სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 02/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.000.287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
153
01/09/2005
სსმ, 104, 02/09/2005
470.230.000.10.003.000.287
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2005 - 18/01/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2005 წლის 1 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84-ე პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

დებულება

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სახეებზე.

2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. სამინისტროს უფლება აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 45-ე პუნქტით გათვალისწინებული სახის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.

თავი II. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

    მუხლი 4. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) სამედიცინო დაწესებულების ფართობის სიტუაციური ნახაზი;

ბ) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ სახელწოდებისა და გამოშვების წლების მითითებით;

დ) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ;

ე) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.

2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელია არსებობდეს სათანადო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც ერთი სარკმლის პრინციპით მოიპოვებს სამინისტრო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც.

3. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენისას ვალდებულია დაიცვას სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

4. სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება  ან/და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

თავი III. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძველია აგრეთვე ამ დებულებით დადგენილი წესების დარღვევა.