საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 951
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220060000.22.033.016091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
951
23/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
220060000.22.033.016091
საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2010 - 02/09/2020)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №951

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის 2009 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ” (დანართი №1).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი

დანართი 1

ინსტრუქცია

საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ინსტრუქცია განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების, პირველადი სააღრიცხვო/საგადასახადო დოკუმენტების წარმოების და სათანადო ანგარიშგების პროცედურულ დებულებებს.

    მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

1. ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია:

ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;

ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;

გ) ლოტო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;

დ) ტოტო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ორგანიზატორის მიერ წინასწარ შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;

ე) ბინგო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით მოგება ფიქსირდება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;

2. ლატარიის ორგანიზატორი – „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ზემოაღნიშნული  კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.           

3. ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე.

4. ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც უპასუხებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და კონკრეტული ლატარიის  მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს. ლატარიის ბილეთი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას (გარდა ლატარიის სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართვის შემთხვევაში გამოყენებული ბილეთებისა) და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტს.

5. ლატარიის ბილეთის საცალო ფასი – ფასი, რომლითაც ლატარიის ორგანიზატორი ან/და საცალო რეალიზატორი ჰყიდის ლატარიის ბილეთს მოთამაშეზე. ლატარიის ბილეთის საცალო ფასი არ შეიძლება იყოს ლატარიის ბილეთის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები.

6. ლატარიის ბილეთის ნომინალური ღირებულება – ღირებულება, რომელიც მითითებულია ლატარიის ბილეთზე.

7. ეროვნული ლატარიის შემოსავალი – ექსკლუზიური მფლობელის მიერ ან მისი სახელით ეროვნული ლატარიის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი.

8. საპრიზო ფონდი – თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში.

9. საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ბილეთზე; ნივთმოგების მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).

10. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ ლატარიის ერთ ბილეთზე გადახდილი და მიღებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით. თუ ბილეთი გათამაშებაში ციფრების შესაძლო დამთხვევის ორი ან მეტი კომბინაციით არის წარმოდგენილი ან/და ორ ან მეტ საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას იძლევა, მაშინ დადებითი სხვაობა განისაზღვრება თითოეული კომბინაციის ან/და უფლების რაოდენობის გათვალისწინებით.

11. ლატარიის ტერმინალი – ონლაინ რეჟიმში მომუშავე საცალო რეალიზაციის სპეციალური აპარატი, რომელსაც საშუალება აქვს ამობეჭდოს ლატარიის ბილეთები ეროვნული ლატარიის მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით. ლატარიის ტერმინალი არ ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებას როგორც საკონტროლო-სალარო აპარატი.

12. აგენტი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორს და აწვდის ლატარიის ბილეთებს საცალო რეალიზატორებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნციებიც.

13. საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს ახორციელებს რა ლატარიის ბილეთების რეალიზაციას მოთამაშეებზე.

14. სარეალიზაციო მომსახურება მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოთამაშეეებზე მოგებების გაცემას, მოთამაშეებისათვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო დანიშნულების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.

15. გაყიდვების საკომისიო – შემოსავალი, რომელსაც აგენტი (საცალო რეალიზატორი) იღებს ეროვნული ლატარიის ორგანიზატორისათვის (აგენტისათვის) გაწეული სარეალიზაციო მომსახურების საფასურად.

16. ლატარიებით და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა –  საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ლატარიის ორგანიზატორი მოთამაშეზე ახორციელებს ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთის რეალიზაციას, საპროზო ფონდის გათამაშებას, საპრიზო ფონდის გაცემას და სხვა.

17. ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულება – „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის 2009 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება. 

18. სარეკლამო საქონელი, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებელი გააჩნია – საქონელი, რომელიც განკუთვნილია მოთამაშეზე უსასყიდლოდ მიწოდებისათვის და რომლის გამოყენება მოთამაშეს შეუძლია ლატარიის თამაშისგან დამოუკიდებლად. მაგალითად: ლატარიის ორგანიზატორის სავაჭრო ნიშნით გაფორმებული გადასაფხეკი, კალენდარი, ქუდი, საათი, მაისური და ა. შ.

19. სარეკლამო საქონელი, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებელი – საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოთამაშეზე მისაწოდებლად, გააჩნია სარეკლამო დანიშნულება და აგენტი ან/და საცალო რეალიზატორი იყენებს სარეალიზაციო მომსახურების გაწევისათვის. მაგალითად: დროშა, პოსტერი, სტიკერი, ბუშტი და სხვა.

20. დოკუმენტი – პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტი, ლატარიის ბილეთი, ლატარიის მოგებახვედრილი ბილეთი, რეესტრი, შემოსავლის ორდერი და სხვა.

21. მოგებახვედრილი ბილეთი – ლატარიის ბილეთი, რომელიც ადასტურებს მოგების ფაქტს და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.

22. რეესტრი – ლატარიის ორგანიზატორის მონაცემთა ბაზის საფუძველზე მომზადებული პირველადი დოკუმენტი.

23. რეალიზებული ლატარიის ბილეთი – ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულების მიზნებისთვის რეალიზებულად ითვლება  ლატარიის ბილეთი,  რომლის მიხედვითაც ლატარიის ორგანიზატორმა  მიიღო ან  უფლება აქვს მიიღოს ფულადი ან სხვა სახის კომპენსაცია, მათ შორის, საპრიზო  ფონდის ხარჯზე მოგების სახით გაცემული ახალი ლატარიის ბილეთი.

24. ლატარიის ორგანიზატორს ეროვნული ლატარიის მხარდაჭერის, საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის მოპოვების მიზნით უფლება აქვს განახორციელოს მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდება. ასეთი მიწოდება არ ჩაითვლება ლატარიის ბილეთის რეალიზაციად და შესაბამისად არ გაითვალისწინება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. ასეთი სახის მიწოდება არ განიხილება ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევად.

    მუხლი 3. დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) აღრიცხვის პრინციპები

1. შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს დოკუმენტალურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, ამასთან გადამხდელის მიერ მონაცემების ასახვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ დაბეგვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნს გამოტოვებული ან ერთობლივ შემოსავალში განმეორებით ჩართული.

2. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიით მომსახურების გაწევიდან შემოსავლების აღიარების (ერთობლივ შემოსავალში ჩართვის) მომენტად განიხილება:

ა) მომენტალური ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე მიწოდების ან/და აგენტისათვის (საცალო რეალიზატორისათვის) სარეალიზაციოდ გადაცემის მომენტი. ერთობლივი შემოსავალი მცირდება ლატარიის ორგანიზატორისათვის უკან დაბრუნებული მომენტალური ლატარიის ბილეთების ნომინალური ღირებულებით. შემცირებას ექვემდებარება იმ საგადასახადო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი, რომელშიც ფაქტობრივად მოხდა ბილეთების დაბრუნება;

ბ) ტირაჟიანი ლატარიის, ლატარია ლოტოს, ტოტოს და ბინგოს მიხედვით – საპრიზო ფონდის გათამაშების მომენტი.

3. ლატარიის ბილეთებზე, რომლებიც საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობს ორი და მეტი ტირაჟის (გათამაშების) მიხედვით,  ლატარიის ორგანიზატორის მიერ საგადასახადო პერიოდისათვის მიღებულ შემოსავლად ითვლება ლატარიის ბილეთის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც გათამაშებულია შესაბამის საგადასახადო პერიოდში.

4. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას ექვემდებარება ის მოგებები, რომლებიც ლატარიის ორგანიზატორის მიერ გასანაღდებლად (ხარჯად) აღიარებული იყო, მაგრამ მოგების (პრიზების) გაცემის ვალდებულება გაუქმდა.

5. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიით მომსახურების გაწევიდან საპრიზო ფონდის ხარჯის გაწევის (ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითვის) მომენტად განიხილება:

ა) მომენტალური ლატარიის შემთხვევაში  ლატარიის ორგანიზატორის მიერ ბილეთის მოგების ანაზღაურების ვალდებულების აღიარების მომენტი, მაგრამ არა უადრეს მოთამაშის ან/და რეალიზატორის (აგენტის) მიერ მოგებახვედრილი ბილეთის წარმოდგენის მომენტისა;

ბ) ტირაჟიანი ლატარიის, ლატარია ლოტოს, ტოტოს და ბინგოს მიხედვით – საპრიზო ფონდის გათამაშების მომენტი.

6. გამოსაქვითი ხარჯების აღიარების ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული წესი არ ეხება რეგისტრაციის სქემაში ჩართულ მოთამაშეზე გასაცემი მოგების ხარჯად აღიარების მომენტის განსაზღვრას. რეგისტრაციის სქემაში ჩართულ მოთამაშეზე გასაცემი მოგება გამოსაქვით ხარჯად აღიარდება საპრიზო ფონდის გათამაშების პერიოდის მიხედვით.

7. ტირაჟიანი ლატარიის, ლატარია ლოტოს, ტოტოს და ბინგოს საპრიზო ფონდის ნაწილი, რომელიც არ იქნა მოგებული მოთამაშის მიერ მიმდინარე გათამაშებისას, მაგრამ ლატარიის მოწყობის რეგლამენტის მიხედვით გროვდება და მომავალში ექვემდებარება უპირობო გადახდას მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელზე, ხარჯებში გამოიქვითება მხოლოდ ფაქტობრივი გათამაშების მომენტში.

8. მოგებახვედრილი ბილეთი, რომლის მიხედვით მოხდა მოგების გაცემა, ან, უტილიზებული ბილეთების შემთხვევაში, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს 824 ბრძანებით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაციის აქტი წარმოადგენს ლატარიის ორგანიზატორის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელ პირველად საგადასახადო დოკუმენტს. 

9. მოგებახვედრილი ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მოგების გაცემის და ლატარიის ორგანიზატორის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯის დამადასტურებელ პირველად საგადასახადო დოკუმენტს წარმოადგენს მოგებახვედრილი ბილეთის დაკარგვის აქტი (რეესტრი) და მოთამაშეზე მოგების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგებახვედრილი ბილეთის დაკარგვისას ამ დოკუმენტების არ ქონის შემთხვევაში მოთამაშეზე გადახდილი თანხა არ გაითვალისწინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრიზო ფონდის ოდენობის ვალდებულების შესრულებისას და არ ექვემდებარება ხარჯებში გამოქვითვას მოგების გადასახადის მიზნებისათვის.

10. აგენტის და საცალო რეალიზატორის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას ექვემდებარება სარეალიზაციო მომსახურების მიწოდების შედეგად კუთვნილი გაყიდვების საკომისიო.

11. ლატარიის ორგანიზატორის მიერ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელება, მათ შორის, აგენტის და საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები გააჩნია და ლატარიის ბილეთის მიწოდების განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენს, განიხილება ასეთი საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად. ამასთან, ამგვარი საქონლის ღირებულება არ განიხილება სარგებლად მიმღები პირებისათვის.

12. ლატარიის ორგანიზატორის და აგენტის მიერ იმ სარეკლამო საქონლის აგენტისათვის ან/და საცალო რეალიზატორისათვის უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია, ასეთი ოპერაციის არაარსებითობის გათვალისწინებით, არ განიხილება ასეთი საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად.  ამასთან, ამგვარი საქონლის ღირებულება არ განიხილება სარგებლად მიმღები პირებისათვის.

13. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებში მითითებული სარეკლამო საქონელი ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას მისი ფაქტობრივი გამოყენებისთანავე (აგენტზე, საცალო რეალიზატორზე გადაცემისთანავე). აღნიშნული არ ეხება ლატარიის ორგანიზატორის ძირითად საშუალებას. მისი აგენტისთვის, საცალო რეალიზატორისთვის გადაცემა არ წარმოადგენს საქონლის მიწოდებას, წარმოადგენს ლატარიის ორგანიზატორის საკუთრებას და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.  აღნიშნული გადაცემა ასევე არ წარმოადგენს მიმღების სარგებელს.

14. ლატარიის ორგანიზატორს ეროვნული ლატარიის მხარდაჭერის მიზნით შეუძლია განახორციელოს ლატარიის ბილეთის მიყიდვა პირზე, რომელიც ლატარიის ბილეთს გამოიყენებს საკუთარი საქონლის, მომსახურების მიწოდების ხელშეწყობისათვის, თანამშრომელთა წახალისებისათვის და სხვა. ლატარიის ბილეთის ასეთი გაყიდვა ჩაითვლება ეროვნული ლატარიის მოთამაშეზე ბილეთის მიყიდვად ნომინალურ ღირებულებად  და იგივე ღირებულებით შეიტანება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში.

    მუხლი 4. ანგარიშგება

1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია დანერგოს საბუღალტრო აღრიცხვის სისტემა, რომელიც ზუსტად აღრიცხავს ეროვნული ლატარიის ფარგლებში განხორციელებულ ფინანსურ ტრანსაქციებთან/ოპერაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს სანდო ფინანსური ინფორმაციის მიღებას და სათანადო ანგარიშგებას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოში ლატარიის ორგანიზების და ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვაგვარადაა გათვალისწინებული, ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შეინახოს ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ან შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში და ასეთი დოკუმენტაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) წარუდგინოს მისი მოთხოვნისთანავე.

2.  ლატარიის ორგანიზატორმა არ უნდა გაანადგუროს ან სხვა გზით განკარგოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი 60 დღით ადრე წინასწარ შეატყობინებს შემოსავლების სამსახურს სააღრიცხვო დოკუმენტაციის განადგურების ან განკარგვის განზრახვის თაობაზე. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს ამ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მისთვის გადაცემა.

3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, ტირაჟის მოწყობის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომდევნო ტირაჟის მოწყობისას ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და მათში  ასახული ინფორმაცია უცვლელი რჩება, შემდეგი დოკუმენტები:

ა) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ტოტოს, ბინგოს მოწყობისათვის;

ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ტოტოს, ბინგოს მოწყობის პირობები (რეგლამენტი);

ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ტოტოს, ბინგოს ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ტოტოს, ბინგოს ბილეთებს ამზადებს ლატარიის ორგანიზატორი;

ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ტოტოს, ბინგოს ბილეთების ნიმუშები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);

ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის:

ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);

ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ამზადებს ლატარიის ორგანიზატორი;

ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთების ნიმუშები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:

ა) ყოველთვიური მენეჯმენტის ანგარიში არა უგვიანეს კალენდარული თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა;

ბ) ყოველკვარტალუად არა უგვიანეს კალენდარული კვარტალის მომდევნო თვის 14 რიცხვისა, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში 10 დღის ვადაში, შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) ეროვნული ლატარიის ბილეთების რეალიზაციის თაობაზე, რომლებიც ეროვნული ლატარიის თამაშობების, საქართველოს რეგიონების და საცალო რეალიზატორების ტიპების მიხედვით იქნება გაწერილი;

ბ.ბ) ეროვნული ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების პრიზების დაფინანსებაზე გამოყენებული წილის (ეროვნული ლატარიის თამაშობების მიხედვით) და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი წილის შესახებ;

ბ.გ) საცალო სავაჭრო პუნქტების იმ გეოგრაფიული განაწილების შესახებ, მათი რაოდენობისა და ტიპის მითითებით, სადაც ყველა სახის ეროვნული ლატარიის თამაშობის ეროვნული ლატარიის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი;

ბ.დ) მარკეტინგული ხარჯები;

ბ.ე) საცალო რეალიზატორებისათვის გადახდილი საკომისიო;

ბ.ვ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო დამატებით მოითხოვს;

გ) წლიური ანგარიში, არა უგვიანეს 30 აპრილისა, რომლის აუდიტი საქართველოში მიღებული ანგარიშგების და აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად ჩატარდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

5. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს:

ა) 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს სხვა ცვლილებების (დირექტორის, იურიდიული მისამართის შეცვლის, ლატარიის ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას;

ბ) 2 დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე.

6. შემოსავლების სამსახური ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა მოქმედი საგადასახადო კანომდებლობისა და ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას  ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

3. ლატარიის მოგებახვედრილი ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შედგეს ბილეთის დაკარგვის აქტი (რეესტრი). აქტში მითითებული უნდა იყოს დაკარგული ბილეთის ნომერი, მოგების მიმღები მოთამაშის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და პირადი ნომერი), მოგების გაცემის თარიღი და ოდენობა. აქტს უნდა ადასტურებდნენ ლატარიის ორგანიზატორის წარმომადგენელი და მოგებახვედრილი ბილეთის დამკარგავი პირის წარმომადგენელი (ლატარიის ორგანიზატორის მიერ მოგებახვედრილი ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მხოლოდ ლატარიის ორგანიზატორის წარმომადგენელი). აქტის უნდა შედგეს სამ პირად. ერთი პირი რჩება მოთამაშეს, ხოლო ორი პირი ლატარიის ორგანიზატორს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქარველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაკარგული მოგებახვედრილი ბილეთების ნაცვლად ლატარიის ორგანიზატორის მიერ წარედგინება მოგებახვედრილი ბილეთების დაკარგვის აქტის (რეესტრის) ერთი პირი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენისას დგება ოქმი, რომლითაც დასტურდება აქტის (რეესტრის) წარდგენის ფაქტი. ოქმს ხელს აწერენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი (ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი) და ლატარიის ორგანიზატორის წარმომადგენელი. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შედგენილი ოქმი შედეგობრივად უტოლდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 30 აგვისტოს 824 ბრძანებით გათვალისწინებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაციის აქტს და ადასტურებს ოქმში (და თანდართულ რეესტრში) შესაბამისი დაკარგული მოგებახვედრილი ბილეთების განადგურებას.

    მუხლი 6. საგადასახადო აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია და უზრუნველყოს მათი მიხედვით აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების შედგენა-წარმოება.

2. ლატარიის ორგანიზატორის და აგენტის მიერ ლატარიის ბილეთების აგენტისათვის ან/და საცალო რეალიზატორისათვის სარეალიზაციოდ გადაცემისას  სავალდებულოა გამოწერილ იქნს სასაქონლო ზედნადები.

3. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ბილეთების მიწოდებისას, სასაქონლო ზედნადებში სავალდებულოა დაფიქსირდეს ლატარიის ბილეთების დასახელება, ნომინალური ღირებულება და რაოდენობა.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა, თუ ლატარიის ბილეთების მიწოდება ხდება ლატარიის ბილეთების ნომინალური ღირებულებისაგან განსხვავებული ღირებულებით, მაშინ სასაქონლო ზედნადებში ნომინალური ღირებულების მიხედვით დასახელებასთან და რაოდენობასთან ერთად, სავალდებულოა დაფიქსირდეს ლატარიის ბილეთების მიწოდების ფასი.

5. მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთების საცალო რეალიზატორისაგან ამოღება, ასევე მათი უტილიზაციის მიზნით შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა ხორციელდება პირველადი სააღრიცხვო დოკუმეტების (რეესტრების) საფუძველზე, ამასთან, აღნიშნულ ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.

6. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, საცალო რეალიზატორის მიერ მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთის ადგილზე განაღდების (ფულით ან ახალი ლატარიის ბილეთის გაცემით) შემთხვევაში, მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთი ითვლება შესაბამისი თანხის გადახდის ან ახალი ლატარიის ბილეთის გაცემის დამადასტურებელ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტად.

7. ლატარიის ორგანიზატორს უფლება აქვს გააუქმოს არასწორად შევსებული და ამობეჭდილი, ან ამობეჭდისას დაზიანებული (წუნის მქონე) ლატარიის ბილეთი, რომელიც მოთამაშის მიერ არ იქნა შეძენილი და შესაბამისად მონაწილეობას ვერ მიიღებს საპრიზო ფონდის გათამაშებაში. ამ მიზნით:

ა) საცალო რეალიზატორი ადგენს ლატარიის ბილეთის გაუქმების აქტს;

ბ) საცალო რეალიზატორი ვალდებულია დარეკოს ლატარიის  ორგანიზატორის ცხელ ხაზზე გათამაშების დაწყებამდე არა უგვიანეს 45 წუთისა და დააფიქსიროს ბილეთის გაუქმება (ბილეთის სერიული ნომერი, რეალიზატორის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია), ან ამავე ვადაში ფიზიკურად წარუდგინოს ლატარიის ორგანიზატორს აღნიშნული ინფორმაცია;

გ) ლატარიის ორგანიზატორის ცხელი ხაზის ოპერატორი არეგისტრირებს გაუქმებული ბილეთის სერიულ ნომერს და სხვა საჭირო ინფორმაციას სპეციალურ პროგრამაში (რეესტრში);

დ) ლატარიის ორგანიზატორი გაუქმებული ბილეთების რეესტრს – გათამაშების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთისა ელექტრონულად აგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ პროგრამაში (რეგისტრში), და იღებს  შესაბამის დადასტურებას ინფორმაციის მიღების შესახებ,  ან იმავე ვადაში უზრუნველყოფს მის  ფიზიკურად წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე ლატარიის ორგანიზატორი  არ განახორციელებს (მიზეზის მიუხედავად) ბილეთის გაუქმების დაფიქსირებას, ლატარიის ბილეთი ჩაითვლება რეალიზებულად;

ე) კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი საცალო  რეალიზატორთან  მისვლისას ხელს აწერს ბილეთის გაუქმების უკვე შედგენილ აქტს და ფიზიკურად მოაქვს კომპანიაში გაუქმებული ბილეთები;

ვ) რეესტრზე თანდართული გაუქმებული ბილეთები გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე ან გარკვეული პერიოდულობით;

ზ) შესაძლებელია ინფორმაცია კომპანიასა  და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მიეწოდოს  სმს,  ემაილის ან სხვა ელექტრონულ რეჟიმში.

8. გათამაშების დაწყებამდე დადგენილი წესით გაუქმებული ლატარიის ბილეთის ღირებულება, ლატარიის ორგანიზატორის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ აისახება და რეალიზებული ეროვნული ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში არ შეიტანება.

9. ლატარიის ორგანიზატორის და აგენტის მიერ აგენტისათვის ან/და საცალო რეალიზატორისათვის სარეკლამო დანიშნულების საქონლის მიწოდება, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებელი გააჩნია საჭიროებს სასაქონლო ზედნადების სავალდებულო გამოწერას. სასაქონლო ზედნადებში მითითებული უნდა იყოს ამ საქონლის საბაზრო ფასი, ხოლო მუხლში „თანხა სულ” თანხის სიტყვიერად ჩაწერის შემდეგ გაკეთდეს აღნიშნა „უსასყიდლოდ მიწოდება”.

10. მოთამაშეზე სარეკლამო დანიშნულების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის.

    მუხლი 7. საგადასახადო აგენტის ვალდებულებები

1. ლატარიის ორგანიზატორი, როგორც საგადასახადო აგენტი, ფიზიკური პირისათვის მოგების გადახდისას ვალდებულია დააკავოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და ბიუჯეტში გადარიცხოს პირისათვის მოგებული თანხის გადახდისთანავე.

2. განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის, მოგებახვედრილ ბილეთზე ახალი ლატარიის ბილეთის გაცემისას, რომლის ღირებულება აღემატება 1000 ლარს, საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს არა უგვიანეს შესაბამისი თვის ბოლო რიცხვისა.

3. ვალდებულება და შესაბამის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებაზე ეკისრება ლატარიის ორგანიზატორს, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით გაცემულ მოგებებზე.

4.  გათამაშებული და გაუცემელი მოგების თანხაზე საგადასახადო აგენტის ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის კუთხით არ წარმოიშობა.

5. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება, რომელიც არ აღემატება 1000 ლარს ლატარიის ორგანიზატორის მიერ გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

6. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის 22 ბრძანებით დამტკიცებული ფორმით.

7. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის 21-ე უჯრაში (სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები) აისახება სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებების ის ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

8. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი ა’’-ს, საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები’’, მე-3 სვეტში აისახება საანგარიშო თვეში გაცემული მოგებების საერთო ოდენობა შეღავათების გარეშე.

9. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი ბ’’-ს, ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ’’ მე-2 სვეტში აისახება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც საანგარიშო წლის განაცემების მიხედვით დაუკავდათ საშემოსავლო გადასახადი (1000 ლარს ზემოთ გაცემული მოგებები).

10. ფიზიკური პირისათვის დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების (მოგების, პრიზის) დაბეგვრისას, საგადასახადო აგენტმა უნდა გამოიყენოს საშემოსავლო გადასახადის ის განაკვეთი, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული იქნება ასეთი განაცემების ფაქტობრივად გაცემის მომენტისათვის, მიუხედავად მათი დარიცხვის (წარმოშობის) საგადასახადო  პერიოდისა.

11. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება. საგადასახადო აგენტთან მიმართებაში აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ საგადასახადო აგენტის მიერ დეკლარირებული ყოველთვიური საგადასახადო ვალდებულებების ჯამური თანხის განსაზღვრისას.

    მუხლი 8. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება

1. ლატარიის ბილეთის რეალიზაციისას ან/და მისი გამოყენებით მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას, მათ შორის, მოგებახვედრილი ბილეთის სანაცვლოდ სხვა ბილეთის გადაცემისას, რეალიზაციის განმახორციელებელი პირების მიერ, ანგარიშსწორების აღნიშნულ ნაწილში, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო არ არის.

2. ლატარიის ორგანიზატორის მიერ სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით,  არ წარმოშობს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებას.

3. ლატარიის ორგანიზატორის მიერ საცალო რეალიზატორებთან ლატარიის ბილეთების მიხედვით ნაღდი ფულით ანგარიშსწორება საცალო რეალიზატორის კუთვნილი კომპენსაციის ნაწილში, წარმოშობს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებას საცალო რეალიზატორისთვის. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საცალო რეალიზატორმა აღნიშნული შესაძლებელია განხორციელოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებით.

4. ლატარიის ორგანიზატორის მიერ საცალო რეალიზატორებთან ლატარიის ბილეთების მიხედვით უნაღდო ანგარიშწორება, მათ შორის, ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის გზით,  რეალიზატორის კუთვნილი კომპენსაციის ნაწილში, არ წარმოშობს საკონტროლო-სალარო აპარატის გმოყენების ვალდებულებას.

    მუხლი 9. დამატებული ღირებულების გადასახადი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ” ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიებით და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

2. ლატარიის ბილეთების ნომინალური ფასით მიწოდება, რომელსაც დამხმარე ხასიათი აქვს ლატარიის ორგანიზატორის მიერ ძირითადი მომსახურების (ლატარიებით და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა) მიწოდების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ითვლება ამ ძირითადი მომსახურების ნაწილად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ლატარიის ორგანიზატორის მიერ მოთამაშეებზე ბილეთების რეალიზაცია (მათ შორის, აგენტების და საცალო რეალიზატორის მეშევეობით) გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

4. საპრიზო ფონდის ფარგლებში მოთამაშისათვის საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას დამხმარე ხასიათი აქვს ლატარიის ორგანიზატორის მიერ ძირითადი მომსახურების (ლატარიებით და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა) მიწოდების მიმართ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ითვლება ამ ძირითადი მომსახურების ნაწილად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ლატარიის ორგანიზატორის მიერ მოთამაშეზე საპრიზო ფონდის ფარგლებში საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

6. აგენტისათვის და საცალო რეალიზატორისათვის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს საანგარიშო პერიოდისთვის სარეალიზაციო მომსახურება.

7. აგენტისათვის და საცალო რეალიზატორისათვის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის თანხას წარმოადგენს საანგარიშო პერიოდისთვის სარეალიზაციო მომსახურებისთვის კუთვნილი გაყიდვების საკომისიო.

8. ლატარიის ორგანიზატორის მიერ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელება, მათ შორის, აგენტის და საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები გააჩნია და ლატარიის ბილეთის მიწოდების განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენს, წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, ამგვარი საქონლის ღირებულება არ განიხილება სარგებლად მიმღები პირებისათვის.

9. ლატარიის ორგანიზატორის და აგენტის მიერ იმ სარეკლამო საქონლის აგენტისათვის ან/და საცალო რეალიზატორისათვის უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია, ასეთი ოპერაციის არაარსებითობის გათვალისწინებით, არ განიხილება დღგ-თ დასაბეგრ ოპერაციად და არ წარმოადგენს სარგებელს ასეთი საქონლის მიმღებისათვის.

    მუხლი 10. ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება

1.  საპრიზო ფონდის აღიარებული საპრიზო ვალდებულების (გაცხადებული პრიზი) ის ნაწილი, რომელიც არ იქნა მოთხოვნილი მოგებახვედრილი ბილეთის მიხედვით ლატარიის შესაბამისი თამაშის რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში:

ა) წარმოადგენს ლატარიის ორგანიზატორის შემოსავალს;

ბ) ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესატანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება და

გ) არ განიხილება, როგორც ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით დადგენილი საპრიზო ფონდის მინიმუმის დარღვევა.

2.  ლატარიის ორგანიზატორის მიერ, სარეკლამო ან/და გაყიდვების წახალისების მიზნით განხორციელებული აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით ან საჩუქრად გაცემული ლატარიის ბილეთების ღირებულების ის ნაწილი, რომელიც არ ექვემდებარება კომპენსირებას ფულადი ან სხვა სახით და არ ხორციელდება საპრიზო ფონდის ხარჯზე:

ა) ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით გათვალიწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესატანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება;

ბ) არ განიხილება, როგორც ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით დადგენილი საპრიზო ფონდის მინიმუმის დარღვევა.

3.  ლატარიის ორგანიზატორის  მიერ მოგების სახით  გაცემული ლატარიის ბილეთები არ წარმოშობს ექსკლუზიური უფლების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული  სახელმწიფო ბიუჯეტში  შესატანის ვალდებულებას და არ განიხილება, როგორც ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით დადგენილი საპრიზო ფონდის მინიმუმის დარღვევა.

    მუხლი 11. ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია კონტროლი დააწესოს და ნებისმიერ დროს შეამოწმოს აღნიშნული კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და  ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება.