თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ

  • Word
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.001.850
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1550
03/06/2005
სსმ, 31, 27/06/2005
240.140.000.05.001.001.850
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს მოგებაზე არაორიენტირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სხვა გაერთიანებებს, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილენი ან მოქმედებენ მეწარმეების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების ინტერესების შესაბამისად;

ბ) ეკონომიკური კონკურენცია – მეტოქეობა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ რა მომხმარებლებს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტანდარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით;

გ) ურთიერთშენაცვლებადი საქონელი – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი, რომელიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ცვლის სხვა საქონელს ან საქონელთა ჯგუფს;

დ) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება; კერძოდ – გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია და სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებენ რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას;

ე) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა – ეკონომიკურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სახელმწიფოს მიერ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე რესურსებით, პასუხისმგებელი შემსრულებელი სამთავრობო დაწესებულებებით, შესრულების ვადებით და მომხმარებლებით უზრუნველყოფილი სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი;

ვ) არაკონკურენტული გარემო – სასაქონლო ბაზრები, სადაც შესაძლებელია კონკურენციის არსებობა, მაგრამ იგი შეზღუდული ან/და აკრძალულია სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ;

ზ) მონოპოლიური მდგომარეობა – ბაზრის ისეთი მდგომარეობა, სადაც არსებობს საქონლის ერთი გამყიდველი და საქონელს არ გააჩნია სხვა ურთიერთშენაცვლებადი საქონელი;

თ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები – ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას ან/და ინფრასტრუქტურულ სფეროებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები;

ი) ინფრასტრუქტურული სფერო – სფერო, რომელშიც ხორციელდება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის წარმოება, მიწოდება, მომსახურება;

კ) განსაკუთრებული საკუთრება – არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალება;

ლ) განსაკუთრებული საკუთრების მფლობელი – ეკონომიკური აგენტი, რომელიც გვევლინება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალების მფლობელად (მფლობელებად) ან მოიჯარედ (მოიჯარეებად);

მ) არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი – საქონელი, რომლის წარმოება, იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული (სპეციფიკური), განსაკუთრებული პირობებით;

ნ) სატარიფო რეგულირება – შეზღუდული კონკურენციის პირობებში პროდუქციასა და მომსახურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასი (ტარიფი);

ო) ადმინისტრაციული ბარიერი – სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობით მასზე დელეგირებული უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება (ზედმეტი დოკუმენტების მოთხოვნა, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაცემის დაუსაბუთებელი შეფერხება და სხვ.);

პ) დისკრიმინაციული ბარიერი – სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საკუთრების ფორმის, რეზიდენტობის ან სხვა, ცალკე აღებული კრიტერიუმების მიხედვით, ეკონომიკური აგენტისათვის დაუსაბუთებელი, განსხვავებული და უსამართლო მოთხოვნების წაყენება ან შეღავათების მინიჭება.

 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3977 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.345

    მუხლი 3

ამ კანონის მიზანია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, მათი ორგანიზაციულსამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად, საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. კერძოდ:

ა) ეკონომიკური აგენტების კონკურენციისათვის ხელის არშეშლა;

ბ) ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული ბარიერების აღკვეთა და ბაზარზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის ხელის არშეშლა;

გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციული ბარიერების არსებობის აღკვეთა ან მათი შექმნის დაუშვებლობა;

დ) შეზღუდული კონკურენციის პირობებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში საზოგადოების სასიცოცხლო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა;

ე) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი საერთაშორისო ვალდებულებების აღების დაუშვებლობა, რომლებიც შეაფერხებენ თავისუფალ ვაჭრობას ქვეყნის შიგნით და გარეთ.

    მუხლი 4

ეს კანონი ვრცელდება:

ა) იმ ურთიერთობებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციასა და თავისუფალ ვაჭრობაზე და რომლებშიც მონაწილეობენ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები ან/და სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების იმ ქმედებებსა ან/და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით გავლენას ახდენენ (ან შეუძლიათ მოახდინონ) კონკურენტულ გარემოზე და თავისუფალ ვაჭრობაზე.

    მუხლი 5

ეს კანონი არ ვრცელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან და სამრეწველო ნიმუშებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

 

მუხლი 6

ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ – სააგენტო).

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2759 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.66

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4318 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

თავი II

კონკურენციის შეზღუდვის აკრძალვა

    მუხლი 7

სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება:

ა) დააწესოს ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

ბ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლობა, გარდა საქართველოს კანონებით დადგენილი გამონაკლისებისა;

გ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის მიზნით შექმნას სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

დ) მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისთვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციასა და თავისუფალ ფასწარმოქმნას, გარდა საქართველოს კანონებით დადგენილი გამონაკლისებისა.

თავი III

სახელმწიფო დახმარება და მიზნობრივი პროგრამები

    მუხლი 8

1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. სახელმწიფო დახმარება შეიძლება დაშვებულ იქნეს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფორსმაჟორული შემთხვევებისას;

ბ) გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის ან ეკონომიკური ზონის განვითარების ან/და კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით.

3. სააგენტო შეიმუშავებს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის ზოგად წესს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები შეიმუშავებენ სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურას, რომლითაც განისაზღვრება მისი განხორციელების საჭიროება, შესაბამისი ფორმები და მიმღები სუბიექტები.

5. სააგენტოს მიერ დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად შემუშავებული სახელმწიფო დახმარების პროცედურა შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს.

6. სააგენტოს ეცნობება სახელმწიფო დახმარების გაცემის გეგმის, დახმარების შეცვლის ან/და განხორციელებული დახმარების შესახებ.

    მუხლი 9

1. აკრძალულია ისეთი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ნებისმიერი ფორმით აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას.

2. სააგენტო შეიმუშავებს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ეკონომიკური ხასიათის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიღების ზოგად წესს.

3. სააგენტოს მიერ დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეკონომიკური ხასიათის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს.

4. სააგენტოს ეცნობება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის გეგმისა ან/და პროგრამის შეცვლის შესახებ.

    მუხლი 10

1. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი სახელმწიფო დახმარების პროცედურა ან/და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა შეითანხმოს 30 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობა ჩაითვლება გაცემულად.

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს ქმედების ამ კანონით განსაზღვრულ დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის ან მათი არასწორად გამოყენების რისკის არსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დასაბუთება შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოსგან.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ გაცემული სახელმწიფო დახმარების ან/და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესაბამისობას ამ კანონით განსაზღვრულ დებულებებთან და 30 დღეში იღებს რეკომენდაციას აღნიშნული დახმარების კანონთან შესაბამისობის თაობაზე.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, რომელსაც ინფორმაცია წარუდგინეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 10 დღეში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული დახმარების ან/და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის გაუქმების, შეცვლის ან უცვლელად დატოვების შესახებ.

5. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ვალდებულია სააგენტოს აცნობოს წარმოდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

თავი IV

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები

    მუხლი 11

1. განსაკუთრებული საკუთრების მფლობელი ვალდებულია მომსახურების შეძენის ან/და გაყიდვის მიზნით სხვა ეკონომიკური აგენტები დაუშვას თავის ქსელში ან ინფრასტრუქტურაში არადისკრიმინაციული პირობებით.

2. განსაკუთრებული საკუთრების მფლობელმა შეიძლება უარი განუცხადოს სხვა ეკონომიკურ აგენტებს ქსელში მათ დაშვებაზე, თუ უარი ემყარება შემდეგ ობიექტურ მიზეზებს:

ა) არ არის დაკმაყოფილებული დადგენილი ტექნიკური მოთხოვნები და ნორმები და, შესაბამისად, საშიშროება ექმნება ქსელის მთლიანობის ან მომსახურებათა უსაფრთხო ურთიერთქმედების შენარჩუნებას;

ბ) ეკონომიკურ აგენტს, რომელიც ითხოვს ქსელში დაშვებას, არ გააჩნია საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნებისა და ნორმების დასაკმაყოფილებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება.

3. განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ქსელში დაშვებაზე უარის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას აღნიშნული აგენტის განაცხადის საფუძველზე ადგენს სააგენტო.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები არ ვრცელდება ინფრასტრუქტურულ სფეროებში კერძო ინვესტიციებით შექმნილ არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) საშუალებებზე.

5. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით სააგენტო ახორციელებს რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ანალიზს, შეიმუშავებს და აქვეყნებს შესაბამის რეკომენდაციებს.

6. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო დამრღვევს წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამისი ხელშეკრულების (გადაწყვეტილების) კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.

7. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტი შესაბამისი რეკომენდაციის მიღებიდან 10 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების (გადაწყვეტილების) კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ ან უცვლელად ტოვებს მას.

8. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს წარმოდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები არ ვრცელდება განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის მიერ მესამე მხარის ქსელში დაშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ასეთი დაშვების პირობები განსაზღვრულია ცალკე კანონით და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანო.

თავი V

სააგენტო

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4318 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 12

1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

11. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ სააგენტო უფლებამოსილია:

ა) წარუდგინოს ამ კანონის დამრღვევ სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიწერილობა მის მიერ მიღებულ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე;

ბ) მოსთხოვოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს ამ კანონის დებულებების დარღვევით განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

გ) წარდგენილ მიწერილობაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობის შემთხვევაში დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

დ) დააყენოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევი თანამდებობის პირის დისციპლინური, ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

3. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტო უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს აგენტს ამ კანონის დებულებების დარღვევით განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ბ) დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აგენტის მიერ ანალიზის განხორციელების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;

გ) მოსთხოვოს აგენტს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

დ) მიმართოს სასამართლოს აგენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით განხორციელებული ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

4. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს სახელმწიფო დახმარების პროცედურის ან/და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შეთანხმების წესი, რომელშიც განისაზღვრება შეთანხმების ფორმები, ვადები და სხვა პროცედურული საკითხები.

5. სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1884 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.206

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2759 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.66

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4318 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 13

სააგენტოს ძირითადი მოვალეობებია:

ა) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარების ხელშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღკვეთა;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული ქმედებების, დაუსაბუთებელი სახელმწიფო სუბსიდიებისა (პირდაპირი და არაპირდაპირი) და შეღავათების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;

გ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვა და შესაბამისი მიწერილობის შემუშავება;

დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ წარდგენილი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში:

დ.ა) სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიიღება;

დ.ბ) მოტივირებული უარის შემთხვევაში საჯაროდ განცხადება ამ კანონის მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირთა მართლზომიერი ქმედების შესახებ;

ე) სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა;

ვ) საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისას მიყენებული ზარალის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ზ) ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის:

ზ.ა) სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის თაობაზე;

ზ.ბ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 14

ამ კანონის დამრღვევ პირს ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 15

ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების სააგენტოსთვის გადაცემა;

გ) (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2836 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.77

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2759 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.66

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16

ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ.19);

ბ) „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი №9, 1993წ., მუხ.189);

გ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების თაობაზე;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულება „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 აპრილის №262 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 მაისის №314 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №426 ბრძანებულება „საქართველოს სასაქონლო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

თ) საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების “;

ი) საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 მარტის №145 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 მაისის №314 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

კ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის 2000 წლის 12 დეკემბრის №8/42 ბრძანება „შესაბამის (კონკრეტულ) სასაქონლო ბაზარზე ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) მონოპოლიური მდგომარეობის განსაზღვრის შესახებ.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი

№1550-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2836 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.77

2. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3977 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.345

3. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1884 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.206

4. საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2759 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.66

5. საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4318 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

6. ძალადაკარგულია – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6148 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.