სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2013
ძალაში შესვლის თარიღი 04/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017421
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
254
02/10/2013
ვებგვერდი, 04/10/2013
340170000.10.003.017421
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/10/2013 - 13/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2013 წლის 2 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 4 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის

მოპოვებისა და შეწყვეტის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასა და შეწყვეტასთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მინიტორინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის მინიჭება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება ეფუძნება ნებაყოფლობითობის პრინციპს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების მიზნით, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა  ქონება - შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება; 

დ) კოოპერატივის წესდება.

4. სააგენტოს შესაბამისი სამსახური განცხადების  წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

5. სააგენტოს შესაბამისი სამსახური, წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელი არ გამოასწორებს გამოვლენილ ხარვეზს სააგენტოს შესაბამისი სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

7. სააგენტოს შესაბამისი სამსახური დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისთანავე ადგენს დასკვნას და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.

8. სააგენტოს თავმჯდომარე მისთვის დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის მინიჭების ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

9. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგენტოს შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

11. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

12. ელექტრონული რეესტრი უნდა შეიცავდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შემდეგ მონაცემებს:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) იურიდიულ მისამართს;

გ) ინფორმაციას წევრთა/მეპაიეთა შესახებ;

დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ;

ე) ინფორმაციას საქმიანობის სფეროს შესახებ;

ვ) ინფორმაციას საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ;

ზ) სტატუსის მინიჭების თარიღს.

13. სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ (მათ შორის - ელექტრონული ფორმით)  მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ქმნის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზას, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და  განსახორციელებელი საქმიანობის, ასევე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის/გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის და სხვა მონაცემების შესახებ.

მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგი

1. სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგს, რაც გულისხმობს კოოპერატივის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის მეშვეობით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მათ მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ყოველი წლის პირველ თებერვლამდე, გასული წლის მონაცემების გათვალისწინებით, ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის გეგმას, რომელშიც აისახება წლის განმავლობაში მონიტორინგს დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ნუსხა და მონიტორინგის სავარაუდო თარიღი.

4. გეგმური მონიტორინგის ჩატარების თაობაზე წინასწარ, მაგრამ  მონიტორინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, უნდა ეცნობოს შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არღვევს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, განახორციელონ არაგეგმური მონიტორინგი სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით.

6. მონიტორინგის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

7. მონიტორინგის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით უნდა განისაზღვროს:

ა) მონიტორინგის სახე;

ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი);

გ) იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დასახელება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი;

დ) მონიტორინგის განხორციელების ადგილი (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მფლობელობაში არსებული ერთი ან რამდენიმე ობიექტის ფაქტობრივი მისამართი);

ე) მონიტორინგის განხორციელების თარიღი და ვადა.

8. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა მონიტორინგის დაწყებამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლებს უნდა წარუდგინონ სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.

9. მონიტორინგისას სააგენტოს უფლებამოსილი პირები ამოწმებენ:

ა) ახორციელებს თუ არა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას;

ბ) ახორციელებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა საქმიანობას;

გ) დაცულია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა კანონით დადგენილი მინიმუმი;

დ) მიმდინარეობს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ე) დაცულია თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

10. მონიტორინგის პროცესში მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი;

გ) ფოტო და ვიდეოკამერა;

დ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება მას მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებისათვის.

11. მონიტორინგის დასრულების შემდგომ დგება მონიტორინგის ჩატარების აქტი, რომელშიც აისახება:

ა) მონიტორინგისას განხორციელებული ქმედებები;

ბ) მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევა/ები (კანონის ან/და წესდების შესაბამისი მუხლის მითითებით);

გ) კომენტარი;

დ) გაცემული რეკომენდაცია;

ე) მონიტორინგის მონაწილე პირების ხელმოწერა.

12. მონიტორინგის აქტის ერთი ეგზემპლარი ბარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილ პირს, რომელიც მონიტორინგის აქტის ჩაბარებას ადასტურებს ხელმოწერით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენელს უფლება აქვს, წარმოადგინოს შენიშვნები, რომლებიც წარმოადგენს მონიტორინგის აქტის ნაწილს.

13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლის მხრიდან მონიტორინგის აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მონიტორინგის აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

14. მონიტორინგის აქტი და საქმის სხვა მასალები (მათი არსებობის შემთხვევაში) მომდევნო სამუშაო დღეს წარედგინება სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელიც 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს წარდგენილ მასალებს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

15. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს შესაბამისი სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს შესაბამისი სამსახური აქტის შედგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.

მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტა

1. თუ სააგენტოს შესაბამისი სამსახურის დასკვნით დგინდება, რომ დარღვეულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სააგენტოს თავმჯდომარე მისთვის დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის რეკომენდაციის გაცემის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, დარღვევის გამოსასწორებლად. თუ სააგენტოს შესაბამისი სამსახურის დასკვნით დგინდება, რომ დარღვეულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა კანონით დადგენილი მინიმუმი, სააგენტოს თავმჯდომარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის რეკომენდაციის გაცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ განმეორებით მონიტორინგს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, თუ განმეორებითი მონიტორინგის შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი სამსახურის მიერ შედგენილი დასკვნით დადგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს სააგენტოს თავმჯდომარე მისთვის დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. ხოლო თუ დასკვნით დგინდება, რომ დაცულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა კანონით დადგენილი მინიმუმი, სააგენტოს თავმჯდომარე ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კოოპერატივის ამოღებას ელექტრონული რეესტრიდან.

4. გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის რეკომენდაციის გაცემის, სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.

5. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მინიტორინგის განხორციელების თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.