დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “გარემოს ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110413013, 13/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/04/2011 - 11/06/2012)
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №7
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების და „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –გარემოს ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №611 ბრძანება.
გ. ხაჩიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების საფუძველზე. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ემბლემა, სიმბოლიკა, კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო), იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
სააგენტოს მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოლოგიური, შავი ზღვის ჰიდრო და ლითოდინამიკური, გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და შავი ზღვის წყლები, ნიადაგები) დაბინძურების, ბუნებრივი რადიაციული ფონის და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება, ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემების ოპერატიულად შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე დადგენილი წესით გავრცელება;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და გავრცელება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პირობების და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების შემუშავება და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სპეციალური გაფრთხილებების მომზადება და დადგენილი წესით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის დაუყოვნებლივ მიწოდება;
ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, მეწყერი, ღვარცოფი) ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება;
თ) საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და ანთოპოგენური კატასტროფების, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ანთოპოგენური ფაქტორებით გამოწვეული გაუდაბნოების და მიწის დეგრადაციის პროცესების შერბილების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენური ცვლილებების გეოეკოლოგიური შესწავლა-შეფასება;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;
ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასება და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრა;
მ) სხვადასხვა ობიექტების პროექტირების ყველა სტადიაზე საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების წარმოება;
ნ) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შესწავლა და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების მდგრადობის მდგომარეობის შესაფასებლად;
ო) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება;
პ) შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება;
რ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესამამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა;
ტ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წამოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის უზრუნველყოფა;
უ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე სტაჟირებისა და ტრენინგების ორგანიზება;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგის ეროზია-დეგრადაციის და ნაყოფიერების მონიტორინგი;
ღ) გარემოში ქიმიურ ნივთიერებით და ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების მონიტორინგი;
ყ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, შესაბამის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
შ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, ამ სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის მონიტორინგის წარმოება;
ც) ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან სხვადასხვა პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ძ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შეაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;
წ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრთან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.
3. სააგენტოს უფროსი:
ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს;
დ) პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ე) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს სპეციალისტებს შრომითი ხელშეკრულებით კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად;
ზ) დადგენილი წესით, წარუდგენს სამინისტროს ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
თ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
გ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპატრამენტი;
ე) გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპოდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
გ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
დ) სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული უზრუნველყოფა;
თ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა.
2. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში:
ა.ა) სტანდარტული და სპეციალიზირებული (თანამგზავრული, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, გლაციოლოგიური, თოვლსაზვავე, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, საავიაციო და სხვა) რეგულარული სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის (სადგურები, საგუშაგოები) ორგანიზება და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ა.ბ) სპეციალიზირებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება (სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალის დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის მარაგის ყოველწლიური შეფასება, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო-ოკეანოლოგიური დაკვირვებების წარმოება და სხვა);
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფა – გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;
გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის რეგულარული მეთოდური ინსპექტირება;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა;
ე) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან და ამინდის მსოფლიო პროგნოსტიკული ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად (დღე-ღამურ რეჟიმში) მიღების, ვიზუალიზაციის, დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა;
ვ) ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;
თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ფონდის შევსება, მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, პირველადი დამუშავება და ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ი) ჰიდრომეტეოროლოგიურ პირველად მონაცემთა მრავალწლიური რიგების სისტემატიზაცია და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზების ფორმირება;
კ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა;
ლ) კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
მ) გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ცვლილების დინამიკის შესწავლა;
ნ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება;
ო) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამხედრო და სამოქალაქო ავიაცია და საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით და ინფორმაციული პროდუქციით, აგრეთვე სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობით (მომხმარებლის დაკვეთით ექსპედიციური და სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება, ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა) მომსახურება;
პ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასება და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრა;
რ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;
ს) შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
ტ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.
3. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვის და ნიადაგის ქიმიურ ი, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე, აგრეთვე ბუნებრივ რადიაციულ ფონზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და ვიბრაცია) დონეების განსაზღვრა;
ბ) ზღვის, მისი სანაპირო ეკოსისტემების, მდინარეების და შიდა წყალსატევების ბიომრავალფეროვნების და ბიოლოგიური მონიტორინგი, წყლის ეკოსისტემების სხვადასხვა კომპონენტების (ბაქტერიო-ზოოპლანქტონი, მაკროზოობენთოსი, იქტიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები და სხვა) კვლევა და მის საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;
გ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, პირველადი დამუშავება და ხარისხის კონტროლის განხორციელება;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციით;
ე) გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასება და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრა) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება;
თ) დამკვეთებთან გაფორმებული ხელშეკრულებები საფუძველზე გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოება, გამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენა; მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება;
კ) ნიადაგის დაბინძურების წყაროების დადგენა;
ი) გარემოში ქიმიური ნივთიერებით და ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.
4. გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპატრამენტის ფუნქციებია:
ა) დასახლებულ პუნქტებში სტიქიურ-კატასტროფული გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად;
ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე და გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენურ ცვლილებებზე გეომონიტორინგული კვლევების პერმანენტული წარმოება ყველა იერარქიულ დონეზე – დაკვირვების კონტროლის პარამეტრებიდან დაწყებული, პროგნოზისა და მართვის ჩათვლით. ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის მომზადება მოსალოდნელი საშიშროების რისკისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით, ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით;
გ) ყველა მასშტაბის (მათ შორის, სპეციალური) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის მდგრადი ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგებისა და გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვის მიზნით;
დ) საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების საიმედო ფუნქციონირებისათვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის და საშიშროების რისკის ზონირების საბაზისო რუკების დამუშავება;
ე) საშიში გეოლოგიური პროცესების განმეორადობის სიხშირის და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გრძელვადიანი პროგნოზის მიმართებაში;
ვ) ბუნების სტიქიური პროცესებისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების შესახებ მიღებული შედეგების მეცნიერული დამუშავება, ეროვნულ და საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში შესატანად;
ზ) მსხვილი სამეურნეო ობიექტების პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური ექსპერტიზა გარემოს შესაძლო ცვლილებებზე ზეგავლენის მასშტაბების დასადგენად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
თ) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა დროისა და სივრცის პარამეტრებში, არსებული გეოლოგიური ფონდური მასალის და მიმდინარე მონიტორინგული კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
ი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენური ცვლილებების გეოეკოლოგიური შესწავლა-შეფასება;
ლ) საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საშიშროების რისკების შეფასება და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრა;
მ) საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;
ნ) მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაზე მონიტორინგული კვლევების წარმოება.
5. გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
ბ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტო სამინისტროს თანხმობით ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სააგენტოს გადაეცემა ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. სააგენტოს ქონება შეიძლება გაიზარდოს საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და საფინანსო საქმიანობა
1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს უფლება აქვს სააგენტოდან მოითხოვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები