საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალიწინებული სახსრების მართვის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალიწინებული სახსრების მართვის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 08/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
210
03/05/2002
სსმ, 43, 08/05/2002
190.040.000.05.002.002
საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალიწინებული სახსრების მართვის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/05/2002 - 24/09/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №210

2002 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონისა და საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1997 წლის 15 სექტემბერს დადებული განვითარების საერთაშორისო ხელშეკრულების (მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტი) შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების მართვის შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის  1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მარტის №100 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულება.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მოახდინოს სახსრების მობილიზება შემდეგი დონორებისაგან: საერთაშორისო და საქართველოს ფინანსური ორგანიზაციები, დონორი სააგენტოები და ქვეყნები, ეკონომიკური ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, და ხელმისაწვდომი გახადოს ამ სახსრების ინვესტირება, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში, იმავდროულად ხელი შეუწყოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას.

2. თავისი საქმიანობისას ფონდი ხელმძღვანელობს 1999 წლის 28 მაისის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონორებთან საქართველოს მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულებებითა და ამ დებულებით.

3. თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ფონდი გამოიყენებს საოპერაციო პროცედურებს, პოტენციური სესხის ამღებისა და საინვესტიციო პროექტების შერჩევის კრიტერიუმებს, რომლებიც დაფუძნებულია შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროცედურებზე ან სამოქმედო სახელმძღვანელოზე.

4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

6. ფონდს გააჩნია დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო ანგარიში და ქართულ-ინგლისური ბეჭედი.

7.  ფონდის სათაო ოფისი  მდებარეობს   თბილისში.

    მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები

1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მსოფლიო ბანკიდან, სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომლებიც გამიზნულია  ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დასაფინანსებლად.

2. ფონდის ვალდებულებებია:

ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლების სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც დაფუძნებულია სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებზე ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებზე;

გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც დაფუძნებულია სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებზე ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებზე;

დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად;

ე) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;

ვ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, და აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი კომუ-ნალური საწარმოების ინსტიტუციონალური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის;

ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;

თ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;

ი) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;

კ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების, საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;

ლ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა

1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები, ისე როგორც საბჭოს თავმჯდომარე ინიშნებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

2.  საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.

3. საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და მასში შესატანი ცვლილებებისა და  შესწორებების განხილვა და დამტკიცება;

ბ) ფონდის გრძელვადიანი ბიზნესგეგმისა და მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;

გ) პროექტის განვითარების ხელშეკრულების, სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;

დ) ფონდის წლიური ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების და/ან ბიუჯეტში ცვლილებების  განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;

ე) ფონდის მიერ მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;

ვ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;

ზ) ადგილობრივი მმართველობების მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ფონდის სესხებისა და გრანტების დამტკიცება;

თ) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრეინინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;

ი) ფონდის მიერ პროექტის პორტფელის სტატუსის განხორციელებული ღონისძიებების წლიური ბიუჯეტის შესრულების ფინანსური მდგომარეობისა და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხების შესახებ წარსადგენი კვარტალური ან სხვა პერიოდული და ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;

კ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტორო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების დამტკიცება.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრების ორი მესამედი მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს ხელახალი კენჭისყრის უფლება. თუ თავმჯდომარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, წინადადება ამოღებულ იქნება დღის წესრიგიდან.

5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მოამზადებს ოქმს სხდომიდან ხუთ სამუშაო დღეში სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრთან შეთანხმების შემდეგ. სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.

6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიონალური გამოცდილება.

8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მართავს ფონდის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;

გ) ამზადებს ფონდის გრძელვადიან ბიზნესგეგმას და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებებს;

დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს მას სამეთვალყურეო საბჭოს;

ე) სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად;

ვ) კონტრაქტების საფუძველზე იქირავებს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;

ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს) და ასრულებს მას;

თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სპეციალურ სხდომებს;

ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;

კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;

ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს პროექტის განვითარების ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლის და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;

მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;

ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;

ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებულ ტექნიკური დახმარებისა და ტრეინინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და განხორციელებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;

პ) ხელს აწერს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დამტკიცების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენენ;

ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;

რ)  მონიტორინგს უწევს პროექტის საერთო მიმდინარეობას;

ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის საქართველოს მთავრობისათვის და/ან მსოფლიო ბანკისათვის და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ კვარტალურ ანგარიშებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პერიოდულ და ერთჯერად ანგარიშებს და/ან სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის და/ან მსოფლიო ბანკის და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

ტ) შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.

9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და პერსონალი განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო სახელმძღვანელოში.

    მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები

1. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:

ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებული თანხები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს მე-20 მუხლში განსაზღვრული მიზნების  განსახორციელებლად;

ბ) მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში გამოყოფილი თანხები;

გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსების სახით გამოყოფილი  თანხები;

დ) სხვა საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული რესურსების ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებული თანხები  და  არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანები;

ე) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებული რესურსები;

ვ)  საქველმოქმედო შენატანები;

ზ)  საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროები.

2. მობილიზებული ფინანსური რესურსები შემდეგი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენება:

ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;

ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.

3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ ფონდის სესხების მიმღებთა  მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან.

    მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი

1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად  და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები.

2. წელიწადში ერთხელ მაინც, ფონდმა უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომელიც საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისადაა მომზადებული და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საეთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.

    მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები

ფონდი პასუხისმგებელია დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, მსოფლიო ბანკს, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:

ა)  ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;

ბ)  ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;

გ) პროექტის მიმდინარეობის შესრულების ანგარიშები შესრულების გეგმის შესაბამისად;

დ)  პროექტის მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;

ე)  სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.