დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4979-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714022, 14/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.04.001.016021 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.
თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში.
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.
11. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.
2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) იმპორტის გადასახადი;
ე) აქციზი.
3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით.
4.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
5. დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.
6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.
მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა
1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა;
ბ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა.
2. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის ვალი მოიცავს:
ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვარი ითვალისწინებს აგრეთვე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იმგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს, როგორც გეგმური, ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში.
5. საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის წარდგენისას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგებისას წარადგენს ინფორმაციას ფისკალური პარამეტრების ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის თაობაზე.
6. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას საქართველოს მთავრობა ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე;
ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და, შესაბამისად, მისი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ, მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით.
7. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან/და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში;
ბ) ეკონომიკური ზრდის შენელების/რეცესიის შემთხვევაში − თუ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზედიზედ ბოლო 2 კვარტალის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია, ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმას. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
[მუხლი 2 1 . ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა
განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2030 წლის 31 დეკემბრიდან)]
მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ა) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნეს ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია;
ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.
მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება
1. დაუშვებელია რეზიდენტი ან/და არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა ვალუტის კონვერტაციასთან, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნასთან ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნებისმიერ პირს აქვს ფულ ადი სახსრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.
მუხლი 41. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედების ვადა
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და 11 პუნქტები მოქმედებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის№1324-რს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში.
ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№4979-რს
დოკუმენტის კომენტარები