დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 358 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 03/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/1998 - 20/04/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №358
1998 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, სოციალური და შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების სფეროში სოციალური პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და "კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, "სოციალური პარტნიორობისა და შრომითი დავების გადაწყვეტის შესახებ" საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 14 აგვისტოს №311 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის თანდართული შემადგენლობა.
2. დამტკიცდეს საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის თანდართული დებულება.
3. დამტკიცდეს გენერალური შეთანხმებისა და დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) და ტერიტორიული შეთანხმების მომზადებისა და დადების წესის შესახებ თანდართული დებულება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "სოციალური და შრომითი ურთიერთობების რეგულირების სამმხრივი რესპუბლიკური კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 აგვისტოს №314 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შემადგენლობა
საქართველოს მთავრობის მხრიდან:
თამაზ აგლაძე – საქართველოს მრეწველობის მინისტრი
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
თეიმურაზ გიორგაძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
ფრიდონ ინჯია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი
თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან:
როინ ბუგიანიშვილი – რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საგზაო კომიტეტის თავმჯდომარე
ზურაბ დიდიშვილი – საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე
გია კერესელიძე – საქართველოს მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე
მანანა კობახიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების მუშაკთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ლომიძე – საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ მაჭავარიანი – საქართველოს სახელმწიფო ვაჭრობისა და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
მერაბ ჟურული – მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე
ლონდა სიხარულიძე – საქართველოს სატყეო, ქაღალდისა და ხის დამმუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი ტუღუში – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე
რობერტ ურჯუმელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
გივი ფხაკაძე – საქართველოს ადგილობრივი მეურნეობის, საბინაო კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ქველიაშვილი – საქართველოს სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე
არნოლდ ჩოხელი – საქართველოს ელექტროტექნიკური მრეწველობის და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
სპარტაკ ხატიაშვილი – საქართველოს კულტურისა და სპორტის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე.
საქართველოს მეწარმეთა გაერთიანების მხრიდან:
თამაზ ბეჟანიშვილი – სააქციო საზოგადოება "თბილხელსაწყოს" გენერალური დირექტორი
ნუგზარ ბუგიანაშვილი – საქართველოს მეწარმეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი
ანზორ ბურჯანაძე – საქართველოს პურპროდუქტების კორპორაციის პრეზიდენტი
ბონდო ზარნაძე – საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე
გიორგი თოფაძე – "შპს "ყაზბეგის" გენერალური დირექტორი
საურმაგ თურმანიძე – გაერთიანება "საქმსუბუქმრეწვის" თავმჯდომარე
თემურ კენჭაძე – თბილისის პურის მრეწველობის საწარმოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
მიხეილ მაქსოევი – საქართველოს მეწარმეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი
ნინო მამუკელაშვილი – ვაჭრობის, მომსახურე სფეროს და მცირე საწარმოთა დირექტორთა კავშირის თავმჯდომარე
ირაკლი მიქაძე – საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
დომენტი მოურავიძე – საქართველოს მეწარმეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი
ზურაბ ტყემალაძე – "შპს "სამებას" გენერალური დირექტორი
ჯუმბერ ძნელაძე – სააქციო საზოგადოება "ქიმბოჭკოს" დირექტორი
გელა ხანიშვილი – მრეწველთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისია (შემდგომში – კომისია) არის სოციალური პარტნიორობის სისტემის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან და შედგება აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფკავშირების გაერთიანების და მეწარმეთა გაერთიანებების (დამსაქმებლების) წარმომადგენლებისაგან.
2. საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის დებულებას და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ნორმებით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე, და ამ დებულებით.
4. კომისიის პერსონალური შემადგენლობა ყალიბდება ურთიერთპასუხისმგებლობის, თანასწორუფლებიანობისა და პარიტეტული წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
II. კომისიის მიზნები და ამოცანები
5. კომისიის ძირითადი მიზნებია:
ა) სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება;
ბ) სოციალური პარტნიორობის სისტემის განვითარება;
გ) კოლექტიური შრომითი დავების (კონფლიქტების) რეგულირების ხელშეწყობა.
6. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებებს, მეწარმეთა გაერთიანებებს (დამსაქმებელთა) შორის გენერალური ხელშეკრულების მომზადებისა და დადებისათვის კოლექტიური მოლაპარაკების წარმართვა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარება, აგრეთვე დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმებების საკითხების რეგულირება, რომლებზეც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება;
გ) ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წინასწარი სამმხრივი განხილვა და კონსულტაციები.
III. კომისიის უფლებები
7. კომისიას მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს:
ა) გადაჭრას კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, რომლებსაც მის მიერ დადგენილ ვადებში განიხილავენ და განახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლება, პროფკავშირები და მეწარმეები (დამსაქმებლები);
ბ) დაუწესოს კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფკავშირებისა და მეწარმეების (დამსაქმებლების) მიერ გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;
გ) დადგენილი წესით აღძრას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც არ უზრუნველყოფენ გენერალური შეთანხმებით და კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას;
დ) დახმარება გაუწიოს საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, კოლექტიური შრომითი დავების (კონფლიქტების) რეგულირებაში; ამ მიზნით მოიწვიოს მეწარმეები, მთავრობის წევრები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ე) შრომითი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად კანონით დადგენილი წესით შეიტანოს წინადადებები სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების, პროფკავშირების, მეწარმეთა გაერთიანებების (დამსაქმებლების) და აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა) გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას;
ვ) რეკომენდაცია გაუწიოს დარგობრივი კომისიის წარმომადგენლებს დარგობრივი ხელშეკრულებების მომზადების, დადების და კოლექტიური შრომითი დავის (კონფლიქტის) მოწესრიგების საკითხებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით გააგზავნოს კომისიის წევრები (მათი მოადგილეები) და ექსპერტები საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ გაერთიანებებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; მუშაკთა შრომითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების,სტატისტიკური და სხვა მასალების გასაცნობად;
თ) მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, დარგების და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; გენერალური ხელშეკრულებების და დარგობრივი ხელშეკრულებების ირგვლივ წამოჭრილ აზრთა სხვადასხვაობის გადაჭრისა და კოლექტიური შრომითი დავის (კონფლიქტის) რეგულირებისათვის.
8. კომისია დადგენილი წესით იღებს მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, მუშაობის პერსპექტიული გეგმებისა და სოციალურ-შრომით საკითხებთან დაკავშირებული სხვა მასალების შემუშავებაში.
9. პროფკავშირების გაერთიანებებს და მეწარმეების გაერთიანებებს (დამსაქმებლებს), რომლებიც არ არიან წარმოდგენილი სამმხრივ კომისიაში, უფლება აქვთ წერილობითი თხოვნით მიმართონ კომისიას, რათა განიხილონ მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მთავრობის სხდომაზე მათი მონაწილეობით.
IV. კომისიის საქმიანობის წესი
10. კომისია მუშაობს დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს ხმათა უმრავლესობით.
11. კომისიის მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება სამდივნო, პასუხისმგებელი მდივნისა და თითოეული მხრიდან მდივნის შემადგენლობით. კომისია ამტკიცებს სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას.
12. აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეული მხარე ცალკეული საკითხების შეთანხმებულად გადაწყვეტისათვის ქმნის სამუშაო ჯგუფს. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის სხდომებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ექსპერტებმაც.
13. საპატიო მიზეზით კომისიის წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში მის მუშაობაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებს კომისიის წევრის მოადგილე.
14. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ თითოეული მხრიდან ესწრება კომისიის წევრების (ან მათი მოადგილეების) არანაკლებ ორი მესამედისა.
15. კომისიის განსახილველი ყველა საკითხი წყდება კონსენსუსის საფუძველზე იმ პირობით, რომ თითოეული მხრიდან გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის სიობრივი შემადგენლობის ორი მესამედი.
V. კომისიის კოორდინატორის სტატუსი
16. კომისიის კოორდინატორია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
17. კომისიის კოორდინატორი:
ა) რეგულარულად აწვდის ინფორმაციას:
– პრეზიდენტს – კომისიის საქმიანობის შესახებ;
– კომისიას – რეფორმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მომზადებისა და შესრულების შესახებ;
ბ) მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეთანხმებით ამტკიცებს კომისიის სხდომათა რეგლამენტს და მუშაობის გეგმას, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს და მათ შემადგენლობას;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიას და სამუშაო ჯგუფებს დარგობრივ კომისიებთან სოციალურ-შრომითი ურთიერთობების მოგვარებისას;
დ) ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულებისას უზრუნველყოფს მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევას;
ე) იღებს მხარეებთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სხდომებში პროფკავშირების გაერთიანებებისა და მეწარმეთა გაერთიანებების (დამსაქმებელთა) წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ;
ვ) იწვევს საქართველოს ეროვნული ბანკის, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს (სათათბირო ხმის უფლებით) კომისიის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად.
18. კოორდინატორი არ ერევა კომისიის მხარეთა ოპერატიულ საქმიანობაში და არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში.
VI. კომისიის წევრები
19. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც ამტკიცებს კომისია;
ბ) კომისიის დავალების შესაბამისად მიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, პროფკავშირებს, მეწარმეთა გაერთიანებებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიიღოს წერილობითი პასუხი წამოჭრილ საკითხებზე;
გ) გაეცნოს არსებულ ნორმატივებს, ინფორმაციულ და საცნობარო მასალებს, ისარგებლოს სამთავრობო კავშირებით.
20. კომისიის წევრს აქვს მოწმობა.
21. კომისიის წევრს კოორდინატორთან შეთანხმებით უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხდომებში იმ საკითხების განხილვისას, რომელიც შედის კომისიის კომპეტენციაში.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
გენერალური შეთანხმების, დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) და ტერიტორიული შეთანხმების მომზადებისა და დადების წესის შესახებ
I. გენერალური შეთანხმება, დარგობრივი
(დარგთაშორისი, პროფესიული) და ტერიტორიული შეთანხმება
1. გენერალური შეთანხმება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგების ზოგად პრინციპებს სახელმწიფო დონეზე.
2. დარგობრივი შეთანხმება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ერთი ან რამდენიმე დარგის ან პროფესიისათვის.
3. ტერიტორიული შეთანხმება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობას ქალაქის, რაიონის და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის, მათი თავისებურებების გათვალისწინებით.
II. შეთანხმების დადების ძირითადი პრინციპები
4. შეთანხმების დადების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დაცვა;
ბ) მხარეთა წარმომადგენლების სრულუფლებიანობა;
გ) მხარეთა თანასწორუფლებიანობა;
დ) შეთანხმების შინაარსის შემადგენელი საკითხების შერჩევისა და განხილვის თავისუფლება;
ე) ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა;
ვ) აღებული ვალდებულების რეალური უზრუნველყოფა;
ზ) კონტროლი და პასუხისმგებლობა.
III. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების მხარეები
5. გენერალური შეთანხმების მხარეებია:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლება;
ბ) პროფკავშირების გაერთიანებები ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი სხვა ორგანოები;
გ) მეწარმეების გაერთიანებები (დამსაქმებლები) ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოები.
6. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმების მხარეებია:
ა) დამსაქმებლები;
ბ) მეწარმეთა გაერთიანებები ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოები;
გ) პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი ორგანოები, რომელთაც შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკება,დადონ ხელშეკრულება და უზრუნველყონ მათი შესრულება ამა თუ იმ დარგის საწარმოებში.
7. ტერიტორიული შეთანხმების მხარეებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები;
ბ) მეწარმეთა გაერთიანებები (დამსაქმებლები);
გ) პროფესიული კავშირების გაერთიანებები ან მუშაკთა უფლებამოსილი სხვა ორგანოები.
IV. გენერალური შეთანხმების შინაარსი
8. გენერალური შეთანხმების შინაარსი განისაზღვრება "კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით და საქართველოს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამმხრივი კომისიის მიერ წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე აღმასრულებელ ხელისუფლებას, პროფკავშირების გაერთიანებებს ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებსა და მეწარმეებს (დამსაქმებლების გაერთიანებებს) შორის.
V. დარგობრივი შეთანხმების შინაარსი
9. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმების შინაარსი განისაზღვრება დარგობრივი კომისიის მიერ მხარეთა შორის წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.
10. შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს დებულებები, რომლებიც განსაზღვრულია "კოლექტიური ხელშეკრულების და შეთანხმების შესახებ" საქართველოს კანონით.
VI. ტერიტორიული შეთანხმების შინაარსი
11.ტერიტორიული შეთანხმების შინაარსი განისაზღვრება "კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ" საქართველოს კანონით და ტერიტორიული კომისიის მიერ მხარეთა შორის წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.
12. ტერიტორიული შეთანხმება ითვალისწინებს მუშაკთა სოციალური დაცვის ნორმებს. მასში შეიძლება აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს გენერალური შეთანხმებისაგან განსხვავებული დამატებითი სოციალური გარანტიები, კომპენსაციები და შეღავათები.
VII. პროფკავშირების (მათი გაერთიანებების) ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების უფლება მოლაპარაკების წარმოებასა და შეთანხმების დადებაზე
13. გენერალური შეთანხმების, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების დადების მიზნით კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლება ეძლევათ შესაბამის პროფკავშირებს ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
14. ქვეყნის მასშტაბით ერთი დარგობრივი პროფკავშირის არსებობისას დარგობრივი შეთანხმების მხარედ გამოდის ეს პროფკავშირი.
15. დარგობრივ დონეზე რამდენიმე პროფკავშირის (პროფკავშირების გაერთიანებების) ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობისას ყოველ მათგანს ეძლევა მოლაპარაკების წარმოების უფლება მათში პროფკავშირის გაერთიანებული წევრების ან მათ მიერ წარმოდგენილი მუშაკთა სახელით ერთიანი კომისიის ფარგლებში.
VIII. მეწარმეების (დამსაქმებელთა გაერთიანებების) უფლება მოლაპარაკების წარმოებასა და შეთანხმების დადებაზე
16. დარგში მეწარმის ერთი წარმომადგენლის არსებობისას დარგობრივი შეთანხმების მხარედ გამოდის ამ მეწარმის წარმომადგენელი.
17. სამინისტროს, უწყებას უნდა ჰქონდეს მეწარმის (დამსაქმებლის) უფლებები ან ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილებანი, რომლებიც ასახული იქნება მათი საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებში, რათა მან მიიღოს მონაწილეობა დარგობრივი შეთანხმების დადების მიზნით მოლაპარაკებაში.
18. კავშირებს, ასოციაციებს, კონცერნებს, კორპორაციებს და სხვა გაერთიანებებს უფლება აქვთ იყვნენ მეწარმეთა წარმომადგენლები გენერალური და დარგობრივი შეთანხმების მოლაპარაკებაში იმ საწარმოების და ორგანიზაციების სახელით, რომლებმაც მათ მისცეს მოლაპარაკების წარმოებისა და შეთანხმების დადების უფლება.
19. იმ შემთხვევაში, როდესაც დარგში არის მეწარმეთა (დამსაქმებელთა გაერთიანებების) რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და დარგობრივი შეთანხმების დადებაზე, კომისიის წევრები განისაზღვრება მათ შორის მოლაპარაკების შედეგად. დარგობრივი შეთანხმების დადებისა და მოლაპარაკებაში მონაწილეობის უფლება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
IX. კომისიის ფორმირების, მოლაპარაკების წარმართვისა და შეთანხმების დადების წესი
20. გენერალური შეთანხმების მომზადებისა და დადების მოლაპარაკების წარმართვისათვის იქმნება სოციალურ-შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამმხრივი კომისია, რომელიც მოქმედებს ამ კომისიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით.
21. დარგობრივი კომისია ყალიბდება მხარეთა წარმომადგენლების სრულუფლებიანობისა და პარიტეტულ პრინციპებზე.
22. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია დარგობრივ შეთანხმებას ერთვოდეს დანართები, რომლებიც მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ ან ემატება ცალკეული შეთანხმება, რომელიც დაიცავს პროფესიული ნიშნით მუშაკთა წარმომადგენლების სპეციფიკურ ინტერესებს, დაცული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუცია და "კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ" საქართველოს კანონი. შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე დაუშვებელია შეთანხმებაში და მის დანართებში იდენტური პროფესიის მომუშავეთათვის შრომის განსხვავებული პირობების, სოციალური გარანტიების გაუარესება.
23. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების შემუშავებისა და დადების წესსა და ვადებს განსაზღვრავს შესაბამისი კომისია და ფორმდება მათი გადაწყვეტილებებით. შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეთანხმებაში განსაზღვრული წესით, ხოლო თუ იგი არ არის განსაზღვრული, ამ დებულების შესაბამისად.
24. დარგობრივ პროფკავშირებს ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებს, მეწარმეებს (დამსაქმებელთა გაერთიანებებს) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში რეგისტრაციისათვის შეაქვთ დარგობრივი შეთანხმება დანართებთან ერთად.
25. დარგობრივი შეთანხმების პროექტს განიხილავენ დარგობრივი კომისია და მისი სამუშაო ჯგუფები, აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტების მონაწილეობით.
26. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე ან ამ დოკუმენტებით განსაზღვრულ ვადებში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მეორე მხარეს წერილობით განუცხადოს თანხმობა მოლაპარაკების დაწყებაზე ახალი შეთანხმების დადების შესახებ.
27. წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ მხარეებმა 7 დღის განმავლობაში უნდა დაიწყონ მოლაპარაკება გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების დადების ან ცვლილებების შესახებ.
28. თუ მოლაპარაკების დროს მხარეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეთანხმდნენ, დგება ოქმი, რომელშიც შეიტანება მხარეთა მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული წინადადებები ამ მიზეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე მოლაპარაკების განახლების ვადის შესახებ.
29. მხარეთა შეთანხმებით გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებისათვის საჭირო პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
30. გენერალურ, დარგობრივ და ტერიტორიულ შეთანხმებას პროფკავშირების ან მომუშავეთა მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლობითი ორგანოების, მეწარმეების (დამსაქმებელთა გაერთიანებების) მხრივ ხელს აწერენ მათი ხელმძღვანელი ან მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
31. კოლექტიური მოლაპარაკების პროცესში წარმოშობილი უთანხმოების მოსაწესრიგებლად გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურები.
32. დარგობრივმა, ტერიტორიულმა შეთანხმებამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო.
X. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების მოქმედება
33. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მათი ხელმოწერის მომენტიდან ან ხელშეკრულებით დადგენილი დროიდან. მათი მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
34. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმება ვრცელდება იმ მუშაკებზე, მეწარმეებზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომლებმაც თავიანთ წარმომადგენლებს უფლება მისცეს დადონ ეს შეთანხმება.
XI. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების შესრულებისათვის პასუხისმგებლობა და კონტროლი
35. გენერალური, დარგობრივი და ტერიტორიული შეთანხმების შესრულებისათვის პასუხისმგებლობა და კონტროლი რეგულირდება ,,კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლებით.
დოკუმენტის კომენტარები