ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ

  • Word
ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
95
22/02/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
000000000.00(0).000.000000
ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/1998 - 09/10/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №95

1998 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ

ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტთა რეგულირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის ბუნებრივი მონოპოლიის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ნოემბრის N 631 ბრძანებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ.

2. დამტკიცდეს თანდართული დებულება ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების რეგულირებისა და დანახარჯების კონტროლის შესახებ.

3. მათი შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

ე. შევარდნაძე

დებულება

ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ

I. ზოგადი დებულებები

1. მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის და ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 მაისის №334 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) იწარმოება საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის (შემდგომში – ანტიმონოპოლიური სამსახური) მიერ.

2. რეესტრის წარმოების მიზანია ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების ჩამონათვალის ფორმირება მათი საქმიანობის რეგულირების მიზნით, რაც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკური აგენტებისა და მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვას, ისე ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების ეფექტიან ფუნქციონირებას და განვითარებას.

3. ეს დებულება განსაზღვრავს რეესტრის სტრუქტურასა და წარმოების წესს.

II. რეესტრის სტრუქტურა

4. რეესტრი აერთიანებს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტებს – ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც დასაქმებული არიან საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) წარმოებითა და რეალიზებით ბუნებრივი მონოპოლიების პირობებში.

ბუნებრივი მონოპოლია – სასაქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამისად პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტურია კონკურენციის არარსებობის პირობებში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე.

5. ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 მაისის №334, 1997 წლის 20 აპრილის №206 და 1997 წლის 6 ნოემბრის №631 ბრძანებულებების თანახმად ბუნებრივ მონოპოლიებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროდან:

– სახელმწიფო საფოსტო კავშირით მომსახურება;

სიხშირეთა სპექტრის განაწილება;

ბ) საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტიდან:

სარკინიგზო ხაზი;

გ) სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციიდან:

საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენით ბუნებრივი გაზის შემოტანა და ტრანზიტი;

დ) სახელმწიფო კომპანია საქენერგოდან:

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემა;

ე) სახელმწიფო საწარმო „საქაერონავიგაციიდან:

საჰაერო სივრცის გამოყენების სამარშრუტო და სადისპეტჩერო უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტიდან:

ფოთის საზღვაო ნავსადგური;

ბათუმის საზღვაო ნავსადგური;

სოხუმის საზღვაო ნავსადგური.

6. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ბუნებრივი მონოპოლიების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს.

7. რეესტრი იწარმოება ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიხედვით.

III. რეესტრის წარმოების წესი

8. რეესტრი იწარმოება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ.

9. რეესტრში მონოპოლიური ეკონომიკური აგენტების შეტანის საფუძველია მათი საქმიანობა ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში.

10. რეესტრის გეგმური დაზუსტება ხდება წელიწადში ერთხელ. რეესტრის დაზუსტებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური აგენტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, აგრეთვე წარმოებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ნომენკლატურის ცვლილებები და მათი გამომწვევი მიზეზები.

11. დადგენილი წესით რეესტრში ცვლილებების შეტანა (ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების რეესტრში ჩართვა და რეესტრიდან ამოღება) შეიძლება მთელი წლის განმავლობაში.

12. ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების რეესტრიდან ამოღება წარმოებს:

ა) ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის ლიკვიდაციისას;

ბ) შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონკურენციის განვითარებისათვის შესაძლებლობების გამოჩენის და/ან ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის საქონელზე მოთხოვნის ხასიათის ცვლილებების შემთხვევაში;

გ) მონოპოლიური საქონლის წარმოების შეწყვეტისა და ბრუნვიდან ამოღების შემთხვევაში.

13. რეესტრში ყოველგვარი ცვლილება ფორმდება ანტიმონოპოლიური სამსახურის დასკვნის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ბაზრის ანალიზს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტი შეტანილია რეესტრში;

ბ) ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის საქმიანობის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას;

გ) ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის მიერ დივერსიფიკაციის და განვითარების პროგრამების შესრულების ანალიზს;

დ) ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის საქმიანობის რეგულირების წინადადებებს.

14. გადაწყვეტილებები ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის რეესტრში შეტანის (ამოღების) შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტებს.

15. დამტკიცებული რეესტრი, გადაწყვეტილებები რეესტრში ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების შეტანისა და ამოღების შესახებ, აგრეთვე მათი საქმიანობის რეგულირების მეთოდები უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არა უგვიანეს ერთი თვისა რეესტრის დამტკიცებიდან.

16. რეესტრი შეტანილი ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტები ანტიმონოპოლიურ სამსახურს მისი მოთხოვნისას წარუდგენენ:

ა) ანგარიშებს ფაქტობრივი დანახარჯებისა და მოგების ოდენობის შესახებ;

ბ) საინვესტიციო პროექტებს;

გ) ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერ სხვა ინფორმაციას.

IV. ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი

17. ბუნებრივი მონოპოლიების სფეროებში ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების (კერძოდ, ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფის) მიზნით ანტიმონოპოლიური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მონაწილეობით ან მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ წარმოებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მომხმარებელთა ინტერესების შელახვა.

18. ანტიმონოპოლიური სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იყენებს რეგულირებისა და კონტროლის შემდეგ მეთოდებს:

ა) ადგენს და აზუსტებს რეესტრს;

ბ) აანალიზებს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საქმიანობას;

გ) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მონოპოლიურად მაღალი მოგების რეგულირების შესახებ (თვითღირებულების, წარმოების მოცულობისა და ინფლაციის დონის ცვლილებების გათვალისწინებით);

დ) ადგენს, რომ ბუნებრივი მონოპოლიების საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასების ცვლილება შეიძლება მოხდეს არა უმეტეს კვარტალში ერთხელ არსებული წესის თანახმად;

ე) ამოწმებს დანახარჯების ფაქტობრივ შემადგენლობასა და მოგების ნორმას;

ვ) გამოიყენებს აგრეთვე კონტროლისა და რეგულირების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:

სტრუქტურული კონტროლი – ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საქმიანობისადმი, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ წარმოებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მომხმარებელთა ინტერესების შელახვა ან შესაბამისი სასაქონლო ბაზრის ბუნებრივი მონოპოლიის მდგომარეობიდან კონკურენტული ბაზრის მდგომარეობაში გადასვლის ხელოვნური შეფერხება. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის მიერ რეალიზებად საქონელზე საზოგადოების მოთხოვნილებების სრული მოცულობით დაკმაყოფილება, განსაზღვრავს მომხმარებელთა ჯგუფებისათვის სავალდებულო მომსახურების უზრუნველყოფის მინიმალურ დონეს;

ზ) აწარმოებს ფასების რეგულირებას, ფასების (ტარიფების) ან მათი ზღვრული დონეების, აგრეთვე რენტაბელობის ზღვრული დონის დაწესებით;

თ) გამოავლენს სასაქონლო ბაზრებზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს;

ი) აანალიზებს საინვესტიციო პროექტებს.

19. ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე ანტიმონოპოლიური სამსახური:

ა) იღებს გადაწყვეტილებას მისი საქმიანობის რეგულირებისათვის განსაზღვრული მეთოდის გამოყენების შესახებ;

ბ) ამზადებს წინადადებებს და დაინტერესებულ სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების დემონოპოლიზაციას ტექნოლოგიური პროცესის იმ რგოლებში, სადაც კონკურენცია ეკონომიკურად მიზანშეწონილია;

გ) ფასების დონის შენარჩუნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესახებ.

20. რეესტრში შეტანილი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის რეგულირება და კონტროლი ხორციელდება:

ა) რეესტრის დაზუსტებისას;

ბ) სასაქონლო ბაზრებზე ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების ქმედებების დაგეგმილი შემოწმებებისას;

გ) ანტიმონოპოლიურ სამსახურში ეკონომიკური აგენტების, მომხმარებელთა და მათი გაერთიანებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და პროკურატურის მხრიდან სასაქონლო ბაზრებზე ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შემოსვლისას.

21. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) დადგენილი წესით წამოჭრას საკითხი რეგულირების მეთოდების შემოღებისა და შეცვლის, ჯარიმების დაკისრების, ხელმძღვანელ მუშაკთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ;

ბ) გაუგზავნოს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტებს მიწერილობები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტისა და აღნიშნული დარღვევებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის შესახებ, მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმების ან უკვე არსებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე;

გ) მიწერილობების ნებაყოფლობითი შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

დ) დადგენილი წესით დააყენოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მოგების სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული წესით ამოღების საკითხი;

ე) გაუგზავნოს მიწერილობები სახელმწიფო მმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მათ მიერ ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობასთან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევით მიღებული აქტების გაუქმების ან მათში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ვ) მიმართოს სასამართლოს სარჩელით, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევასთან.

22. ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებების (მითითების, მიწერილობის) შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელის მიერ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

23. ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტები, ადგილობრივი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ეკონომიკური აგენტები – მომხმარებლები, კავშირები და საზოგადოებები უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს სარჩელით ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (მითითებების, მიწერილობის) ბათილად ცნობისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ამ უკანასკნელთა კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში.

დებულება

ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების რეგულირებისა და დანახარჯების კონტროლის შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, აგრეთვე ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისა და დანახარჯების კონტროლის წესს.

2. ამ დებულების შემუშავების მიზანია:

ა) ფასებისა და ტარიფების ინდივიდუალურ რეგულირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების დანახარჯებისა და ფასების რეგულირებისა და კონტროლის მეთოდების განსაზღვრა;

ბ) სამეურნეო სტრუქტურების დემონოპოლიზებისათვის ეკონომიკურად დასაბუთებული წინადადებების შემუშავება.

II. ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობის რეგულირების წესი

3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური სათანადო ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტის საქმიანობის რეგულირების შესახებ.

4. ბუნებრივი მონოპოლიების კონკრეტული სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისათვის განსაზღვრული მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია განიხილოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები.

5. სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს რეგულირების ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა ფასების (ტარიფების) ან მათი ზღვრული დონეების, აგრეთვე რენტაბელობის ზღვრული დონის დაწესება.

6. ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საქმიანობის სფეროებში ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა განახორციელოს კონტროლი ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მონაწილეობით ან მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისადმი, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს მომხმარებელთა უფლებების შელახვა, ან შესაბამისი სასაქონლო ბაზრის ბუნებრივი მონოპოლიის მდგომარეობიდან კონკურენტული ბაზის მდგომარეობაზე გადასვლის ხელოვნური შეფერხება.

III. ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების დანახარჯებისა და კონტროლის წესი

7. ანტიმონოპოლიური სამსახური დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიმართ:

ა) ფასწარმოქმნის რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული პირობებისა და ბაზარზე მოქმედების წესების დაცვისადმი;

ბ) პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ დებულებების დაცვისადმი;

გ) ფასებში ( ტარიფებში) გათვალისწინებული მოგების ნორმის დასაბუთებულობისადმი;

დ) ისეთი მეურნე სუბიექტების წარმოქმნისადმი, რომლებიც ფაქტობრივად ახდენენ ბუნებრივი მონოპოლიების ძირითადი საქმიანობის დუბლირებას.

8. კონტროლის განხორციელებისას აუცილებელია ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა და მათ შესაბამისად დადგენილი რეგულირების მეთოდების გამოყენების პრაქტიკის გაანალიზება.

9. რეგულირების პირველ ეტაპზე ხორციელდება იმ მასალების დასაბუთებულობის შემოწმება, რომლებიც წარმოდგენილია მოცემული ეკონომიკური აგენტის რეგულირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს.

10. დაწესებული ფასებისა და ტარიფების ანალიზი ხორციელდება პროდუქციის ფაქტობრივი და საპროექტო თვითღირებულების შედარებით და დანახარჯების მუხლების მიხედვით გადახრების მიზეზების გამოვლენის გზით.

11. დანახარჯების შემადგენლობის ანალიზი ხორციელდება დანახარჯთა შემადგენლობის შესახებ დადგენილი წესით დამტკიცებული დებულებების გათვალისწინებით. ამასთან აუცილებელია:

ა) შემოწმდეს ფასის ფორმირებისას გათვალისწინებული ნედლეულის და მასალების ხარჯვის ნორმების ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობა და დადგინდეს მატერიალური დანახარჯების შემცირების ან ამაღლების მიზეზები;

ბ) დადგინდეს თვითღირებულების მაჩვენებლებზე ნედლეულის ძირითადი სახეების და მასალების ღირებულების გავლენა, რაც გამოწვეულია მათი მომწოდებლების შემადგენლობის ცვლილებებით;

გ) ხელფასზე და ზედნადებ ხარჯებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების შედარება ფასების და ტარიფების დადგენისას გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან და სხვაობის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

12. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფაქტობრივი მოგების საანგარიშო ნორმიდან გადახრის მიზეზების შესწავლას.

13. ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საბაზრო საქმიანობის კვლევისას, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს, რომ მათ საქმიანობაში დაუშვებელია:

ა) გარიგებები, რომელთა შედეგადაც ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტი იძენს მესაკუთრის უფლებებს ან სარგებლობის უფლებას იმ ძირითად ფონდებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პროდუქციის წარმოებისათვის, რომელთა მიმართაც ხორციელდება რეგულირება;

ბ) ბუნებრივი მონოპოლიების მიერ სახსრების დაბანდება (მათ შორის კაპიტალური მშენებლობის გზით, სამეურნეო ამხანაგობების დაარსებით სხვა მეურნე სუბიექტებთან ხელშეკრულებებით) იმ საქონლის წარმოებაში (რეალიზაციაში), რომელთა მიმართაც არ გამოიყენება რეგულირება;

გ) ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიერ სხვა მეურნე სუბიექტებისათვის თავისი ძირითადი ფონდების იმ ნაწილის მიყიდვა, იჯარით ან სხვა წესით გადაცემა, რომელიც გათვალისწინებულია რეგულირებას დაქვემდებარებული პროდუქციის (მომსახურების) წარმოებისათვის (რეალიზაციისათვის);

დ) სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილობილი საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენა ანტიმონოპოლიური სამსახურის საექსპერტო დასკვნის გარეშე.

IV. ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიერ ფასების დისციპლინის დარღვევისათვის გათვალისწინებული ეკონომიკური სანქციები

14. იმ ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მიმართ, რომელთაც დაუშვეს ფასწარმოქნის დადგენილი წესის, აგრეთვე ბაზარზე მოქმედების წესების დარღვევა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეკონომიკური სანქციები.

15. ეკონომიკური სანქციების დაკისრების საფუძველია საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლების მიღება ისეთ მოქმედებათა განხორციელების შედეგად, როგორიცაა:

ა) პროდუქციის (საქონელის, მომსახურების) რეგულირებადი (ფიქსირებული) ფასების ზრდა;

ბ) თავისუფალი ფასების გამოყენება, როდესაც არსებობს რეგულირებადი (ფიქსირებული) ფასები;

გ) თვითღირებულების ფორმირების წესის დარღვევა, კალკულაციაში ნედლეულის, მასალის, შრომითი ან სხვა სახის დანახარჯების დაუსაბუთებლად გაზრდილი ღირებულების ჩართვის გზით;

დ) პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) ღირებულებაში ფაქტობრივად შეუსრულებელი ან დაუმთავრებელი სამუშაოების ჩართვა, აგრეთვე არაკომპლექტური პროდუქციის რეალიზაცია;

ე) წარმოების შეწყვეტა ან მოცულობის შემცირება, აგრეთვე ბრუნვიდან საქონლის ამოღება ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის და შენარჩუნების მიზნით;

ვ) კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების პირობების თავსმოხვევა, რომლებიც არ განეკუთვნება ხელშეკრულების საგანს;

ზ) გარიგება მწარმოებელთა შორის საქონელის ერთიანი ფასის დაწესების მიზნით (შეთანხმებული მოქმედება);

თ) პროდუქციის არსებული ფასების დაუსაბუთებელი გაზრდა (შემცირება);

ი) პროდუქციის ხარისხის გაუარესება უცვლელი ან მზარდი ფასების პირობებში;

კ) მწარმოებელთა გარიგება ბაზრის დაყოფის შესახებ;

ლ) ეკონომიკური აგენტების სხვა ქმედებანი, რომლებიც ლახავენ მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესებს ფასწარმოქმნის სფეროში.

16. ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან შემჩნეული ფასწარმოქმნის წესის, აგრეთვე ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების საბაზრო ქცევის წესების დარღვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.