სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 04/04/2013
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალაში შესვლის თარიღი 04/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.58.070.016009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65/37
04/04/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010240060.58.070.016009
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2013 - 19/12/2018)

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №65/37

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

ვითვალისწინებ რა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის დამკვიდრებისა და სახელმწიფო მმართველობაში ანგარიშვალდებულების  პრინციპის განმტკიცების საქმეში, ვაცნობიერებ რა საზოგადოების წინაშე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თითოეული მოსამსახურის უდიდეს პასუხისმგებლობასა და მათი სანიმუშო ქცევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის“  შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია



 

დანართი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა

ეთიკის კოდექსი

 


მუხლი 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის რეგულირების საგანი, მიზანი და ამოცანა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში - კოდექსი) წარმოადგენს ზოგადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა (შემდგომში - აუდიტორი) ქცევის წესს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის პერიოდში.
2. კოდექსის მიზანია პროფესიული ეთიკის ზოგადი პრინციპების დამკვიდრება აუდიტორთა სანიმუშო ქცევის უზრუნველსაყოფად.
3. კოდექსის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებას, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის პრინციპების განმტკიცებასა და მის მიმართ საზოგადოებრივი და ინსტიტუციური ნდობის ამაღლებას.

მუხლი 2. კოდექსის საფუძველი და მოქმედების სფერო
1. კოდექსი შემუშავებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკური სტანდარტების საფუძველზე და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.
2. კოდექსის დებულებები ვრცელდება აუდიტორის ისეთ საქმიანობაზეც, რომელიც კოდექსით არ არის განსაზღვრული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან და სულისკვეთებიდან.
3. კოდექსის დებულებები, გარდა აუდიტორებისა, მათი შინაარსიდან გამომდინარე, აგრეთვე ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა მოსამსახურეზე.

მუხლი 3. აუდიტორის პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები
აუდიტორის პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპებია:
ა) პატიოსნება;
ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა;
გ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა;
ე) პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
ვ) პასუხისმგებლობა;
ზ) პროფესიონალიზმი;
თ) ურთიერთობის ეთიკა.

მუხლი 4. პატიოსნება
1. აუდიტორი უნდა იყოს სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობებს.
2. აუდიტორს პატიოსნება მოეთხოვება როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისითაც. მან თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეპუტაციას.

მუხლი 5. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა
1. აუდიტორი სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას არ უნდა მოექცეს აუდიტის ობიექტის, თანამდებობის პირის, საჯაროდ გამოხატული შეფასების ან სხვა ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამსახურებრივი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას.
2. აუდიტორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სამსახურებრივი საქმიანობა, თუ მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი.
3. აუდიტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ხელმძღვანელს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას.
4. აუდიტორმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა მოახდინოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.
5. აუდიტორი ვალდებულია მიუკერძოებლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
1. აუდიტორი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. აუდიტორმა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი საქმიანობა მიუკერძოებლად უნდა განახორციელოს.
2. აუდიტორმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს მის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაში ან ზიანი მიაყენოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოს რეპუტაციას.

მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა
1. აუდიტორი ვალდებულია დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში ან/და კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით.
2. აუდიტორს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ან, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს აუდიტორზე ზემოქმედებად და საეჭვო გახადოს მისი პატიოსნება, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
3. აუდიტორმა უშუალო ხელმძღვანელს უნდა შეატყობინოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მათ შორის, წარსულში აუდიტის ობიექტთან არსებული შრომითი ურთიერთობების ან სხვა ისეთი ურთიერთობის თაობაზე, რომელშიც იგი ფინანსურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული სხვა პირზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი საქმიანობის შედეგებზე.
4. აუდიტორმა თავი უნდა აარიდოს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც ქმნის კორუფციის რისკს.

მუხლი 8. პროფესიული საიდუმლოების დაცვა
1. აუდიტორი ვალდებულია არ გაახმაუროს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებასთან.
2. აუდიტორი ვალდებულია აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე.
3. აუდიტორი ვალდებულია არ გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისათვის.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა
1. აუდიტორი პასუხისმგებელია, თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.
2. აუდიტორი ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აუდიტორი ყოველთვის მოწესრიგებული  უნდა იყოს.

მუხლი 10. პროფესიონალიზმი
1. აუდიტორს მოეთხოვება კომპეტენტურობა და მასზე დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება.
2. აუდიტორმა არ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაო, რაშიც მას არა აქვს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია, თუ იგი არ მიიღებს საჭირო პროფესიულ და კვალიფიციურ დახმარებას, რაც მას საშუალებას მისცემს კომპეტენტურად შეასრულოს სამსახურებრივი დავალება. კონკრეტული საკითხის განხილვისას, სათანადო ცოდნისა და კვალიფიკაციის არქონის შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ხელმძღვანელს.
3. აუდიტორი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

მუხლი 11. ურთიერთობის ეთიკა
1. აუდიტორი უნდა იყოს თავაზიანი კოლეგებისა და სხვათა მიმართ. მან თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისაგან და პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და ღირსებას.
2. აუდიტორმა:
ა) ხელი უნდა შეუწყოს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას. იგი თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას;
ბ) პროფესიული და კვალიფიციური დახმარება უნდა გაუწიოს იმ კოლეგებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ;
გ) თავი უნდა შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;
დ) არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;
ე) ტაქტიანად უნდა მიუთითოს კოლეგას მის შეცდომებსა და ხარვეზებზე;
ვ) უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის
1. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური საქმისწარმოების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის  ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთაგან იქმნება ეთიკის კომისია 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც კოლეგიურად განიხილავს საკითხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი არ შეიძლება დაინიშნოს ამავე კომისიის წევრად შემდგომი 5 წლის განმავლობაში.
4. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს.  კომისიის პირველ სხდომას იწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. ეთიკის კომისიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთაგან შეარჩევს ეთიკის კომისიის მდივანს.
5. სადისციპლინო საქმისწარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია აუდიტორის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება წარადგინოს:
ა) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა - წერილობით;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურემ - სამსახურებრივი ბარათით;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორმა - მოხსენებითი ბარათით, გარდა ანონიმური შეტყობინებისა;
დ) სხვა ფორმით.
7. ეთიკის კომისია  საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომაზე. ეთიკის კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება იმ პირის საწინააღმდეგოდ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება. აკრძალულია კომისიის წევრის მიმართ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა მოსამსახურეთა მხრიდან, რაც ნებისმიერი სახით გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა გახდეს ზეწოლის განმახორციელებელი მოსამსახურის მიმართ სადისციპლინო საქმისწარმოების დაწყების საფუძველი.
8. აუდიტორს, რომელიც არის დაინტერესებული მხარე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სადისციპლინო საქმისწარმოებაში, დაესწროს ეთიკის კომისიის სხდომას, წარადგინოს მტკიცებულებები და შუამდგომლობები, გაეცნოს საქმისწარმოების მასალებს კანონით დადგენილი წესით.
9. ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში  და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. აღნიშნული ვადის  გასვლის შემთხვევაში, დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
10. საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად ეთიკის კომისიის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა პირისათვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება და აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისთვის.
11. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ და რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.