საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესახებ

  • Word
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
667
17/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/11/1997 - 29/07/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №667

1997 წლის 17 ნოემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის № 467 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროს; პასუხს აგებს მინდობილი დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის. იგი სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და დასახულ სხვა ამოცანათა გადაწყვეტის მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

5. სამინისტროს მმართველობის სისტემაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროები, რეგიონალური და ადგილობრივი სამსახურები.

6. სამინისტროს მმართველობის სფეროს მიეკუთვნება: დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის გეგმების შემუშავება; მათი საქმიანობისათვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ოპერატიული მართვა; არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების საშტატო ნუსხის შემუშავება და მოხელეთა სწავლების ორგანიზაცია.

7. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. მას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სამინისტროს სახელწოდებით და დასრულებული ბალანსი.

8. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, 380008,რუსთაველის გამზირი №28.

II. სამინისტროს ამოცანები

9. სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზაცია, ადაპტაცია-ინტეგრაციის პირობების შექმნა და სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა;

ბ) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა და მათთვის სათანადო სტატუსის მინიჭება;

დ) ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ორგანიზაცია-ხელშეწყობა და სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;

ე) მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ვ) დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;

თ) საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

III. სამინისტროს ფუნქციები

10. სამინისტროს ფუნქციებია:

ა) თავისი ძირითადი ამოცანების ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმებისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზაცია;

დ) მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი შესრულების კონტროლი;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და მიგრაციული კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;

ვ) ლტოლვილთა, დევნილთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ორგანიზაცია და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.

IV. სამინისტროს უფლებამოსილებანი

11. სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;

ბ) გასწიოს მიგრაციის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობა და აღძრას სათანადო ორგანოებში უკანონო მიგრანტთა გაძევების საკითხი;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული ხასიათის აქტები და მოითხოვოს მათი შესრულება;

დ) დასახული ამოცანების გადაწყვეტისათვის გაანაწილოს მიზნობრივად გამოყოფილი ფინანსური სახსრები და მატერიალური საშუალებები, იყოს მენაშენე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მშენებარე ობიექტების ინსპექტირება;

ე) დასახული ამოცანების განხორციელებისას კოორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ზ) განიხილოს მოქალაქეთა და მიგრანტთა წერილები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;

თ) დასახული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შექმნას სხვადასხვა სამსახური, ფონდები და სხვა ორგანიზაციები;

ი) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, საქველმოქმედო აქციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

კ) ჰქონდეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო.

V. მინისტრი

12. სამინისტროს ხელმძღვანელობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

13. მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;

დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით;

ე) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;

ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოხელეებს;

ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

თ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ი) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;

კ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;

ლ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

მ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს დებულებას, ადგენს მათ სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

ნ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;

პ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

რ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ს) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

უ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. მინისტრი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნოს აღნიშნული თანამდებობის პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

14. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

VI. მინისტრის მოადგილეები

 15. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე,რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

16. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

17. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას.

18. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

VII. სამინისტროს სტრუქტურა

19. სამმართველო (დეპარტამენტი, სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

20. სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სამსახურები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

21. სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობას მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში (დეპარტამენტში, სამსახურში) მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს სამმართველოს (დეპარტამენტს, სამსახურს) საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

22. სამმართველო (დეპარტამენტი, სამსახური) შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ბიუროებად, სპეციალურ სამსახურებად, რომელთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ისინი უშუალოდ ემორჩილებიან სამმართველოს (დეპარტამენტის, სამსახურის) უფროსს.

23. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამმართველო;

ბ) გარე მიგრაციის სამმართველო;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამმართველო;

დ) ეკოლოგიური მიგრაციის სამმართველო;

ე) რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) რეპატრიაციის სამსახური;

თ) საფინანსო სამმართველო;

ი) ადმინისტრაციული სამმართველო;

კ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მთავარი სამმართველო;

ლ) სამეგრელოს რეგიონალური სამმართველო;

მ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო.

24. ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ქვეყნის ფარგლებს გარედან იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება და სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვაში ხელშეწყობა.

25. გარე მიგრაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; იმიგრაციული კვოტის განსაზღვრაში მონაწილეობა; მიგრანტთა კატეგორიების დადგენა და სტატუსის მინიჭება; შრომითი და საგანმანათლებლო მიგრაციის რეგულირებაში მონაწილეობა; ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; გარე მიგრაციის სფეროში სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

26. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზაცია; დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; დევნილთა დაბრუნების ორგანიზაცია და რეაბილიტაცია-რეადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა.

27. ეკოლოგიური მიგრაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ბუნებრივი სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა, სტიქიასაშიში და დემოგრაფიულად გაჯერებული რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და შესაბამისი პროგრამების პროექტების მომზადება, ეკოლოგიურ მიგრანტთა კატეგორიების დადგენა, დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრების ან გადაადგილების შემთხვევაში მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

28. რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და სტატუსის მინიჭება; მიგრაციის საინფორმაციო ბანკის შექმნა, ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

29. მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების აღრიცხვა, რეგულირება და კონტროლი; იმიგრაციული კვოტის დაცვა, მიგრანტთა ინსპექტირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთა და სათანადო რეაგირება.

30. რეპატრიაციის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება.

31. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროში საბუღალტრო ანგარიშის წარმართვა, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული დაწესებულებების სახელმწიფო ქონების აღრიცხვა, სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების საფინანსო საქმიანობის კონტროლი.

32. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროში საქმისწარმოების, საკადრო და სამეურნეო მუშაობის ორგანიზაცია.

33. რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელება განსაზღვრულ რეგიონში.

VIII. მინისტრის სათათბირო ორგანოები

34. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას საბჭოები და კომისიები (შემდგომში – საბჭო) სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

35. საბჭოს შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.

36. საბჭო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფები.

37. საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. საბჭოს მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

38. თუ საბჭოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს საბჭოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

39. საბჭოს საქმიანობასა და საბჭოს სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს საბჭოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საერთო განყოფილება.

40. საბჭო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები.

41. საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

42. საბჭოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.

IX. სამინისტროს სიმბოლიკა

43. სამინისტროს აქვს მრგვალი 50-მილიმეტრიანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს არის წარწერა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

44. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

45. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე.

46. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

47. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

X. სამსახურებრივი ზედამხედველობა

 48. მინისტრი კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს, სამინისტროს მმართველობაში არსებულ დაწესებულებების თანამდებობის პირებისა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების პირების აქტებსა და მოქმედებას.

49. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

50. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.