დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 73 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 13/02/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/1998 - 07/06/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №73
1998 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს შეტყობინებით მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში მასობრივად გავრცელდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ადამიანთა საერთო, განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებები (ზოოანთროპონოზები): მსხვილი რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათია, თურქული, ცოფი, ჯილეხი (ციმბირული წყლული) და სხვ.
დაფინანსების სიმცირის გამო სრულად ვერ ხორციელდება ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები. რამდენიმე წელია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სააქციო საზოგადოება „საქაგრობიომრეწვი“ (ტაბახმელის ბიოკომბინატი), რის გამოც პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად საჭირო ბიოპრეპარატები შემოდის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
საქართველოში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მხრიდან სასაზღვრო სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობისა და საკარანტინო სამსახურების უგულებელყოფის, აგრეთვე სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ქსელის საშტატო ერთეულების თვითნებური შემცირების ცალკეული ფაქტების გამო. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან უხარისხო და დასნებოვნებაზე საეჭვო პროდუქციის იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ზოოსანიტარიული კოდექსისა და ვეტერინარული კანონმდებლობის თანახმად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციალურ ვეტერინარულ საკარანტინო-შემზღუდავ ღონისძიებათა განხორციელებას და სასაზღვრო გასასვლელებში, საბაჟო კონტროლის ზონებში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის გაძლიერებას.
ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების მიზნით:
1. საქართველოს მთავარმა სახელმწიფო ვეტერინარმა ინსპექტორმა გ. ჯიქიამ:
ა) საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე, სპეციალური ვეტერინარული სასაზღვრო-შემზღუდავი და საკარანტინო ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოში ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქტების (მათ შორის, ფრინველის), ცხოველური წარმოშობის ნედლეულის იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი დაუშვას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტინსპექტორების მიერ დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შემდეგ;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით უზრუნველყოს საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ქვეყნების ნუსხის პერიოდული გამოქვეყნება, საიდანაც იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი ექვემდებარება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონტროლს;
გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე პროდუქციის (მათ შორის, ვეტპრეპარატების) ნუსხა, აგრეთვე მათი ამოღებისა და შემდგომი გამოყენების (განადგურების) წესები, რომელთა იმპორტი, ტრანზიტი, წარმოება და რეალიზაცია ვეტერინარული თვალსაზრისით აკრძალულია ქვეყანაში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 1998 წლის ივლისამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ ვეტერინარული სამსახურის მთელი ქსელის დაფინანსების მექანიზმი.
3. სააქციო საზოგადოება „საქაგრობიომრეწვის“ (ტაბახმელის ბიოკომბინატი) უმოქმედო ძირითადი ფონდები 1998 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნენ კონსერვაციის რეჟიმზე დადგენილი წესით.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საბაჟო დეპარტამენტმა (თ. აბულაძე) ყოველმხრივ შეუწყონ ხელი სახელმწიფო ვეტსამსახურებს კანონით განსაზღვრული სასაზღვრო ვეტერინარული ზედამხედველობისა და პროფილაქტიკური საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელებაში.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიიჩნიონ პრიორიტეტულ სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად ვეტერინარული სამსახურის მუშაობის რადიკალური სრულყოფა, სასაზღვრო-საკარანტინო სახელმწიფო ვეტკონტროლის გაძლიერება, ვეტსანიტარიული თვალსაზრისით კეთილსაიმედო საკვები პროდუქტების წარმოება და ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების ოპერატიული შესრულება და უზრუნველყონ:
ა) ეპიზოოტიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის გადაწყვეტილებათა განუხრელი შესრულება;
ბ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების დამჭერი ბრიგადების შექმნა, მათი სათანადოდ აღჭურვა და ფუნქციონირება;
გ) 1998 წლის ბოლომდე ცხოველთა სამარხების, კრემატორიუმების, სასაკლაო მოედნებისა და სანიტარიული სასაკლაოების მოწყობა, შეღობვა და შენახვა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული წინადადებებისა და ვეტერინარული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
დ) „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად სხვა სახელმწიფო საუწყებო თუ კერძო ლაბორატორიების ფუნქციონირების აკრძალვა აღნიშნულ ობიექტებზე;
ე) პირუტყვის გაჩუქების, გაყიდვის, გასხვისების აკრძალვა მათი კუთვნილების შესახებ სოფლის საკრებულოსა და ჯანმრთელობის შესახებ ვეტექიმის ცნობების გარეშე;
ვ) პირუტყვის იძულებითი დაკვლის აკრძალვა ვეტექიმის მეთვალყურეობის გარეშე;
ზ) აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტომაგისტრალებსა და ქუჩებში ხორცის, ხორცპროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტების რეალიზაციის აკრძალვა.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა (გ. ჯიქია):
ა) გააძლიეროს სასაზღვრო გასასვლელებში, უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონებში, ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის) ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ფურაჟის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საბაჟო კონტროლის ზონებში ვეტერინარული დეზგამტარების შექმნა და მათი სათანადო მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვა-მომსახურება;
გ) ქვეყნის შიგნით ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინებით მოაწყოს პროფილაქტიკური საკარანტინო შემზღუდავი საგუშაგოები;
დ) ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სამამულო და იმპორტული წარმოების საკვებ პროდუქტებზე, ნედლეულსა და ფურაჟზე დააწესოს სავალდებულო ვეტერინარული სერტიფიკაცია;
ე) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ჯ. მანჯგალაძე) ერთად ვეტერინარული სერტიფიცირების შემოღებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს პროდუქციის სერტიფიცირებისას ურთიერთმოქმედების წესი;
ვ) „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად უზრუნველყოს ვეტერინარიასა და მეცხოველეობაში გამოსაყენებელი: სამამულო და იმპორტული წარმოების სამკურნალო-პროფილაქტიკური ბიოლოგიური პრეპარატების, მათი საკონტროლო და საწარმოო შტამების, ქიმიურ-თერაპიული, ჰორმონალური და ანტიდოტური პრეპარატების, მედიკამენტების, ვიტამინების, საკვების, საკვებდანამატების, პრემიქსების, ორგანიზმის რეზისტენტობის ასამაღლებელი, სადეზინფექციო და ანტიპარაზიტული საშუალებების, მიკროორგანიზმების კულტურებისა და ხელოვნურ დათესვლაში გამოსაყენებელი საშუალებების დამზადება-გამოყენების, შენახვის, გადაზიდვის, მათი ექსპორტ-იმპორტის ნებართვის გაცემა, რეგისტრაცია და სერტიფიკაცია; მათი რეალიზაციისა და გამოყენების კონტროლი, აგრეთვე პრეპარატებზე არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზისა და მათი გამოყენებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება-დამტკიცება;
ზ) 1998 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს „ადგილობრივი ვეტერინარული ბიოლოგიური მრეწველობის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ ბრძანებულების პროექტი;
თ) უზრუნველყოს ქვეყანაში ეპიზოოტიური მდგომარეობის მონიტორინგისა და ეპიზოოტიურ აფეთქებებზე ოპერატიული რეაგირებისათვის სამხარეო ვეტერინარული სტრუქტურების შექმნა მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეპიზოოტიის სახსრებიდან;
ი) არ დაუშვას აგრარულ ბაზრებში ხორცისა და ტყავის გადამმუშავებელ საწარმოებში საქონლისა და ტყავის ნედლეულის მიღება მათი ჯანმრთელობის შესახებ ვეტექიმის ცნობის გარეშე;
კ) არ დაუშვას იმპორტირებული ცხოველების საერთო ჯოგში შეყვანა ვეტკანონმდებლობით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების გატარების გარეშე.
7. საქართველოს კანონების „ვეტერინარიის შესახებ“ (მუხლი 30), „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (მუხლი 4, 9) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ (მუხლი 26) და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) „საქართველოში საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის № 409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
– 2.1. პუნქტში სიტყვების „განახორციელებს მხოლოდ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სახელმწიფო სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“ და შემდეგ როგორც ტექსტშია;
– ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს 2.2. პუნქტი;
– ბრძანებულების 2.3. პუნქტი ჩაითვალოს 2.2. პუნქტად;
– 2.2. პუნქტის მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და 2.3.“, შემდეგ როგორც ტექსტშია;
ბ) „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილებები:
– 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სამსახურების წარმომადგენლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ საბაჟო კონტროლის ზონაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“;
– 2.2. პუნქტის 1-ლ აბზაცს ბოლოში დაემატოს სიტყვები „მათში კონტროლქვემდებარე ობიექტისა და ტვირთის არსებობისას შემოწმებებში მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო საკარანტინო სამსახური“;
– 2.4. პუნქტში სიტყვების „საბაჟო სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მათში კონტროლქვემდებარე ობიექტისა და ტვირთის არსებობისას შესაბამისი საკარანტინო სამსახურების“, შემდეგ როგორც ტექსტშია;
– 5.1. პუნქტში სიტყვების „საბაჟო კონტროლის ზონაში მომუშავე“ შემდეგ ამოღებული იქნეს სიტყვები „საბაჟო და სასაზღვრო“, შემდეგ როგორც ტექსტშია.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები