საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
479
24/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
390.050.000.05.002.000.
საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/07/1996 - 24/08/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №479

1996 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ

1. საქართველოს ტყეებში ხე-ტყისა და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისა და რეალიზაციის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდეს საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის თანდართული წესი.

2. პასუხისმგებლობა ბრძანებულების შესრულების, ტყის ექსპლუატაციის, მისი შენარჩუნებსა და განაშენიანებისათვის დაეკისროს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს (გ. ჯაფარიძე), ხოლო ტყის დაცვისადმი კონტროლი – აღნიშნულ დეპარტამენტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესი

I. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესები გამოიყენება საქართველოს ტყეებში ხე-ტყისა და ტყის მეორეხარიხოვანი მასალების (ძირკვი, ქერქი, ნეკერი, ფიჩხი) დამზადების, გამოზიდვისა და გაცემისას. მისი დაცვა სავალდებულოა როგორც სატყეო მეურნეობისათვის, ისე ყველა სხვა ტყით მოსარგებლისათვის და წარედგინებათ მათ ტყესაჭრელი ბარათის (ორდერის) გაცემისას.

2. საქართველოს ტყეებში ხე-ტყის გაცემა დასაშვებია:

ა) აღდგენითი (მთავარი) ჭრებით მთისა და ბარის ტყეებში, ნაკრძალების, ძვირფასი ტყის მასივების, ბუნების ძეგლების, ახლო საკურორტო, მწვანე ზონის ტყეებისა და განსაკუთრებული დაცვითი მნიშვნელობის ტყის უბნების გარდა;

ბ) მოვლითი ჭრებით ყველა ტყეში, ნაკრძალებისა და ბუნების ძეგლებისა გარდა.

გ) სხვა ჭრებით (ტყიანი ფართობების გაწმენდა ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, კარიერების დამუშავების, ტორფის მოპოვებისა და სხვა შემთხვევებისათვის, რომლებიც უკავშირდება ტყით დაფარული ფართობების ტყით დაუფარავ ფართობებად გადაყვანას, აგრეთვე სატყეო საკულტურო და სამელიორაციო, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სატყეო სამეურნეო სამუშაოთა შესრულებას) ყველა ტყეში, ნაკრძალებისა და ბუნების ძეგლების გარდა.

აღნიშნული ჭრები ხორციელდება დამტკიცებული პროექტებისა და ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

3. აღდგენითი ჭრები ხორციელდება დამტკიცებული ჭრის წესების შესაბამისად:

ა) მერქნის გაცემა პირველ რიგში ხდება დაზიანებული, ფაუტი და გადაბერებული ხეების ხარჯზე;

ბ) ტყეკაფების ათვისება წარმოებს ტექნოლოგიური რუკების მიხედვით;

გ) ჭრაში არ უნდა დაინიშნოს: ელდარის ფიჭვი, ბიჭვინთის ფიჭვი, უთხოვარი, ღვია, ძელქვა, მუხა, წაბლი, ნეკერჩხალი, თელა, იფანი, ჭადარი, კაკალი, მაჟალო, პანტა და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სხვა ენდემური, რელიქტური და ძვირფასმერქნიანი და ბუჩქნარი სახეობები;

4. ტყეკაფებს გარეთ ხე-ტყის გაცემა დასაშვებია საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით:

ა) ელექტრო და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობის ან შეკეთებისათვის;

ბ) სამასალე მერქნის (100 კ.მ-მდე) საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის, აგრეთვე ტოპოგრაფიული და სხვა გეოდეზიური ნიშნების მოწყობისათვის.

II. ხე-ტყისა და მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის ტყესაჭრელი ბარათების (ორდერების) გაწერის წესი

5. ტყესაჭრელი ბარათი (ორდერი) არის დოკუმენტი, რომელიც უფლებას ანიჭებს დამამზადებლებს, რომლებსაც გააჩნიათ ლიცენზია დაამზადონ და გამოზიდონ ხე-ტყე და მეორეხარისხოვანი მასალები; არც ერთი სხვა დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხე-ტყისა და მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება-გამოზიდვის საფუძვლად; ტყესაჭრელი ბარათი (ორდერი) არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

6. საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად ბარათებს (ორდერებს) გასცემენ საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც უძღვებიან სატყეო მეურნეობას.

7. ტყესაჭრელი ბარათის გაწერამდე (არა უგვიანეს ერთი თვისა), როგორც გამონაკლისი, დაიშვება ხეების მოჭრა:

ა) რომლებიც დაზიანების საფრთხეს უქმნიან კავშირგაბმულობის, ელექტროგადამცემ და ავტობლოკირების ხაზებს;

ბ) ტყეკაფების გამოყოფის, ტყეთმოწყობის, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარებისას.

8. ტყესაჭრელი ბარათის (ორდერის) გაუქმება სატყეო მეურნეობას შეუძლია შემდეგ შემთხვევებში:

ა) ტყით სარგებლობის ვადის გასვლისას;

ბ) წარმოების, დაწესებულების, ორგანიზაციის გაუქმებისას;

გ) სახელმწიფო საჭიროებისათვის მიწის ფართობების გადაცემისას;

დ) ტყესაჭრელი ბარათით (ორდერით) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას;

ე) ტყეკაფის ფონდის გადაჭარბებისას;

ვ) ტყეკაფების შეცვლისას.

III. ტყეკაფის ფონდი

9. ტყეკაფის ფონდი იქმნება იმ მწიფე და გადაბერებული კორომების მარაგებიდან, რომლებიც განკუთვნილია მერქნის დასამზადებლად.

10. ტყითსარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 15 დღის განმავლობაში გაუგზავნოს შეტყობინება ტყეკაფის ფონდის მიღების თაობაზე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს.

11. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია 15 დღეში გაანაწილოს ტყეკაფის ფონდი სატყეო მეურნეობებს შორის, ტყითსარგებლობის ლიცენზიების მქონე მომხმარებლებისათვის ტყესაჭრელი ბარათების გასაწერად.

12. ტყის აღდგენითი ჭრებით დაშვებული მოცულობების გადამეტება საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს ნებართვის გარეშე არ დაიშვება არც სატყეო მეურნეობების და არც მერქნიანი სახეობების მიხედვით.

13. მოვლითი ჭრების ოდენობა განისაზღვრება ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობისა და კორომის სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების გათვალისწინებით.

14. სხვა ჭრების მოცულობა განისაზღვრება დამტკიცებული პროექტების მიხედვით სატყეო ფართობებზე გამავალი ჰიდროკვანძების, მილსადენებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის, აგრეთვე ყის ჭრასთან დაკავშირებული სატყეო-სამეურნეო სამუშაოების (ხანძარსაწინააღმდეგო, სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა და სხვა ღონისძიებანი) შესრულების დროს.

15. სატყეო ფართობებზე ტყის ჭრას ამ წესების მე-2 და მე-14 მუხლების შესაბამისად ატარებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც დავალებული აქვთ აღნიშნული ობიექტების მშენებლობა.

ტყით მოსარგებლენი ვალდებულნი არიან მოაწესრიგონ აღნიშნული ფართობები და სათანადოდ მოუარონ მათ ექსპლუატაციის პროცესში.

16. სხვა ჭრებით მიღებული მერქანი პირველ რიგში გამოიყენება ტყითმოსარგებლე ორგანიზაციების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დანარჩენი ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა სატყეო მეურნეობას, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში ახდენს მის რეალიზაციას შესაბამისი რაიონის გამგეობასთან შეთანხმებით. ამონაგები თანხა შეტანილ უნდა იქნეს სატყეო მეურნეობის ანგარიშზე.

17. ხე-ტყის დამატებით გაცემა დადგენილი ყოველწლიური ოდენობის გადამეტებით შეიძლება:

ა) საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს ნებართვით:

სატყეო მეურნეობაში ტყის აღდგენითი ჭრებით წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ოდენობის ფარგლებში;

სტიქიური უბედურებისა და ავარიების შედეგად განადგურებული ან დაზიანებული ნაგებობების აღსადგენად ერთდროულად 1,0 ათას კ.მ-მდე მერქნის დასამზადებლად;

ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით:

სატყეო მეურნეობაში მოვლითი ჭრებით წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ოდენობის ფარგლებში;

ტყის მოვლითი ჭრების დასამტკიცებლი გეგმის გადამეტებით იმ კორომებში, რომლებიც აუცილებლად მოითხოვენ ამ ჭრების განხორციელებას;

წინა წელს დამზადებული, სატყეო მეურნეობაზე ნაშთად რიცხული მერქნიდან;

მოთხრილ-მოტეხილი, ზეხმელი და ნახანძრალი ხე-ტყის ათვისების ხარჯზე;

დადგენილი წესით ტყით დაფარული ფართობების ტყით დაუფარავ ფართობად გადაყვანისას, აგრეთვე კავშირგაბმულობის, ელექტროხაზების, მილსადენების და გზის ტრასების მოვლასთან დაკავშირებით ტყის ჭრით მიღებული მერქნიდან;

გ) სატყეო მეურნეობის ნებართვით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად სატყეო-საკულტურო, ტყეთმოწყობის, ხანძარსაწინააღმდეგო და სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობის, აგრეთვე სამეცნიერო-საძიებო სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული მერქნიდან.

18. სატყეო მეურნეობა ვალდებულია სააღრიცხვო ტყეკაფის ფარგლებში გამოყოს ტყის აღდგენითი ჭრების განსახორციელებლად ტყეკაფები ორი წლით ადრე, ხოლო მოვლითი ჭრების განსახორციელებლად – ერთი წლით ადრე. ტყეკაფების დროულად და სწორად გამოყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სატყეო მეურნეობის დირექტორს.

19. მიმდინარე წლის ტყეკაფის ფონდში ჩაითვლება წინა წლის ჭრადაუმთავრებელი ტყეკაფები, აგრეთვე დამზადებული და ტყეკაფიდან გამოუზიდავი მერქანი, რომელსაც განვადების დრო გასული აქვს.

20. ტყითმოსარგებლეებს უფლება ეძლევათ დაათვალიერონ მათთვის გამოყოფილი ტყეკაფები და უბნები ტყის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისათვის და გაეცნონ ტყეკაფის გამოყოფის, აგრეთვე მისი მატერიალური და ფულადი შეფასების დოკუმენტაციას.

თუ ტყითმოსარგებლე არ ეთანხმება ტყეკაფის გამოყოფისა და დოკუმენტაციის მონაცემებს, მას უფლება აქვს ტყესაჭრელი ბარათების (ორდერის) მიღებამდე თავისი შენიშვნები წერილობით განუცხადოს სატყეო მეურნეობას. სატყეო მეურნეობა ვალდებულია ტყით- მოსარგებლის წარმომადგენლის მონაწილეობით 10 დღეში ადგილზე შეამოწმოს მათი პრეტენზიები და შეადგინოს სათანადო აქტი. ტყითმოსარგებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სატყეო მეურნეობის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული შემოწმების საფუძველზე შექმნილი აქტი საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად ტყით- მოსარგებლისათვის.

ტყეკაფების შემოწმების დროს აღმოჩენილი 10 პროცენტზე მეტი გადახრები პირვანდელ მონაცემებთან შედარებით, აგრეთვე ტყეკაფების გამოყოფისა და ტაქსაციის დადგენილი ინსტრუქციებისა და წესებისაგან გადახვევები სატყეო მეურნეობის მიერ აღმოფხვრილ უნდა იქნეს 10 დღეში.

21. ტყით მოსარგებლენი ვალდებულნი არიან ტყითსარგებლობის ლიცენზიის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი თვის განმავლობაში მიიღონ მთლიან ტყეკაფის ფონდზე ტყესაჭრელი ბარათი (ორდერი). დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ ტყით- მოსარგებლე კარგავს ტყეკაფის ფონდის სარგებლობის უფლებას.

22. მთელი წლის განმავლობაში ტყესაჭრელი ბარათების (ორდერების) მიღების უფლებით სარგებლობენ გეოლოგიური, გეოდეზიური, ტყეთმოწყობისა და სხვა საძიებო ექსპედიციები და პარტიები; აგრეთვე სატყეო მეურნეობები სატყეო-სამეურნეო, სატყეო-საკულტურო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა, ტყის მოვლითი და აღდგენითი ჭრების განხორციელების დროს. ამ უფლებით სარგებლობენ აგრეთვე ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამამზადებლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

23. ტყესაჭრელი ბარათის (ორდერის) გაცემის დღიდან ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილი ტყეკაფები ითვლება მათ განკარგულებაში გადაცემულად, რის გამოც მათ მთლიანად ეკისრებათ ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებანი და მათგან არ მიიღება არავითარი პრეტენზია სატყეო მეურნეობათა მიმართ ტყეკაფების მატერიალურ-ფულადი შეფასების თაობაზე.

IV. მოსამზადებელი სამუშაოები

24. სატყეო მეურნეობა ჭრის დაწყებამდე წლინახევრით ადრე (არა უგვიანეს 1 ივნისისა) ხე-ტყის დამამზადებლებს, წინასწარი აქტებით აბარებს ტყეკაფებს მატერიალურ-ფულადი შეფასების დოკუმენტებთან ერთად, მოსამზადებელ სამუშაოთა შესასრულებლად.

ტყითმოსარგებლეებს უფლება აქვთ სატყეო მეურნეობის ნებართვით აწარმოონ მოსამზადებელი სამუშაოები მათზე წინასწარ გადაცემული ტყეკაფებისათვის განკუთვნილ ფართობებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე ფართობებზეც.

მოსამზადებელ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) ხე-ტყის პირველადი დასამუშავებელი დანადგარებისა და დროებითი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მშენებლობა;

ბ) ხე-ტყის დასატვირთი ბაქნებისა და ნაგებობებისათვის ფართობების გაწმენდა;

გ) ტყესაზიდი და მორსათრევი გზების მშენებლობა;

დ) ტყეკაფის უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის ხელშემშლელი ხეების მოჭრა.

25. მოსაზადებელი სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ფართობების გასაწმენდად სატყეო მეურნეობა ტყესაჭრელ ბარათს (ორდერს) გაცემს ხე-ტყის დამამზადებლებისაგან განაცხადის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.

26. ტყითმოსარგებლეებს უფლება აქვთ ტყესაჭრელი ბარათის (ორდერის) მიღების დღიდან დაამონტაჟონ ტყის მეორეხარისხოვანი მასალების გადასამუშავებელი დანადგარები და ააშენონ დროებითი ნაგებობანი.

მოსამზადებელ სამუშაოთა პერიოდში დამზადებული მერქანი ჩაითვლება ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფის ფონდში.

V. ხე-ტყისა და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება-გამოზიდვის წესები და ვადები

27. ხე-ტყის დამზადების ვადა წესდება ტყეკაფის ათვისების წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მისი გამოზიდვის ვადა შემდეგი წლის 1 ივნისამდე.

ხე-ტყის მცირე ოდენობით გაცემისას სატყეო მეურნეობას უფლება ენიჭება ტყითმოსარგებლეებსა და მოსახლეობას განუსაზღვროს ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვის უფრო მოკლე ვადები.

ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, ტყეში მათი გადამუშავებისა და გამოზიდვის ვადებს აწარმოებს სატყეო მეურნეობა დამამზადებლებთან შეთანხმებით 12 თვის ფარგლებში.

ხე-ტყის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება-გამოზიდვის ვადები აღინიშნება ტყესაჭრელ ბარათში (ორდერში).

28. ხე-ტყის დამამზადებლებს, რომლებმაც მთლიანად აითვისეს მიმდინარე წლისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფონდი, უფლება აქვთ 1 ოქტომბრიდან მომავალი წლის ტყეკაფის ფონდის ანგარიშში ავანსად მიიღონ მოსაჭრელი მასის 30 პროცენტამდე.

თუ ტყეკაფის ათვისება დაიწყო ვადამდე, ხე-ტყის დამზადება ნებადართულია ტყესაჭრელი ბარათის (ორდერის) გამოწერიდან ტყეკაფის ფონდის გამოყოფის წლის ბოლომდე, ხოლო გამოზიდვა შემდეგი წლის 1 ივნისამდე.

29. სატყეო მეურნეობის მიერ ჩატარებული ტყის მოვლითი ჭრებით და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებით მიღებული, აგრეთვე მის განკარგულებაში გადასული (უკანონო, უპატრონო, დაწესებულ ვადის შემდეგ დატოვებული) ხე-ტყის გამოზიდვის ვადებს აწესებს თვით ეს მეურნეობა მერქნის ოდენობის, სეზონის, სატრანსპორტო საშუალებათა და სხვა პირობების გათვალისწინებით 6 თვის ფარგლებში მომხმარებლისათვის მერქნის გადაცემის მომენტიდან.

VI. ჭრის ადგილების და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება-გამოზიდვის შემოწმება და განვადების ნებართვის გაცემა

30. სატყეო მეურნეობა სისტემატურად აკონტროლებს ტყითმოსარგებლეების მიერ ამ წესების დაცვას, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ აწარმოებს ჭრის ადგილების შემოწმებას ტყეკაფების ათვისების, ხე-ტყისა და ტყის მეორეხარისხოვნი მასალების გამოუზიდავად დატოვების შემთხვევების გამოვლენის მიზნით.

შემოწმება ხორციელდება სამუშაოთა დამთავრების შემდეგ არა უგვიანეს შემდეგი ვადებისა:

ა) ჭრის ადგილებისა ხე-ტყის გამოზიდვისათვის დადგენილი ვადის დამთავრებიდან 30 დღეში;

ბ) ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების ადგილებისა გამოზიდვისათვის დადგენილი ვადის დამთავრებიდან 30 დღეში.

სატყეო მეურნეობა ჭრის ადგილების, დამზადებული ხე-ტყისა და მეორეხარისხოვანი მასალების შემოწმების თარიღის შესახებ ტყითმოსარგებლეებს აცნობებს დანიშნულ ვადამდე 15 დღით ადრე.

არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების შემთხვევაში (თოვლი, წყალდიდობა, უგზოობა) ტყითმოსარგებლეებს შეიძლება სამი თვით გაუგრძელდეთ ხე-ტყისა და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების გამოზიდვის ვადა.

განვადების შემთხვევაში სატყეო მეურნეობა ვალდებულია ამ დროის გასვლის შემდეგ განმეორებით მოაწყოს შემოწმება.

31. შემოწმების შედეგები და ტყითმოსარგებლესთან სრული ანგარიშსწორების მაჩვენებლები, აგრეთვე მათი შენიშვნები შეიტანება აქტში, რომელსაც ხელს აწერენ ორივე მხარის წარმომადგენლები.

დანიშნულ დროს ტყითმოსარგებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სატყეო მეურნეობას უფლება აქვს 5 დღის შემდეგ მოაწყოს შემოწმება და მის მიერ შედგენილი აქტი სავალდებულოა შესასრულებლად ტყით მოსარგებლისათვის.

32. ხე-ტყისა და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების გაცემისას, როცა ფაქტობრივად მიღებული საერთო რაოდენობა არ ემთხვევა ტყესაჭრელ ბარათში (ორდერში) აღნიშნულ ოდენობას, თუ მათი დამზადება მოხდა მითითებული ტყეკაფის ფარგლებში და სრულად იქნა გამოყენებული ათვისების შესაძლებლობანი, მოხდება გადასახადთა გადაანგარიშება.

33. ხე-ტყის გამოზიდვის განვადებისას დამამზადებელი იხდის საურავს ყოველთვიურად, სანიხრე ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ხე-ტყის გამოზიდვის განვადებას სატყეო მეურნეობა აღნიშნავს ტყესაჭრელ ბარათში (ორდერში) და ტყის მცველისათვის მიცემულ განკარგულებაში.

ასეთივე წესით შეიძლება განვადებულ იქნეს სატყეო მეურნეობის მიერ მოვლითი და სხვა ჭრებით დამზადებული, აგრეთვე მის განკარგულებაში გადასული უპატრონო ხე-ტყის გამოზიდვა, რომელიც მიეცემა მომხმარებელს ფრანკო ტყეკაფზე; ასევე შეიძლება ტყის მეორეხარისხოვანი მასალების გამოზიდვის განვადებაც.

34. გამოზიდვის დაწესებული ვადების გასვლის შემდეგ (განვადების გათვალისწინებით) გამოუზიდავი მერქანი და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა სატყეო მეურნეობას, რომელიც ახდენს მის რეალიზაციას. ამონაგები სახსრები ირიცხება სატყეო მეურნეობის ანგარიშზე და გამოიყენება არსებული წესით.

VII. გადასახდელების შეტანის წესი და ვადები

35. ზეზეური ხის გადასახდელი ტყითმოსარგებლემ უნდა გადაიხადოს დადგენილი სანიხრე ღირებულების მიხედვით.

ხე-ტყის გაცემისას მერქნის გადასახდელისაგან მთლიანი ან ნაწილობრივი განთავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

ტყის მეორეხარისხოვან მასალაზე გადასახადების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი სანიხრე ღირებულების მიხედვით.

36. მერქნის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების სანიხრე ღირებულება აღინიშნება ტყესაჭრელ ბარათში (ორდერში); მათი უფასოდ ან შეღავათიანი ფასით გაცემისას ტყესაჭრელ ბარათში (ორდერში) სანიხრე ღირებულების გარდა აღინიშნება საშეღავათო ღირებულება და მისი საფუძველი.

37. მერქნის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების სანიხრე ღირებულებას, აგრეთვე საურავს გადასახდელთა შენატანების ვადის გადაცილებისათვის ტყით მოსარგებლენი იხდიან დადგენილი წესისა და ვადების მიხედვით.

38. ზეზეური ხის გაცემის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების ფულად შეფასებაში აღმოჩენილი შეცდომების შემთხვევაში ტყითმოსარგებლე არ თავისუფლდება მორიგი შენატანების გადახდისაგან; გადაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი გადასახდელის შეტანისას.

აუთვისებელი ტყეკაფის შემდგომი წლისათვის ხელმეორედ გადაცემის შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია განმეორებით გადაიხადოს ხე-ტყის ღირებულება.

39. ხე-ტყის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამამზადებლებთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძვლებია:

ა) ტყესაჭრელი ბარათი (ორდერი);

ბ) შემოწმების აქტები და ტყის წესების დარღვევების შესახებ შედგენილი აქტები;

გ) გადასახდელების გადაანგარიშების მასალები.

40. მერქნისა და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების გადასახდელები, რომლებიც ტყითმოსარგებლეებმა დაწესებულ ვადებში არ გადაიხადეს, გადახდილი უნდა იქნეს იძულებითი წესით საურავის დარიცხვით ბიუჯეტის სასარგებლოდ არსებული წესის თანახმად, გარდა ცალკეული მოქალაქეებისა, რომლებსაც სარჩელი და საურავი გადაეხდებათ მხოლოდ სასამართლო წესით.