შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.011598
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2008 - 04/11/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.598

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №134

2008 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების თანდართული დებულება.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი და შემსრულებლები.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება (ტექსტში შემდგომში – დაჯგუფება) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

დაჯგუფება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

დაჯგუფება ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4

დაჯგუფებას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II

დაჯგუფების ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

დაჯგუფების ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში თავისი წვლილის შეტანა;

ბ) მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მოქმედებების, სპეციალური დაზვერვის, კონტრტერორისტული ოპერაციებისა და ასიმეტრიული საომარი მოქმედებების განხორციელება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, დამხმარე მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნა, მათ შორის, ფსიქოლოგიური ოპერაციების, სამოქალაქო საქმეთა ოპერაციების, ჰუმანიტარული ოპერაციებისა და უსაფრთხოების სხვა მოქმედებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

    მუხლი 6

დაჯგუფების ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედება, ოპერატიული დაგეგმარების საკითხებში;

ბ) დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, დაჯგუფების ქვედანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და მათი პროფესიონალური საქმიანობის განვითარებისთვის საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონის შენარჩუნება და ამაღლება;

გ) სამხედრო პროგრამების დაგეგმვისა და საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება.

თავი III

დაჯგუფების ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დაჯგუფებას ხელმძღვანელობს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური.

    მუხლი 8

დაჯგუფების მეთაურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 9

დაჯგუფების მეთაური უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.

    მუხლი 10

დაჯგუფების მეთაურს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დაჯგუფების მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 11

დაჯგუფების მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დაჯგუფების მეთაურის მოადგილე.

    მუხლი 12

დაჯგუფების მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაჯგუფების საქმიანობას;

ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარადგენს დაჯგუფების საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დაჯგუფების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დაჯგუფების (სტრუქტურული ქვედანაყოფის) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დაჯგუფებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) დაჯგუფებისა და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელით, გამოდის სამსახურებრივი და დისციპლინარული მოქმედებების განხორციელებისას, ან აღნიშნული უფლებამოსილებით, მინდობილობის საფუძველზე, აღჭურავს დაჯგუფების შესაბამის თანამშრომელს;

თ) პასუხისმგებელია დაჯგუფებაზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე;

ი) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

თავი IV

დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა

    მუხლი 13

დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მმართველობა;

ბ) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების შტაბი;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმი;

დ) სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი;

ე) სწრაფი რეაგირების სამსახური;

ვ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი;

ზ) დაცვის ქვედანაყოფი;

თ) ოპერატიულ მორიგეთა ჯგუფი;

ი) უზრუნველყოფის ქვედანაყოფი;

კ) საავტომობილო ქვედანაყოფი;

ლ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამსახური.

    მუხლი 14

სტრუქტურული ქვედანაყოფების შემადგენლობა და ფუნქციებია:

ა) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მმართველობა არის დაჯგუფების მეთაურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მხარდამჭერი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის:

ა.ა) იურიდიული განყოფილება – ახორციელებს დაჯგუფებაში სამართალწარმოებასა და დისციპლინის მდგომარეობაზე კონტროლს, დაჯგუფების მეთაურის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე ახორციელებს ვიზირებას. ატარებს დაჯგუფების სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მომზადებას და, მოთხოვნისამებრ, პირად შემადგენლობას კომპეტენციის ფარგლებში უწევს კონსულტაციებს. შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვის შემდგომ, იურიდიული განყოფილების წარმომადგენლები დაჯგუფების სახელით მოქმედებენ სამსახურებრივ და დისციპლინუსაკითხებთან დაკავშირებით;

ა.ბ) საფინანსო განყოფილება – ახორციელებს დაჯგუფების საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმარებას, დაკავშირებულს პირადი შემადგენლობისათვის სახელფასო და სამივლინებო თანხებთან. ასევე, მონაწილეობს დაჯგუფების ბიუჯეტის ფორმირების დაგეგმარების ღონისძიებებში;

ა.გ) კანცელარია – ახორციელებს დაჯგუფებაში შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის აღრიცხვას, დაჯგუფების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოებული წიგნებისა და მასალების დანომვრას, შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან საფელდეგრო მომსახურებას, ასევე დაჯგუფებაში არსებული დოკუმენტალური მასალების შენახვა-დაარქივებას;

ბ) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების შტაბი – უზრუნველყოფს დაჯგუფების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კავშირის ორგანიზებას. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების შტაბი დაქვემდებარებული განყოფილებების (G-ების) მეშვეობით, წარმოადგენს დაჯგუფების მეთაურის ძირითად მხარდამჭერ ორგანოს დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით.

სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების შტაბის შემადგენლობაში შედის:

ბ.ა) კადრების განყოფილება–G-1 – ახორციელებს დაჯგუფების პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, საშტატო სტრუქტურული საკითხების დამუშავებას, პროფესიული კადრების შერჩევასა და დაჯგუფების სრული დაკომპლექტებისა და ვაკანტური ადგილების შევსებისათვის ღონისძიებების გატარებას; სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული ჩვევების სრულყოფილ შესწავლას, რათა მოხდეს მათი თანამდებობებზე გადაადგილება, დაწინაურება, კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისებები, ასევე დასჯა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხების შესაბამისი შესრულება. ამასთან, დამატებით, სხვა ღონისძიებებს დაჯგუფების პირად შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკადრო დაგეგმარების საკითხებზე;

ბ.ბ) დაზვერვის განყოფილება–G-2 – ახორციელებს დაჯგუფებაში სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ანალიტიკურ საქმიანობას, ადმინისტრაციული დაქვემდებარების პრინციპით აკონტროლებს დაჯგუფების დაცვის ქვედანაყოფის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ზედამხედველობს დაჯგუფებაში საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტაციის დაცვას, უზრუნველყოფს დაჯგუფების ბაზებისა და ქვედანაყოფების დაცვითი ღონისძიებების კონტროლს, აწარმოებს სპეციალისტთა მომზადებას, გადამზადებას და ასევე დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სადაზვერვო სპეციალისტებისათვის დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას; ატარებს სხვა ღონისძიებებს დაჯგუფების დაზვერვის დაგეგმარების საკითხებზე;

ბ.გ) ოპერატიული სწავლებისა და დაგეგმარების განყოფილება–G-3 არის მთავარი დაგეგმარებითი განყოფილება, რომელიც ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ გეგმებსა და დირექტივებს და კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს მათ შესრულებას. ადგენს წლის, კვარტალისა და თვის საბრძოლოს მომზადებასა და სწავლებებისათვის გეგმებს, წარუდგენს გაერთიანებული შტაბების დაგეგმარებით ორგანოებს წინადადებებსა და პროგრამებს დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებით. ატარებს სხვა ღონისძიებებს დაჯგუფების ოპერატიული დაგეგმარების საკითხებზე;

ბ.დ) ლოგისტიკის განყოფილება–G-4 – დაჯგუფების ლოგისტიკური დაგეგმარებისა და უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი ორგანოა. მისი ადმინისტრაციული დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან უზრუნველყოფისა და საავტომობილო ქვედანაყოფები. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით, ახორციელებს საავტომობილო ტექნიკის მომსახურებით, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკით, საინჟინრო-ქიმიური ნივთიერებებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სანივთე ქონებითა და სამედიცინო საშუალებებით დაჯგუფების უზრუნველყოფის დაგეგმარებას. ასევე, აწარმოებს პირადი შემადგენლობისათვის კვებით მომსახურებაზე ზედამხედველობას და კომუნალური მეურნეობის გაძღოლას, ადგენს დაჯგუფებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმებს და წარუდგენს გაერთიანებული შტაბის შესაბამის სამსახურებს, აწარმოებს დაჯგუფების ქონებისა და მატერიალური საშუალებების აღრიცხვიანობას, შენახვასა და განთავსებას, მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების საუტილიზაციო დოკუმენტების მომზადებას, ატარებს სხვა ღონისძიებებს დაჯგუფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;

ბ.ე) კავშირგაბმულობის განყოფილება–G-6 – ახორციელებს დაჯგუფებასა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კავშირის ერთიანობასა და სისტემატიზაციას, დაჯგუფების ბაზებზე ერთიანი კომპიუტერულ-ინფორმაციული ქსელების გამოყენებასა და მართვას, დაჯგუფების ძირითად და სათადარიგო ბაზებს შორის როგორც მშვიდობიანობის, ასევე შეიარაღებული კონფლიქტისა და საგანგებო მდგომარეობისას, რადიოკავშირით უზრუნველყოფას, კავშირგაბმულობის ქონებისა და საშუალებების შენახვასა და მოვლას. ატარებს სხვა ღონისძიებებს დაჯგუფებაში კავშირგაბმულობის დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმი (ტექსტში შემდგომ – რაზმი) – დაჯგუფების მეთაურის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, დაჯგუფების მთავარი საბრძოლო ქვედანაყოფია, რომელიც მზად არის განახორციელოს დაჯგუფებისათვის დაკისრებული, მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ძირითადი ამოცანები. ასევე, მონაწილეობა მიიღოს სპეციალურ ოპერაციებს განკუთვნილი დამხმარე მოქმედებების შესრულებაში. რაზმი მართავს და აკონტროლებს რაზმის დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საქმიანობას. რაზმის ძირითად ფუნქციას ბრძოლისუნარიანობის მაღალი დონის შენარჩუნება წარმოადგენს. რაზმის შემადგენელი სტრუქტურაა:

 გ.ა) რაზმის შტაბი – რაზმის მეთაურის დაგეგმარების საკითხებში მხარდამჭერი ორგანოა. რაზმის შტაბის ფუნქციას რაზმის პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა, სადაზვერვო მასალების შეკრება და შემდგომ შესაბამისი ინფორმირება, ტაქტიკური და ტექნიკური საკითხების დაგეგმარება, რაზმის მოთხოვნათა ლოგისტიკური უზრუნველყოფა და რაზმის დანაყოფებსა და ქვედანაყოფებს, ასევე სპეციალისტთა შორის კავშირის დამყარება წარმოადგენს;

გ.ბ) ხუთი სპეციალური დანაყოფი – რომელთაგან ოთხი დანაყოფი იდენტურ საბრძოლო შენაერთს წარმოადგენს და უშუალოდ მონაწილეობს სპეციალური ოპერაციებისთვის განკუთვნილ სამხედრო მოქმედებებში, ხოლო მეხუთე დამხმარე დანაყოფი, საჭიროების შემთხვევაში, აძლიერებს ოთხ დანაყოფს პირადი შემადგენლობის შესაბამისი სპეციალისტებით. ასევე მის საქმიანობაში შედის განაღმვითი საქმიანობის განხორციელებაც;

დ) სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი (შემდგომში ტექსტში – ცენტრი) – სპეციალური ოპერაციებისათვის პირადი შემადგენლობის მოსამზადებელი ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფია. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური სამხედრო მომზადების კურსების გავლას სპეციალობების მიხედვით. ცენტრს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა სპეციალურ სამხედრო სპეციალობებში დამატებითი გადამზადებით უზრუნველყოს პირადი შემადგენლობა (მათ შორის, შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთების) როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. ცენტრის შემადგენლობაშია:

დ.ა) ცენტრის შტაბი – რომლის ფუნქციას წარმოადგენს ცენტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო მოსამსახურეების აღრიცხვიანობა, სასწავლო და საწვრთნელი მომზადება, პირად შემადგენლობაზე მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და დახარისხება, სასწავლო და საწვრთნელი ტაქტიკური და ტექნიკური საკითხების დაგეგმარება, ცენტრის მოთხოვნათა ლოგისტიკური უზრუნველყოფა; ცენტრის პირადი შემადგენლობისათვის მათ შორის სწავლებებისას გამართული კავშირის დამყარება:

დ.ბ) ინსტრუქტორთა განყოფილება – სპეციალური ოპერაციების შესასრულებლად პირადი შემადგენლობის მომზადებისათვის, ძირითადი და აუცილებელი სპეციალობების მიხედვით დაკომპლექტებული ცენტრის სტრუქტურული ერთეულია და ის ცენტრის დაკისრებული ფუნქციების მთავარი განმხორციელებელი ორგანოა. ინსტრუქტორთა განყოფილების მოვალეობას შესაბამისი განსაზღვრული პროგრამებიდან გამომდინარე როგორც პირველადი სპეციალური დანიშნულების მებრძოლის საბაზისო კურსის, ასევე შემდგომი მებრძოლის განვითარებისათვის დამატებითი გადამზადების, ტექნიკური დაგეგმარებისა და პრაქტიკული საკითხების ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება წარმოადგენს;

დ.გ) უცხო ენების სწავლებისა და თარგმნის სექტორი – დაჯგუფების პირადი შემადგენლობის უცხო ენებში მოსამზადებელი ცენტრის სტრუქტურული ერთეულია. მის ფუნქციებში ასევე უცხოური შესაბამისი სპეციალური ლიტერატურისა და დოკუმენტური მასალების თარგმნაც შედის;

ე) სწრაფი რეაგირების სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) – დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მობილურობა და სპეციალიზებულობა ოპერატიულად კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამსახურის ძირითად მოვალეობას დაჯგუფებისა და შეიარაღებული ძალების სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამის რეგიონებში სამოქმედოდ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და შემდგომი შესაბამისი ინფორმირება წარმოადგენს. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ე.ა) სამსახურის შტაბი – რომლის ფუნქციას სამსახურის პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა, სადაზვერვო მასალების მოპოვება და შემდგომი შესაბამისი ინფორმირება, სამოქმედო ტაქტიკური და ტექნიკური საკითხების დაგეგმარება, სამსახურის ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოთხოვნა და სამსახურის როგორც სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე პირად შემადგენლობას შორის გამართული კავშირის დამყარება წარმოადგენს.

ე.ბ) გამნაღმველთა ჯგუფი – მის ფუნქციას, სამსახურის სამოქმედო რაიონებში დაკისრებული მოვალეობიდან გამომდინარე, აუცილებელი განაღმვითი სამუშაოების წარმოება წარმოადგენს;

ე.გ) ორი მოიერიშე ჯგუფი – სამსახურის მოიერიშე განყოფილებები სამსახურის ორ იდენტურ საბრძოლო შენაერთს წარმოადგენენ. მოიერიშე განყოფილებების შემადგენლობაში სამ-სამი მოიერიშე ჯგუფი შედის. მოიერიშე განყოფილებები, მათ წინაშე დასმულ ამოცანებს, განყოფილებების შემადგენლობაში შემავალ მოიერიშე ჯგუფებზე შესაბამისი უფლებების დელეგირებით ახორციელებენ;

ვ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი (ტექსტში შემდგომ – საზღვაო რაზმი) – დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფია. მისი ძირითადი მოვალეობაა დაჯგუფების წინაშე წყალზე სამოქმედო არეალში დასმული ამოცანების უზრუნველყოფა. ასევე, მის დამატებით ფუნქციებში დაჯგუფების პირადი შემადგენლობისათვის, სპეციალური წყალზე მომზადების პროგრამების განხორციელებისას, სწავლებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პირობებით უზრუნველყოფაც შედის. საზღვაო რაზმის შედგება:

ვ.ა) საზღვაო რაზმის შტაბი – საზღვაო რაზმის შტაბი საზღვაო რაზმის მეთაურის დაგეგმარების საკითხებში მხარდამჭერი ორგანოა. საზღვაო რაზმის შტაბის ფუნქციას საზღვაო რაზმის პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა, საზღვაო რაზმის ბაზის უსაფრთხოების დაცვა, ტაქტიკური და ტექნიკური საკითხების დაგეგმარება, საზღვაო რაზმის ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოთხოვნა და საზღვაო რაზმში შიდა კავშირის დამყარება წარმოადგენს;

ვ.ბ) წყალქვეშა შეტევის სექცია – წყალქვეშა შეტევის სექციის მეთაური საზღვაო რაზმის მეთაურის ოპერატიულ დაქვემდებარებაშია. წყალქვეშა შეტევის სექციის შემადგენლობაში ორი იდენტური წყალქვეშა შეტევის ჯგუფია. წყალქვეშა შეტევის სექციის ძირითადი ფუნქციაა დაჯგუფების მიერ წყალზე ჩასატარებელ სპეციალურ ამოცანათა ტაქტიკური განხორციელება;

ვ.გ) წყალქვეშა თავდაცვის სექცია – წყალქვეშა თავდაცვის სექციის შემადგენლობაში ოთხი წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფია. წყალქვეშა თავდაცვის სექციის ძირითადი მოვალეობა, დაჯგუფებისათვის ოპერაციით განსაზღვრულ წყლის რაიონში, მოწინააღმდეგის მიერ წყალზე ჩასატარებელ დივერსიულ ან სხვა სპეციალურ ოპერაციათა გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს;

ვ.დ) შეიარაღებისა და ტექნიკის ჯგუფი – შეიარაღებისა და ტექნიკის ჯგუფის ძირითად მოვალეობას საზღვაო რაზმის ქონებისა და მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა და მომსახურება წარმოადგენს. ასევე საზღვაო რაზმის სამსახურებრივი საქმიანობისა და დავალებათა შესრულებისათვის მხარდამჭერა;

ზ) დაცვის ქვედანაყოფი – მის ძირითად მოვალეობას დაჯგუფების მთავარი დისლოკაციის ბაზის დაცვა წარმოადგენს. დაცვის ქვედანაყოფის შემადგენლობაშია სამი იდენტური დაცვის ცვლა, რომლის მოვალეობაა დაჯგუფების დისლოკაციის ბაზის და განსაკუთრებით მის შემადგენლობაში შემავალი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დაცვა;

თ) ოპერატიულ მორიგეთა ჯგუფი – დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფია და მის ძირითად მოვალეობას დაჯგუფების ქვედანაყოფებიდან, შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა მიმართულებებიდან ინფორმაციის მიღება და შესაბამისი დანიშნულებით გადაგზავნა წარმოადგენს. ასევე ოპერატიული მორიგეთა ჯგუფის ძირითად ფუნქციას დაჯგუფებასა და გაერთიანებული შტაბის ოპერატიულ მორიგეთა ჯგუფს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტაციით განსაზღვრული ოპერატიული ინფორმირება და დაჯგუფების ხელმძღვნელობასა და რაზმს შორის მუდმივი ოპერატიული კავშირის არსებობა წარმოადგენს;

ი) უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – რომლის ძირითად მოვალეობად დაჯგუფების გამართული სამსახურებრივი საქმიანობისათვის ლოგისტიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. უზრუნველყოფის ქვედანაყოფი შედგება:

ი.ა) შეიარაღების ჯგუფი – მისი მოვალეობაა დაჯგუფების და რაზმის მოქმედი შეიარაღებისა და ტექნიკის ოპერატიული მომსახურება, მოვლა და აღრიცხვიანობა;

ი.ბ) საწყობების ჯგუფი – საწყობების ჯგუფის მოვალეობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტაციის შესაბამისად, საწყობების გამართული საქმიანობა წარმოადგენს;

ი.გ) ბუღალტერ-საქმისმწარმოებელთა ჯგუფი – ძირითად მოვალეობას განსაზღვრული ლოგისტიკური სამსახურებრივი მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვიანობა წარმოადგენს;

ი.დ) კომუნალური მომსახურების ჯგუფი – მის მოვალეობას დაჯგუფების ბაზის კომუნალური აღრიცხვიანობა და წამოჭრილ საკითხთა კომუნალური მომსახურების გამართულობა წარმოადგენს;

ი.ე) სამედიცინო პუნქტი – დაჯგუფების პირადი შემადგენლობისათვის მოთხოვნისამებრ პირველადი სამედიცინო დახმარების და შეზღუდულად ამბულატორიული მკურნალობის გაწევა, სამედიცინო პრეპარატებისა და საშუალებების, მათ შორის ,,A“ ჯგუფის პრეპარატების შენახვა, მოვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით მოხმარება და სხვა დაჯგუფების მოთხოვნებისათვის სამედიცინო უზრუნველყოფითი საქმიანობის გაწევა;

კ) საავტომობილო ქვედანაყოფი – მისი ძირითადი მოვალეობა დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პირადი შემადგენლობის განსაზღვრულ სატრანსპორტო მოთხოვნათა უზრუნველყოფაა. საავტომობილო ქვედანაყოფის ფუნქციებია დაჯგუფების საავტომობილო ტექნიკის შენახვა, მოვლა და ექსპლუატაცია, შეზღუდულად რემონტის ჩატარება და სხვა დაჯგუფებისათვის განსაზღვრული ამოცანებისათვის საავტომობილო მოთხოვნათა დაკმაყოფილება;

ლ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამსახური – მისი ძირითადი მოვალეობა დაჯგუფების ერთიანი კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველსაყოფი ღონისძიებების ჩატარებაა. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამსახურის შემადგენელი ჯგუფებია სატელეფონო, რადიოკავშირებისა და ინფორმაციული სისტემების ჯგუფები, რომლებიც დაჯგუფების მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფენ სატელეფონო კავშირის შესაძლებლობისამებრ უზრუნველყოფას, დაჯგუფების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და განსაზღვრულ პირადი შემადგენლობისათვის შიდა რადიოკავშირების მართვა და მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, დაჯგუფების ბაზებისათვის ერთიანი ინფორმაციული და კომპიუტერული სისტემების დანერგვას, მართვასა და ექსპლუატაციას.

    მუხლი 15

დაჯგუფების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს მეთაური და/ან უფროსი (ტექსტში შემდგომ – ხელმძღვანელი), რომელსაც დაჯგუფების მეთაურის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 16

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს დაჯგუფების მეთაურს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 17

დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 18

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.