განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ

  • Word
განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 22/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.001.417
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3156
05/12/2003
სსმ, 32, 22/12/2003
300.250.000.05.001.001.417
განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/03/2010 - 08/04/2010)

საქართველოს კანონი

 განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და მის საფუძველზე ამ ობიექტების საიმედო და უსაფრთხო მშენებლობისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში და ადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვალდებულებებს ამ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საინჟინრო-გეოდეზიური საქმიანობა – განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვებების მეთოდების გამოყენებით განხორციელებული საქმიანობა;

ბ) საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლი – განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად მაღალი სიზუსტის სისტემური, გეგმაზომიერი გეოდეზიური დაკვირვება მათი მშენებლობისა და ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.

თავი II

ძირითადი დებულებანი

    მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს განეკუთვნება ის ობიექტები (შენობა-ნაგებობები), რომლებიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ტერიტორიულ-სივრცით მოწყობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეკონომიკაზე, გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.

2. ამ კანონის მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებია:

ა) მაგისტრალური მილსადენები, გაზსადენები და წყალსადენები;

ბ) მაგისტრალური საავტომობილო გზები (I და II კატეგორია);

გ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები (35 კვტ და მეტი) და ქვესადგურები (110 კვტ და მეტი);

დ) ჰიდრო, თბო- და ატომური ელექტროსადგურები;

ე) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები;

ვ) რკინიგზისა და მეტროპოლიტენის შენობა-ნაგებობები;

ზ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობები, ტელე- და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძები;

თ) წყალსაცავი და სამელიორაციო ნაგებობები;

ი) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები;

კ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;

ლ) აეროვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის ვაგზლების, რკინიგზის სადგურების, ავტოსადგურების, საზღვაო ვაგზლებისა და საზღვაო პორტების შენობა-ნაგებობები;

მ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ნ) სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების შენობა-ნაგებობები;

ნ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობა-ნაგებობები;(ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

ო) სპორტული შენობა-ნაგებობები 5 ათას და მეტ მაყურებელზე;

პ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);

ჟ) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობა-ნაგებობები;

რ) ყველა სახის სახელმწიფო თეატრის, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ს) სახელმწიფო ბიბლიოთეკების, არქივებისა და მუზეუმების შენობა-ნაგებობები;

ტ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები;

უ) სასტუმროების, სანატორიუმებისა და სამედიცინო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები 300 და მეტ ადგილზე;

ფ) ბანკებისა და ბირჟების შენობა-ნაგებობები.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2705-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.71

    მუხლი 5. საინჟინრო-გეოდეზიური საქმიანობისა და კონტროლის განხორციელება

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოდეზიურ საქმიანობას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მათი უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელება.

3. საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მათი მშენებლობისა და ექსპლუატაციის მთელ პერიოდში ხორციელდება სისტემური, გეგმაზომიერი, მაღალი სიზუსტის საინჟინრო-გეოდეზიური დაკვირვებები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3480 სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.234

    მუხლი 6. საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოდეზიურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური კვლევის ცენტრი, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების წესით და რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი.

    მუხლი 7. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) ვალდებულებები

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:

ა) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების დაცვის ორგანიზება;

ბ) უზრუნველყოს ობიექტის საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური კვლევის ცენტრთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 8. საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების საფასური

საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური კვლევის ცენტრი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად.

    მუხლი 9. სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების დაცვაზე

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან:

ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ ობიექტების უსაფრთხოების კრიტერიუმები და დაცვის წესები;

ბ) მონაწილეობა მიიღონ ობიექტების საექსპლუატაციოდ მიმღები სახელმწიფო კომისიის მუშაობაში, შეათანხმონ ობიექტების ექსპლუატაციის წესები;

გ) კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვის მდგომარეობა;

დ) მოითხოვონ გეოდეზიური კვლევის ცენტრისაგან ობიექტებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის დასკვნების წარდგენა;

ე) უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

    მუხლი 10. კონფიდენციალურობა

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლით გათვალისწინებული საქმიანობის მონაწილე პირებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში მიღებული ან მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებით და მონაცემებით სარგებლობა ხდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი

ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში:

ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა საინჟინრო-გეოდეზიური საქმიანობის განხორციელების საფასურის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე;

ბ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ უზრუნველყოს საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცება.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი (გარდა ამ კანონის მე-12 მუხლისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ.

2. ამ კანონის მე-12 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3156-Iს

 

 1.საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3480 სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.234

  2. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2705-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.71