დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 170020020.22.027.014409 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2010 - 30/06/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.014.409
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №69
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 სექტემბრის №1025 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
თავი I
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური სახდელები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება შემუშავებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის (შემდგომში – შემცვლელი პირი) დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, აგრეთვე ადგენს დისციპლინური წარმოების წესს.
მუხლი 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) შეეფარდება ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, თუ იგი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას არღვევს საქართველოს კანონ-მდებლობით, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აქტებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ლახავს ნოტარიუსის პროფესიის პატივსა და ღირსებას, არყევს ნოტარიატისადმი ნდობას.
2. არ შეიძლება ნოტარიუსს დაეკისროს დისციპლინური სახდელი ისეთი ქმედებისათვის, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობას არ შეიცავს ან არ მიიჩნევა გადაცდომად ამ დებულების შესაბამისად, აგრეთვე თუ გადაცდომის ფაქტი არ არის დადასტურებული ამ დებულებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ნოტარიუსისათვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან. დისციპლინური სახდელის შეფარდება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
4. ყველა ნოტარიუსი თანაბრად აგებს პასუხს ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღება უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დისციპლინური სამართალწარმოებისას გადაწყვეტილების მისაღებად, თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა სხვა ნოტარიუსთან მიმართებაში.
მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომა
1. დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
2. ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა:
ა) მსუბუქ გადაცდომად;
ბ) საშუალო გადაცდომად;
გ) მძიმე გადაცდომად;
დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად.
მუხლი 4. მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა
ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. დაუდევრობად ჩაითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი;
ბ) არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს;
გ) სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილზე არა აქვს გამოკრული სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ტარიფები;
დ) ხელს არ აწერს ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმების აქტს;
ე) სისტემატურად არღვევს სანოტარო ბიუროს სამუშაო გრაფიკს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უზრუნველყოფს სანოტარო აქტების კლასიფიცირებას და/ან შენახვას;
ზ) სანოტარო აქტს (აქტის ნაწილს) ადგენს ან სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ჩანაწერებს ახდენს გაურკვეველი კალიგრაფიით;
თ) არაეთიკურად ექცევა თავის კოლეგას.
მუხლი 5. საშუალო დისციპლინური გადაცდომა
ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის საშუალო დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) არაჯეროვნად ზედამხედველობს თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ან ჰყავს სანოტარო ბიუროს თანამშრომელი მასთან წერილობითი ხელშეკრულების გარეშე;
ბ) სანოტარო საქმიანობას ეწევა ბიუროში, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე;
დ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ზედამხედველი ორგანოს, სასამართლოს ან ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მათ აუცილებელ ინფორმაციას;
ე) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას, აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს;
ვ) არაჯეროვნად ასრულებს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის “ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 6. მძიმე დისციპლინური გადაცდომა
ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა;
ბ) ადგენს გაურკვეველი შინაარსის სანოტარო აქტს;
გ) ასრულებს სანოტარო მოქმედებას ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომლის ფორმაც არ შეესაბამება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) არღვევს სანოტარო აქტში ცვლილების (შესწორების) შეტანის წესს, თუ ცვლილება გარიგების შინაარსის არსებით შეცვლას იწვევს;
ე) არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, ან სანოტარო აქტზე გარკვევით არ უთითებს გადახდევინებული საზღაურის ზუსტ ოდენობას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს;
ვ) სანოტარო მომსახურებისათვის განზრახ ახდევინებს სანოტარო ტარიფით დადგენილზე ნაკლებ ან მეტ საზღაურს;
ზ) ახდენს თავისი სანოტარო საქმიანობისა და პროფესიული თვისებების რეკლამირებას;
თ) არასაპატიო მიზეზით არ იხდის საწევრო შენატანს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს;
ი) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე;
კ) დაუდევრად ახდენს სანოტარო დოკუმენტაციის შენახვას, რამაც სანოტარო აქტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვია;
ლ) არღვევს ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიულ დაზღვევასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 7. განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომა
ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს;
ბ) არღვევს პროფესიული საიდუმლოების შენახვის ვალდებულებას, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა;
გ) ამოწმებს ან ადასტურებს ფაქტს, რომელსაც ადგილი არ ჰქონია;
დ) ეწევა სანოტარო საქმიანობას მაშინ, როცა ეს აკრძალული აქვს;
ე) კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ზედამხედველი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების ან მათი ასლების წარდგენაზე, მალავს ან ანადგურებს სანოტარო მოქმედებათა რეესტრებსა და სანოტარო აქტებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს ერთ ან რამდენიმე სანოტარო მოქმედებათა რეესტრს;
ვ) სანოტარო მოქმედებებს არ არეგისტრირებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში;
ზ) უარს აცხადებს ნოტარიუსის ბეჭდის, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების, შესანახად მიღებული დოკუმენტების, ფულის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ჩაბარებაზე, როდესაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს;
თ) სანოტარო საქმიანობის პარალელურად ეწევა სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა;
ი) ასრულებს სანოტარო მოქმედებას თავისი და/ან იმ პირების მონაწილეობით (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით), რომლების მიმართაც ნოტარიუსს აკრძალული აქვს სანოტარო მოქმედების შესრულება;
კ) სხვა პირისათვის გადასაცემად მიღებულ ფულსა და/ან სხვა ფასიან ქაღალდებს იყენებს როგორც საკუთარს, შესანახად მიღებულ დოკუმენტს გადასცემს არაუფლებამოსილ პირს;
ლ) სანოტარო აქტი არ შეაქვს სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ან სხვადასხვა სანოტარო მოქმედებას ანიჭებს ერთსა და იმავე სარეგისტრაციო ნომერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომრის გამეორებას მექანიკური ხასიათი აქვს და ამ უკანასკნელის შესახებ ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია აღნიშვნა კანონ-მდებლობით დადგენილი წესით;
მ) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ტოვებს სარეგისტრაციო ნომერს ან ნომრისათვის თავისუფალ ადგილებს;
ნ) თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით წინასწარ ამზადებს შეუვსებელ სანოტარო აქტს (ე.წ. „ცარიელ ბლანკს“) ან პირს წინასწარ აწერინებს ხელს სანოტარო აქტის შეუვსებელ ბლანკზე;
ო) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 8. დისციპლინური სახდელის სახეები
დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) უფლებამოსილების შეჩერება;
დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 9. გაფრთხილება და საყვედური
1. ნოტარიუსს მსუბუქი ან საშუალო გადაცდომისათვის, გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება შეეფარდოს გაფრთხილება ან საყვედური.
2. გაფრთხილება უნდა გამოეცხადოს უშუალოდ ნოტარიუსს. საყვედური წაკითხულ უნდა იქნეს ნოტარიუსის თანდასწრებით.
3. გაფრთხილებისა და საყვედურის შეფარდებისას ნოტარიუსს უნდა განემარტოს მისი გადაცდომის არსი და გაფრთხილდეს, რომ არ გაიმეოროს გადაცდომა.
მუხლი 10. უფლებამოსილების შეჩერება
1. ნოტარიუსს მძიმე გადაცდომისათვის შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება.
2. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას.
3. უფლებამოსილების შეჩერების ვადაა არანაკლებ ერთი თვე და არაუმეტეს 2 წელი. უფლებამოსილების შეჩერების ვადა დგინდება გადაცდომის სიმძიმის, ნოტარიუსის პიროვნებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების შეფასების საფუძველზე.
მუხლი 11. თანამდებობიდან გათავისუფლება
1. ნოტარიუსი განსაკუთრებით მძიმე გადაცდომისათვის შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან.
2. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან.
მუხლი 12. რეციდივი
1. რეციდივი არის დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა.
2. რეციდივის შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულებით დადგენილ იმ სახდელზე უფრო მძიმე სახდელი, რომელიც გამოყენებულია ამ დისციპლინური გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ რეციდივი წარმოადგენს უფრო ნაკლები ხარისხის დისციპლინურ გადაცდომას.
4. თუ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია დისციპლინური სახდელის გაქარწყლების შემდეგ, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას პირველი დისციპლინური სახდელი მხედველობაში არ მიიღება.
5. თუ სახდელი ითვალისწინებს მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, რეციდივის შემთხვევაში ნოტარიუსს შეიძლება იგივე სახდელის ფარგლებში შეეფარდოს სახდელის იმაზე მეტი ზომა, რომელიც გამოყენებულია დისციპლინური გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში.
მუხლი 13. დისციპლინური სახდელის შეფარდება
1. ნოტარიუსის მიმართ გაფრთხილებისა და საყვედურის შეფარდების უფლება აქვს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას.
2. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 14. დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
ნოტარიუსს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. დისციპლინური სახდელის გამოყენების ხანდაზმულობა
1. ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 2 წელი. ამ ვადაში არ შედის სასამართლოში საქმის წარმოების დრო.
2. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება დისციპლინური გადაცდომის დღიდან, ხოლო ანდერძთან დაკავშირებული დისციპლინური გადაცდომის მიმართ – ანდერძის გამოქვეყნების დღიდან.
3. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება დისციპლინური წარმოების დაწყების დღიდან.
მუხლი 16. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება
1. დისციპლინური სახდელი გაქარწყლდება, თუ:
ა) გაფრთხილების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი;
ბ) საყვედურის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი;
გ) უფლებამოსილების აღდგენიდან 2 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები შეიძლება შემცირდეს სახდელის შემფარდებელი პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 17. დისციპლინური სახდელის აღრიცხვა
1. ნოტარიუსისთვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი შეიტანება ნოტარიუსის პირად საქმეში.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია მის მიერ შეფარდებული დისციპლინური სახდელის ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაცია გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
თავი II
დისციპლინური წარმოება
მუხლი 18. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლები
დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია:
ა) ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებანი;
ბ) პირის განცხადება ან საჩივარი;
გ) ოფიციალურად მიღებული სხვა დოკუმენტი ან ცნობა, რომელიც ქმნის ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს.
მუხლი 19. დისციპლინური წარმოების დაწყების წესი
1. ამ დებულების მე-18 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას დისციპლინური წარმოების დაწყების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას – საქართველოს ყველა ნოტარიუსის მიმართ.
2. დისციპლინური წარმოების დაწყება ფორმდება:
ა) იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;
ბ) ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით.
3. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მასალების წინასწარი შემოწმებით იკვეთება ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.
4. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) გამოთხოვა (გაუქმება) დაიშვება მხოლოდ დისციპლინური კომისიის მიერ საქმის მოსმენის დანიშვნამდე.
მუხლი 20. ნოტარიუსთა პალატის დისციპლინური კომისია
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება ქმნის დისციპლინურ კომისიას.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დისციპლინურ კომისიაში შედის 5 წევრი. კომისიის წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.
3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე (ხოლო მისი არყოფნისას – მოადგილე).
4. საქმის მომზადების სტადიაზე კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მიიღოს ახსნა-განმარტებანი ნოტარიუსისაგან და სხვა პირებისაგან.
5. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ კომისია ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელსაც წერილობით აცნობებს ნოტარიუსს და იმ პირებს, რომელთა მოწვევას კომისია მიზანშეწონილად თვლის.
6. საქმის მოსმენას უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსი. არასაპატიო მიზეზით ნოტარიუსის დაუსწრებლობა არ არის საქმის მოსმენის გადადების საფუძველი.
7. კომისია საქმის შესახებ ადგენს დასკვნას. დასკვნა მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომის მიმდინარეობისა და დასკვნის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის დასკვნას, უფლება აქვს დასკვნას დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი.
9. კომისიის დასკვნა, მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, წარედგინება პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.
10. კომისია საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
11. პალატის გამგეობა საქმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. გამგეობის სხდომას უნდა დაესწროს ნოტარიუსი. გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია ნოტარიუსს აცნობოს გამგეობის სხდომის დანიშვნის თარიღი. არასაპატიო მიზეზით ნოტარიუსის დაუსწრებლობა არ არის საქმის მოსმენის გადადების საფუძველი.
12. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას დადგინდება, რომ ნოტარიუსის გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გამო ნოტარიუსთა პალატას არა აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება, პალატის გამგეობა ვალდებულია დისციპლინური საქმისწარმოების მასალები გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 21. დისციპლინური წარმოება იუსტიციის მინისტრის მიერ
1. იუსტიციის მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ საქმე განსახილველად გადაეცემა კომისიას. კომისიაში შედის სამი წევრი. კომისიის წევრებს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. კომისიის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ნოტარიუსი. კომისია მუშაობს იმავე წესებით, რაც დადგენილია ამ დებულების მე-20 მუხლით.
2. კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც:
ა) დადასტურებულად თვლის დისციპლინურ გადაცდომას და ნოტარიუსს უფარდებს დისციპლინურ სახდელს;
ბ) დადასტურებულად არ მიიჩნევს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და წყვეტს დისციპლინურ დევნას.
3. მინისტრის ბრძანების ასლი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ნოტარიუსს, რომლის მიმართაც იყო აღძრული დისციპლინური დევნა. ბრძანების ასლი აგრეთვე უნდა გაეგზავნოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
დოკუმენტის კომენტარები