საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017222
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
15/03/2013
ვებგვერდი, 21/03/2013
010220030.10.003.017222
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/03/2013 - 08/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2013 წლის 15 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  -  კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი -  კომისიის წევრი;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრი -  კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - კომისიის წევრი.

მუხლი 2
დაევალოს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეასრულოს კომისიის სამდივნო  ფუნქცია.
მუხლი 3
კომისიაში მუშაობა ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მედიაკომპანიების გაერთიანებებს, პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მუხლი 4
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. 
მუხლი 5
დაევალოს კომისიის სამდივნოს:

 ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენი თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და სახელმწიფო უწყებათაშორისი პროგრამის პროექტი;

ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პროექტები;

გ) მოამზადოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარსადგენი შესაბამისი ინიციატივები (კანონპროექტები, გეგმები, დასკვნები, რეკომენდაციები და ა.შ.) და ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

დ) კომისიაზე განხილული საკითხები ფართოდ გააშუქოს მასმედიის საშუალებებით.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია (შემდგომში -კომისია) წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავება/დახვეწის მიზნით წინადადებების მომზადება;

ბ) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ჩარჩო-კონვენციით (და მისი შესაბამისი ოქმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების  ანგარიშების მოსმენა;

გ) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად  შემუშავებული  პროექტების,  წინადადებების, დასკვნების მომზადება  და  საქართველოს  მთავრობისათვის წარდგენა; 

დ) თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიით და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) თამბაქოს კონტროლის პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები;

გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

გ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს.

მუხლი 5. კომისიის ხელმძღვანელობის, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი

1.  კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილე. 

2. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და მოწვევის ორგანიზაციულ ტექნიკურ-უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.

მუხლი 6. კომისიის სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დანიშვნა განხორციელდეს საჭიროებისამებრ.

2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.