მისი თანხლებით. 4. საშვის გაცემის პროცედურა მტკიცდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით. მუხლი 9 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, არ გასცეს საშვი: ა) თუ საშვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა არ შეესაბამება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თუ საშვის მაძიებელმა წარადგინა არასწორი/არასრული ინფორმაცია; გ) თუ საშვის მაძიებლის ტერიტორიაზე დაშვებით საფრთხე შეიძლება შეექმნას მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; დ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. საშვის მოქმედების პერიოდში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, გააუქმოს ან/და შეაჩეროს საშვის მოქმედება: ა) თუ საშვის მფლობელმა წარადგინა არასწორი ინფორმაცია; ბ) თუ საშვის მფლობელი არღვევს ან არაჯეროვნად ასრულებს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების წესებს; გ) თუ საფრთხე შეიძლება შეექმნას საშვის მფლობელის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; დ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ე) თუ პირს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე, აკრძალული აქვს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. შეჩერებული საშვის მოქმედება აღდგება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე. მუხლი 10. საშვის გაცემაზე უარი ან საშვის მოქმედების შეჩერება/გაუქმება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის ვალდებულებები მუხლი 11 1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირი ვალდებულია: ა) უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საშვი, პირადობის დამადასტურებელი და ტრანსპორტის სათანადო დოკუმენტები; ბ) დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას; გ) შეიარაღებული პირ(ებ)ის, იარაღის, საბრძოლო მასალების ან სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნის/ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“; დ) გაუფრთხილდეს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას, ასევე, თავი შეიკავოს ისეთი ქმედების განხორციელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება ან განადგურება; ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირს ეკრძალება: ა) ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; ბ) ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყლის, ჰაერის ან/და ნიადაგის დაბინძურება; გ) საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, სასაზღვრო განწესების გადაადგილების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნისთანავე წაშალოს/გაანადგუროს გადაღებული ფოტო/ვიდეომასალა; დ) სასაზღვრო ნიშნებისა და საზღვრის დაცვის ობიექტების, სახელმწიფო საზღვრის კონტროლისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების დაზიანება ან განადგურება; ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანება ან განადგურება; ე) მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ნივთის მიღება ან მისთვის რაიმე ნივთის გადაცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის ხაზზე გადაადგილება; ზ) სასაზღვრო რეჟიმითა და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედება.“.
„დანართი №7
გამაფრთხილებელი ნიშნები
გამაფრთხილებელი ნიშანი სასაზღვრო ზოლში ან/და ზონაში მყოფ პირს აუწყებს სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოების ან ტერიტორიაზე ყოფნის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი წესების დაცვას მოითხოვს. გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზოლში ან/და ზონაში. გამაფრთხილებელ ნიშანს აქვს უნიკალური ნომერი. გამაფრთხილებელი ნიშანი ორენოვანია და მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ყურადღება! სასაზღვრო ზონა!“ – როდესაც გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზონაში; „ყურადღება! სასაზღვრო ზოლი!“ – როდესაც გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზოლში; „საშვისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა აკრძალულია“;
„სასაზღვრო პოლიცია“ / „BORDER POLICE, TEL.: (+995 ---------)“; „112 – გადაუდებელი დახმარების ნომერი საქართველოში“; „SINGLE EMERGENCY NUMBER IN GEORGIA“.“.
|
უკან დაბრუნება 



დოკუმენტის კომენტარები