ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ დებულების თაობაზე

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ დებულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები განათლების სამინისტრო
მიღების თარიღი 26/03/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 27/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
65
26/03/1999
სსმ, 20(27), 27/04/1999
000000190.01(2).003.000504
ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ დებულების თაობაზე
განათლების სამინისტრო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/04/1999 - 17/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                   190.012.003.504

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება №65

1999 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ დებულების თაობაზე

განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება "ზოგადასაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ".

2. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეს ბრძანება და დებულება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. კარტოზია

 

 

დებულება

ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების შესახებ

წინამდებარე დებულება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. წინამდებარე დებულება ადგენს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა შერჩევის, აპრობაციისა და მათთვის "სახელმძღვანელოს" გრიფის მინიჭების წესს.

1.2. "განათლების შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმძღვანელოთა შერჩევა, აპრობაცია და მათთვის "სახელმძღვანელოს" გრიფის მინიჭება მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს კომპეტენციაა.

1.3. სახელმძღვანელოთა შერჩევა, აპრობაცია და მათთვის "სახელმძღვანელოს" გრიფის მინიჭება ხდება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი საჯარო კონკურსის წესით.

1.4. კონკურსის მიზანია ერთი კლასის ერთი საგნის არა უმეტეს სამი საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოვლენა.

    მუხლი 2. საკონკურსო კომისია

2.1. სახელმძღვანელოთა შერჩევის, აპრობაციისა და მათთვის "სახელმძღვანელოს" გრიფის მინიჭების მიზნით განათლების მინისტრი ქმნის სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიას (სსკ), რომლის უფლებამოსილება დადგენილია დებულებით.

2.2. სსკ-ის უფლებამოსილების ვადა ორი წელია.

2.3. სსკ შედგება 5-9 წევრისაგან.

2.4. სსკ-ის წევრებს კომისიის უფლებამოსილების ვადით ნიშნავს განათლების მინისტრი.

2.5. სსკ-ის წევრს აქვს გადადგომის უფლება განათლების მინისტრისათვის წერილობითი განცხადების წარდგენით.

2.6. განათლების მინისტრი ვალდებულია სსკ-ის წევრს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) კომისიის წევრი გარდაიცვალა;

ბ) კომისიის წევრი აღარაა საქართველოს მოქალაქე;

გ) კომისიის წევრი არ მონაწილებს სსკ-ის მუშაობაში;

დ) კომისიის წევრი არის კონკურსში მონაწილე სახელმძღვანელოს ავტორი (თანაავტორი), ავტორის (თანააავტორის) ახლო ნათესავი (დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია, მეუღლე, მეუღლის დედა, მამა, და, პაპა, ბებია), ან მუშაობს კონკურსში მონაწილე გამომცემლობაში;

ე) კომისიის წევრი იჩენს მიკერძოებას კონკურსის შედეგების დამტკიცებისას;

ვ) არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

2.7. განათლების მინისტრი ვალდებულია კომისიის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით კომისიის გამოკლებული წევრის ნაცვლად დაინიშნოს ახალი წევრი.

2.8. კომისიის მუშაობის წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს განათლების მინისტრი.

2.9. კომისიის შექმნიდან 10 დღის ვადაში განათლების მინისტრი ვალდებულია მოიწვიოს კომისიის პირველი სხდომა, რომელიც აირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს.

2.10. კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ განათლების მინისტრის, კომისიის თავმჯდომარის (მისი არყოფნისას მოადგილის) მოწვევით.

2.11. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრების ნახევარი მაინც, მაგრამ წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მესამედი.

2.12. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოთა სამმართველოს თანამშრომელი.

2.13. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე (მისი არყოფნისას მოადგილე).

2.14. კომისიის წევრთა მუშაობის ანაზღაურების საკითხს წყვეტს განათლების მინისტრი.

    მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება

3.1. სახელმძღვანელოთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს განათლების მინისტრი. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3.2. განათლების მინისტრი კონკურსს აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ერთი კლასის ერთი საგნისათვის არსებობს სამზე ნაკლები სახელმძღვანელო, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად მინიჭებული აქვს "სახელმძღვანელოს" გრიფი;

ბ) ერთი კლასის ერთი საგნისათვის არსებობს ამ დებულების შესაბამისად გრიფმინიჭებული სამი სახელმძღვანელო, მაგრამ გრიფის მოხსნამდე დარჩენილია არა უმეტეს ერთი სასწავლო წელი.

3.3. განცხადებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

ა) ამ დებულებით დადგენილი საკონკურსო მასალების წარდგენის ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 60 დღეზე ნაკლები განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

ბ) რომელი კლასის, რომელი საგნის და რამდენ სახელმძღვანელოზე ცხადდება კონკურსი.

გ) სსკ-ის ადგილსამყოფელი.

    მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობა

4.1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ეწევიან საგამომცემლო საქმიანობას და რეგისტრირებულნი არიან საქართველოში. (შემდგომში გამომცემლობა).

4.2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოცემლობამ სსკ-ში უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სახელმძღვანელოთა კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) გამომცემელსა და სახელმძღვანელოს ავტორს (ავტორების ჯგუფს) შორის დადებული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) სახელმძღვანელოს შედგენის ძირითადი პირიციპები და აგებულება;

დ) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შედგენილი საკითხების ჩამონათვალი საათების სავარაუდო განაწილებით;

ე) გამომცემლების შესახებ სრული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან გამომცემლობის ფინანსური ანგარიშის გასული წლის შემოწმების (აუდიტის) დამადასტურებელი საბუთების ასლი, ცნობები ავტორის შესახებ;

ვ) სახელმძღვანელოს ორი თემატური პარაგრაფი, შესაბამისი საკონტროლო კითხვებისა და დავალებების მეთოდიკურად გამართული ბლოკი, რვაგვერდიანი ნიმუში-ნაბეჭდი, ილუსტრირებული გაფორმებული, რომელიც წარმოდგენას შექმნის წიგნის დასრულებული სახის შესახებ;

ზ) წიგნის მაკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ნაბეჭდის ზომა, სტილი, საბეჭდი ქაღალდის ნიმუში, ყდა, აკინძვის წესი.

4.3. საკონკურსო შემოსულ ყველა ნიმუშს განიხილავს სსკ და გადასცემს საგნობრივი ექსპერიტიზის საბჭოებს;

4.4. საგნობრივი ექსპერტიზის საბჭოები იქმნება ექსპეტრთა გამოკითხვის წესით. გამოკითხვა გრძელდება მანამ, სანამ არ შეირჩევა ხუთი წევრი მაინც.

4.5. ექსპერტების საბჭოს მუშაობის წესს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.

4.6. ექსპერტების საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებული პარამეტრების მიხედვით აფასებენ საკონკურსო მასალას და გადარჩეული გამომცემლობების სიას წარუდგენენ სსკ-ს. სსკ საუკეთესო გამომცემლებს იწვევს მთლიანი სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების წარმოსადგენად. წარმოდგენის ვადას ადგენს სსკ. ვადა არ შეიძლება იყოს 60 დღეზე ნაკლები.

4.7. ექსპერტთა საბჭოები ადგენენ წარმოდგენილი სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების რანჟირებას და წერილობით დასკვნას წარუდგენენ სსკ-ს. სსკ, ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, ავლენს გამარჯვებულ გამომცემლობებს. იმ შემთხვევაში, თუ სსკ-ის გადაწყვეტილება არ დაემთხვა საექსპერტო რანჟირების საერთო შედეგს სსკ რეანჟირების საკითხს განიხილავს ექსპერტებთან ერთად. თუ ამის შემდეგ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, სადავო მასალები საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დამატებითი ექსპერტიზისათვის გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც ირჩევს განათლების მინისტრი და რომლის დასკვნის საფუძველზეც იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 5. სახელმძღვანელოების შედგენის ძირითადი მოთხოვნები

5.1. გამომცემლებს შეუძლიათ საკონკურსოდ წარმოადგინონ როგორც ორიგინალური, ასევე გადმოქართულებული (საქართველოს პირობებთან ადაპტირებული) და კომპილაციის წესით შედგენილი სახელმძღვანელოები.

5.2. სახელომძღვანელოები უნდა შეესაბმებოდეს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს.

5.3. სახელმძღვანელოს თან უნდა ახლდეს მასწავლებლებისათვის განკუთვნილი სარეკომენდაციო მასალა.

5.4. სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს;

-სახელმძღვანელო არ უნდა იყოს გადატვირთული ინფორმაციული მასალით, უნდა იწვევდეს მოსწავლეთა ინტერესს;

- დაწერილი უნდა იყოს გამართული ენით, შეეფერებოდეს შესაბამისი ლიტერატურული ენის მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს;

- აღჭურვილი უნდა იყოს ცოდნის განმტკიცებისა და თვითშეფასებისათვის საჭირო მასალით;

- გაფორმება, დიზაინი და პოლიგრაფიული დონე უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.

    მუხლი 6. საკონკურსო სახელმძღვანელოთა აპრობაციის რეგლამენტი და  გრიფის მინიჭება

6.1. გამარჯვებული სახელმძღვანელო იგზავნება საპილოტო სკოლებში და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გადის აპრობაციას. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ახლდეს მასწავლებლისათვის განკუთვნილი ავტორისეული სარეკომენდაციო მასალა.

6.2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რაოდენობას და ნუსხას, რომლებშიც ჩატარდება სახელმძღვანელოთა აპრობაცია, ამტკიცებს განათლების მინისტრი. დაწესებულებათა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

6.3. ერთ სასწავლებელში შეიძლება ჩატარდეს ერთი და იმავე დასახელების მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს აპრობაცია.

6.4. აპრობაციის ჩატარების ორგანიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროებისა და თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

6.5. ავტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამზადებელი სემინარების ჩატარებას იმ მასწავლებელთათვის, რომლებსაც დაევალათ აპრობაციის ჩატარება.

6.6. აპრობაციისათვის შერჩეული სასწავლო დაწესებულება და პედაგოგი აპრობაციის დასრულების შემდეგ შეაფასებს სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს სააპრობაციო პარამეტრების მიხედვით და დასკვნის სახით წარუდგენს სსკ-ს. სააპრობაციო პარამეტრებს შეიმუშავებს ექსპერტთა საბჭო და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

6.7. აპრობაციის შემდეგ გამოთქმული რეკომენდაციებისა და შენიშვნების საფუძველზე გადამუშავებულ სახელმძღვანელოს (თუ გამომცემლობა საჭიროდ მიიჩნევს გადამუშავებას) გამომცემლობა სსკ-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენენ საკონკურსო კომისიას. სახელმძღვანელოს უნდა დაერთოს გამომცემლობის წერილი, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომელი რეკომენდაციები და შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, რომელი არ იქნა გათვალისწინებული და რატომ და პირვანდელი ტექსტის რომელი ნაწილები შეიცვალა.

6.8. წარმოდგენილი სახელმძღვანელოები დასკვნებთან ერთად გადაეცემა ექსპერტთა საბჭოს. ექსპეტრები სააპრობაციო პარამეტრების მიხედვით შეფასებულ სახელმძღვანელოებს წერილობით დასკვნასთან ერთად წარუდგენენ სსკ-ს.

6.9. აპრობაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სსკ. სახელმძღვანელო, რომელმაც სსკ-ს დასკვნით წარმატებით გაიარა აპრობაცია, "სახელმძღვანელოს" გრიფის მინიჭების მიზნით სსკ-ის დასკვნიდან 10 დღის ვადაში წარედგინება განათლების მინისტრს.

6.10. აპრობაციის შედეგად შერჩეულ სახელმძღვანელოებს საქართველოს განათლების მინისტრის განკარგულებით წარდგენიდან 15 დღის ვადაში ენიჭება "სახელმძღვანელოს" გრიფი და მათი ნუსხა 10 დღის ვადაში ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. სახელმძღვანელოსათვის მინიჭებული გრიფი ძალაშია ხუთი სასწავლო წლის განმავლობაში.

6.11. განათლების სამინისტრო ვალდებულია, ახლად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს საკუთარი საინფორმაციო საშუალებებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

6.12. განათლების მინისტრს უფლება აქვს გრიფი მოხსნას ვადამდე:

ა) თუ გრიფის მინიჭების შემდეგ ცნობილი გახდება, რომ დაირღვა კონკურსის ჩატარების დადგენილი წესი, ადგილი ჰქონდა პროტექციას;

ბ) თუ შეიცვალა სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი;

გ) არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

6.13. განათლების მინისტრი ვალდებულია გრიფის ვადის გასვლამდე ერთი სასწავლო წლით ადრე, ხოლო გრიფის ვადამდე მოხსნის შემთხვევაში მოხსნიდან არა გვიანეს 60 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი ამ დებულებებით დადგენილი წესით. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს გამომცემლობას იმ სახელმძღვანელოთი, რომელსაც გასდის გრიფის ვადა.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

7.1. იმ სახელმძღვანელოს, რომელსაც გრიფი მინიჭებული აქვს ამ დებულების ძალაში შესვლამდე, გრიფი შეიძლება მოეხსნას განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით:

ა) ნებისმიერ დროს;

ბ) ამ დებულების შესაბამისად კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭებისას.

7.2. ამ დებულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი ვადა პირველი კონკურსის გამოცხადებისას შეიძლება იყოს 60 დღეზე ნაკლები.