სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 06/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/10/2010 - 08/07/2011)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1596

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი”.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 3 სექტემბრის №01/01-01/176 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.

მინისტრის პირველი მოადგილე                ა. კეკელია

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების  (შემდგომში – აქციები და წილები) პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საწარმოთა მართვის სააგენტოდან” (შემდგომში – სააგენტო) სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, გადაეცემა სააგენტოს, რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აუქციონისა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

4. საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა სხვა სუბიექტებზე ასევე შეიძლება განხორციელდეს უსასყიდლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

6. სააგენტოს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების/შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.

7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს მხოლოდ სამინისტრო.

8. აქციებისა და წილების საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან  ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფორმით გადაცემისას სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო ორგანო.

    მუხლი 2. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმები

1. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება  გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზება ხორციელდება  „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის   ორგანიზება და წესი

1. გადაწყვეტილებას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იღებს სამინისტრო.

2. სამინისტრო  ინფორმაციას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აქვეყნებს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;

გ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, სახელმწიფოს წილის ოდენობას სააქციო ან შეზრუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;

დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) სააუქციონო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას.

4. საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი.

5. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას (კერძოდ, ინფორმაციის გამოქვეყნების, განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების, სააუქციონო ვაჭრობის) გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმები.

6. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულ პირს ავლენს აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე (შემდგომში – კომისია). კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

    მუხლი 4. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის წესი 

1. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

2. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება, თუ:

ა) არსებობს საწარმოში ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;

ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

3. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემისათვის ამ მუხლით განსაზრვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

4. აქციებისა და წილების პირდაპირი, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით, პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

 5. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლები.

    მუხლი 5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემის წესი და პირობები

1. სხვა სუბიექტებისათვის უსასყიდლოდ აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ ამზადებს საკითხს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 6. ხელშეკრულების გაფორმების წესი

1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო  პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აქციების და წილების პირდაპირი ფორმით, მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას.

2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას.

    მუხლი 7. აქციებისა და წილების მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა

1. აქციებისა და წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან – სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მმართველი პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა)  თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მმართველის მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

3. თუ მმართველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სამინისტროს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად, მმართველ პირს ჩამოართვას აქციებისა და წილის მართვის უფლება. წილები და აქციები უბრუნდება სააგენტოს.

    მუხლი 8. აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემისას წარმოშობილი დავების განხილვა

აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.