დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 341 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 20/08/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 24/08/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2004 - 14/07/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №341
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანდართული რეგლამენტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის №618 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – იუსტიციის უმაღლესი საბჭო) რეგლამენტი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი I
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნულება, შემადგენლობა და საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა
მუხლი 1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნულება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, საერთო სასამართლოების საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და სასამართლო ადმინისტრირების საკითხთა კოორდინირებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ცხრა წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ორ წევრს, რომელთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს პარლამენტის წევრი, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან.
მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა
1. ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელი. ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ ორჯერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არა უადრეს ოცდაათი და არა უგვიანეს შვიდი დღისა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
2. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა უფლებამოსილების ვადა, რომლებიც თავიანთი თანამდებობით შედიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, განისაზღვრება ამ თანამდებობაზე მათი ყოფნის ვადით.
მუხლი 5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დაწყება
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შემავალ წევრთა უფლებამოსილების ვადა იწყება მათი შესაბამის თანამდებობაზე გამწესების დღიდან.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების უფლებამოსილება იწყება მათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის ან დანიშვნის დღიდან.
3. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდება მომდევნო სამუშაო დღის 18 საათზე.
მუხლი 6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების საფუძვლებია;
ა) პირადი სურვილი;
ბ) თავისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;
გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ი) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
კ) გარდაცვალება.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის და თანამდებობის მიხედვით შემავალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ან თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება).
მუხლი 7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიები
ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი) სარგებლობს შემდეგი სოციალური დაცვის გარანტიებით:
ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა.ა) საბჭოს მდივანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 95 პროცენტი;
ა.ბ) საბჭოს წევრი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 90 პროცენტი;
ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა დანამატი წელთა ნამსახურებისა და საკლასო ჩინისათვის (სპეციალური წოდებისათვის) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით;
გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიურად მას მიეცემა 255 ლარი;
დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ყოველკვარტალურად ეძლევა პრემია შრომის ანაზღაურების სრული ოდენობით;
ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრისათვის, რომელსაც თბილისში არ აქვს ბინა, უფლებამოსილების პერიოდში ბინის დაქირავებისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოფა 200 ლარი. ამ პირთა ნუსხას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ვ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას მიეცემა მატერიალური დახმარება, მისი ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;
ზ) დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, შრომის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
თავი II
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
მუხლი 8. საკითხები, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს:
ა) წარდგინებებს რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ, ასევე საოლქო და უმაღლესი სასამართლოების კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ;
ბ) წარდგინებებს რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ;
გ) კონკურსის საფუძველზე შერჩეულ რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს;
დ) წარდგინებებს საერთო სასამართლოების 65 წლის ასაკს მიღწეულ მოსამართლეთა (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე;
ე) წარდგინებებს რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, ამ სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვასა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შესახებ კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას;
ვ) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;
ზ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
თ) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ი) რეკომენდაციებს მოსამართლეთა წახალისების შესახებ;
კ) წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;
ლ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და აპარატის დებულებას, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის დებულებას, გამოცდების მოწყობის წესს, საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამისა და კონკურსის დებულებას;
მ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებას;
ნ) წინადადებებს მოსამართლეთა თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებისა და ჩაცმულობის ფორმის შესახებ;
ო) მოსამართლის ფიცის ტექსტს;
პ) წინადადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისა და კონკურსის დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ჟ) სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს.
მუხლი 9. საკითხები, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს სხვა ორგანოებსა თუ დაწესებულებებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგენს ქარტიას, რეგლამენტს და სამოსამართლო ეთიკის კოდექსს;
ბ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურებს.
მუხლი 10. საკითხები, რომლებზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს და დასამტკიცებლად არ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს ან სხვა ორგანოებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებში აღნიშნული ფუნქციების გარდა:
ა) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, განსაზღვრავს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციას;
ბ) რაიონულ (საქალაქო), საოლქო სასამართლოებში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობისთანავე აცხადებს კონკურსს. აწარმოებს კანდიდატთა რეგისტრაციას და ატარებს კონკურსს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ატარებს ხელახალ კონკურსს;
გ) აღძრავს დისციპლინურ დევნას საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;
დ) განიხილავს რაიონული (საქალაქო), საოლქო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების შესახებ, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
ვ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;
ზ) განსაზღვრავს მოსამართლის სპეციალური სასწავლო კურსის ხანგრძლივობას და ამტკიცებს სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას.
მუხლი 11. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი
1. კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებსა და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის, მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე;
გ) საბჭოს ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად ქმნის დროებით კომისიებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ზემოაღნიშნულ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ან განკარგულების პროექტი, ან მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.
თავი III
საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მუხლი 12. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება
საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს;
ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას; ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმებს;
გ) შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შესამუშავებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე აყენებს ნებისმიერ საკითხს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებთანაა დაკავშირებული;
დ) იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ან სხდომის მოწვევას ავალებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;
ე) თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თავმჯდომარეობას ავალებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;
ვ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზეა დელეგირებული. აგრეთვე, აყენებს ამ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გადასინჯვის საკითხს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა
1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი აქტები არ არის პრეზიდენტისათვის სავალდებულო. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს ისინი და ამასთან, არ დაასაბუთოს უარყოფითი გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს სხვა აქტები.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხი, თუ ამას მის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი დააყენებს.
თავი IV
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 14. სხდომის მოწვევის რეგულარობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.
მუხლი 15. სხდომის მოწვევის უფლებამოსილება
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. იმ საკითხებზე, რომელთა განხილვაშიც არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი და დასამტკიცებლად არ წარედგინება მას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით.
მუხლი 16. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე.
3. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.
მუხლი 18. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხთა განხილვის წესი
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კამათში და გამოთქვას მოსაზრება დღის წესრიგის ყველა საკითხზე.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა წინასწარი შეთანხმებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მოწვეულ იქნეს გარეშე პირი.
მუხლი 19. კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
1. კენჭისყრა ღიაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
2. კენჭისყრაში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს.
მუხლი 20. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებს შეადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, წარდგინება, წინადადება, რეკომენდაცია, კერძო სარეკომენდაციო ბარათი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულების, სხვა სამართლებრივი აქტების პროექტები.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებს შეიძლება დაერთოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრის განსხვავებული აზრი.
მუხლი 21. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებზე ხელმოწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, წარდგინებას, წინადადებას, რეკომენდაციას და კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მისი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.
მუხლი 22. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტების დანიშნულებისამებრ გადაგზავნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტების ასლები შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში – სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იმ პირებს, ვისაც ეს დოკუმენტი პერსონალურად ეხება.
მუხლი 23. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმი
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი. ხოლო საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ოქმის შედგენას საბჭოს მდივანი ავალებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეს.
3. ოქმში უნდა აისახოს, თუ ვის მიერ იქნა სხდომა მოწვეული, სხდომის მოწვევის თარიღი, დაწყების დრო და ხანგრძლივობა, სხდომის მონაწილეთა და თავმჯდომარის ვინაობა, საკითხის მომხსენებლისა და კამათში მონაწილეთა სიტყვების შინაარსი, გამოთქმული არგუმენტები, მიღებული გადაწყვეტილება და ისიც, თუ ვინ რას მისცა ხმა.
თავი V
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესაქმნელად და კონკურსის მოსაწყობად
მუხლი 24. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია
1. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსაწყობად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქმნის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი.
3. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
4. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრამდე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
5. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დროს ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ანდა პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება. ამ გარემოებების გათვალისწინება შესაბამისად ასეთივე თანმიმდევრობით უნდა მოხდეს.
6. საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებულად მოწყობის მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნო, რომლის საქმიანობასაც ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 25. საგამოცდო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დაამტკიცებს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის რომელიმე წევრის კანდიდატურას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხვა კანდიდატურას წარუდგენს.
3. ხელახალი კენჭისყრის დროს საკითხი წყდება პირველი კენჭისყრისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 26. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 27. საგამოცდო კომისიის მუშაობის, გამოცდების მოწყობის წესისა და საგამოცდო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებით, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 28. მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მოწყობის წესი
მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს კონკურსის დებულება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი VI
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების ან დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისას
მუხლი 29. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამოწმებს კანონით დადგენილი გათავისუფლების საფუძვლის არსებობას.
მუხლი 30. მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელება
65 წლის ასაკს მიღწეული მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია მოსამართლის შესაბამისი განცხადება.
მუხლი 31. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება
1. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო მისი საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოსაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის წინაშე წარდგინების საფუძველია შესაბამისი ორგანოდან შემოსული შეტყობინება.
3. მოსამართლისათვის სამოსამართლო უფლებამოსილების ჩამოცილების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ ეს აუცილებელია, იღებს ზომებს მოსამართლის მოვალეობის სხვა მოსამართლისათვის დაკისრების მიზნით.
4. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოდან ან გამოძიების ორგანოდან იღებს სათანადო დოკუმენტაციას. საბჭო ამოწმებს, ხომ არ არსებობს საფუძველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრისათვის.
5. იმის მიუხედავად, აღიძვრება თუ არა დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირების მიერ, მოსამართლის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე საკითხის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული მოსამართლის უფლებამოსილების სრულად აღდგენის წინადადებით.
მუხლი 32. დისციპლინური სამართალწარმოება
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ სამართალწარმოებას ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი VI
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
მუხლი 33. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დანიშვნა და მისი უფლებამოსილება
1. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნული წევრებიდან ოთხი წლის ვადით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს. მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს; განსაზღვრავს დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
გ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის (თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი) ანაწილებს საკურატორო სფეროებს;
ვ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განაწილებას;
ზ) უზრუნველყოფს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
თ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების და აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობის მაღალ დონეს;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს რეგლამენტისა და საბჭოს შენობაში წესრიგის დაცვას;
კ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;
ლ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
მ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VII
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მუხლი 34. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და დებულებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 35. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან იქმნება საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლეთა კონფერენციასთან, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით.
3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
დოკუმენტის კომენტარები