დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017218 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2013 - 04/09/2013)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე‑6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი
კარი პირველი
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის საქმიანობა
1. საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა), საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მეშვეობით უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. 2. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა (შემდგომში – პრეზიდენტი) და საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.
მუხლი 2. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები 1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი, განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით. 2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ნდობას უცხადებს პარლამენტი.
მუხლი 3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები 1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით. 2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით და მოიცავს გარკვეული პერიოდისათვის მთავრობის მიერ განსახორციელებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნუსხას. 3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. 4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გრძელვადიანი გეგმა მოიცავს კანონშემოქმედების მიზნით 3 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. 5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – საპარლამენტო მდივანი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ წარმოდგენილ წინადადებათა საფუძველზე. 6. წინადადებები მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის საპარლამენტო მდივანთან წარდგენილ უნდა იქნეს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე 10 დღით ადრე.
მუხლი 4. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო 1. მთავრობის მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქარ&თველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირბული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი). 2. რეგლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, კანონის შესაბამისად, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა. 3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით წყვეტს მთავრობა.
მუხლი 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1. მთავრობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი). იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. 2. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნისას – ვიცე-პრემიერი. 3. პრემიერ‑მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მთავრობის წევრთათვის პრემიისა და დანამატის გაცემის წესი. 4. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობასთან, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემასთან, მთავრობის შენობაში სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 6. საქართველოს მთავრობის კანცელარია 1. საქართველოს მთავრობის კანცელარია (შემდგომში – მთავრობის კანცელარია) შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით. 2. მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. 3. მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი (შემდგომში – მთავრობის კანცელარიის უფროსი).
მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები 1. მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა. 5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე მთავრობის მიერ მიიღება განკარგულება. 6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს. 8. მთავრობა ზედამხედველობის ორგანოს წინადადებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
კარი მეორე მთავრობის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი
თავი II სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებისა და შემუშავების წესი
მუხლი 8. პროექტის ინიცირების უფლება 1. პროექტის ინიცირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება): ა) საქართველოს სამინისტროებს; ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს; გ) მთავრობის კანცელარიას; დ) პრეზიდენტის ადმინისტრაციას; ე) პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს; ვ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; კ) ქ. თბილისის მერიას; ლ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს; მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ მაკონტროლებელი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა); ნ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებას ან სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს ან მთავრობის კანცელარიის მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიცირებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 3. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები პროექტის ინიცირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მეშვეობით. 4. პრეზიდენტისა და პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით პროექტის ინიცირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
მუხლი 9. პროექტის ინიცირების წესი 1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ სამართლებრივი აქტის პროექტს ელექტრონული ფორმით (.pdf ფაილის სახით) მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიცირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის კანცელარიას.
მუხლი 10. სამართლებრივი აქტის პროექტი და მასზე თანდართული მასალები 1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს (შემდგომში – პროექტი). 2. პროექტს უნდა ერთოდეს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს: ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პროექტის სახით პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში), ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი; ბ.ბ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია. 3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ერთიანი პაკეტის სახით.
თავი III პროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა 1. მთავრობის წევრები ვალდებული არიან პროექტის ინიცირებიდან 5 დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“. 2. მთავრობის წევრები ვალდებული არიან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან პროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ 12 მთავრობის წევრის დადებითი პოზიცია („ეთანხმება“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების დადებითი პოზიციის დაფიქსირება. 5. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია მთავრობის კანცელარიაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის კანცელარიაში წარდგენა 1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ სამართლებრივი აქტის პროექტს დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით პროექტის წარდგენის თაობაზე მთავრობის კანცელარიას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებული ელექტრონული ვერსია MS Word‑ის ფაილის სახით). წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი აქტის პროექტის მატერიალურ ფორმას. 2. რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 3. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის კანცელარიაში უნდა მოხდეს არა უგვიანეს სამშაბათისა, 15:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს სხდომის გამართვის თარიღამდე არა უგვიანეს 2 დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი პროექტები განიხილება მომავალი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე. 4. მთავრობის კანცელარია უზრუნველყოფს წარმოდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას. 5. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის კანცელარიაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით, რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების საჭიროება და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს ამგვარი შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით მთავრობის კანცელარია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება ინიციატორი და დაინტერესებული უწყებების უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. 6. მთავრობის კანცელარია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ‑ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) პროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღების შესახებ; გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 7. მთავრობის კანცელარიის მხრიდან სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას სამართლებრივი დასკვნა თან დაერთვის განსახილველ პროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის კანცელარიის უფროსი ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დღის წესრიგში ჩასმის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
თავი IV მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო 1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც. 2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 11:00 საათი. 3. მთავრობის სხდომის გამართვის ადგილს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მთავრობის სხდომას იწვევს პრეზიდენტი.
მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა 1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის კანცელარიის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობის სხდომას იწვევს პრეზიდენტი, დღის წესრიგი განისაზღვრება პრეზიდენტის მიერ და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით. 2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება 1. მთავრობის სხდომას ესწრებიან: ა) საქართველოს მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები; ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 29‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; ე) მთავრობის კანცელარიის უფროსი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი – მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის კანცელარიის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში. 3. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის კანცელარიის უფროსის გადაწყვეტილებით, ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას ესწრებიან სხვა პირებიც.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა 1. მთავრობის სხდომა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა იმართება საჯაროდ. 2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის 3/4. 3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, არა უმეტეს სხდომაზე განსახილველი საკითხების 10%-ის ოდენობისა. 4. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა კანონპროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის შემთხვევაში – 10 წუთს. 5. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ‑მინისტრი და მთავრობის კანცელარიის უფროსი.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება 1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევარი. 2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული პროექტის ხელმოწერა პრემიერ‑მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივი აქტის პროექტს ხელს აწერს იმავე ან მეორე დღეს.
თავი V პროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღების წესი
მუხლი 19. პროექტის მიღების პროცედურა 1. მთავრობის კანცელარიასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის კანცელარია შეთანხმებულ პროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში „სამართლებრივი აქტის მიღების რეჟიმი“. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („მომხრე“, „წინააღმდეგი“). 3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა. 4. პროექტი მიღების შემდეგ ავტომატურად გადადის შემდეგ ველში „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“.
მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 3 დღეში.
თავი VI მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭების წესი
მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება 1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს. 2. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღებული სამართლებრივი აქტი ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ ავტომატურად რეკვიზიტის მისანიჭებლად ეგზავნება მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა 1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებებს. 2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი უფლებამოსილი პირის წარდგინებით იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
კარი მესამე კანონპროექტის ინიცირების, მთავრობის მიერ განხილვისა და შეთანხმების წესი
თავი VII მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიცირების წესი
მუხლი 23. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიცირების უფლება მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიცირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება): ა) საქართველოს სამინისტროებს; ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს; გ) მთავრობის კანცელარიას.
მუხლი 24. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიცირების წესი 1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით (.pdf ფაილის სახით) მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიცირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის კანცელარიას.
მუხლი 25. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები 1. ამ რეგლამენტის 23‑ე მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს. 2. კანონპროექტს თან უნდა ერთვოდეს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ; გ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილე-ბის შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
თავი VIII კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 26. კანონპროექტის მთავრობის წევრებთან შეთანხმების პროცედურა 1. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, კანონპროექტის ინიცირებიდან არა უგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“. 2. მთავრობის წევრები ვალდებული არიან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმებიან კანონპროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ 12 მთავრობის წევრის დადებითი პოზიცია („ეთანხმება“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დადებითი პოზიცია, ხოლო თუ კანონპროექტი იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას – ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის დადებითი პოზიცია. 5. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის კანცელარიაში წარადგინოს კანონპროექტის კორექტირებული ვერსია.
მუხლი 27. კანონპროექტის მთავრობის კანცელარიაში წარდგენა 1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის კანცელარიაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 6 დღით ადრე. აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომავალი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე. 2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს, მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის კანცელარიას მატერიალური ფორმით. 3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე, უნდა ერთვოდეს: ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია; ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს: ა) კანონპროექტის სახელწოდება და მისი მომზადების საფუძველი; ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება; გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების პოზიციები; დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი. 5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.
მუხლი 28. კანონპროექტის მთავრობის კანცელარიასთან შეთანხმება 1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში, უზრუნველყოფს კანონპროექტის შესწავლას როგორც მიზანშეწონილობის, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. 2. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოთხოვნით ინიციატორმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხის შეთანხმება. 3. თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. 4. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის კანცელარიის უფროსთან ერთად იღებს ერთ‑ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 5. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას. 6. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
თავი IX მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი
მუხლი 29. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების წესი 1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს. 2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით. 3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით. 4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის კანცელარიაში. 6. პრემიერ‑მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.
მუხლი 30. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი 1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენიდან 2 დღეში ეგზავნება პარლამენტს. 2. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების ასლი პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ; გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვე-ვაში; ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილე-ბის შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 4. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით. 5. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონპროექტის დაჩქარებული, გამარტივებული წესით, თუ რიგგარეშე განხილვის შესახებ მთავრობის შუამდგომლობა.
თავი X მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 31. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა 1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას. 2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შენიშვნები ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს. 3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებას და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის კანცელარიაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არა უგვიანეს მე‑2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 6. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“. 7. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმებიან კანონპროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
მუხლი 32. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლამენტში 1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან კანონპროექტის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 2 დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის დასკვნას (შენიშვნების არსებობისას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით. 2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას. 3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასაბუთებული შენიშვნები. 4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან.
კარი მეოთხე ზოგიერთი კანონპროექტის შეთანხმების წესი
თავი XI მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 33. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება 1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი პრეზიდენტის თანხმობით პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი. 2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიცირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები. 3. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვისა და შეთანხმების შემდეგ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი 2 დღეში შესათანხმებლად ეგზავნება პრეზიდენტს. 4. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის შეთანხმების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენიდან 2 დღეში კანონპროექტი ეგზავნება პარლამენტს. 5. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას, გარდა ამ რეგლამენტის 30-ე მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა დაერთოს პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის შეთანხმების თაობაზე მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე.
თავი XII ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
მუხლი 34. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი 1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არა უგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები. 4. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს. 5. მთავრობა, არა უგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს. 6. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
მუხლი 35. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შეთანხმების წესი 1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტის თანხმობით, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი. 2. მთავრობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 თვისა. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა. 7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ინიცირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის შემდეგ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის 2 ეგზემპლიარს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტში წარსადგენად. 9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი თანდართულ მასალებთან ერთად 2 დღის ვადაში შესათანხმებლად ეგზავნება პრეზიდენტს. 10. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის შეთანხმების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. 11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა დაერთოს პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის შეთანხმების თაობაზე მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი. 12. მთავრობა, პარლამენტიდან არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თაობაზე საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს მთავრობის სხდომაზე. 13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის შემდეგ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს პარლამენტში წარსადგენად. კანონპროექტს უნდა ერთვოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 15. მთავრობა, პარლამენტიდან არა უგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს კიდევ ერთხელ განიხილავს მთავრობის სხდომაზე. 16. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის მთავრობის სხდომაზე განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებს. 17. მთავრობა, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს.
მუხლი 36. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 4. მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად. 5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 7. მთავრობა, პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს მთავრობის სხდომაზე. 8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენად. 9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
თავი XIII „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების წესი მუხლი 37. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების პროცედურა 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ, პარლამენტის ბიურო პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს მთავრობას. 2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთავრობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით. 3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვნის მომზადებას და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის კანცელარიაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვირთვიდან არა უგვიანეს მე‑2 დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 6. მთავრობის წევრები ვალდებული არიან მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“. 7. მთავრობის წევრები ვალდებული არიან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმებიან კანონპროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
მუხლი 38. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლამენტში 1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 2 დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების პოზიციების გათვალისწინებით, ამზადებს მთავრობის დასკვნას (შენიშვნების არსებობისას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით. 2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას. 3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასაბუთებული შენიშვნები. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ასევე მთავრობის წარმომადგენელს. 5. პარლამენტის ბიურო, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრობას. 6. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 1 კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით.
კარი მეხუთე მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი
თავი XIV წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა
მუხლი 39. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
მუხლი 40. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა 1. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი. 2. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა, გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. 3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტს და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს. 5. მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი.
თავი XV მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები
მუხლი 41. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი 1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები