დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 536 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/11/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 04/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.05.001.003.332 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/12/2018 - 19/12/2019)
საქართველოს კანონი
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
ეს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს.
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს:
ა) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს;
ბ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წესსა და პირობებს;
გ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის უფლება-მოვალეობებს;
დ) სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის;
ე) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს;
ვ) იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს; პასუხისმგებლობის ზომებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ დაცვით საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო ორგანო ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ნივთის ან ცალკეული ღონისძიების დაცვაზე, რომელსაც უშუალოდ ახორციელებს აღნიშნული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კერძო დაცვითი საქმიანობა (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) – ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც:
ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ;
ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას;
ბ) დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია;
გ) კერძო დაცვითი ორგანიზაცია (შემდგომ – დაცვითი ორგანიზაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
დ) დამკვეთი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას;
ე) დაცვა – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ;
ვ) დაცვითი ტექნიკური საშუალებები – დაცვის ობიექტის თვალთვალის ტექნიკური საშუალებები ან/და საგანგაშო სიგნალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას;
ზ) მცველი – 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მცველის მოწმობა;
თ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლებას;
ი) შეტყობინება – წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთის, ღონისძიების ან ფიზიკური პირის (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის განხორციელების ფაქტს;
კ) ლიცენზიის გამცემი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ლ) ლიცენზიის მაძიებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც სურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღება;
მ) იარაღი – გაზის, პნევმატური, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა;
ნ) სპეციალური საშუალებები – ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი;
ო) უძრავი ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთი, ხაზობრივი ნაგებობა, მშენებარე ობიექტი.
თავი II. დაცვითი საქმიანობის ლიცენზირება
მუხლი 3. დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლება
1. დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლება წარმოიშობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღების საფუძველზე.
2. დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, სალიცენზიო რეესტრის წარმოების, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების და გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და კანონქვემდებარე აქტებით.
1. ლიცენზია გაიცემა ადამიანის, უძრავი ან მოძრავი ნივთის, ცალკეული ღონისძიების დაცვის, დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის განხორციელებისათვის.
2. სალიცენზიო მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. ლიცენზია გაიცემა უვადოდ.
მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება, რომელშიც ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული იქნება დაცვითი საქმიანობის განხორციელება;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების):
ბ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა;
გ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და პარტნიორების სია, რომელსაც უნდა დაერთოს:
გ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ბ) თითოეულ დამფუძნებელზე – ცნობა ნასამართლობის შესახებ, ხოლო თუ დამფუძნებელი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა – ამ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ფინანსური, ქონებრივი (მათ შორის, საქმიანობისთვის საჭირო ფართობის) და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს დაცვითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას;
ე) დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად საბანკო გარანტია არანაკლებ 200000 ლარზე;
ვ) მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები, რომელთაც ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ამტკიცებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო;
ზ) ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
თ) ცნობა ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის შესახებ.
2. დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილია სალიცენზიო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა
ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 7. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ლიცენზიის მაძიებელმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება;
დ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების), დამფუძნებლების ან წევრების ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ;
ვ) ლიცენზია გაუქმდა დაცვითი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო და მისი გაუქმებიდან არ არის გასული 3 წელი.
2. ლიცენზიის გაცემაზე უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2154 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
მუხლი 8. ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები
ლიცენზია გაუქმდება, თუ:
ა) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გაცემიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გადაიხდის დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილ შესაბამის სალიცენზიო მოსაკრებელს;
ბ) დაცვით ორგანიზაციას არ განუხორციელებია დაცვითი საქმიანობა ლიცენზიის აღებიდან 1 წლის განმავლობაში;
გ) დაცვით ორგანიზაციას 1 კალენდარული წლის განმავლობაში ხუთჯერ დაეკისრა ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
დ) გამოვლინდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, თუკი აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში;
ე) დადასტურდა, რომ ლიცენზიის აღების მიზნით წარმოდგენილი იყო ყალბი ინფორმაცია;
ვ) დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ზ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელმაც სასჯელის სახით დაადგინა ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია;
თ) წარმოიშვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაუქმების რომელიმე საფუძველი.
მუხლი 9. შეტყობინების ფორმა და მისი წარდგენის წესი
1. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას ამტკიცებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება.
თავი III. სახელშეკრულებო ურთიერთობები
მუხლი 10. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა
1. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება) საფუძველზე.
2. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის.
3. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებია:
ა) ობიექტის დაცვის ხელშეკრულება;
ბ) დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულება.
4. ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა;
ბ) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები;
გ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები;
დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს ობიექტის დაცვას;
ე) მცველების რაოდენობა;
ვ) ხელშეკრულების ფასი;
ზ) ხარჯების ანაზღაურების წესი;
თ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ი) დამკვეთისთვის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა;
კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ლ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
5. დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა;
ბ) ცალკეული ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც განხორციელდება დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლოატაცია;
გ) ხელშეკრულების არსი და პირობები;
დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას;
ე) ხელშეკრულების ფასი;
ვ) ხარჯების ანაზღაურების წესი;
ზ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გაცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 11. დაცვითი მომსახურების გეგმა
1. დაცვითი მომსახურების გეგმა არის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც ობიექტის დაცვის ხელშეკრულების გაფორმებამდე დგება დამკვეთთან შეთანხმებით. დაცვითი მომსახურების გეგმაში შეიძლება აისახოს:
ა) საყარაულო საგუშაგოების რაოდენობა და მათი განთავსების ადგილი;
ბ) მცველების რაოდენობა;
გ) დაცვითი აღჭურვილობა;
დ) დაცვის ტექნიკური საშუალებები;
ე) მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების ღონისძიებები;
ვ) საგუშაგო ინსტრუქციები.
2. დაცვითი საქმიანობის გეგმა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
3. დაცვითი მომსახურების გეგმის გახმაურებისთვის მცველის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განისაზღვროს დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
მუხლი 12. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა
1. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) ხელშეკრულების არსი;
ბ) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები;
გ) მუშაობის განრიგი და გრაფიკი;
დ) დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დააზღვიოს მცველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა;
ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
3. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები;
ბ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები, რომლებიც გამომდინარეობს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებიდან;
გ) დაცვითი საქმიანობის განრიგი და გრაფიკი;
დ) ხარჯების ანაზღაურების წესი;
ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს.
თავი IV. დაცვითი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
მუხლი 13. დაცვითი ორგანიზაციის უფლებები
დაცვით ორგანიზაციას უფლება აქვს:
ა) ლიცენზიის ფარგლებში განახორციელოს დაცვითი საქმიანობა, გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები დამკვეთთან და მცველთან;
ბ) იმოქმედოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) მოსთხოვოს დამკვეთსა და მცველს შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
დ) დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს;
ე) შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ გამომდინარეობს კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებიდან – მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული მითითებები და დავალებები წინააღმდეგობაში არ იქნება მცველთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებასთან და არ გამოიწვევს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას;
ვ) შეიძინოს იარაღი და სპეციალური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იქნება ობიექტის დაცვისათვის;
ზ) შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით ისარგებლოს რადიოკავშირის საშუალებებით (რაციით);
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, თუ აღნიშნული ქმედებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 14. დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები
დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) დაიცვას და სრულად შეასრულოს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ვალდებულებები);
გ) შეუქმნას მცველს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები, პატივი სცეს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, არ დაუშვას მისი დამცირება ან ღირსების შელახვა;
დ) უზრუნველყოს მცველი სათანადო ინფორმაციით და ყველა საჭირო აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მცველის მიერ დაცვითი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტიანად განხორციელებისათვის;
ე) გააცნოს მცველს ეს კანონი, დაცვითი ორგანიზაციის წესდება, ობიექტის უსაფრთხოების წესები და სხვა საჭირო ინფორმაცია;
ვ) უზრუნველყოს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
ზ) დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს:
ზ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება;
ზ.ბ) ინფორმაცია დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ;
თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის, დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;
ი) აწარმოოს მცველების კარტოთეკა და პირადი ბარათები;
კ) არ დაუშვას მის სახელზე გაცემული ლიცენზიით სხვა პირის მიერ სარგებლობა.
მუხლი 15. დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები
დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია არანაკლებ 6 წლის ვადით შეინახოს:
ა) დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება მათი მოქმედების ვადის გასვლის დღიდან;
ბ) დამკვეთთან და მცველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება აღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან.
მუხლი 16. დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
დაცვით ორგანიზაციას უფლება არა აქვს:
ა) დამალოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაცვის ობიექტზე დანაშაულის ჩადენის ან მისი მომზადების შესახებ;
ბ) წინასწარი შეცნობით დაიცვას დანაშაულებრივი საქმიანობის მონაწილე ფიზიკური პირი ან დანაშაულთან დაკავშირებული უძრავი ნივთი ან/და ცალკეული ღონისძიება;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
მუხლი 17. დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი
დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას);
გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3362);
დ) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.
თავი V. მცველის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
მუხლი 18. მცველის უფლებამოსილება
1. მცველს უფლება აქვს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს ობიექტის დაცვა.
2. მცველის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით და დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
1. მცველის მოწმობას გასცემს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
2. მცველის მოწმობის საფასურია 20 ლარი.
3. მცველის მოწმობის საფასური გადაიხდება დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ანგარიშზე.
მუხლი 20. მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
მცველი არ შეიძლება იყოს:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას);
გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3362);
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება;
ე) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.
მუხლი 21. მცველის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს:
ა) აწარმოოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო- და ფოტოგადაღება, გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ აღნიშნული ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (თუკი არსებობს დამკვეთისა და დაცვითი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობა);
ბ) ობიექტზე უნებართვოდ მყოფ პირს მოსთხოვოს მისი დატოვება;
გ) მოსთხოვოს პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და დაცვის ობიექტზე დადგენილი წესრიგის/რეჟიმის დაცვა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტიდან მისი გაძევება;
დ) შეიპყროს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;
ე) არ შეასრულოს დამკვეთის ან/და დაცვითი ორგანიზაციის ისეთი დავალება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-12 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ვ) გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის ობიექტის უსაფრთხოებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მცველის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას ან/და დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
3. მცველი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები;
ბ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა);
დ) დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი;
ე) დაცვის ობიექტიდან გააძევოს პირი, რომელიც:
ე.ა) უნებართვოდ იმყოფება დაცვის ობიექტზე;
ე.ბ) არღვევს დაცვის ობიექტზე დადგენილ წესრიგს/რეჟიმს;
ვ) დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;
ზ) უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოსვლამდე დაიცვას დანაშაულის ადგილი და ქონება, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას;
თ) სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობაში და მართლწესრიგის დაცვის სხვა ღონისძიებების განხორციელებაში, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას;
ი) შეინახოს დაცვის ობიექტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, დაცვითი მომსახურების გეგმა), არ გაახმაუროს აღნიშნული ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
კ) დაცვითი საქმიანობა განახორციელოს დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, მცველს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
თავი VI. იარაღის, სპეციალური საშუალებების და ფიზიკური იძულების გამოყენების წესები
მუხლი 22. სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას;
გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით;
დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას;
ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად;
ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
2. მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.
3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს ან შეიარაღებულნი წინააღმდეგობას უწევენ მცველს, რაც საფრთხეს უქმნის პიროვნების ან მცველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
4. მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით.
მუხლი 23. იარაღის გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი.
2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას;
ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე).
3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს;
გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას.
5. აკრძალულია იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილებში, ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან მცველის სიცოცხლეს.
6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ.
თავი VII. დაცვითი საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომები
მუხლი 24. დაცვითი საქმიანობის კონტროლი
1. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.)
2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო:
ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან;
ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას;
გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
მუხლი 25. პასუხისმგებლობის ზომები
1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა:
ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი;
გ) 2000 ლარი – მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის;
დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის;
ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის;
ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის;
თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის.
4. დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს:
ა) სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცება;
ბ) მცველის მოწმობის ფორმის დამტკიცება;
გ) დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცება.
2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ დაცვით საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება უნარჩუნდებათ 2009 წლის 1 მარტამდე.
მუხლი 27. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა 26-ე და 27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი.
№536–IIს
დოკუმენტის კომენტარები