სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ

  • Word
სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.001.314
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2416
20/06/2003
სსმ, 21, 15/07/2003
290.090.000.05.001.001.314
სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/07/2003 - 23/07/2003)

საქართველოს კანონი

სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ

1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. იგი შედგება ამ კანონისაგან, „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და პირადი ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონებისაგან, სხვა საკანონმდებლო და მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებისაგან.

2. ის სოციალური ვალდებულებანი, რომლებიც არ წარმოიშობა ამ კანონით დადგენილ სავალდებულო სოციალური დაზღვევისას, მაგრამ ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით და ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებიდან, არ შედის ამ კანონის რეგულირების სფეროში და წესრიგდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ნორმებს.

    მუხლი 2. სამართლებრივი რეგულირების საგანი

ეს კანონი ადგენს საქართველოში სავალდებულო სოციალური დაზღვევის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ფინანსურ საფუძვლებს, განსაზღვრავს სავალდებულო სოციალური დაზღვევის რეგულირების სფეროს, აწესრიგებს ამ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროს სამართალურთიერთობებს, აგრეთვე განსაზღვრავს მასში მონაწილე სუბიექტების სამართლებრივ მდგომარეობას, მათი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების წესებსა და პასუხისმგებლობას.

    მუხლი 3. სავალდებულო სოციალური დაზღვევის პრინციპები

სავალდებულო სოციალური დაზღვევის პრინციპებია:

ა) სოციალური დაზღვევის საყოველთაოობა და სავალდებულოობა;

ბ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის სავალდებულოობა;

გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის სოლიდარული გადანაწილება და სადაზღვევო გასაცემლების დიფერენციაცია, რომელიც ემყარება სადაზღვევო შესატანს, შრომით ან/და სადაზღვევო სტაჟსა და სადაზღვევო შემთხვევებს;

დ) სადაზღვევო გასაცემელთა გარანტირებულობა.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევა – სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც დაზღვეულს უზრუნველყოფს სადაზღვევო გასაცემლებით ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევების დადგომის შემდეგ;

ბ) სადაზღვევო შემთხვევა – შემთხვევა, რომლის შედეგად წარმოიშობა მზღვევლის ვალდებულება დადგენილი წესის შესაბამისად დაზღვეულზე გასცეს სადაზღვევო გასაცემლები;

გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი – დამზღვევისა და დაზღვეულის (მათ შორის, თვითდამზღვევის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მზღვევლის ბიუჯეტში სავალდებულო სოციალური დაზღვევის გასაცემლების მიღებაზე დაზღვეულის უფლების უზრუნველსაყოფად სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფის მიხედვით სადაზღვევო ბაზიდან შესატანი თანხა;

დ) მზღვევლის ბიუჯეტი – შემოსავლები (საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, მიზნობრივი ტრანსფერები და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წილობრივი მონაწილეობის სახით მიღებული სახსრები) და ხარჯები, რომლებიც წარმოადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის ეკონომიკურ საფუძველს და აქვს მიზნობრივი დანიშნულება;

ე) ასაკის გამო სადაზღვევო შემთხვევა – ფიზიკური პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევა და არანაკლებ 15 წლის შრომითი ან სადაზღვევო სტაჟის არსებობა;

ვ) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სადაზღვევო შემთხვევა – ფიზიკური პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის დადგენა „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არანაკლებ 15 წლის შრომითი ან სადაზღვევო სტაჟის არსებობა;

ზ) მარჩენლის დაკარგვის გამო სადაზღვევო შემთხვევა – ოჯახის შრომისუუნარო წევრის არანაკლებ 15 წლის შრომითი ან სადაზღვევო სტაჟის მქონე მარჩენლის გარდაცვალება;

თ) დროებითი შრომისუუნარობის გამო სადაზღვევო შემთხვევა – დაავადების ან ტრავმის შედეგად შრომითი საქმიანობის დროებით დაკარგვა, რაც დასტურდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საავადმყოფო ფურცელი, ცნობა);

ი) ორსულობისა და მშობიარობის გამო სადაზღვევო შემთხვევა – მშობიარობამდე 70 და მშობიარობის შემდეგ 56 (გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის ერთად შობის შემთხვევაში – 70) დღის განმავლობაში საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;

კ) ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო შემთხვევა – სახელმწიფოს მიერ დადგენილი და სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯების დაფარვა;

ლ) უმუშევრობის გამო სადაზღვევო შემთხვევა – შრომისუნარიანი ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს დაკარგვა;

მ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი – სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურებასაც სახელმწიფო ახდენს მზღვევლის მეშვეობით.

თავი II

სავალდებულო სოციალური დაზღვევის მონაწილენი

    მუხლი 5. სავალდებულო სოციალური დაზღვევის მონაწილენი

სავალდებულო სოციალური დაზღვევის მონაწილენი არიან:

ა) დაზღვეული;

ბ) დამზღვევი;

გ) მზღვეველი;

დ) თვითდამზღვევი.

    მუხლი 6. დაზღვეული

დაზღვეულია:

ა) საჯარო მოსამსახურე და შრომითი (კონტრაქტით) ან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით მომუშავე საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებზედაც ამ კანონის შესაბამისად ვრცელდება სავალდებულო სოციალური დაზღვევა და რომლებსაც მზღვევლის ბიუჯეტში შეაქვთ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით;

გ) თვითდამზღვევი.

    მუხლი 7. დამზღვევი

დამზღვევია:

ა) სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ანაზღაურებენ მათთან დასაქმებული (დაზღვეული) ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს (მომსახურებას) და მზღვევლის ბიუჯეტში დასაქმებულზე (დაზღვეულზე) შეაქვთ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი;

ბ) სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირთა სავალდებულო სოციალურ დაზღვევას.

    მუხლი 8. მზღვეველი

1. მზღვეველია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელსაც ამ კანონით ეკისრება საქართველოში სავალდებულო სოციალური დაზღვევის ორგანიზება და მართვა.

2. სახელმწიფო იღებს სუბსიდიურ პასუხისმგებლობას დაზღვეულთა მიმართ მზღვევლის ვალდებულებებზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

    მუხლი 9. თვითდამზღვევი

თვითდამზღვევია საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით მომუშავე დაზღვეული, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი. თუ თვითდამზღვევის საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში გაერთიანებულნი არიან მისი ოჯახის სხვა შრომისუნარიანი წევრებიც, თითოეული მათგანი ასევე ითვლება თვითდამზღვევად და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი მზღვევლის ბიუჯეტში შეაქვს დამოუკიდებლად, ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებული ფიზიკური პირი

სავალდებულო სოციალურ დაზღვევას ექვემდებარებიან:

ა) საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც ეწევიან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას, ასევე პირი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით (თვითდამზღვევი) და თვითდამზღვევის საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში გაერთიანებული მისი ოჯახის სხვა შრომისუნარიანი წევრები;

ბ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც დადგენილი წესით იგზავნება სამუშაოდ უცხოეთში საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ფიზიკური პირი, რომელიც გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით.

    მუხლი 11. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანნი

სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანნი არიან:

ა) დამზღვევი სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ანაზღაურებენ მათთან დასაქმებული (დაზღვული) ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს (მომსახურებას);

ბ) დამზღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას შრომას უნაზღაურებენ იმ ფიზიკურ პირებს (დაზღვეულებს), რომლებიც მათ საქართველოში უწევენ მომსახურებას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ფიზიკური პირები (დაზღვეულები), რომლებიც შრომის ანაზღაურებას იღებენ ამ მუხლის „ა“–„ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით;

დ) თვითდამზღვევი ფიზიკური პირები, რომლებიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობენ მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, ასევე თვითდამზღვევის საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში გაერთიანებული მისი ოჯახის სხვა შრომისუნარიანი წევრები.

თავი III

დაზღვეულის, დამზღვევისა და მზღვევლის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 12. დაზღვეულის უფლება-მოვალეობანი

1. დაზღვეული უფლებამოსილია:

ა) დამზღვევისა და მზღვევლის მეშვეობით მონაწილეობდეს სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების მართვაში, დაუბრკოლებლად მიიღოს დამზღვევისა და მზღვევლისაგან ინფორმაცია სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების ფორმირებისა და ხარჯვის შესახებ;

ბ) მოითხოვოს მზღვევლისაგან სადაზღვევო გასაცემლების დროულად და დადგენილი ოდენობით გაცემა, ხოლო სადაზღვევო გასაცემლების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის დაგვიანების შემთხვევაში – ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო გასაცემლის 0,015%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) უფასოდ მიიღოს ინფორმაცია იმ მონაცემებზე, რომლებიც აღრიცხულია მის ინდივიდუალურ ანგარიშზე, აგრეთვე იმ დოკუმენტების ასლი, რომლებსაც დამზღვევი წარუდგენს მზღვეველს ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის.

2. დაზღვეული ვალდებულია:

ა) დროულად და სრულად შეიტანოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი;

ბ) დაიცვას სადაზღვევო გასაცემელთა მიღებისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის საჭირო მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარდგენის, აგრეთვე სადაზღვევო ბარათის მიღება-შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესები;

გ) მზღვეველს მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები და შეავსოს ანკეტა ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის სისტემაში ჩართვის მიზნით.

    მუხლი 13. დამზღვევის უფლება-მოვალეობანი

1. დამზღვევი უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია მზღვევლისაგან სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების გამოყენების შესახებ;

ბ) დაზღვეულის სამუშაოზე მიღებისას მოითხოვოს მისი სადაზღვევო ბარათი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები.

2. დამზღვევი ვალდებულია:

ა) შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაიაროს რეგისტრაცია მზღვეველთან და ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ტარიფის მიხედვით უზრუნველყოს ყველა დაზღვეულზე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის სწორად დარიცხვა და მზღვევლის ანგარიშზე დროულად და სრულად ჩარიცხვა;

ბ) ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ტარიფის მიხედვით დაზღვეულს დაუკავოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი და დანიშნულებისამებრ ჩარიცხოს იგი;

გ) მზღვეველს წარუდგინოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შესაბამისი სადაზღვევო გასაცემლის გაანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტები;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების აღრიცხვა და ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ, ნახევარი წლის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში, მზღვეველს წარუდგინოს სახელფასო დეკლარაცია და ანგარიშები სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების მოძრაობის შესახებ;

ე) ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის დაზღვეულთა შესახებ მასთან არსებული მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტების ასლები მზღვეველს მიაწოდოს დადგენილ ვადებში;

ვ) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში მზღვეველს დადგენილი წესით შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე;

ზ) დაფუძნების დოკუმენტებსა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეატყობინოს მზღვეველს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 14. მზღვევლის უფლება-მოვალეობანი

1. მზღვეველი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს დაზღვეულის და თვითდამზღვევის სავალდებულო სოციალურ დაზღვევაში ჩართვისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების შეტანის მონიტორინგი, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნის, დაფინანსებისა და გაცემის განხილვა-გადაწყვეტის ორგანიზება;

ბ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს დამზღვევისაგან, თვითდამზღვევისა და დაზღვეულისაგან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების ამოღების ორგანიზება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანებთან დაკავშირებული საბუღალტრო დოკუმენტები, მათ შორის, სახელფასო დეკლარაცია და სხვა შესაბამისი საბუთები;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი სამსახურებიდან სათანადო დოკუმენტები სადაზღვევო გასაცემლებთან დაკავშირებით წარმოებული ოპერაციებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ;

ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და დადგენილ ფარგლებში შეამოწმოს დამზღვევის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების აღრიცხვის, ხარჯვისა და ანგარიშსწორების სიზუსტე, აგრეთვე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტან სხვა პირთან აღნიშნული შესატანის შეტანის დროულობა და სისწორე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაატაროს დამზღვევისა და დაზღვეულის მიმართ ფინანსური სანქციები სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში მოქმედი ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების დარღვევისათვის;

ზ) გადასინჯოს და დააკისროს დამზღვევს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანა, აგრეთვე საურავის და ჯარიმების გადახდა აღნიშნული შესატანის შეტანის ვადის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში;

თ) ამ კანონის შესაბამისად დაზღვეულისა და დამზღვევისაგან მოითხოვოს ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის განსაზღვრული მონაცემების სრულად და დროულად წარდგენა და გააკონტროლოს მათი სისწორე;

ი) აწარმოოს საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე კუთვნილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ჩამოწერა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი დებიტორის საბანკო ანგარიშიდან. ამასთან საბანკო დაწესებულებაში უცხოური ვალუტით ანგარიშის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს უცხოური ვალუტის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში;

კ) შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის პროგრამების შემუშავებაში;

ლ) დაიცვას დამზღვევის წინაშე დაზღვეულის ინტერესები;

მ) განახორციელოს ფიზიკური პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრის ორგანიზება.

2. მზღვეველი ვალდებულია:

ა) დანიშნოს და დროულად მოახდინოს სადაზღვევო გასაცემლების გაცემა ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე მოახდინოს მათი გადაანგარიშება და ინდექსირება;

ბ) უზრუნველყოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების ამოღების ორგანიზება;

გ) შეიმუშაოს საკუთრი ბიუჯეტის პროექტი;

დ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნა-გაცემა;

ე) სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად უზრუნველყოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის პროგრამების შესრულება;

ვ) განახორციელოს ღონისძიებები სავალდებულო სოციალური დაზღვევის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებისათვის და სახსრების სწორად ხარჯვის უზრუნველსაყოფად;

ზ) უზრუნველყოს ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის სისტემით გათვალისწინებული მონაცემების დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხვა, სადაზღვევო ბარათის შევსება და მისი გაცემის ორგანიზება „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და პირადი ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) დაზღვეულს უფასოდ მიაწოდოს ინფორმაცია მის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მონაცემების შესახებ;

ი) განუმარტოს დაზღვეულსა და დამზღვევს მათი უფლება-მოვალეობანი, ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის პროცედურა, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფორმების შედგენისა და წარდგენის წესი, გაუწიოს მას უფასო კონსულტაციები სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიაწოდოს ინფორმაცია სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებზე;

კ) უზრუნველყოს დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის რეგისტრაცია და მათი ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა;

ლ) ორგანიზება გაუწიოს ფიზიკურ პირთა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრას;

მ) განავითაროს საერთაშორისო კავშირები სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში.

3. ამ კანონისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დარღვევისათვის მზღვეველი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევები და სადაზღვევო გასაცემლები

    მუხლი 15. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევები

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევებია:

ა) ასაკის დადგომა;

ბ) შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომა;

გ) მარჩენლის დაკარგვა;

დ) დროებითი შრომისუუნარობა;

ე) ორსულობა და მშობიარობა;

ვ) უმუშევრობა;

ზ) ჯანმრთელობის დაცვა.

    მუხლი 16. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო გასაცემლები

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო გასაცემლებია:

ა) ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია და მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია, რომელთა დანიშვნა და გაცემა ხორციელდება „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) დროებითი შრომისუუნარობის და ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებები, რომელთა დანიშვნა და გაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად;

გ) უმუშევრობის შემწეობა და უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფა, რაც რეგულირდება „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების ანაზღაურება, რაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტის შესაბამისად.

    მუხლი 17. მზღვევლის ბიუჯეტში შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი

1. მზღვევლის ბიუჯეტში დაზღვეულზე შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შესახებ მონაცემები აღირიცხება დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე.

2. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანით დაბეგვრის ობიექტი და სადაზღვევო შესატანის დარიცხვის ბაზა განსაზღვრულია ამ კანონით.

თავი V

სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის განსაზღვრისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის წესი

    მუხლი 18. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის განსაზღვრისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის წესი

1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზას (გარდა თვითდამზღვევთა) წარმოადგენს დაზღვეულის მიერ თითოეულ თვეში მიღებული ყველა სახის შრომის ანაზღაურება (ხელფასი, მატერიალური წახალისება, დანამატი და შრომითი საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავალი), ხოლო თვითდამზღვევებისათვის – სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზა – წინა წელს ქვეყანაში არსებული საშუალო თვიური ხელფასი. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის მინიმალური ოდენობა ტოლია მინიმალური ხელფასისა, ხოლო მაქსიმალური ოდენობა – ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ათმაგი ოდენობისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შრომის ანაზღაურებაში არ გაითვალისწინება გრანტით მიღებული შემოსავლები, ხოლო არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში – დამზღვევის მიერ დაზღვეულზე და თვითდამზღვევის მიერ გადახდილ სადაზღვევო პრემიასთან ერთად, აგრეთვე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, თუ მათი ოდენობა არ აღემატება დაზღვეულის შრომის ანაზღაურების 30%-სა და 1200 ლარს წელიწადში.

3. დამზღვევის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანა ხდება დაზღვეულზე შრომის ანაზღაურების გაცემისთანავე. თუ შრომის ანაზღაურება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დამზღვევი ვალდებულია გასაცემი შრომის ანაზღაურების თანხების მოთხოვნასთან ერთად საბანკო დაწესებულებაში წარადგინოს საგადასახადო დავალება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის გადარიცხვის თაობაზე.

4. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანს, რომელიც შეაქვს დაზღვეულს დამზღვევი გამოქვითავს შრომის ანაზღაურების გაცემისას და იგი ჩაირიცხება მზღვევლის ბიუჯეტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. თვითდამზღვევის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვა ხდება კალენდარული წლის ყოველი თვისათვის ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. თვითდამზღვევს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი მზღვევლის ბიუჯეტში შეაქვს კვარტალში ერთხელ, კვარტლის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული, ქვეყანაში წინა წელს არსებული საშუალო ხელფასის ოდენობა ყოველი მიმდინარე წლის 10 იანვრამდე დგინდება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

    მუხლი 19. სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნა-გაცემა

სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნა-გაცემას აწარმოებს მზღვეველი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზა

1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი დაერიცხება ყველა სახის შრომის ანაზღაურებას (ხელფასი, მატერიალური წახალისება, დახმარება, დანამატი, შრომითი საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავალი), გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხებისა.

2. თვითდამზღვევისათვის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი დაერიცხება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული თანხებისა.

    მუხლი 21. დაზღვეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ზედმეტად მიღებული სადაზღვევო გასაცემლების დაბრუნების წესი

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ზედმეტად მიღებული სადაზღვევო გასაცემლები, რომელთა მიღებაც გამოწვეული იყო გაანგარიშებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომით ან დაზღვეულის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენით, დაზღვეულს შემდგომში დაუკავდება მისაღები სადაზღვევო გასაცემლების ან შრომის ანაზღაურების თანხებიდან.

    მუხლი 22. სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა

სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

ავალდებულო სოციალური დაზღვევის საფინანსო სისტემა

    მუხლი 23. მზღვევლის ბიუჯეტი

1. მზღვევლის ბიუჯეტი წარმოადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის ეკონომიკურ საფუძველს და აქვს მიზნობრივი დანიშნულება.

2. მზღვევლის ბიუჯეტის სახსრები სახელმწიფო საკუთრებაა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია.

3. საფინანსო წლის საკუთარი ბიუჯეტის პროექტს ადგენს მზღვეველი.

4. მზღვევლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება და ანგარიშგება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრები აღირიცხება მზღვევლის ანგარიშზე.

    მუხლი 24. მზღვევლის ბიუჯეტის ფორმირება და სადაზღვევო გასაცემლების დაფინანსება

1. მზღვევლის ბიუჯეტის ფორმირების წყაროებია:

ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანები;

ბ) ტრანსფერი საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად;

გ) შემოწირულობები;

დ) სადაზღვევო გასაცემლების კანონმდებლობის დარღვევით გაცემისას რეგრესის წესით ამოღებული თანხები;

ე) მზღვევლის მიერ ფინანსური სანქციების გატარების შედეგად ამოღებული სახსრები;

ვ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების კაპიტალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;

ზ) სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. მზღვევლის ბიუჯეტის სახსრები მიიმართება სავალდებულო სადაზღვევო გასაცემლების, სადაზღვევო გასაცემლების გაცემის მომსახურების, მზღვევლის საორგანიზაციო-ადმინისტრაციული და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

3. სავალდებულო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტში პროფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, სავალდებულო სოციალური დაზღვევის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მზღვევლის ბიუჯეტში იხსნება სარეზერვო ანგარიში, რომლის გამოყენება რეგულირდება მზღვევლის ბიუჯეტით. სარეზერვო ანგარიშის მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წელიწადში და ამოღებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 25. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფი

1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფი განსაზღვრავს დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ მზღვევლის ბიუჯეტში შესატან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ოდენობას.

2. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფი დამზღვევისა და დაზღვეულისათვის შეადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის 33%-ს; აქედან დამზღვევი იხდის 31%-ს, დაზღვეული კი 2%-ს.

3. თვითდამზღვევთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფი შეადგენს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 18%-ს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტარიფის შესაბამისად მზღვევლის ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის 28% მიიმართება სავალდებულო სადაზღვევო პენსიების, აგრეთვე დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დახმარებების დასაფინანსებლად;

ბ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის დარიცხვის შესატანის ბაზის 4% მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად;

გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის დარიცხვის შესატანის ბაზის 1% მიიმართება უმუშევართა შემწეობებისა და უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ტარიფის შესაბამისად მზღვევლის ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის 14% მიიმართება სავალდებულო სადაზღვევო პენსიების, აგრეთვე დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დახმარებების დასაფინანსებლად;

ბ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის 4% მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

თავი VII

სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების, ხარჯვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი

    მუხლი 26. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების, ხარჯვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი

1. მზღვეველი ახორციელებს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღებას, კონტროლს უწევს შემოსავლების სწორად აღრიცხვას, სახსრების მიზნობრივად ხარჯვას, დამზღვევთა და თვითდამზღვევთა მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანთან დაკავშირებული საფინანსო და სხვა ანგარიშების წარდგენას, სადაზღვევო გასაცემლების გაცემაზე მომსახურე ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრების მოძრაობასა და გაცემის სწორად წარმოებას.

2. დაზღვეული და დამზღვევი ვალდებულნი არიან მზღვეველს წარუდგინონ საჭირო დოკუმენტები სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის, აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობის შემოწმებისათვის.

3. სადაზღვევო გასაცემლების გაცემაზე მომსახურე ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან მზღვეველს მიაწოდონ მონაცემები ჩარიცხული სახსრების მოძრაობისა და გაცემის მდგომარეობის შესახებ.

4. ამ მუხლის 1-ლმე-3 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მზღვეველთან იქმნება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების სამსახური. მზღვევლის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების სამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მზღვევლის დებულებით.

    მუხლი 27. საანგარიშო პერიოდი

1. ამ კანონის მიზნებისათვის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საანგარიშო პერიოდი შედგება ანგარიშგების პერიოდებისაგან. ანგარიშგების პერიოდებად მიიჩნევა პირველი ნახევარი წელი და წელიწადი.

3. დამზღვევს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი შეაქვს დაზღვეულზე ნებისმიერი სახის შრომის ანაზღაურების გაცემისთანავე და, საანგარიშო პერიოდის შედეგებიდან გამომდინარე, საბოლოო ანგარიშსწორებას ახდენს შეტანილ თანხასა და საანგარიშო პერიოდში გამოთვლილ შესატანის დარიცხვის ბაზას შორის სხვაობის ასანაზღაურებლად.

4. თუ დამზღვევი დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, მისთვის პირველ საანგარიშო პერიოდად ითვლება პერიოდი დაფუძნების დღიდან მიმდინარე კალენდარული წლის ბოლომდე, ამასთან დაფუძნების დღედ ითვლება კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დღე, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – მათი დაფუძნების შესახებ ნორმატიულ აქტში მითითებული ძალაში შესვლის თარიღი.

5. თუ დამზღვევი დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მაშინ მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება პერიოდი დაფუძნების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის ბოლომდე.

6. თუ დამზღვევის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია მოხდა კალენდარული წლის ბოლომდე, მაშინ მისთვის ბოლო საანგარიშო პერიოდად ითვლება პერიოდი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დღემდე.

7. თუ დამზღვევი დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ და მისი ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია მოხდა იმავე წლის ბოლომდე, მაშინ მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება პერიოდი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დღემდე.

8. თუ დამზღვევი დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და მისი ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია მოხდა მომდევნო კალენდარული წლის ბოლომდე, მაშინ მისთვის საანგარიში პერიოდად ითვლება პერიოდი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დღემდე.

9. ამ მუხლის 1-ლმე-8 პუნქტებში განსაზღვრული წესი ვრცელდება თვითდამზღვევებზეც. ამასთან, თვითდამზღვევების რეგისტრაციის დღედ ითვლება საგადასახადო ორგანოში მათი რეგისტრაციის დღე.

    მუხლი 28. დამზღვევის, დაზღვეულისა და სადაზღვევო გასაცემლების გაცემაზე მომსახურე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების პასუხისმგებლობა

1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დადგენილი ოდენობით შეტანის, ხარჯვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ვადების დარღვევისათვის დამზღვევისა და თვითდამზღვევის მიმართ გამოიყენება შემდეგი ფინანსური სანქციები:

ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების შეტანის ვადის დარღვევისათვის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანს დაერიცხება საურავი აღნიშნული თანხის 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისი შეტანის თარიღამდე;

ბ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემცირებული ოდენობით დარიცხვის შემთხვევაში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ საურავთან ერთად ჯარიმდება გამოვლენილი შემცირებული თანხის 10%-ის ოდენობით;

გ) მზღვეველთან რეგისტრაციისათვის თავის არიდების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი ჯარიმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეყანაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით;

დ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანთან დაკავშირებული სახელფასო დეკლარაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საბუღალტრო დოკუმენტების დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი ჯარიმდება ანგარიშგების პერიოდში კუთვნილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის 5%-ის ოდენობით;

ე) თუ არსებობს რამდენიმე დარღვევა, გამოიყენება თითოეული დარღვევისათვის დადგენილი სანქციები.

2. დამზღვევისაგან საგადასახადო დავალებების წარდგენის დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი ვადით სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის მზღვევლის ბიუჯეტში დაგვიანებით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულებას დაერიცხება საურავი დაგვიანებით გადარიცხული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანისაგან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის მზღვევლის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულებითი წესით ამოსაღებად მზღვეველი შესაბამის საბანკო დაწესებულებაში წარადგენს საინკასო დავალებას (განკარგულებას) მისი ანგარიშიდან თანხების უდავო წესით ჩამოწერის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული თანხების ამოსაღებად იყენებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს.

    მუხლი 29. სანქციებით მიღებული სახსრების გამოყენება

ფინანსური სანქციების შედეგად მიღებული სახსრების 30% ხმარდება მზღვევლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, ხოლო 70% – სადაზღვევო გასაცემლებს.

    მუხლი 30. სავალდებულო სოციალური დაზღვევის განმახორციელებელი ორგანო

სავალდებულო სოციალურ დაზღვევას ახორციელებს მზღვეველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებით“.

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი

1. 2005 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შემოსავლების ზრდის პროპორციულად განხორციელდეს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფის შემცირება.

2. 2005 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების ორგანიზება და ამ კანონით სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღებასთან დაკავშირებული მზღვევლის უფლება-მოვალეობები განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, ხოლო მზღვეველმა საგადასახადო ორგანოებთან ერთად განახორციელოს სოციალური დაზღვევის გადასახადის ამოღების მონიტორინგი. 2005 წლის 1 იანვრიდან შემოსავლების ზრდის გათვალისწინებით სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების ორგანიზება განახორციელოს მზღვეველმა.

3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2004 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს კანონები:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ა.ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ა.გ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ა.ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები:

ბ.ა) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ბ.ბ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღებისა და აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ;

ბ.გ) სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

    მუხლი 32. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2416-IIს