დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 23/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.10.003.000.392 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №9
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84 პუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1160) დამტკიცებულ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).”;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს უფლება აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 45-ე პუნქტით გათვალისწინებული სახის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.“;
გ) მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) სამედიცინო დაწესებულების ფართობის სიტუაციური ნახაზი;
ბ) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ინფორმაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ სახელწოდებისა და გამოშვების წლების მითითებით;
დ) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ;
ე) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.
2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელია არსებობდეს სათანადო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოიპოვებს სააგენტო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც.
4. სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები