სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 01/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
134
26/03/2002
სსმ, 31, 01/04/2002
000000000.00(0).000.000000
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/04/2002 - 22/08/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №134

2002 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლებისა და სოციალური მოწყობის პრობლემები, გაწეული დიდი მუშაობის მიუხედავად, დღემდე გადაუჭრელია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, იმერეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციისა და ახალ საცხოვრებელ ადგილებში მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილის ისტორიულ სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესმა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკურ, ეროვნულ-დემოგრაფიულ მდგომარეობასა და სოციალურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებიდან დღევანდელი მდგომარეობით 6000-ზე მეტი ოჯახია უკვე წასული.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლებისათვის სათანადო ხელშემწყობი გარემოს შექმნის, ეკოლოგიურ მიგრანტთა სოციალურ-სამართლებრივი პირობების გაუმჯობესების, ადგილებზე სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის, მომავალში ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სახელმწიფო დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე

აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკოლოზ ბერაძე – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

კალისტრატე გოცაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკოლოგიური მიგრაციის სამმართველოს უფროსი, სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

თემურ ინაიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინა­გან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუ­ა­ცი­ე­ბისა და სამოქალაქო თავდაცვის სამ­მართველოს უფროსი

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

თეიმურაზ მოსიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

ილია ჭრელოშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფ­რო­სის მოადგილე

თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამთავრობო კომისიამ:

ა) განიხილოს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რე­ა­ბილიტაციის, განსახლების, ადაპტაცია-ინტეგრაციის მოკლე და გრძელვა­დი­ანი სახელმწიფო პროგრამის პროექტები, განსაზღვროს მათი განხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) განიხილოს „წალკისა და ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შესაძენად თანხის გამოყოფის შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ნოემბრის №021 განკარგულების შეს­რუ­ლების მიმდინარეობა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების სამინისტროს მიერ მომზადებული „წალკისა და ნინოწმინდის რაიო­ნების მოსახლეობისაგან საცხოვრებელი სახლების (ბინების) სახელმ­წიფო შეს­ყიდ­ვების სახელმწიფო პროგრამის“ პროექტი და მოამზადოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად;

გ) შეიმუშაოს წინადადებები ჩასახლების რეგიონებში სახელმწიფო სარეზერვო საბინაო ფონდის შექმნის შესახებ;

დ) მოამზადოს კონკრეტული წინადადებები სახელმწიფო პროგრა­მე­ბის დაფინანსებისა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი მმართ­ვე­ლო­ბი­სა და თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო ორგა­ნი­­ზაცი­ების, ასევე იურიდიული და ფიზიკური პირების შესაძლო მონაწილე­ობის შესახებ;

ე) პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში მთავრობის სხდომას გაწეული მუშაობის შესახებ.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტს (თ.გაზდელიანი) და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს (გ.კვარაცხელია) მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო კომისიის საქმიანობაში.

4. დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზ­ნით სამთავრობო კომისიასთან შეიქმნას დაინტერესებული სამინის­ტროების, უწყებების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაცი­ების და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მ.ხერგიანმა.

5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ.ვაშაკიძე).

ა) მოქმედი კანონმდებლობისა და სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოს სტიქიასაშიში ზონებიდან ყოველწლიურად ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ოჯახების მუდმივ საცხოვრებლად განსახლების ორგანიზება უკვე არსებული, ეკოლოგიური მიგრანტებისთვის განკუთვნილი აუთვისებელი საბინაო ფონდისა და წალკის, ნინოწმინდის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და სხვა რაიონებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი სახლების ბაზაზე;

ბ) 2002 წლის პირველ ნახევარში დაასრულოს რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის შესწავლის მიზნით მონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები და სამთავრობო კომისიას წარუდგინოს მათი საცხოვრებელი სახლებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების მოკლევადიანი სახელმწიფო პროგრამის პროექტი;

გ) საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით პირველ რიგში იზრუნოს ვაგონებსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებში დროებით განთავსებული ოჯახებისა და სასწავლო დაწესებულებების საჭირო ფართით ეტაპობრივად უზრუნველყოფისათვის;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს ნორმატიული აქტები ეკოლოგიური მიგრანტის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი ძირითადი კრიტერიუმების, ასევე მათთვის განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლების ხელახალი განკარგვის წესის შესახებ;

ე) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგნოზო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 დეკემბრის №711 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის, განსახლების, ადაპტაცია-ინტეგრაციის ყოველწლიური სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და ინდიკატიურ გეგმებში გათვალისწინება;

ვ) საქართველოს კანონით „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში გაწეული ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიზნობრივად მოახმაროს შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი):

ა) 2002 წელს უზრუნველყოს „წალკისა და ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შესაძენად თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ნოემბრის №021 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო პროგრამაში გაწერილი გრაფიკის მიხედვით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის თანხების ეტაპობრივად ჩარიცხვა;

ბ) სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის, განსახლების, ადაპტაცია-ინტეგრაციის დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს განსახორციელებელი სამუშაოების პრიორიტეტული დაფინანსება.

7. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი);

ა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკოლოგიურ მიგრანტთა განსახლების რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად აწარმოოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის შერჩეული საბინაო ფონდის ინვენტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა (ნ.ჩხობაძე) და საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშაოს სტიქიასაშიშ ზონებში დასახლებული პუნქტების გარემომცველი ბუნებისა და ტერიტორიების ეკოლოგიური მდგრადობის განმტკიცებისა და მოსახლეობის ადგილზე დამაგრების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ნუსხა.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.ნარჩემაშვილი) უზრუნველყოს ეკოლოგიურ მიგრანტთა ჩასახლების რაიონებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს მოქალაქეობის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შეუფერხებლად გაცემა.

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ.გილიგაშვილი) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს შესყიდული საცხოვრებელი სახლების (ბინების) სტიქიით დაზარალებულ ეკოლოგიურ მიგრანტთა ოჯახებზე გადაცემისათვის საჭირო ხელშეკრულების პირობები და ფორმა.

10. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ.ჯანელიძე):

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაწილეობით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე აწარმოოს სტიქიასაშიშ და განსახლების რეგიონებში საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირებითი, შეფასებითი და სხვა სახის გამოკვლევები;

ბ) შეარჩიოს და განსაზღვროს ქვეყნის მასშტაბით სტიქიასაშიშ ზონებიდან მეწყერის, ღვარცოფების, ზვავების, წყალდიდობების და სხვა ბუნებრივი თუ ტექნოგენური ხასიათის მოვლენებისაგან მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილების მიზნით სასწრაფოდ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ოჯახები და ამ პროცესს მიეცეს მუდმივმოქმედი, გეგმური ხასიათი. აღნინულის შესახებ რეკომენდაციები ყოველწლიურად წარუდგინოს სამთავრობო კომისიას;

გ) დროულად გასცეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები სტიქიასაშიში ზონებიდან მათი განსახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

11. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გეგეჭკორი) ეკოლოგიურ მიგრანტთა განსახლების რაიონების ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიწათსარგებლობის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებები და წარუდგინოს სამთავრობო კომისიას.

12. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკოლოგიური მიგრანტების განსახლებას, მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების შეუფერხებლად წარმართვას, ამასთან განსახლების სახელმწიფო ღონისძიებებით ჩასახლებულ ეკოლოგიურ მიგრანტთა ოჯახებისათვის განახორციელონ მიწათსარგებლობის სფეროში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის „მ“ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.

13. ეკოლოგიური მიგრანტების განსახლების რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა დროულად უზრუნველყონ მუდმივ საცხოვრებლად ჩასახლებული სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის არსებული მიწის სახელმწიფო-სარეზერვო ფონდებიდან მიწის ფართობების გამოყოფა და კერძო საკუთრებაში გადაცემა კანონით დადგენილ ნორმებში.

14. ეთხოვოთ საქტელერადიოკორპორაციას (ზ. შენგელია) და გაზეთების „საქართველოს რესპუბლიკასა“ (ა.სანებლიძე) და „სვობოდნაია გრუზიას“ (ტ. ლასხიშვილი) რედაქციებს უზრუნველყონ „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული გაშუქება.

15. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „1987 წლის შემდგომ პერიოდში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №67 ბრძანებულების მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები.

ე. შევარდნაძე