საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ

  • Word
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.05.001.000.597
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2121
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
440.020.010.05.001.000.597
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი ად­გენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სტატუსს, მის ამოცანებს და საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ფინანსურ გარანტიებს.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს:

ა) საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან;

ბ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაერთიანებული სამეცნიერო-კვლე­ვითი ინსტიტუტებისა და სხვა დაწესებულებების უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს;

გ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ურთიერთობებს სხვა ქვეყნების მეც­ნიერებათა აკადემიებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.

    მუხლი 3. მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები  

1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში – აკადემია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და აკადემიის წესდებით.

2. აკადემია თავის საქმიანობას წარმართავს საყო­ველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.

    მუხლი 4. აკადემიის სიმბოლიკა

აკადემიას გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა, რომელიც განსაზღვრულია აკადემიის წესდებით.

თავი II. აკადემიის სტატუსი, მისი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები

    მუხლი 5. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი

1. აკადემია არის საქარ­თვე­­­ლოს უმაღლესი თვითმართვადი სამეცნიერო სახელმწიფო დაწესებულება, ქვეყა­ნაში ფუნდამენტურ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრე­ლი და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, საქართველოს ხელისუფლების მეცნიერული მრჩეველი.

2. აკადემია დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, სამეცნიერო მიმართულებებს, სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, სამეურნეო და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს.

3. აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის და­ფი­ნანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი წყაროებიდან.

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაშია სამეცნიე­რო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, სექტორები, ობსერვატორიები, ბოტანიკური ბაღები, ნაკრძალები, სადგურე­ბი, სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები, ბიბლიოთე­კები, მუზეუმე­ბი, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროები საცდელი წარმოები­თურთ და სხვა სამეცნიერო დაწე­სებულებები, გამომცემლობა, აგრეთვე დამხმარე სამეცნიერო დაწესე­ბუ­ლე­ბები, ორ­გა­ნიზაციები და სა­წარ­მოები.

    მუხლი 6. აკადემიის დანიშნულება და ამოცანები

1. აკადემიის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოში მეცნიერული კვლევის განვითარება მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად.

2. აკადემიის ამოცანებია:

ა) ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა კომპლექსური შეს­წავლა, ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევა-ძიება მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარ­გებში, რაც განაპირობებს საზოგადოების ეკონო­მი­კურ, სოციალურ და სულიერ განვითარებას;

ბ) მეცნიერების პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი დამუშა­ვების ორგანიზაცია;

გ) მეცნიერული წინაპირობის შექმნა მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევათა პრაქ­ტი­კუ­ლი გამოყენებისათვის;

დ) სამეცნიერო კადრების მომზადება და მეცნიერ თანამშრომელთა კვალი­ფი­კაციის ამაღლება, რისთვისაც საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად შეუძლია გამოიყენოს კერძო დაფინანსების გზებიც;

ე) ქვეყანაში მიმდინა­რე ფუნდამენტურ კვლევათა კოორდინაცია წამყვან სახელ­მწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად.

3. თავის ამოცანათა შესასრულებლად აკადემია:

ა) ამუშავებს თავის დაწესებულებებში უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პრობ­ლემებს მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგებში საქართველოს სოციალურ-ეკო­ნომიკური განვითა­რების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ბ) აყალიბებს საპრობლემო სამეცნიერო საბჭოებს მათემატიკურ, საბუნების­მეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარ­გებში;

გ) წარმართავს თავის საქმიანობას ქვეყანაში გრძელვადიანი სამეცნიერო-ტექ­ნიკური პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს სო­ცია­ლურ-ეკონომიკური განვითარების მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) აარსებს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის პრემიებს მნიშვნელოვანი სამეც­ნიერო სამუშაოების პრემირებისათვის;

ე) აარსებს სპეციალურ, მათ შორის, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ახალგაზრდა მეცნიერთა საკვლევაძიებო საქმიანობის მხარდასაჭერად;

ვ) დადგენილი წესით აარსებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

ზ) ეწევა მეცნიერების მიღწევათა პროპაგანდას, მეცნიერული მემკვიდრეობის ნიმუშების ფართოდ გამომზეურებას;

თ) აქვეყნებს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცე­მებში აკადემიის სამეცნიერო დაწესებულებათა თანამშრომლების მეც­ნიე­რულ გამოკვლევათა შედეგებს და სხვა შრომებს;

ი) აწყობს სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს;

კ) ატარებს სამეცნიერო შრომათა კონკურსებს და ანიჭებს პრემიებს;

ლ) ამზადებს სამეცნიერო კადრებს;

მ) მონაწილეობს იმ სამართლებრივი აქტების შედგენაში, რომლებიც ეხება სა­მეცნიერო საქმიანობას;

ნ) თავისუფლად ავრცელებს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ;

ო) ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკადემია თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებებთან.

5. აკადემია ასრულებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და კერძო ორგანიზაციების შეკვეთებს, რომლებიც დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საფუძვლების შემუშავებასთან.

6. აკადემია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მეცნიერული მრჩეველი, ატარებს სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური განვი­თარების პროექტების, პროგრამებისა და სხვა სამუშაოთა ექსპერტიზას.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი 3971 - სსმ I, 48, 22.12.2006 წ., მუხ.338

    მუხლი 7. ფუნდამენტურ გამოკვლევათა საკოორდინაციო საუწყებათაშორისო საბჭო

აკადემიასთან არსებობს სახელმწიფოში ფუნდამენტურ გამოკვლევათა საკოორ­დინაციო საუწყებათაშორისო საბჭო, რომლის დებულებასა და შემადგენლო­ბას ამტკი­ცებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი III. აკადემიის უფლებები

    მუხლი 8. აკადემიის ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაწესებულებებთან

1. მეცნიერების განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე აკადემია უფლე­ბა­მოსილია დამო­უკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო-კვლევითი და დამ­ხმარე დაწესებულებების დაარსების, ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ.

2. აკადემია უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზა­ციე­ბის წევრი.

3. აკადემია უფლებამოსილია იკისროს იმ უწყებრივი ინსტიტუტების საქმია­ნობის სამეცნიერო-მეთოდური ხელმძღვანელობა, რომლებიც აწარმოებენ ფუნდამენ­ტურ გამოკვლევებს.

4. გადაწყვეტილებას უწყებრივი ინსტიტუტის სამეცნიერო-მეთოდური ხელმ­ძღვა­ნელობის შესახებ აკადემიის პრეზიდიუმი იღებს შესაბამისი სამინისტროს (უწყე­ბის) წარდგინებისა და აკადემიის შესაბამისი განყოფილების გადაწყვე­ტილების საფუძ­ველზე.

5. აკადემიის პრეზიდიუმს შესაბამისი სამინისტროს (უწყების) და აკადემიის შესაბამისი განყოფილების წარდგინებით შეუძლია შეუ­წყვიტოს სამეცნიერო-მეთოდური ხელმძღვანელობა ამა თუ იმ უწყებრივ ინსტიტუტს.

    მუხლი 9. საარქივო მასალების შენახვის უფლება

აკადემიას უფლება აქვს სათანადო წესით შეინახოს მეცნიერთა, ლიტერატუ­რის, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ხელნაწერები, აგრეთვე აკა­­დემიის დაწე­სებულებათა საარქივო მასალები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ფასეულია მეც­ნიერებისა და კულტურის ისტორიისათვის.

თავი IV. აკადემიის მართვა

    მუხლი 10. აკადემიის მართვის ორგანოები

აკადემიის მართვას ახორციელებენ:

ა) აკადემიის წევრთა საერთო კრება;

ბ) აკადემიის პრეზიდიუმი;

გ) აკადემიის პრეზიდენტი.

    მუხლი 11. აკადემიის წევრთა საერთო კრება

1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა მისი ნამდვილი წევრებისა და წევრ-კორესპონდენტების საერთო კრება. საერთო კრების მუშაობაში აგ­რეთ­ვე მონაწი­ლეობენ აკადემიის იმ სამეცნიერო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, რომლებიც არ არი­ან აკადემიის წევრები და საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და საპატიო აკადემიკოსები.

2. აკადემიის წევრთა საერთო კრება:

ა) იხილავს საქართველოში მეცნიერების განვითარების საკითხებს და განსა­ზღვრავს სამეცნიერო კვლევა-ძიების მიმართულებებს მათემატიკურ, საბუნე­ბისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგებში;

ბ) წყვეტს მთავარ საორგანიზაციო საკითხებს;

გ) ისმენს აკადემიის წევრთა მოხსენებებს;

დ) იხილავს სამეცნიერო და სამეცნიერო-ორგანიზაციული ხასიათის პრობლემებს;

ე) ამტკიცებს აკადემიის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატე­ბები;

ვ) ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს;

ზ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), წევრ-კორესპონდენტებს, უცხოელ წევრებსა და საპატიო აკადემიკოსებს;

თ) აკადემიის ნამდვილ წევრთაგან ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზი­დენტებს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს;

ი) ირჩევს აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობას;

კ) ფარული კენჭისყრით ვადამდე ­ათა­ვისუფლებს აკადემიის პრეზიდიუმის ცალკეულ წევრებს და მათ ნაც­ვლად ირ­ჩევს ახალ წევრებს პრეზიდიუმის მორიგ არჩევნებამდე დარ­ჩენილი ვადით აკადემიის ნამდვილი წევრების ხმათა სულ მცირე სამი მეხუთედით;

ლ) ამტკიცებს თანამდებობაზე აკადემიის განყოფილებათა აკადემი­კოს-მდივ­ნებს;

მ) ამტკიცებს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულების წესდებებს;

ნ) ამტკიცებს თანამდებობაზე აკადემიის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულება­­თა დირექტორებს (ხელმძღვანელებს).

3. საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც.

4. საერთო კრების სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრე­ბა აკადემიის ნამდვილ წევრთა საერთო რაოდენობის სამი მეხუთედი.

5. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარ­და იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ამ კანონის და აკადემიის წესდების თანახ­მად მიიღება მონაწილეთა ხმების სულ მცირე სამი მეხუთედის მიერ.

6. საერთო კრება უფლებამოსილია გამოთქვას თავისი მოსაზრება სახელმწი­ფოსა და ხალხისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავში­რებით.

    მუხლი 12. აკადემიის პრეზიდიუმი

1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენ­ტების, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის განყოფი­ლე­ბათა აკადე­მიკოს-მდივ­ნების და პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. მრჩეველთა ჯგუფის რიცხვს განსაზღვ­რავს აკადემიის საერთო კრება.

2. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებობს პრეზიდიუმის მრჩეველთა ჯგუფი, რო­მელიც იქმნება პრეზიდიუმის ყოფილ წევრთაგან და პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწი­ლეობს სათათბირო ხმის უფლებით.

3. აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობას აკადემიის ნამდვილ წევრთაგან 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება ფარული კენჭისყრით, მონაწილეთა ხმების უმრავლე­სობით.

4. პრეზიდიუმის შემადგენლობის არჩევნებისას გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობენ აკადემიის ნამდვილი წევრები.

5. პრეზიდიუმის არჩევნებისას დაცული უნდა იყოს მისი შემადგენლობის განახ­ლებისა და ხელმძღვანელობის მონაცვლეობის პრინციპი.

6. აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს და პრეზიდიუმის სხვა წევრთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს აკადემიის პრეზი­დიუმი.

7. პრეზიდიუმის ახალი წევრების არჩევნები ტარდება აკადემიის წესდებისა და პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

8. პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და საერ­თო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.

9. აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წი­ნაშე.

10. აკადემიის პრეზიდიუმის უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

11. აკადემიის პრეზიდიუმი არის აკადემიის ფინანსების განმკარგველი ორგანო.

12. აკადემიის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გა­დასაწყვეტად პრეზიდიუმს დადგენილი წესით შეუძლია შექმნას სოციალური დაცვის სპეციალური ფონ­დი.

13. აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება აპარატი, რომელიც მოქმედებს აკადე­მიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგისა და განყოფილებათა დე­ბუ­ლე­ბების საფუძველზე.

   

     მუხლი 13. აკადემიის პრეზიდენტი

1. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება ფარული კენჭისყრით, მონაწილეთა ხმების უმრავლესობით.

2. აკადემიის პრეზიდენტი საერთო ხელმძღვანელობას უწევს აკადემიას და წარ­მოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. აკადემიის პრეზიდენტი იწვევს საერთო კრებას და თავმჯდომარეობს მას.

4. აკადემიის პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

თავი V. აკადემიის სტრუქტურა და აკადემიის წევრთა შემადგენლობა

    მუხლი 14. აკადემიის სტრუქტურა

1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:

     ა) აკადემიის განყოფილებები;

ბ) სამეცნიერო დაწესებულებები.

2. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკი­ცებს საერთო კრება.

3. აკადემიასთან არსებობს სამეცნიერო საზოგადოებები, კომისიები და საბჭო­ები, რომელთა შექმნის საფუძვლებს განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. აკადემიის განყოფილება

1. აკადემიის ძირითად სამეცნიერო-ორგანიზაციულ ერთეულს წარმოადგენს აკა­დემიის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), რო­მე­ლიც აერთი­ანებს შესა­ბა­მისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებს.

2. განყოფილება ხელმძღვანელობს მეცნიერების შესაბამისი დარგების განვითა­რებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების დაწესებულებათა მუშაობას.

3. განყოფილება ანგარიშვალდებულია პრეზიდიუმისა და აკადემიის საერთო კრე­­ბის წინაშე.

4. განყოფილების უმაღლესი ორგანოა განყოფილების საერთო კრება, რომე­ლიც შედგება განყოფილებაში შემავალი აკადემიის ნამდვილი წევრებისა და წევრ-კო­რეს­პონდენტებისაგან. განყოფილების შემადგენლობაში აგრეთვე შედიან გან­ყოფილე­ბის იმ სამეცნიერო დაწესებულებათა დირექტორები (ხელმძღვანელები), რომ­ლებიც არ არიან აკადემიის წევრები.

5. განყოფილების საერთო კრების მუშაობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

6. საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში განყოფილების მუშაობას წარმარ­თავს განყოფილების ბიურო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის ხელმძღვანელობით.

7. განყოფილების აკადემიკოს-მდივნის არჩევნების წესი, აკადემიკოს-მდივნის მოადგილეთა რაოდენობა, მათი და ბიუროს წევრთა არჩევნების წესი, განყოფილების ბიუროს უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

    მუხლი 16. აკადემიის სამეცნიერო დაწესებულებები

1. აკადემიის შემადგენლობაში შედის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და სხვა სამეცნიერო დაწესებულებები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიის ძირითად სამეცნიერო ერთეულს და თავიანთ საქ­მიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონ­მდებ­ლობით, ამ კანონით, აკადემიისა და საკუ­თარი წესდებებით.

2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შედიან აკადემიის შესაბამისი განყოფილების შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან უშუალოდ პრეზიდიუმს.

3. აკადემიის სამეცნიერო დაწესებულებების დანიშნულებაა განახორციელონ ფუნდამენტური ხასიათის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, აგრეთვე გამოყე­ნე­ბითი ხასიათის სამუშაოები მეცნიერების შესაბამის დარგებში და მოამზადონ კვა­ლი­ფიციური მეცნიერული კადრები.

4. სამეცნიერო დაწესებულება დამოუკიდებლად ირჩევს დაწესებულების შიდა სტრუქტურული ორგანიზაციის კონკრეტულ ფორმებს, განსაზღვრავს თავისი ქვე­დანაყოფების საქმიანობას და ატარებს თანამშრომელთა ატესტაციას საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის წესდების შესაბამისად.

5. აკადემიის სამეცნიერო დაწესებულებას ამ დაწესებულების წესდების შესაბამისად სათავეში უდგას დირექტორი (ხელმძღვანელი). ყოფილი დირექტორი (ხელმძღვანელი), რომელიც აკადემიის ნამდვილი წევრია, შეიძლება იყოს სამეცნიერო დაწესებულების დირექციის მრჩეველი.

6. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის (ხელმძღვანელის) კან­დი­დატურის შერჩევის, მისი განსახილველად წარდგენისა და არჩევის ან დანიშვნის წე­სი განი­საზღვრება აკადემიის და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდე­ბებით.

7. სამეცნიერო დაწესებულებებს უფლება აქვთ დაამყარონ კავშირები საზღვარ­გარეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებ­თან; აკადე­მიის პრე­ზი­დიუმთან შეთანხმებით, სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს გადაწყვეტილე­ბის საფუძველზე გასცენ იჯარით ან ქირავნობით მათთვის უსასყიდლო სარგებ­ლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები.

    მუხლი 17. აკადემიის წევრთა შემადგენლობა

აკადემიის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი წევრები და საპატიო აკადემიკოსები.

    მუხლი 18. აკადემიის ნამდვილი წევრი

1. აკადემიკოსად, დარგობრივი უწყების მიუთითებლად, შეიძლება იწოდებოდეს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადე­მიის ნამდვილი წევრი.

2. აკადემიის ნამდვილ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი, რომელ­მაც ფუნდამენტური წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.

    მუხლი 19. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი, რომელ­მაც მეცნიერებას დიდმნიშვნელოვანი შრომები შესძინა.

    მუხლი 20. აკადემიის უცხოელი წევრი

აკადემია თავის შემადგენლობაში უცხოელ წევრად ირჩევს მსოფლიოში აღი­არებულ საზღვარგარეთელ მეცნიერს, რომელიც თავისი მოღვაწეობით დაკავში­რებულია საქართველოსთან, ქართველ მეცნიერებთან.

    მუხლი 21. აკადემიის საპატიო აკადემიკოსი

აკადემია თავის შემადგენლობაში საპატიო აკადემიკოსად ირჩევს მსოფლიოში აღიარებულ მოღვაწეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებისა და კულ­ტურის განვითარებაში და თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საქართვე­ლოს მეც­ნიე­რულ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან.

თავი VI. აკადემიის ნამდვილი წევრებისა და წევრ-კორესპონდენტების არჩევა

    მუხლი 22. აკადემიის ნამდვილი წევრობისა და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა წამოყენება და მათი არჩევა

1. აკადემიის წევრს ირჩევს აკადემიის წევრთა საერთო კრება.

2. აკადემიის ნამდვილი წევრობისა და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა წა­მო­ყენების უფლება აქვთ:

ა) აკადემიის წევრებს;

ბ) სამეცნიერო დაწესებულებებს;

გ) სამეცნიერო ტრადიციების მქონე უმაღლეს სასწავლებლებს.

3. არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებისა და პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული არჩევნების შესახებ დებულების სა­ფუძ­ველზე.

    მუხლი 23. უცხოელთა არჩევა აკადემიის წევრად

აკადემიის უცხოელ წევრად ასარჩევ კანდიდატს აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დაწესებულ ვაკანსიებზე წამოაყენებს განყოფილების საერთო კრება და ირჩევს აკა­დემიის საერთო კრება აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად.

    მუხლი 24. აკადემიის საპატიო აკადემიკოსის არჩევა

აკადემიის საპატიო აკადემიკოსს ირჩევს აკადემიის საერთო კრება აკადემიის პრეზიდიუმის წარდგინებით, ღია ან ფარული კენჭისყრით, საერთო კრების გადაწყვე­ტილების შესაბამისად, მონაწილეთა ხმების უმრავლესობით.

თავი VII. აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა სტატუსი

    მუხლი 25. აკადემიის ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი

1. აკადემიის ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი ხელმძღვანელობს უმ­ნი­­­შვნელოვანესი მეცნიერული პრობლემების კვლევას ან მონაწილეობს მის შესრუ­ლებაში.

2. აკადემიის ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი ვალდებულია ხე­ლი შეუ­წყოს მეცნიერულ მიღწევათა გამოყენებას საქართველოს სოციალურ-ეკონომი­კური განვითარებისათვის.

3. აკადემიის ნამდვილ წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს მიეცემათ წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. აკადემიის განყოფილების წევრები

აკადემიის ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი არიან აკადემიის ერთ-ერთი გან­ყოფილების წევრები.

    მუხლი 27. აკადემიის წევრის უფლება

აკადემიის წევრს უფლება აქვს აკადემიის პრეზიდიუმსა და იმ განყოფილე­ბაში, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის, განსახილველად შეიტანოს სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საკითხები, აგრეთვე გამოიტანოს ასეთი საკითხები აკადემიის საერთო კრებაზე განსა­ხილველად.

    მუხლი 28. აკადემიის წევრის ანგარიში

აკადემიის წევრი აკადემიის შესაბამის განყოფილებას ყოველწლიურად წარუდ­გენს ანგარიშს თავისი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

თავი VIII. აკადემიის ქონება და ფინანსები

    მუხლი 29. აკადემიის ქონება

1. აკადემიის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში იმყოფება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, ხელოვ­ნების ნიმუშები, ხელ­­ნაწერები, განძეულობა და აკადემიის სისტემაში არსებული სხვა სახელმწიფო ქონება. აკადემიისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნუსხას ამტკი­ცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. აკადემიის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება სა­ქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და აკადემიის წესდების საფუძველზე. აკა­დე­მია სახელ­მწიფო ქონებას ფლობს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და იყენებს მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით. მიღებული შემოსავლები, გარდა იჯა­­­რით მიღებული შემოსავლისა, მოხმარდება უშუა­ლოდ მეცნიერების განვითარე­ბასა და მეცნიერ თანამშრომელთა სოციალურ უზრუნ­ველ­ყოფას.

3. აკადემია და მისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები ინტელექტუა­ლური საკუთრების ობიექტებს ფლობენ და განკარგავენ საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

4. აკადემიისათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები პრივატიზებას არ ექვემდებარება.

5. დასა­ბუ­თებული აუცილებ­ლობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს არასამეცნიერო და­ნი­შ­ნულების ქონების პრი­ვა­ტიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. აკადემიის სხვა ქონების (ამორტიზებული და გამოუყენებელი აქტიური ნაწი­ლი) გასხვისება აკადემიის მიერ ხორციელდება დამოუკი­დებ­ლად, გარდა კანონით გათ­ვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საამისოდ აუ­ცი­ლებელია სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს თანხმობა.

    მუხლი 30. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება ცალ­კე სტრიქონით.  

2. აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია:

ა) სამეცნიერო გამოკვლევათა მხარდამჭერი სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;

ბ) კერძო და სახელმწიფო შეკვეთები;

გ) გრანტები;

დ) ფულადი სახსრები, რომელთა მიღება შესაძლებელია საქართველოს კანონ­მდებ­ლო­ბის საფუძველზე.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას მეცნიერება გათვალის­წინე­ბუ­ლი უნდა იქნეს როგორც პრიორიტეტული დაფინანსების დარგი.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი 3971 - სსმ I, 48, 22.12.2006 წ., მუხ.338

    მუხლი 31. სამეცნიერო გამოკვლევების საბიუჯეტო დაფინანსება

სამეცნიერო გამოკვლევებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება ხორ­ციელდება ბაზური და პროგრამულ-მიზნობრივი დაფინანსების გზით:

ა) ბაზური დაფინანსება გათვალისწინებულია ფუნდამენტური კვლევების გან­ხორციელებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, გან­საკუთრებით – სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი მიმართულებებისათვის, სამეცნიერო სისტემის ინფრასტრუქტურის განვითა­რებისათვის, სამეცნიერო კადრების მომზადებისა და იმ სამეცნიერო ობიექ­ტების დაცვა-შენახვისათ­ვის, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ საგანძურს წარ­მო­ადგენს. სამეც­ნიერო-კვლევითი სამუშაოების საბიუჯეტო დაფინანსება ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად. დაწესებულე­ბების ჩამონათვალს, რო­მელ­თათ­ვისაც გათვალისწინებულია ბაზური დაფი­ნანსება, ამტკიცებს საქარ­თველოს პრეზიდენტი;

ბ) პროგრამულ-მიზნობრივი დაფინანსება ხორციელდება კონკურსის საფუძ­ველზე. მისი გამოყოფა ხდება მეცნიერების პრიორიტე­ტული მიმართულე­ბების განვითარებისათვის. საკონკურსო თემების შერჩევა წარმოებს ექსპერ­ტიზის საფუძველზე, აკადემიის მიერ დამტკიცებული დებულებით;

გ) დაფინანსების საბიუჯეტო და სხვა საშუალებანი (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის სახით), რომელსაც აკადემია ღებულობს სხვადასხვა უწყებიდან და დაწესებულებიდან, ფიზიკურ და იურიდიულ (მათ შორის უცხოელ) პირთაგან, ფუნდამენტური კვლევების გამოყენებითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა განსახორციელებლად, მთლიანად ხმარდება მეცნიერული კვლევის შემდგომ განვითარებას, სამეცნიერო კადრების მომ­ზადებას.

    მუხლი 32. კონტროლი და ანგარიშვალდებულება

1. აკადემია ახორციელებს თავისი ქონებისა და სახსრების გამოყენების საბუ­ღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრების გამო­ყენების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და კონ­ტრო­ლის პალატა.

3. აკადემია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

 

თავი IX. სამეცნიერო საქმიანობისათვის შეღავათები და მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები

    მუხლი 33. სამეცნიერო საქმიანობისათვის საბაჟო და საგადასახადო შეღავათები

სამეცნიერო საქმიანობისათვის საბაჟო და საგადასახადო შეღავათები განისა­ზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 34. მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები

მეცნიერთა სოციალური უზრუნველ­ყოფის გარანტიები განისაზღვრება შესაბა­მისი კანონმდებლობით.

თავი X. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

    მუხლი 35. ამ კანონის გავრცელება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე

1. ამ კანონის I თავის, მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, VIII და IX თავების დებულებანი ვრცელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები, მისი უფლებები, სტრუქტურა, წევრთა შემადგენლობა და მართვის ორგანოები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერე­ბათა აკადემიის წესდებით.

3. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი უზრუნველყოფს აკადემიის წესდების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვა­ნას კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 897 - სსმ I, 6, 19.01.2005 წ., მუხ.45

თავი XI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 36. გარდამავალი დებულებანი

1. აკადემიის პრეზიდიუმი უზრუნველყოფს აკადემიის წესდების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე აკადემიაში შექმნილი კოლეგიური ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება, და არჩეული პირები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას არჩევითი ვადის გასვლამდე, თუ სხვა რამ არ არ არის გათვალისწინებული აკადემიის წესდებით.

3. კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში სახელმწიფო უზრუნველყოფს აკა­დემიის მფლობელობასა და სარგებლობაში ქონების ამ კანონის 29-ე მუხლით გათ­ვალისწინებული უფლებით გადაცემას.

    მუხლი 37. მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს:

ა) კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“;

ბ) კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“;

გ) კანონი „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“;

დ) კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები:

ე.ა) „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული, სახელმწიფოში ფუნდამენტურ გამოკვლევათა საკოორდი­ნა­ციო საუწყებათაშორისო საბჭოს შესახებ”;

ე.ბ) „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ”.

თავი XII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 38. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 15 აგვისტოს №259 ბრძანებულება და „საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 იანვრის №16 ბრძანებულება.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 897 - სსმ I, 6, 19.01.2005 წ., მუხ.45

    მუხლი 39. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

2121–II

შეტანილი ცვლილებები:

1.     საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი 897 - სსმ I, 6, 19.01.2005 წ., მუხ.45

2.     საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი 3971 - სსმ I, 48, 22.12.2006 წ., მუხ.338

3.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი 5600 - სსმ I, 47, 26.12.2007 წ., მუხ.402