დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 618 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 02/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/11/1997 - 01/10/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №618
1997 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანდართული რეგლამენტი.
ე. შევარდნაძე
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დროებითი რეგლამენტი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს.
იუსტიციის საბჭო საქმიანობის ყველა სფეროში იცავს კოლეგიალობის პრინციპს.
თავი I
იუსტიციის საბჭოს დანიშნულება, შემადგენლობა და საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა
მუხლი 1. იუსტიციის საბჭოს დანიშნულება
საქართველოს იუსტიციის საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანაწმდებობიდან გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 2. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა და შექმნის წესი
1. საქართველოს იუსტიციის საბჭო შედგება თორმეტი წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.
2. იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ოთხ წევრს, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენელი.
მუხლი 3. იუსტიციის საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები
იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიუდი განათლება.
მუხლი 4. იუსტიციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა
1. ამ რეგლამენტის მე- 2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა სამი წელია. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად ზედიზედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ ორჯერ. იუსტიციის საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არაუადრეს ოცდაათი და არაუგვიანეს შვიდი დღისა იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
2. იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა უფლებამოსილების ვადა, რომლებიც თავიანთი თანამდებობით შედიან იუსტიციის საბჭოში, განისაზღვრება ამ თანამდებობაზე მათი ყოფნის ვადით.
მუხლი 5. იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დაწყება
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების, როგორც საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე, შემდგომში კი – პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ გამწესების დღიდან.
2. იუსტიციის საბჭოს დანარჩენი წევრების უფლებამოსილება იწყება მათი იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის ან დანიშვნის დღიდან.
3. თუ იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდება მომდევნო სამუშაო დღის 18 საათზე.
მუხლი 6. იუსტიციის საბჭოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიები
1. ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის (თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი) თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
საბჭოს მდივანი – 290 ლარი
საბჭოს წევრი – 275 ლარი
2. იუსტიციის საბჭოს წევრს მიეცემა დანამატი უცხო ენის ცოდნისათვის, წელთა ნამსახურებისა და საკლასო ჩინისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით.
3. იუსტიციის წევრობის უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიურად მიეცემათ მათ 120 ლარი, რომელიც არ იბეგრება.
4. საქართველოს იუსტიციის წევრს ყოველკვარტალურად ეძლევა პრემია შრომის ანაზღაურების სრული ოდენობით.
5. საქართველოს იუსტიციის საბჭოს იმ წევრისათვის, რომელთაც თბილისში არ აქვს ბინა. უფლებამოსილების პერიოდში ბინის დაქირავებისათვის საქართველოს იუსტიციის საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოფა 200 ლარი. ამ პირთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.
6. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას მიეცემა მატერიალური დახმარება, მისი ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
7. საზღვარგარეთ მივლინებისას საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანს და წევრებს მიეცემათ დანამატი, შესაბამისად, დღიური ანაზღაურების 40 და 30 პროცენტი.
8. დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრისათვის შრომის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
მუხლი 7. იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
იუსტიციის საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო.
თავი II
საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება
მუხლი 8. საკითხები, რომელთაც იუსტიციის საბჭო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს
1. საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს
ა) რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო სასამართლოებში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას, ასევე, მოსამართლეთა რაოდენობას სააპელაციო სასამართლოების სასამართლო კოლეგიებში;
ბ) წინადადებებს საოლქო და სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიის შესახებ;
გ) კონკურსის საფუძველზე შერჩეულ რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატურებს, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატურებს;
დ) რეკომენდაციებს საერთო სასამართლოს 65 წლის ასაკს მიღწეულ მოსამართლეთა (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) უფლებამოსილების ვადის 2 წლით გაგრძელების შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში;
ე) წინადადებებს რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე, ამ სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვასა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შესახებ მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას;
ვ) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;
ზ) საერთო სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებით შედგენილ საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატის სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას;
თ) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ი) რეკომენდაციები მოსამართლეთა წახალისების შესახებ;
კ) წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;
ლ) იუსტიციის საბჭოს რეგლამენტს, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის დებულებას, გამოცდების მოწყობის წესს, საკვალიფიკაციო – საგამოცდო პროგამისა და კონკურსის დებულებას;
მ) წინადადებებს მოსამართლეთა თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებისა და ჩაცმულობის ფორმის შესახებ;
ნ) წინადადებებს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტში, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისა და კონკურსის დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ო) მოსამართლის ფიცის ტექსტს.
2. ამ მუხლის „ა“, “ბ“, „გ“, „დ“, „ზ“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე იუსტიციის საბჭო ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს, ხოლო „ვ“, „ი“ და „კ“ პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს.
მუხლი 9. საკითხები, რომლებსაც იუსტიციის საბჭო წარუდგენს სხვა ორგანოებსა თუ დაწესებულებებს
1. საქართველოს იუსტიციის საბჭო
ა) საოლქო სასამართლოებს წარუდგენს საოლქო სასამართლოების სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას;
ბ) სააპელაციო სასამართლოებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოების სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებს წარუდგენს ამ სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შესახებ მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას;
ე) საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს, ასევე, შეიმუშავებს წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით;
ვ) უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
2. ზემოაღნიშნულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის საბჭო დასახლებულ ორგანოებსა თუ დაწესებულებებს მიმართავს შესაბამისი წერილით.
მუხლი 10. საკითხები, რომლებიც დასამტკიცებლად არ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს ან სხვა ორგანოებს
1. საქართველოს იუსტიციის საბჭო ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებში აღნიშნული ფუნქციების გარდა:
ა) რაიონულ (ქალაქის) სასამართლოში (სადაც ორი ან მეტი მოსამართლეა) განსაზღვრავს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას;
ბ) ვაკანსიის წარმოშობისთანავე აცხადებს კონკურსს მოსამართლის თანამდებობაზე. აწარმოებს კანდიდატთა რეგისტრაციას და ატარებს კონკურსს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ატარებს ხელახალ კონკურსს;
გ) აღძრავს დისციპლინურ დევნას მოსამართლეთა მიმართ შრომის დისციპლინის დარღვევის, აგრეთვე, საქმის განხილვის, სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო. ამ საკითხის მოსამზადებლად ქმნის კომისიას იუსტიციის საბჭოს 2 წევრის და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საამისოდ დანიშნული სპეციალისტებისაგან 2 წარმომადგენლის შემადგენლობით;
დ) ადგენს მოსამართლეთა მიმართ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების მიერ დისციპლინური დევნის აღძვრის წესს.
ე) განსაზღვრავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სასამართლოებისათვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების თანხმობით.
ვ) ეთანხმება ან უარყოფს იუსტიციის საბჭოს მდივნის მიერ იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეების დანიშვნასა და გათავისუფლებას;
ზ) განიხილავს რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო სასამართლოების, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს სასამართლო პრაქტიკისა და მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების შესახებ, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს უფლებამოსილების ფარგლებში:
თ) განიზილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
ი) ისმენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს;
კ) ამტკიცებს მოსამართლის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო პერსონალის სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას.
2. ზემოაღნიშნულ საკითხებზე იუსტიციის საბჭო იღებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას.
მუხლი 11. იუსტიციის საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი
1. კანონით გათავალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად იუსტიციის საბჭო:
ა) განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებსა და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის, მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე;
გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების რეგლამენტისა და საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის დებულების შესახებ;
დ) შეიმუშავებს მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად დაედება მოსამმართლეთა ეთიკის კოდექსს;
ე) საბჭოს ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად ქმნის დროებით კომისიებს;
ვ) ახორციელებს კანონიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას.
2. ზემოაღნიშნულ საკითხებზე იუსტიციის საბჭო ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ან განკარგულების პროექტს, ან იღებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას.
თავი III
საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის საბჭო
მუხლი 12. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება
საქართველოს პრეზიდენტი
ა) ნიშნავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს;
ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს საქმიანობას: ამტკიცებს იუსტიციის საბჭოს სამუშაო გეგმებს;
გ) შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შესამუშავებლად იუსტიციის საბჭოს წინაშე აყენებს ნებისმიერ საკითხს, რაც იუსტიციის საბჭოს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებთან არის დაკავშირებული;
დ) იწვევს იუსტიციის საბჭოს სხდომას ან სხდომის მოწვევას ავალებს იუსტიციის საბჭოს წევრს;
ე) თავმჯდომარეობს იუსტიციის საბჭოს სხდომას ან კანონით დადგენილი წესით თავმჯდომარეობას ავალებს იუსტიციის საბჭოს წევრს;
ვ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს აძლევს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამ რეგლამენტის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებზედაც გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დელეგირებულია იუსტიციის საბჭოზე. აგრეთვე, აყენებს ამ საკითხებზე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებათა გადასინჯვის საკითხს;
თ) ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ და კანონიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 13. გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა
1. რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები არ არის პრეზიდენტისათვის სავალდებულო. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს ის და ამასთან, არ დაასაბუთოს უარყოფითი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევებში იუსტიციის საბჭო ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს სხვა წინადადებები.
2. იუსტიციის საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხი, თუ ამას მის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი დააყენებს.
თავი IV
იუსტიციის საბჭოს სხდომა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 14. სხდომის მოწვევის რეგულარობა
იუსტიციის საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.
მუხლი 15. სხდომის მოწვევის უფლებამოსილება
1. იუსტიციის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი.
2. იუსტიციის საბჭოს წევრი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით.
მუხლი 16. იუსტიციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – შემდეგი თანმიმდევრობით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი იუსტიციის საბჭოს წევრები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი
მუხლი 17. ქვორუმი და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობა
1. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. დღის წესრიგის საკითხებს საბჭოს ახსენებს იუსტიციის საბჭოს წევრი. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თანამომხსენებელიც.
2. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე.
3. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.
მუხლი 18. იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საკითხთა განხილვის წესი
1.იუსტიციის საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კამათში და გამოთქვას მოსაზრება დღის წესრიგის ყველა საკითხზე.
2. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა წინასწარი შეთანხმებით იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მოწვეული იყოს გარეშე პირი. მოწვეული პირი არ შეიძლება დაესწროს კამათს და კენჭისყრას.
მუხლი 19. კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე
1. კენჭისყრა ღიაა.
2. კენჭისყრაში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს.
მუხლი 20. იუსტიციის საბჭოს დოკუმენტები
1. იუსტიციის საბჭოს დოკუმენტებს შეადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ან განკარგულების პროექტი, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება და წერილი.
2. დოკუმენტებში იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება აისახოს გადაწყვეტილების მოტივები.
3. საქართველოს პრეზიდენტისათვის მომზადებულ ბრძანებულების ან განკარგულების პროექტს და გადაწყვეტილებას შეიძლება დაერთოს იუსტიციის საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრის განსხვავებული აზრი.
მუხლი 21. იუსტიციის საბჭოს დოკუმენტებზე ხელმოწერა
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას და წერილს ხელს აწერს იუსტიცის საბჭოს მდივანი. მისი არყოფნის შემთხვევში – იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 22. იუსტიციის საბჭოს დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გადაგზავნა
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დოკუმენტების ასლები შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას, საქართველოს პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში – სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იმ პირებს, ვისაც ეს დოკუმენტი პერსონალურად ეხება.
მუხლი 23. იუსტიციის საბჭოს სხდომის ოქმი
1. იუსტიციის საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი, ხოლო საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელია იუსტიციის საბჭოს მდივანი. ოქმის შედგენას საბჭოს მდივანი ავალებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს.
3. ოქმში უნდა აისახოს, თუ ვის მიერ იქნა სხდომა მოწვეული, სხდომის მოწვევის თარიღი, დაწყების დრო და ხანგრძლივობა, სხდომის მონაწილეთა და თავმჯდომარის ვინაობა, საკითხის მომხსენებლისა და კამათში მონაწილეთა სიტყვების შინაარსი, გამოთქმული არგუმენტები, მიღებული გადაწყვეტილება და ისიც, თუ ვინ რას მისცა ხმა.
4. გარეშე პირისათვის ოქმის გაცნობა, გადაცემა ან გამოქვეყნება დასაშვებია მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობით.
მუხლი 24. იუსტიციის საბჭოს წევრისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
იუსტიციის საბჭოს წევრისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საბჭოში იყრის თავს და მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც თავად იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით კონფიდენციალურია და მისი დაცვა საბჭოს ფუნქციების წარმატებით განხოციელებისათვის არის აუცილებელი.
თავი V
იუსტიციის საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესაქმნელად და კონკურსის მოსაწყობად
მუხლი 25. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნის წესი
1. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსაწყობად საქართველოს იუსტიციის საბჭო ქმნის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. კომისია იქმნება გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.
3. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებულად მოწყობის მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნო, რომლის საქმიანობასაც ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 26. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრობის პირობები
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება.
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე.
3. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი.
მუხლი 27. საგამოცდო კომისიის წევრთა დასახელება
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს.
2. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრამდე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
მუხლი 28. კომისიის წევრობის კანდიდატურის შერჩევა ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში
თუ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დროს ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ანდა პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება, ამ გარემოების გათვალისწინება, შესაბამისად, ასეთივე თანმიმდევრობით მოხდება.
მუხლი 29. საგამოცდო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დაამტკიცებს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის რომელიმე წევრის კანდიდატურას, იუსტიციის საბჭო სხვა კანდიდატურას წარუდგენს.
3. ხელახალი კენჭისყრის დროს საკითხი პირველი კენჭისყრისათვის დადგენილი წესით წყდება.
მუხლი 30. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე
1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
მუხლი 31. საგამოცდო კომისიის მუშაობის, გამოცდების მოწყობის წესისა და საგამოცდო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება
საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებით, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 32. საგამოცდო კომისიები აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში
აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიათა შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო ამ რეგლამენტით საქართველოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისათვის დადგენილი წესით და მიმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს შერჩეულ კანდიდატურებზე თანხმობის მისაღებად. უარის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის საბჭო სხვა კანდიდატურებს წარადგენს.
მუხლი 33. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მოწყობის წესი.
მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრას კონკურსის დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი და იგი არის იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის ნაწილი.
თავი VI
იუსტიციის საბჭოს საქმიანობა მოსამართლის გათავისუფლების, საქმისაგან მისი ჩამოცილების ან დისციპლინური დევნის აღძვრისას
მუხლი 34. მოსამართლის გათავისუფლება თანამდებობიდან
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საქართველოს იუსტიციის საბჭო მოსამართლის თანამდებობიდან გადაყვნის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
2. საბჭო ამოწმებს კანონით დადგენილი გათავისუფლების საფუძვლის არსებობას.
3. მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის განზრახ სისტემატური დარღვევის, სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის ღირსების შემლახავი მოქმედების ჩადენის, შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს წარდგინებით მიმართავს მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წარდგინება იუსტიციის საბჭოსადმი.
მუხლი 35. სასამართლოს ავტორიტეტის შემლახავი ქმედების შეფასება
იმ საკითხების შემოწმებისას, ლახავს თუ არა მოსამართლის მიერ ჩადენილი ქმედება სასამართლოს ავტორიტეტსა და მოსამართლის ღირსებას, იუსტიციის საბჭო ხელმძღვანელობს მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის პრინციპით.
მუხლი 36. მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელება
65 წლის ასაკს მიღწეული მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) უფლებამოსილების ვადის 2 წლით გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია მოსამართლის შესაბამისი განცხადება.
მუხლი 37. თანამდებობრივი შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელად ვადის მიცემა
1. თუ მოსამართლეს მისი თანამდებობაზე გამწესების დროს უკავია მოსამართლეობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მოსამართლეობასთან შეუთავსებელ საქმიანობას, იუსტიციის საბჭო მას აძლევს თანამდებობაზე გამწესების დღიდან ერთ თვეს თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამოსასწორებლად.
2. თუ ერთ თვეში თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აღმოიფხვრა, იუსტიციის საბჭო დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით.
მუხლი 38. თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომის მიზეზებისა და გათავისუფლების სხვა საფუძვლების გამორკვევა
1.თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ მოსამართლის შეტყობინების მიღების შემთხვევაში იუსტიციის საბჭო ავალებს საბჭოს ერთ ან რამდენიმე წევრს გამოარკვიონ გადადგომის მიზეზები.
2. საქართველოს პრეზიდენტისადმი შესაბამისი წარდგინებით მიმართვამდე, ასევე აუცილებელია, გამორკვეულ იქნეს მოსამართლის მიერ ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობის მიზეზები.
მუხლი 39. აფხაზეთის ან აჭარის სასამართლოს მოსამართლეთა გათავისუფლება
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით გათავისუფლებისათვის საკითხის ინიცირების საფუძველია აფხაზეთისა ან აჭარის იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წარდგინება. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია თვითონაც იყოს საკითხის ინიციატორი.
მუხლი 40. საქმის განხილვისაგან მოსამართლის ჩამოცილება
1. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო მისი თანამდებობაზე უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოსაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის წინაშე წარდგინების საფუძველია შესაბამისი ორგანოდან შემოსული შეტყობინება.
2. მოსამართლისათვის სამოსამართლო უფლებამოსილების ჩამოცილების შემდეგ იუსტიციის საბჭო, თუ ეს აუცილებელია, იღებს ზომებს მოსამართლის მოვალეობის სხვა მოსამართლისათვის გადაკისრების მიზნით.
3. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, იუსტიციის საბჭო შესაბამისი სასამართლოდან ან გამოძიების ორგანოდან იღებს სათანადო დოკუმენტაციას. საბჭო ამოწმებს, ხომ არ არსებობს საფუძველი იუსტიციის საბჭოს მხრიდან მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრისათვის.
4. იმის მიუხედავად, აღიძვრება თუ არა დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოების მიერ მოსამართლის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე საკითხის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ იუსტიციის საბჭო მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული მოსამართლის უფლებამოსილებაში სრულად აღდგენის წინადადებით.
5. დისციპლინური დევნის აღძვრის შემდეგ სადისციპლინო კოლეგიიდან შესაბამისი წარდგინების მიღებისას იუსტიციიის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დააყენებს დისციპლინური სასჯელის სახით მოსამართლის თანმდებობიდან გადაყენების საკითხს.
მუხლი 41. წარდგინება აფხაზეთის ან აჭარის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმისაგან ჩამოსაცილებლად
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან და სხვა უფლებამოსილებისაგან ჩამოსაცილებლად საქართველოს იუსტიციის საბჭო შესაბამისი წარდგინებით მიმართავს აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებს.
მუხლი 42. პირთა წრე, რომელთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის საბჭოს
შრომის დისციპლინის დარღვევის, აგრეთვე, საქმის განხილვის, სასამართლოს აქტების შედგენისა და გადაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქართველოს ყველა მოსამართლის მიმართ, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
მუხლი 43. დისციპლინური კომისიის შექმნა
1. დისციპლინური დევნის საკითხის აღძვრის საფუძველი შეიძლება იყოს იუსტიციის საბჭოში შემოსული საჩივარი ან განცხადება. დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხის მოსამზადებლად იუსტიციის საბჭო ქმნის კომისიას, რომელშიც შედის იუსტიციის საბჭოს 2 წევრი და ორი წარმომადგენელი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული სპეციალისტებისაგან.
2. იუსტიციის საბჭო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალისტებს ნიშნავს ანბანის მიხედვით. საპატიო მიზეზის გარეშე სპეციალისტს არა აქვს უფლება უარი თქვას კომისიის წევრობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო.
3. დისციპლინური კომისიის შექმნის შესახებ იუსტიციის საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრავს საკითხის მომზადებისა და იუსტიციის საბჭოსათვის მოხსენების ვადას.
4. იუსტიციის საბჭო სხდომაზე ისმენს კომისიის ანგარიშს და წერილობით დასკვნას, რომელშიც მოცემულია ფაქტები და კომისიის რეკომენდაცია დისციპლინური დევნის აღძვრის თუ მისგან თავის შეკავების შესახებ. კომისიას უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს საპროცესო ვადების შესამოწმებლად. იუსტიცის საბჭოს უფლება აქვს არ დაეთანხმოს კომისიის დასკვნას დევნის აღძვრის მიზანშეწონილობის შესახებ და არ აღძრას ის.
5. თუ კომისიის დასკვნაში არ არის რეკომენდაცია დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ, იუსტიციის საბჭო უფლებამოსილი არ არის აღძრას იგი.
6. დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომისიის დასკვნასთან და სხვა მასალებთან ერთად ეგზავნება საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
მუხლი 44. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების განხილვა
1. მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მოსამართლეთა სადიციპლინო კოლეგიის წარდგინებას იხილავს საქართველოს იუსტიციის საბჭო.
2. იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს კოლეგიის წარდგინებას მოსამართლის თანმდებობიდან გადაყენების შესახებ და საქმე დაუბრუნოს მას სხვა დისციპლინური სასჯელის გამოსაყენებლად. საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეული იქნენ სადისციპლინო კოლეგიის წევრები და ის მოსამართლე, ვისი საქმეც იხილება.
3. კოლეგიის წარდგინებასთან დათანხმების შემთხვევაში იუსტიციის საბჭო იმავე სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასაყენებლად.
თავი VII
იუსტიციის საბჭოს მდივანი
მუხლი 45. იუსტიციის საბჭოს მდივნის დანიშვნა და მისი უფლებამოსილება
1. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წევრებიდან სამი წლით ნიშნავს იუსტიციის საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.
2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ – ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ააპარატის სხვა მოსამსახურეებს;
გ) ამზადებს იუსტიციის საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის საბჭოს წევრებისათვის მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განაწილებას;
ვ) უზრუნველყოფს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
ზ) უზრუნველყოფს საქმის წარმოების და აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობის მაღალ დონეს;
თ) უზრუნველყოფს საბჭოს რეგლამენტისა და საბჭოს შენობაში წესრიგის დაცვას;
ი) ორგანიზაციას უწევს იუსტიციიის საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;
კ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
ლ) წყვეტს იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. დარღვევის სიმძიმის მიხედვით იყენებს დისციპლინური სასჯელის შემდეგ სახეებს: გაფრთხილებას, საყვედურს, სასტიკ საყვედურს, თანამდებობიდან გათავისუფლებას;
მ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VIII
იუსტიციის საბჭოს აპარატი
მუხლი 46. იუსტიციის საბჭოს აპარატის დანიშნულება და სტრუქტურა
იუსტიციის საბჭოს ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად იქმნება იუსტიციის საბჭოს აპარატი. აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და დებულებას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 47. იუსტიციის საბჭოს აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურება
საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
- სექტორის უფროსი – 120 ლარი
- იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე – 105 ლარი
- უფროსი კონსულტანტი (კანცელარიის გამგე) – 90 ლარი
- კონსულტანტი – 80 ლარი
- ბუღალტერი – 75 ლარი
- ეკონომისტი – 70 ლარი
- რეფერენტი – 67 ლარი
- სპეციალისტი 62 ლარი
დანამატი თანამდებობრივ სარგოზე უცხო ენის ცოდნისათვის მიეცემათ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით, ხოლო მაღალი კვალიფიკაციისათვის – 40 პროცენტამდე.
დოკუმენტის კომენტარები