დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 941 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 15/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.150.000.05.001.003.439 |
საქართველოს კანონი
„საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის პრეამბულა ამოღებულ იქნეს.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში.“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი ნაწარმი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:
ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;
ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;
ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;
ა.დ) შესახვევი თუთუნი;
ა.ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;
ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს;
გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, საღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;
დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;
ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ანდა ტრანზიტი;
ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას;
ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა;
თ) ინგრედიენტი – ყველა ნივთიერება, რომელიც ემატება თამბაქოს, მათ შორის, ნივთიერებები, რომლებიც ემატება თამბაქოს ფოთოლსა და თამბაქოს სხვა ნატურალურ თუ გადამუშავებულ ნაწარმს, აგრეთვე არათამბაქოს მასალები, რომლებიც ემატება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისას და წარმოდგენილია ნაწარმის საბოლოო ფორმაშიც შეცვლილი სახითაც კი;
ი) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
კ) თამბაქოს ნაწარმის შემცველები – თამბაქოს ნაწარმის კვამლში შემავალი ნიკოტინი, კუპრი და მხუთავი აირი.“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები
საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) თამბაქოს აღიარებას ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად;
ბ) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას;
გ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას;
დ) მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
ე) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას;
ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას;
ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
თ) თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას;
ი) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს;
კ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას;
ლ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას;
მ) საზოგადოების მონაწილეობას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
ნ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას.“.
5. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დახურულ სპორტულ ნაგებობებში;
ბ) სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობებში;
გ) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე;
დ) ყველა შენობა-დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში.“;
ბ) მე-2–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების გარდა, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, სამუშაო და მასობრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში, აგრეთვე მატარებელსა და საზღვაო ხომალდში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალური მოსაწევი ადგილისა (ადგილებისა).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები).“;
გ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკის, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში (დასაშვებია ადგილის მოწყობა მხოლოდ ხელოვნური ვენტილაციით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვერ უზრუნველყოფენ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის გამოყოფას სულ მცირე იმ პარამეტრებით, რომლებიც დადგენილია ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება.
6. მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა, აგრეთვე მომხმარებელთათვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც დასაშვებია მოწევა. ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებული არიან:
ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები;
ბ) თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესების შესახებ მასალები განათავსონ დაწესებულებაში, თვალსაჩინო ადგილებში.“;
ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8–მე-9 პუნქტები:
„8. აკრძალულია თამბაქოს წევის დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ნებისმიერი სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა ან/და შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.
9. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ლიცენზირებად დაწესებულებათა სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებში.“.
6. მე-5 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია:
ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
ბ) ყველა სახის სამედიცინო, სასწავლო, სახელმწიფო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში;
გ) სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება;
დ) ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია;
ე) შეფუთვის გარეშე;
ვ) 18 წლამდე ასაკის პირებზე;“;
გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანების საშუალებით;
თ) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანა;
ი) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი დამზადებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშის საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის საშუალებით, მისი განაწილებით მონაწილეობა.“;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე.“;
ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თამბაქოს რეალიზატორს უფლება აქვს, თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირის არასრულწლოვნებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს სრულწლოვნობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
7. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი“;
ბ) პირველი–მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“.
2. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტრო ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამების 9 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილებებისა და თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-7 პუნქტები:
„4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს.
5. სამედიცინო გაფრთხილებები ექვემდებარება როტაციას შემდეგი სახით:
ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება უნდა გამოიყენოს იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე;
ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებებიდან უნდა აირჩიოს სამი გაფრთხილება და სურვილის შემთხვევაში შესაბამისი პიქტოგრამები იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე.
6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად) უნდა იყოს განთავსებული ისე, როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტშია მოცემული, და უნდა იყოს:
ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;
ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;
გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 3 მმ-ზე ნაკლები და 4 მმ-ზე მეტი;
დ) განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.
7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების მაჩვენებელთა შესახებ ინფორმაცია უნდა მოთავსდეს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;
ბ) უნდა იყოს დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;
გ) უნდა იყოს დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე ნაკლები და 2 მმ-ზე მეტი;
დ) უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის მცირე გვერდზე, გარდა ზედა და ქვედა გვერდებისა, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.“;
ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სამედიცინო გაფრთხილება ან/და თამბაქოს ნაწარმის შემცველების მაჩვენებელთა შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან ნებისმიერი გამოსახულებით.“.
8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების ნორმები
1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, გაზომვისა და რეგულირების წესებს, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს სამინისტრო ნორმატიული აქტის საფუძველზე.
2. თამბაქოს ნაწარმის შემცველების გაზომვა უნდა ჩაატაროს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის ჩატარება სტანდარტების შესაბამისად და სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე იმ ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია, სადაც ჩატარდა გაზომვა.“.
9. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის ღონისძიებები
ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დანერგვის მიზნით სახელმწიფო შეიმუშავებს და განახორციელებს თამბაქოს კონტროლის საშუალო- და გრძელვადიან ეროვნულ გეგმას.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები სათანადო საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებების, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების, შესაბამისი პიქტოგრამების ნიმუშები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცოს 2009 წლის 1 მარტამდე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოსცეს 2009 წლის 1 მარტამდე.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, მე-7 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 მაისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№941–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები