დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 306 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 15/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 16/06/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.05.002.000690 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/1997 - 14/01/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №306
1997 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება და რეგლამენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს მდივანმა თ. ბასილიამ ერთ თვეში წარმოადგინოს საბჭოს 1997 წლის სამუშაო გეგმა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს დებულება და რეგლამენტი
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მარტის №87 განკარგულებით. საბჭოს მიზანია მოამზადოს წინადადებანი საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ, მონაწილეობა მიიღოს საერთო-სახელმწიფოებრივი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაცია გაუწიოს მათი განხორციელებისათვის ხელისუფლების ორგანოების (სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების და ა.შ.) საქმიანობას, მოისმინოს ამ სფეროში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები.
1.2. საბჭოს უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საბჭოს ძირითადი ამოცანები
საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
2.1. საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას, ინვესტიციათა მიღებისათვის საჭირო პირობების შექმნას, ინვესტიციათა ნაკადის მოზიდვის მიზნით ფისკალური პოლიტიკის სრულყოფას, პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში უწყებრივი და სხვა სახის ბარიერების აღმოფხვრას, საერთაშორისო გაერთიანებაში საქართველოს, როგორც ინვესტიციათა ხელშემწყობი ქვეყნის, იმიჯის შექმნას, ინვესტორებსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ატმოსფეროს ჩამოყალიბებასა და მათი საქმიანობის კოორდინაციას;
2.2. მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ადაპტაციისა და ინტეგრაციის, უცხოური კაპიტალის მოზიდვის, საზღვარგარეთული ინვესტიციების, კრედიტებისა და გრანტებისათვის ხელშემწყობი ეკონომიკურ-სამართლებრივი გარემოს შექმნის, ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივ სექტორებში განხორციელებული და მოსალოდნელი ინვესტიციების კოორდინაციის პრობლემათა განხილვა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა და ამ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა მომზადება;
2.3. საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში ინვესტიციათა მოზიდვისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, კერძო ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერასა და მათი ინტერესების საერთო-სახელმწიფოებრივ ამოცანებთან შეხამებას;
2.4. საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრის, საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმებისათვის სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის შექმნის, სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შესახებ წინადადებათა მომზადება; ინვესტორებთან თანამშრომლობის მიმართულებათა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობათა სტრატეგიის გაანალიზება, მათთან მოლაპარაკებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
2.5. ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამების შემუშავებისათვის ხელშეწყობა, საქართველოს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულებათა და განკარგულებათა პროექტების მომზადება;
2.6. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისათვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების განმტკიცებისათვის საინვესტიციო სახსრების მოზიდვა;
2.7. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გარანტიის საფუძველზე ინვესტიციებისა და კრედიტების მიღების, მათი მიზნობრივად გამოყენების კოორდინაცია და მონიტორინგი;
2.8. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან მიღებული გრანტების მიზნობრივად გამოყენების კოორდინაცია და მონიტორინგი;
2.9. საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისა და ამ მიზნით საზღვარგარეთული კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ერთიანი პოლიტიკის განხორციელების შესახებ წინადადებათა მომზადება და საქმიანობის კოორდინაცია;
2.10. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
2.11. ცივილიზებულ საბაზრო ურთიერთობათა დასამკვიდრებლად საინვესტიციო სფეროში სამართლებრივი სივრცისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის შესახებ წინადადებათა შემუშავება და კერძო ბიზნესისათვის ხელის შეწყობა;
2.12. უცხოური საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების ექსპერტიზის ორგანიზება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
2.13. საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელის შეწყობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.14. საქართველოს სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის, უწყებებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის, დაწესებულებებისა და საწარმოებისათვის საინვესტიციო საქმიანობის ორგანიზებაში დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;
2.15. საინვესტიციო რესურსების დაგეგმვისა და გამოყენების საკითხთა განხილვა და მათ გადაწყვეტასთან დაკავშირებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
2.16. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
2.17. საზღვარგარეთ გამართული საინვესტიციო ხასიათის საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა სახის ფორუმებში მონაწილეობის მიღება და შედეგების გაანალიზება, აგრეთვე ამგვარი ფორუმების საქართველოში ორგანიზებისათვის ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია;
2.18. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა სახის ფორუმებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
2.19. ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში ხელშეწყობა.
3. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
საბჭო უფლებამოსილია:
3.1. განიხილოს თავის სხდომებზე საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მოამზადოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
3.2. არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს მათთან გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პროექტები;
3.3. საჭიროების შემთხვევაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისა და უცხოეთში მომუშავე საქართველოს საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით მოიზიდოს და თავის მუშაობაში ჩააბას დაინტერესებული უცხოელი და ქართველი ბიზნესმენები;
3.4. მოსთხოვოს სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს მასალები და ინფორმაცია საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში;
3.5. დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა სახის ნაბეჭდი მასალები;
3.6. სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, მეწარმეების, მეცნიერების წარმომადგენლებისაგან შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები საინვესტიციო საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტების, ნორმატიული აქტების, ქვეკანონური აქტებისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემათა გადაჭრის ღონისძიებათა შესამუშავებლად;
3.7. დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
3.8. უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
3.9. საქართველოს მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საინვესტიციო პროექტებს, საფინანსო-საინვესტიციო წინადადებებს უთანხმებენ უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს და ითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს.
4. საბჭოს სტრუქტურა
4.1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს.
4.2. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საბჭოს მდივანი – პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
4.3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე საბჭოს მიმდინარე საქმიანობას შესაბამისი სამსახურის მეშვეობით ახორციელებს საბჭოს მდივანი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
4.4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მარტის №87 განკარგულებით.
4.5. საბჭოს მუშაობაში საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ მთავრობის ის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები და სახელმწიფო რწმუნებულები, აგრეთვე ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, – რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები.
5. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
5.1. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს მდივნის წარდგინებით.
5.2. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
- საბჭოს თავმჯდომარეს;
- საბჭოს წევრებს;
- მთავრობის სხვა წევრებს;
- აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის წარდგინებით – სხვა პასუხისმგებელ მუშაკებს.
5.3. საბჭო, საქართველოს კანონებისა და ქვეკანონური აქტებიდან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, მითითებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად.
5.4. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი – საბჭოს თავმჯდომარე.
5.5. საბჭო მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ინფორმაციებს საინვესტიციო პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და საოქმო ჩანაწერების სახით.
6. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
6.1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
6.2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე.
ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საბჭოს წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები თავიანთ წინადადებებს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ საბჭოს მდივანს, რის საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს – მომავალი წლის პერსპექტიული გეგმა.
6.3. საბჭოს მდივანი ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმების პროექტებს შემოსულ წინადადებათა საფუძველზე, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს.
6.4. საბჭოს მდივანი შესაბამისი სამსახურის მეშვეობით კონტროლს უწევს სამუშაო გეგმების შესრულებასა და საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას.
6.5. საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის სამუშაო გეგმიდან საკითხების ამოღება ან მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა
7.1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილავს საბჭოს მდივანი – პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი.
7.2. საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ხუთი დღით ადრე ბარდებათ საქართველოს პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს.
8. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად
8.1. საბჭოს სხდომაზე განიხილება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს დებულებით“ განსაზღვრული საკითხები.
8.2. საბჭო განიხილავს:
- საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;
- სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელების ინფორმაციებს და მოისმენს ანგარიშს საინვესტიციო პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე.
8.3. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები და პროექტები; მოხსენებით ბარათს თან უნდა ახლდეს შესაბამისი გადაწყვეტილების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულების ან საოქმო ჩანაწერის) პროექტი.
საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების ხელმძღვანელებს ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა საბჭოზე შემოტანილი საკითხების, საოქმო გადაწყვეტილებების, განკარგულებების, ბრძანებულებების პროექტების ხარისხისათვის, წარმოდგენილი მასალების სისრულისა და უტყუარობისათვის;
მოხსენებითი ბარათი (ცნობა) უნდა იყოს ხელმოწერილი, ხოლო საოქმო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულების პროექტი და მათი დანართები – ვიზირებული იმ მინისტრების, დეპარტამენტთა და უწყებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერებისა და რაიონების გამგეობათა თავმჯდომარეების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი.
8.4. საბჭოს სხდომაზე განსახილველი პროექტები, რომლებიც შეეხება საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ქალაქებისა და რაიონების გამგეობების ინტერესებს ან კომპეტენციას, წინასწარ უნდა იქნეს მათთან განხილული.
საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები მოვალენი არიან მისცენ დასკვნა მათთან განხილულ საბჭოს სხდომაზე გასატან საკითხთა პროექტებს მათი მიღებიდან ათი დღის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან, დაასაბუთონ საწინააღმდეგო მოსაზრებანი და თან დაურთონ შემოთავაზებული რედაქცია.
8.5. საბჭოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს აპარატს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.
8.6. საბჭოს სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს აპარატი, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, უბრუნებს საკითხის შემომტანთ ხელახალი გადამუშავებისათვის.
9. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს სხდომები
9.1. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მოიწვევიან დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
9.2.საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მომხსენებელს ეძლევა არა უმეტეს 15 წუთისა, თანამომხსენებლებს – 7 წუთი, კამათში მონაწილეებს – 3-5 წუთი.
9.3. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს აპარატი.
9.4. საბჭოს სხდომებზე უშენიშვნოდ მიღებულ საქართველოს პრეზიდენტის აქტებს საინვესტიციო საკონსულტაციო საბჭოს აპარატი აფორმებს მეორე დღეს. განხილულ საკითხებზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებანი და მითითებანი პროექტებში შეაქვს საკითხის შემომტანს. პროექტებს საბოლოო რედაქციით ვიზას ადებენ შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, იურიდიული განყოფილების უფროსი, საბჭოს მდივანი და წარადგენენ ხელმოსაწერად.
9.5. საბჭოს ხელმოწერილ სხდომის ოქმებსა და პრეზიდენტის აქტებს საოქმო-საგამომცემლო განყოფილება უგზავნის ადრესატებს ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში.
9.6. საბჭოს ხელმოწერილი ოქმები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, განკარგულებები ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებს, ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებს დადგენილი სიის მიხედვით.
საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.
ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი.
დოკუმენტის კომენტარები