დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 112 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021822 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/10/2013, 340170000.10.003.017421) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის
წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან, შეწყვეტასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მინიტორინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება ეფუძნება ნებაყოფლობითობის პრინციპს. 2. სასაფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების მიზნით, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო). 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები. 4. სააგენტო განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. სააგენტო, წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელი არ გამოასწორებს გამოვლენილ ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. 7. სააგენტო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისთანავე ადგენს დასკვნას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი) შუამდგომლობის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. 9. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარათლებრივ აქტს, რაც ეცნობება შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და სააგენტოს. 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს მინისტრი. 11. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. 12. ელექტრონული რეესტრი უნდა შეიცავდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შემდეგ მონაცემებს: ა) საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) იურიდიულ მისამართს; გ) ინფორმაციას წევრთა/მეპაიეთა შესახებ; დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ; ე) ინფორმაციას საქმიანობის სფეროს შესახებ; ვ) სტატუსის მინიჭების თარიღს. მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგი 1. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს აღნიშნული კოოპერატივის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის მეშვეობით. 2. სააგენტოს დირექტორი ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას (გეგმური). 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მქონე იურიდიული პირის მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მათ მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიავლინოს სააგენტოს უფლებამოსილი პირი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით. 4. გეგმური მონიტორინგის ჩატარების თაობაზე წინასწარ, მაგრამ მონიტორინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, უნდა ეცნობოს შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არღვევს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს არაგეგმური მონიტორინგი სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით. 6. მონიტორინგის განხორციელების თაობაზე სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც უნდა განისაზღვროს: ა) მონიტორინგის სახე; ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (თანამდებობა, სახელი და გვარი); გ) იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დასახელება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი; დ) მონიტორინგის განხორციელების ვადა. 7. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა მონიტორინგის დაწყებამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლებს უნდა წარუდგინოს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. 8. მონიტორინგისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს: ა) ახორციელებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას; ბ) ახორციელებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა საქმიანობას; გ) დაცულია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმი; დ) მიმდინარეობს თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ე) დაცულია თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 9. მონიტორინგის დასრულების შემდგომ დგება მონიტორინგის აქტი, რომელშიც აისახება: ა) მონიტორინგისას განხორციელებული ქმედებები; ბ) მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევა/დარღვევები (კანონის ან/და წესდების შესაბამისი მუხლის მითითებით); გ) კომენტარი; დ) გაცემული რეკომენდაცია; ე) მონიტორინგის მონაწილე პირების ხელმოწერა. 10. მონიტორინგის აქტი დგება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, ხოლო მეორე კი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენელს, რომელიც მონიტორინგის აქტის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენელს უფლება აქვს, მონიტორინგის აქტს დაურთოს თავისი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც წარმოადგენს მონიტორინგის აქტის ნაწილს. 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლის მხრიდან მონიტორინგის აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მონიტორინგის აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 12. მონიტორინგის აქტი და საქმის სხვა მასალები (მათი არსებობის შემთხვევაში) მონიტორინგის აქტის შედგენის მომდევნო სამუშაო დღეს წარედგინება სააგენტოს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს წარდგენილ მასალებს და ამზადებს შესაბამის დასკვნას. მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტა 1. თუ დასკვნით დადგინდება, რომ დარღვეულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სააგენტოს დირექტორი 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის რეკომენდაციის გაცემის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, დარღვევის გამოსასწორებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განახორციელებს განმეორებით მონიტორინგს, მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით. თუ განმეორებითი მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებს, სააგენტოს დირექტორი მისთვის დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შუამდგომლობით მინისტრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 3. სააგენტოს დირექტორის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც ეცნობება შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და სააგენტოს. 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული კოოპერატივის ამოღებას ელექტრონული რეესტრიდან. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს, ამ სტატუსის შეწყვეტიდან ექვსი თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.“. |
დოკუმენტის კომენტარები