დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ

  • Word
დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 31/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.05.001.000.454
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1716
09/12/1998
სსმ, 7, 31/12/1998
430.140.000.05.001.000.454
დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოქალაქეებს უქმნის პირობებს პროფესიის მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) კვალიფიციურ მუშახელზე ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და ქვეყნის კვალიფიციური შრომითი რესურსების კვლავწარმოების ხელშეწყობა;

ბ) ახალგაზრდობის პროფესიული განათლების, აღზრდისა და სოციალური დაცვის პირობების შექმნა, სახელობო მომზადებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების მეშვეობით შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;

გ) დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

დ) მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით დაუსაქმებელი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა;

ე) შესაბამის პროფესიათა სწავლების გზით ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

სახელმწიფო პოლიტიკა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში ეფუძნება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებს.

    მუხლი 4. სახელმწიფოს როლი დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

1. დაწყებითი პროფესიული განათლების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ამ სფეროში უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფოს ხარჯზე დაწყებითი პროფესიული განათლების მიღების უფლებას დაწყებითი პროფესიული განათლების სტანდარტების შესაბამისად. სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი განისაზ­ღვრება სახელმწიფო დაკვეთით;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების დაფინანსებას შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით შემუშავებული ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ყველა მუხლისა და დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საკუთარი და მოზიდული სახსრების დაცვას, საგანმანათლებლო დაწესებულებების და დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საკანონმდებლო გარანტიების შექმნას;

დ) მოქალაქეთა უფლებების დაცვას პროფესიისა და საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევისას.

2. ეროვნული მეურნეობისა და ეკონომიკის გარდაქმნის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პირობების შექმნას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

თავი II. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემა

    მუხლი 5. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემა

დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემა მოიცავს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებსა და მათზე დაფუძნებულ დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამებს;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით დადგენილ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოებს.

    მუხლი 6. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები 

1. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს სახელობო მომზადების, დაწყებითი პროფესიული განათლებისა და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს.     

2. სახელობო მომზადების პროგრამა ხორციელდება დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ იმ პირთათვის, რომელთაც არა აქვთ მიღებული საბაზო ზოგადი განათლება და სწავლების ვადაა 1-დან 2 წლამდე.

3. დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამა ხორციელდება:

ა) საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად და სწავლების ვადაა 3-დან 4 წლამდე;

ბ) საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამის გარეშე და სწავლების ვადაა 1-დან 2 წლამდე;

გ) საშუალო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ და სწავლების ვადაა 6 თვიდან 2 წლამდე.

4. დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამა მოიცავს:

ა) პროფესიული მომზადების პროგრამას, რომელიც ხორციელდება განათლების დონის მიუხედავად გარკვეული სახის სამუშაოების შესასრულებლად პროფესიული უნარ-ჩვევების მიღების მიზნით და მომზადების ვადაა 10 თვემდე;    

ბ) გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომელიც ხორციელდება პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავებისა და განახლების მიზნით და სწავლების ვადაა 10 თვემდე.

    მუხლი 7. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

1. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად მოიცავს პროფესიის დახასიათებას.

2. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები უზრუნველყოფს:

ა) ერთიანი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების ხარისხიანობას, შრომის ბაზარზე დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას და მობილურობას;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შეფასებას;

დ) უცხო ქვეყანაში გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის საქართველოში გაცემულ შესაბამის სერტიფიკატთან ეკვივალენტობის დადგენას და მის აღიარებას.

3. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები შემუშავდება და მტკიცდება განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. დაწყებითი პროფესიული განათლების პროფესიებისა და სპეციალობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით.

    მუხლი 8. დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. ლიცენზირებული და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულებები, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, გარდა დამატებითი პროფესიული საგან­მანათლებლო პროგრამებისა, ათვისების შემდეგ კურსდამ­თავრებულებზე გასცემენ შესაბამისი განათლებისა და კვა­ლიფიკაციის შესაბამისი ნიმუშის სახელმწიფო სერტიფიკატს – დიპლომს.

2. პირს, რომელსაც არ დაუმთავრებია დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, მიეცემა შესაბამისი ცნობა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

    მუხლი 9. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღების ფორმები

1. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება დასწრებული სწავლების ფორმითა და ექსტერნატის წესით.

2. იმ პროფესიებისა და სპეციალობების ნუსხას, რომელთა დაუფლება დაუშვებელია ექსტერნატის წესით, ადგენენ საქართველოს განათლების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით.

    მუხლი 10. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:

ა) სახელობო სასწავლებელი, რომელიც ახორციე­ლებს სახელობო მომზადების პროგრამას;

ბ) პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორ­ციელებს დაწყებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს საბაზო განათლების მიღების შემდეგ, აგრეთვე საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელობო და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს;

გ) პროფესიული ლიცეუმი, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლების პროგრამებს (მაღალი კვალიფიკაციის მინიჭებით), აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში – დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამებს საშუალო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ან მიღების გარეშე, ასევე სახელობო და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს;

დ) სპეციალური პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს სახელობო მომზადების, დაწყე­ბითი პროფესიული განათლების და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს ინვალიდებისა და დევიანტური ქცევის ბავშვებისათვის;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებუ­ლი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორ­ციელებს სახელობო, დაწყებითი პროფესიული განათ­ლების და დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს მსჯავრდებულთათვის;

ვ) პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, სასწავლო საწარმო და კურსები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული განათლების პროგრამებს.

2. პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის პირვე­ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებას, უფლე­ბამოსილია განახორციელოს დამატებითი პროფე­სიული საგანმანათლებლო პროგრამები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

    მუხლი 11. წარმოებაში მუშახელის მომზადება დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებით

1. წარმოებაში მუშახელის პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საწარმოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილი წესით ლიცენზიის მიღებისა და აკრედიტაციის შემდეგ, აგრეთვე სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულების საფუძველზე.

2. წარმოებაში მუშახელის პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებელია როგორც წარმოებისაგან მოწყვეტით, ისე მისგან მოუწყვეტლად.

3. წარმოებაში მუშახელის პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად. ამ წესით დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამების ათვისების შეფასება ხორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საწარმოში შექმნილი სახელმწიფო საატესტაციო კომისიის მეშვეობით და დასტურდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო ნიმუშის სახელმწიფო სერტიფიკატით. საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების სამინისტრო დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით.

4. სახელმწიფო ხელს უწყობს იმ საწარმოებსა და დაწესებულებებს, რომლებიც სახელმწიფო და რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ ახალი სამუშაო ადგილებისათვის მუშახელის პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

თავი III. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის მართვა

    მუხლი 12.   დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები

1. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოებია:

ა) საქართველოს განათლების სამინისტრო;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების დაქვემდებარების შესაბამისად და განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში – საქართველოს დარგობრივი სამინისტროები და უწყებები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები და დარგობრივი სამინისტროები და უწყებები, სასკოლო ოლქების სამმართველოები;

გ) არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში – დამფუძნებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროს, დარგობრივი სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების, დარგობრივი სამინისტოების და სასკოლო ოლქების სამმართველოების უფლებამოსილება დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში განისაზღვრება განათლების შესახებ საქართველოს კანონით.

    მუხლი 13. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა და ხელმძღვანელობა

1. დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას დადგენილი წესით მართავს დამფუძნებელი.

2. დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელმძღვანელობენ დაწესებულების ადმინისტრაცია და პედაგოგიური საბჭო, რომელთა შექმნის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება განათლების შესახებ საქართველოს კანონით, ნორმატიული აქტებითა და დაწესებულების წესდებით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დირექტორის მეორე ვადით თანამდებობაზე დატოვების საკითხს განიხილავს დამფუძნებელი.

თავი IV. სამართლებრივი ურთიერთობები და სოციალური გარანტიები დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

    მუხლი 14. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პირობები

1. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების პროცესს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმართავს საქართველოს განათლების სამინისტრო.

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს და ამ დაწესებულების ატესტაციასა და აკრედიტაციას ატარებს საქართველოს განათლების სამინისტრო.

3. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესაებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, რომელიც პასუისმგებელია ამ დაწესებულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების უწყებრივი დაქვემდებარების შეცვლა და განსახელმწიფოებრივება

1. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა უწყების დაქვემდებარებაში გადაცემა დაიშვება მხოლოდ ამ უწყების თანხმობით, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციის შენარჩუნებითა და სასწავლო პროცესის სრულყოფილი წარმართვისათვის საჭირო ეკონომიკური და ტექნიკური ნორმატივების დაცვით.

2. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების განსახელმწიფოებრივება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილება

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს, არჩევს და ანაწილებს კადრებს, ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით და განსაზღვრულია დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს:

) განახორციელოს გამოყოფილი დაფინანსებისა და საკუთარი ფულადი სახსრების ფარგლებში, აგრეთვე დადგენილი ნორმატივებისა და მოთხოვნების შესაბამისად სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაბინეტ-ლაბორატორიების, სასწავლო სახელოსნოებისა და სასწავლო მეურნეობების მიზნობრივი აღჭურვა;

) მოიძიოს სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებითი ფულადი და მატერიალური რესურსები და ინვესტორები;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამფუძნებელს წარუდგინოს ანგარიში ფულადი სახსრების შემოსავლისა და ხარჯვის, აგრეთვე მატერიალური ქონების ხარჯვის შესახებ;

) შეარჩიოს და მიიღოს სამსახურში კვალიფიციური კადრები, უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლება;

) დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშაოს სასწავლო გეგმები და პროგრამები;

) დამფუძნებელთან შეთანხმებით, დადგენილი ნორმატივებისა და დაფინანსების ფარგლებში, განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და გაანაწილოს თანამდებობრივი ფუნქციები;

) დამფუძნებელთან შეთანხმებით, დადგენილი ნორმატივების შესაბამისად და საკუთარი ფულადი სახსრების ფარგლებში, განსაზღვროს მუშაკთა ხელფასები, თანამდებობრივი განაკვეთები, ხელფასზე და თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატები, დაადგინოს პრემიების გაცემის წესი;

) შეიმუშაოს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტი, რომელსაც ამტკიცებს დამფუძნებელი;

) დაამტკიცოს საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი და ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა აქტები;

კ) შეარჩიოს მოსწავლეთა კონტინგენტი დაკვეთის ან ხელშეკრულების შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

    მუხლი 17.   დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებს მიეკუთვნებიან:

ა) მასწავლებლები;      

ბ) საწარმოო სწავლების ოსტატები (ინსტრუქტორები), მეთოდისტები, აღმზრდელები და სხვა მუშაკები, რომლებიც წარმართავენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს.

2. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად დაწყებითი პროფესიული დაწესებულების პედაგოგთა სამუშაოზე მიღებისა და შრომის ანაზღაურების წესი, სტატუსი და სოციალური გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული და საკვალიფიკაციო დახასიათებებით, ამ დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით არასასწავლო დროს ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულონ სხვა სამუშაო შესაბამისი ანაზღაურებით.

5. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები (ინსტრუქტორები) დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაოზე მიღებისას, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

6. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამ დაწესებულების დამფუძნებლის ხარჯზე, განათლების სფეროს სპეციალისტთა და ხელმძღვანელ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულების ბაზაზე, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის დარგობრივ სამეცნიერო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვადასხვა საწარმო-დაწესებულებებში მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთან შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 18. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე არის დადგენილი წესით სასწავლებელში ჩარიცხული პირი.   

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის უფლებები და სოციალური გარანტიები განისაზღვრება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს აგრეთვე უფლება აქვს:

) სწავლის პერიოდში მიიღოს მატერიალური უზრუნველყოფა დადგენილი ნორმის შესაბამისად;

) საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მართვაში;

) საწარმოო სწავლებისა და საწარმოო პრაქტიკის დროს საწარმოდან მიიღოს შრომის ანაზღაურება დადგენილი წესით;

) უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებით.

3. დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი მოსწავლეს ეთვლება საერთო უწყვეტ შრომით სტაჟად.

4. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საწარმო-დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამედიცინო უკუჩვენების გამო არჩეული პროფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია.

6. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის მოვალეობები განისაზღვრება ამ დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით.

    მუხლი 19. ინვალიდთა და სხვა განსაკუთრებული სოციალური კატეგორიის პირთა უფლებები დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

1. იმ პირებისათვის, რომლებიც სწავლისა და აღზრდის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ღია ან დახურული ტიპის სპეციალური დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები

2. ინვალიდთათვის გათვალისწინებული პროფესიებისა და სპეციალობების ნუსხა და სწავლის პირობები დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით.      

თავი V. ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემაში

    მუხლი 20. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრების უფლება

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრების უფლება, აგრეთვე მის მიერ ქონების იჯარით აღებისა და გაცემის წესი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება (მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, სოციალური და კულტურული დანიშნულების ინვენტარი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენება სასწავლო და შემოსავლების მოზიდვის მიზნით.

3. სოფლის მეურნეობის დარგის დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პრაქტიკული სწავლების მიზნით სასწავლო მეურნეობის მოსაწყობად შესაბამისი ნორმატივების თანახმად იჯარით გადაეცემა მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან.

    მუხლი 21. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები და დაკვეთა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

1. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები და სახელმწიფო დაკვეთის წესი დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში და სახელობო მომზადებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამების ფარგლებში განისაზღვრება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა კონტინგენტის ზღვრული რაოდენობა დგინდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების, დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტების და საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმატივების საფუძველზე. სახელმწიფო დაკვეთა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა კონტინგენტის ზღვრული მინიმალური რაოდენობის შესაბამისად.

3. დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 

    მუხლი 22. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის დაფინანსების წყაროები

1. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის დაფინანსების წყაროებია:

) ცენტრალური ბიუჯეტი;

) ადგილობრივი ბიუჯეტი;    

) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული საგანმანათლებლო მომსახურებისა და სასწავლო-საწარმოო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება.

2. სოციალურ პარტნიორებად ითვლებიან:

) დასაქმების ორგანოები;        

) პროფესიული კავშირები;     

) კადრების პროფესიული მომზადების დამკვეთი სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოები;

) გრანტების გამცემები და მიზნობრივი პროგრამების დამფინანსებლები;

) სპონსორები;

) მშობლები.

    მუხლი 23. დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის დაფინანსება      

1. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი განისაზღვრება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.    

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხარჯების დადგენილი ნორმატივების საფუძველზე გაანგარიშება ითვალისწინებს:

) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარჯებს (პედაგოგების ხელფასი, სასწავლო-მატერიალური ბაზის შენახვა და განვითარება, სასწავლო დანიშნულებისათვის ნედლეულის, საწვავ-საპოხი და სხვა მასალების, სასწავლო-საპროგრამო დოკუმენტაციის, ლიტერატურის, სწავლების საშუალებების შეძენის, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხარჯები);

) ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასს;

) პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებს;

) ლიცენზირებისა და ატესტაციის ხარჯებს;

) მოსწავლეთა სპეციალური ტანსაცმლის შეძენის ხარჯებს;

) კომუნალური მომსახურების ხარჯებს;

) სამივლინებო ხარჯებს.

3. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება:

) სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელობო მომზადებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებისასცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სოციალური პარტნიორების მონაწილეობით;

) უმუშევარი მოსახლეობის პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებისასხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის სახსრებით;

) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებისასფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის სახსრებით;

) ინვალიდებისა და სხვა განსაკუთრებული სოციალური კატეგორიის პირთა დაწყებითი პროფესიული განათლების ან პროფესიული მომზადებისასდამკვეთის სახსრებით.

4. არასახელმწიფო და სახაზინო საწარმოების საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება დამკვეთისა და საკუთარი სახსრებით.

    მუხლი 24. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-საწარმოო და სამეწარმეო საქმიანობა

1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად მოსწავლეთა საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პროცესში ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას.

2. დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში შექმნას პროდუქცია, გამოუშვას ფართო მოხმარების საქონელი, შეასრულოს საწარმოო დავალებები, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების დაკვეთები, გაუწიოს მოსახლეობას ფასიანი მომსახურება.

3. მოსწავლეთა სასწავლო-საწარმოო საქმიანობის მოცულობა დგინდება დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამების შესაბამისად.

4. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლეთა შრომის პირობები, დატვირთვა, უსაფრთხოების და სანიტარიული ნორმები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატივებს. პასუხისმგებლობა ამ სტანდარტებისა და ნორმატივების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.

6. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში საწარმოო სწავლების ოსტატის (ინსტრუქტორის) დამატებითი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

7. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში წარმოებული პროდუქციის (მომსახურება, სამუშაოები) რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება მთლიანად რეინვესტირდება დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ხმარდება საგანმანათლებლო პროცესის განვითარებასა და სრულყოფას.

8. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფასიანი საგანმანათლებლო, სამეწარმეო და სხვა საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VI. საერთაშორისო თანამშრომლობა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

    მუხლი 25. საერთაშორისო თანამშრომლობა დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში

დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა წესრიგდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი VII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 26. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VIII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 27.   დებულება საწარმოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღებისა და აკრედიტაციის შესახებ

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულება საწარმოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღებისა და აკრედიტაციის შესახებ.

    მუხლი 28. დაწყებითი პროფესიული განათლების დროებითი ფინანსური ნორმატივების შემუშავების და სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის ვადა

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დამტკიცებამდე, „1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამ კანონით დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ერთ მოსწავლეზე საშუალო დანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე განისაზღვროს დროებითი ფინანსური ნორმატივები და სახელმწიფო დაკვეთა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათ­ლებლო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

თავი IX. დასკვნითი დებულება

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 9 დეკემბერი.

1716Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 – სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487– სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

3. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2796– სსმI, №9, 31.03.2006წ., მუხ.68

4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4528 – სსმI, №15, 23.04.2007წ., მუხ.117