საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • Word
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.150.000.05.001.001.289
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2319
06/06/2003
სსმ, 19, 01/07/2003
340.150.000.05.001.001.289
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/07/2003 - 30/12/2008)

საქართველოს კანონი

საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის ძირითად მიმართულებებს და ადგენს წესებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებას, განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა;

ბ) არასრულწლოვნებისა და არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან;

გ) თამბაქოს მომხმარებლებისათვის თამბაქოს კვამლის მავნებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების სისტემის ჩამოყალიბება;

დ) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის თამბაქოს პროდუქციის მოხმარების რეგულირება.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს პროდუქცია – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;

ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;

ბ) სიგარეტი – ნებისმიერი გრაგნილი ან მილისებრი აგებულების მქონე კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს თამბაქოს ან მის წარმოებულებს, მოხმარების ჩვეულებრივ პირობებში გათვალისწინებულია მოწევისათვის და განსხვავდება სიგარებისა და სიგარილებისაგან;

გ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;

დ) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი;

ე) სამედიცინო გაფრთხილება – გამაფრთხილებელი წარწერა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

    მუხლი 3. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები

თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპებია:

ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარება;

ბ) არამწეველობის როგორც ცხოვრების ნორმის აღიარება;

გ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარება;

დ) მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;

ე) თამბაქოზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობისა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 4. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა

1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

ა) სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში;

ბ) სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურულ შენობა-ნაგებობებში;

გ) მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურულ შენობა-ნაგებობებში;

დ)საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება;

ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ტრამვაი-ტროლეიბუსებში, მატარებლებში და საჰაერო და საზღვაო ხომალდებში, თუ რეისის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 საათს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილები.

3. თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა აკრძალულია:

ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;

ბ) ჰიგიენურ წერტილებში;

გ) ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;

დ) ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;

ე) კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;

ვ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.

4. დაწესებულება-ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:

ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით დაწესებულება-ორგანიზაციებში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამ წესების დარღვევისათვის დაადგინონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები;

ბ) მასალები, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ, განათავსონ დაწესებულება-ორგანიზაციათა თვალსაჩინო ადგილებში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გასამხედროებულ დანაყოფებში, მოხუცებულთა სახლებსა და ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ კერებში, ნებისმიერი სახის ღია ან ნახევრად ღია ობიექტებში.

6. თუ პიროვნებას თავისუფლად გადაადგილების უნარი არ შესწევს ინვალიდობის ანდა ავადმყოფობის გამო, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი, უფლება აქვს თამბაქო მოწიოს იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

    მუხლი 5. თამბაქოს პროდუქციის სპონსორობა და რეალიზაცია

1. აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში.

2. აკრძალულია ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, საკონდიტრო ნაწარმის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაცია, თუ იგი შეიცავს „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თამბაქოს პროდუქციის რეკლამას, გარდა მოწევასთან დაკავშირებული აქსესუარებისა.

3. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ სამედიცინო, სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, თუ მას თან ახლავს:

ა) თამბაქოს პროდუქციის ან თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის დემონსტრირება;

ბ) ლოგოტიპის დემონსტრირება.

4. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია:

ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის დაშორებით;

ბ) ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში;

გ) იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხდება ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია;

დ) სიგარეტის ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია;

ე) 18 წლამდე ასაკის პირებზე.

5. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის კონსულტაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონი. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე.

    მუხლი 6. თამბაქოს პროდუქციის დიზაინი

1. თამბაქოს პროდუქციის თითოეულ კოლოფზე სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის შესახებ, რომელიც ისაზღვრება საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებით;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით სამედიცინო გაფრთხილება ისე, რომ მან დაიკავოს კოლოფის წინა პანელის 5%.

2. სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს:

ა) ნათელი და მკაფიო;

ბ) დაბეჭდილი მსხვილი შრიფტით, კონტრასტული ფერის ფონზე;

გ) დაბეჭდილი ისეთ ადგილას, რომ არ დაზიანდეს კოლოფის გახსნისას და შეუძლებელი იყოს მისი მოცილება.

3. სამედიცინო გაფრთხილება არ შეიძლება:

ა) დაბეჭდილი ან დაწებებული იყოს გამჭვირვალე ან ნებისმიერ სხვა გარე შესაფუთზე;

ბ) დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციითა და გამოსახულებით.

    მუხლი 7. თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმები

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმებს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, ნორმატიული აქტის საფუძველზე, ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 8. თამბაქოს რეკლამა

თამბაქოს პროდუქციის რეკლამირება რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 9. თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის ღონისძიებები

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ექიმთა და მასწავლებელთა სამედიცინო და საგანმანათლებლო-პროფილაქტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არასრულწლოვნებისა და მოზარდებისათვის თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს საქართველოში პროფილაქტიკური ღონისძიებების დარგთაშორის საშუალო და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს.

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი კანონის შესრულების სფეროში

ამ კანონის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11. კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

1. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

2. პასუხისმგებლობის დაკისრება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევის აღკვეთის ვალდებულებებისაგან.

    მუხლი 12. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მიღებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

1. ამ კანონის:

ა) მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან;

გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან;

დ) მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2319–IIს