დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 209 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 170020020.22.027.016710 |
|
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში (სსმ III, 2010წ., №33, მუხ. 515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ნოტარიუსის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის განხორციელება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. დაუდევრობად ჩაითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი; ბ) არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილზე არა აქვს გამოკრული სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ტარიფები და/ან სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ნომერი; დ) ხელს არ აწერს ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმების აქტს; ე) სისტემატურად არღვევს სანოტარო ბიუროს სამუშაო გრაფიკს; ვ) არაეთიკურად ექცევა თავის კოლეგას ან/და სანოტარო ბიუროში დასაქმებულ პირებს. მუხლი 5. საშუალო დისციპლინური გადაცდომა ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის საშუალო დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) არაჯეროვნად ზედამხედველობს თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ან ჰყავს სანოტარო ბიუროს თანამშრომელი მასთან წერილობითი ხელშეკრულების გარეშე; ბ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო მოქმედების, მათ შორის, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ, შესრულებაზე ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე; გ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ზედამხედველი ორგანოს, სასამართლოს ან ნოტარიუსთა პალატის მითითებებს/გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მათ აუცილებელ ინფორმაციას; დ) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას, აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს/კურსებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) არაჯეროვნად ასრულებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) არღვევს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლით დადგენილ სანოტარო რეესტრის წარმოებისა და ამავე ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის წესებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უზრუნველყოფს სანოტარო აქტების კლასიფიცირებას და/ან შენახვას; თ) არღვევს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს; ი) არღვევს საქართველოს ნოტარიუსთა დეონტოლოგიის (ეთიკის) კოდექსის მოთხოვნებს, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს; კ) „მისტიური მომხმარებლის“ მიერ შედგენილი მომსახურების ხარისხის ანგარიშის მიხედვით, ნოტარიუსს განესაზღვრა არადამაკმაყოფილებელი შედეგი (0-59 ქულა). მუხლი 6. მძიმე დისციპლინური გადაცდომა ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; ბ) ადგენს გაურკვეველი შინაარსის სანოტარო აქტს; გ) ასრულებს სანოტარო მოქმედებას ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომლის ფორმაც არ შეესაბამება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არღვევს ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს; ე) არღვევს სანოტარო აქტში ცვლილების (შესწორების) შეტანის წესს, თუ ცვლილება გარიგების შინაარსის არსებით შეცვლას იწვევს; ვ) არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, ან სანოტარო აქტზე გარკვევით არ უთითებს გადახდევინებული საზღაურის ზუსტ ოდენობას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს; ზ) სანოტარო მომსახურებისათვის განზრახ ახდევინებს ან სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის გრაფაში განზრახ შეცდომით ასახავს სანოტარო ტარიფით დადგენილზე ნაკლებ ან მეტ საზღაურს; თ) ახდენს თავისი სანოტარო საქმიანობისა და პროფესიული თვისებების რეკლამირებას; ი) არასაპატიო მიზეზით არ იხდის საწევრო შენატანს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს; კ) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) დაუდევრად ახდენს სანოტარო დოკუმენტაციის შენახვას, რამაც სანოტარო აქტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვია (თუ შესაძლებელია მათი აღდგენა-მოძიება); მ) სანოტარო დოკუმენტებს ინახავს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში სანოტარო დოკუმენტების შენახვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით; ნ) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ნოტარიუსთა პალატის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სავალდებულო სემინარებს/კურსებს; ო) არღვევს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; პ) არღვევს ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიულ დაზღვევასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ჟ) სანოტარო ბიუროში სამუშაო დღეების განმავლობაში ნოტარიუსის არყოფნის გამო მომსახურების მიღება სისტემატურად არის შეუძლებელი; რ) არღვევს ცალკეული სამართლებრივი აქტებით/შეთანხმებებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას შესაბამისი კანონმდებლობის/შეთანხმების მოთხოვნებს; ს) „მისტიური მომხმარებლის“ მიერ შედგენილი მომსახურების ხარისხის ანგარიშის მიხედვით, ნოტარიუსს ზედიზედ ორჯერ განესაზღვრა არადამაკმაყოფილებელი შედეგი (0-59 ქულა). მუხლი 7. განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომა ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს; ბ) არღვევს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; გ) ამოწმებს ან ადასტურებს ფაქტს, რომელსაც ადგილი არ ჰქონია; დ) ეწევა სანოტარო საქმიანობას მაშინ, როცა ეს აკრძალული აქვს; ე) კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ზედამხედველი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების ან მათი ასლების წარდგენაზე, მალავს ან ანადგურებს სანოტარო მოქმედებათა რეესტრებსა და სანოტარო აქტებს; ვ) სანოტარო მოქმედებებს არ არეგისტრირებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში; ზ) დროულად არ აბარებს ან უარს აცხადებს ნოტარიუსის ბეჭდის, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების, შესანახად მიღებული დოკუმენტების, ფულის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ჩაბარებაზე, როდესაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს; თ) სანოტარო საქმიანობის პარალელურად ეწევა სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა; ი) ასრულებს სანოტარო მოქმედებას თავისი და/ან იმ პირების მონაწილეობით (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით), რომლების მიმართაც ნოტარიუსს აკრძალული აქვს სანოტარო მოქმედების შესრულება; კ) სხვა პირისათვის გადასაცემად მიღებულ ფულსა და/ან სხვა ფასიან ქაღალდებს იყენებს როგორც საკუთარს, შესანახად მიღებულ დოკუმენტს გადასცემს არაუფლებამოსილ პირს; ლ) სანოტარო აქტი არ შეაქვს სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ან სხვადასხვა სანოტარო მოქმედებას ანიჭებს ერთსა და იმავე სარეგისტრაციო ნომერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომრის გამეორებას მექანიკური ხასიათი აქვს და ამ უკანასკნელის შესახებ ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია აღნიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით წინასწარ ამზადებს შეუვსებელ სანოტარო აქტს (ე.წ. „ცარიელ ბლანკს“) ან პირს წინასწარ აწერინებს ხელს სანოტარო აქტის შეუვსებელ ბლანკზე; ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს; ო) დაუდევრად ახდენს სანოტარო დოკუმენტაციის შენახვას, რამაც სანოტარო აქტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვია (თუ არ არსებობს მათი აღდგენისა და მოძიების შესაძლებლობა); პ) სისტემატურად დაკეტილი აქვს სანოტარო ბიურო, რის გამოც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის; ჟ) არღვევს მხარეთა შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისა და მიუკერძოებლობის დაცვის პრინციპს; რ) „მისტიური მომხმარებლის“ მიერ შედგენილი მომსახურების ხარისხის ანგარიშის მიხედვით, ნოტარიუსს ზედიზედ სამჯერ განესაზღვრა არადამაკმაყოფილებელი შედეგი (0-59 ქულა).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები