ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
24/02/2012
ვებგვერდი, 02/03/2012
010250050.35.162.016109
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2012 - 02/03/2015)

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 24

 2012 წლის 24 თებერვალი

    ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1.

დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი“ (თან ერთვის).

 მუხლი 2 .

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაილაშვილი

დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

 წინამდებარე წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად საფუძვლებსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და იმართება თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;

ბ) სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

გ) საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;

  დ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;

ე) სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ვ) სამარხი – საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;

ზ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე;

თ) სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;

ი) საფლავის მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია;

კ) დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წეს-ჩვეულებების შესაბამისად და სანიტარიული ნორმების დაცვით;

  ლ) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

მ) ძეგლი (საფლავის ქვა) – გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული კონსტრუქცია, გამოსახულება და ა.შ.;

ნ)  გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა;

ო) სასაფლაოს დახურვა – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

პ)  სასაფლაოს გაუქმება – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.

    მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით.

2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას (განკარგულების ფორმით), ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, იღებს საკრებულო. სასაფლაოსათვის გამოიყოფა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია:

 ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის ზონებში;

 ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავებისა და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

 გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

 ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

 გ) მასზე არსებული გრუნტის წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.

    მუხლი 4. სასაფლაოების მართვა

1.  ახმეტის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტყილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკე განკარგულების სახით იღებს საკრებულო.

    მუხლი 5. სასაფლაოზე დაკრძალვის ადგილის გამოყოფის წესი

ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი მიმართვის შემთხვევაში სასაფლაოზე გაიცემა ორსამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული ორი სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა ერთსამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის ერთი სამარე. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, მაშინ იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.

    მუხლი 6. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლებამოსილება

1. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.

2. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

 ა) სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

 ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;

 გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

 დ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

 ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

 ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;

 ზ) სხვა მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

4.  სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

 ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

 ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;

 გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

 დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს.

5. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით:

 ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი; მოაწესრიგოს და მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვ.;

 ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

 გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები;

 დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო წინადადებები.

    მუხლი 7. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

 1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

 ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას;

 ბ) წყლის ქსელებისა და გზების წესრიგში მოყვანას;

 გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და ექსპლუატაციას;

 დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას;

 ე) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;

 ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების მოვლას.

2. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას – საკუთარი ხარჯებით.

    მუხლი 8. სასაფლაოების მოწყობა და ექსპლუატაცია

1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) და კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირების შემდეგ შეიძლება განხორციელდეს სასაფლაოს დაგეგმარება.

2. სასაფლაოს დაგეგმარება უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

 ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

 ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

 გ) მწვანე ნარგავების განთავსება;

 დ)    სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი და ა.შ.);

 ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა;

 ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

 ზ) საფლავების აღრიცხვა-ნუმერაცია.

 3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

 4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. თითოეულ სამარეზე შეიძლება გამოყოფილ იქნეს არა უმეტეს 12 (თორმეტი) კვ.მ ფართობი, რომელიც გაიცემა უსასაყიდლოდ. საფლავებს შორის დაშორების მანძილი არ უნდა იყოს 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო სიღრმე – 1,5 მეტრზე ნაკლები.

5.  გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირთან შეთანხმებით.

    მუხლი 9. საფლავი

1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ერთი სამარის მქონე;

ბ) ორი ან მეტი სამარის მქონე – საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის.

2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.

3. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).

4. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან, ხელშეკრულების საფუძველზე, სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს.

    მუხლი 10. საფლავის მეორეული დაკრძალვისათვის გამოყენების შემთხვევები და წესი

1. თუ საფლავი მოუვლელია, მიტოვებულია (უპატრონოა), პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი, იგი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი.

2. სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა ვის, სად და როდის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს მოეწყოს ნარჩენების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა უღირსი მოპყრობა.

    მუხლი 11. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება

 1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.

2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ.

    მუხლი 12. ახალი სასაფლაოს გახსნა (მოწყობა)

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული სასაფლაოს საზღვრების გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.