On Radioactive Waste

On Radioactive Waste
Document number 4487-Iს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 11/11/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 24/11/2015
Activating Date 04/01/2016
Registration code 120210010.05.001.017976
Consolidated publications
4487-Iს
11/11/2015
Website, 24/11/2015
120210010.05.001.017976
On Radioactive Waste
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (24/11/2015 - 07/12/2017)

 

საქართველოს კანონი

 

 

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობას ან/და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ეს კანონი აგრეთვე განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებს რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობისა და შესაბამისი ობიექტისათვის.

 

მუხლი 2. კანონის მიზნები

 ამ კანონის მიზნებია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნების შესრულებისათვის:

 ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად როგორც აწმყოში, ისე მომავალში;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების და მომხდარი ინციდენტების უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა.

 

მუხლი 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები

 რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

 ა) უსაფრთხოების პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადეკვატური ზომების მიღებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათი მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას;

 ბ) მომავალი თაობების დაცვის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომავალმა თაობებმა რადიოაქტიური ნარჩენების იმაზე ნაკლები მავნე ზემოქმედება განიცადონ, ვიდრე ახლანდელი თაობა განიცდის, და მათი მოვლა-პატრონობისათვის იმაზე ნაკლები რესურსი დახარჯონ, ვიდრე ახლანდელი თაობა ხარჯავს;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის კონტროლის პრინციპი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ ახალი რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის ალბათობა შესაძლო მინიმუმამდე შემცირდეს;

 დ) დაცულობის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა თავიდან იქნეს აცილებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული ნებისმიერი უკანონო ქმედება მათი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში;

 ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გამჭვირვალობის პრინციპი – მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ;

 ვ) პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“ – რადიოაქტიური ნარჩენების წარმომქმნელმა ან რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელმა უნდა აანაზღაუროს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;

 ზ) გარემოს დაცვის პრინციპი – რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გარემოს დაცვა მისაღებ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი;

 თ) პრინციპი „დაცვა ქვეყნის საზღვრების გარეთ“ – ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ქვეყნის საზღვრების გარეთ.

 

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ გამოიყენება ან რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;

 ბ) დახურვა – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების დასრულება, აგრეთვე საბოლოო საინჟინრო და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ობიექტის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

 გ) დეკონტამინაცია – ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან სრულად ან ნაწილობრივ გასუფთავება;

 დ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვა და გადაფუთვა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვის ან დამარხვის უზრუნველსაყოფად;

 ე) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;

 ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები – რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესაბამის შესანახში, საცავში ან/და სამარხში მათი მიღებისათვის;

 ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე;

 თ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;

 ი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;

 კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობა;

 ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ან წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები ან/და რომელიც ფლობს რადიოაქტიურ ნარჩენებს;

 მ) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა – ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც/რომლებიც მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას, გადამუშავებას, კონდიცირებას, ტრანსპორტირებას, შენახვასა და დამარხვას, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან გამოყვანას/დემონტაჟს და დახურვას;

 ნ) რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური ნივთიერება, აგრეთვე მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან რომელსაც უნარი აქვს, დასხივებისას ნივთიერების იონიზაცია გამოიწვიოს;

 ო) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები – რადიოაქტიური ნარჩენები ან/და უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყარო, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განსათავსებლად სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა;

 პ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

 ჟ) სააგენტო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;

 რ) დეპარტამენტი – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.

 

მუხლი 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:

 ა) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით;

 დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა.

 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

 ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

 ბ) შესაბამის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 დ) დაინტერესებული პირებისა და ქვეყნებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

 ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აღკვეთა;

 გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი დანაყოფების მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების ამოღებაში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განსათავსებლად რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებაში მონაწილეობა.

 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:

 ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

 ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით;

 გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

 ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

 ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;

 ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

 თ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

 ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

 ა) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების მართვა;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია;

 ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება;

 ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

 6. დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა

 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას 15-წლიანი პერიოდისათვის. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

 2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესები;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ღონისძიებები;

 დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ღონისძიებები;

 ე) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილები, რადიოაქტიური ნივთიერებებით ისტორიულად დაბინძურებული ადგილები და მათი სრული დეკონტამინაციისათვის საჭირო ღონისძიებები;

 ვ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის შესაძლო ნაკადების შეფასება;

 ზ) უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიურ წყაროებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის აღდგენის ღონისძიებები;

 თ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები და ვადები, სავარაუდო ხარჯები და დაფინანსების წყაროები, ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი უწყებები და ორგანიზაციები;

 ი) რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

მუხლი 7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა

 რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორია შეირჩევა შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს:

 ა) ყველა შესაძლო ფაქტორის ანალიზს, რომლებიც გავლენას მოახდენს შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე;

 ბ) სხვადასხვა სახის კვლევას, მათ შორის, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გარემოსდაცვით კვლევებს;

 გ) საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების შესაძლო გავლენის შეფასებას.

 

მუხლი 8. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების დადგენა

 1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ირგვლივ დგინდება დაცვითი ზონები, რომელთა საზღვრები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების საზღვრები განისაზღვრება ამ ობიექტებით გამოწვეული დასხივების დონეების, რადიოაქტიური ნივთიერებების გარშემო გაშვების/ჩაშვების რაოდენობისა და ფართობის გათვალისწინებით.

 3. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვით ზონებში დაუშვებელია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება და ნებისმიერი ობიექტის განთავსება, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება შესაბამისი ობიექტების ფუნქციონირებას.

 

მუხლი 9. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება

 1. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რადიოაქტიური ნარჩენები რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში უნდა განთავსდეს.

 2. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ანაზღაურებს.

 3. რადიოაქტიური ნარჩენები რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში შესაბამისი რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმების მიხედვით განთავსდება.

 4. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს:

 ა) რადიოაქტიური ნარჩენების კლასი, რომელიც განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია“;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები;

 გ) რადიოაქტიური ნარჩენების აქტივობა;

 დ) რადიოაქტიური ნარჩენების მოცულობა და მასა;

 ე) სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

 

მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი

 1. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას:

 ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების მიღება;

 ბ) უზრუნველყოს მოსალოდნელი ინციდენტისა და ავარიის თავიდან აცილება, ხოლო ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში – მისი შედეგების აღმოფხვრა და მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება;

 გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 2. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელს რადიოაქტიური ნარჩენების რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავში შენახვის ვადა სალიცენზიო პირობებით განესაზღვრება.

 

მუხლი 11. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები

 ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები (რომლებიც შეიცავს ბუნებაში წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს), ვალდებულია:

 ა) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსებამდე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ შესაბამისად;

 ბ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში.

 

მუხლი 12. საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში

 საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვთ:

 ა) მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია;

 ბ) მიმართონ უფლებამოსილ ორგანოებს და მოსთხოვონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

 გ) მონაწილეობა მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობასთან, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში.

 

მუხლი 13. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება

 რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, ტრანზიტთან, რეექსპორტთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 14. პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის

 რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 15. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

 საქართველოს მთავრობამ:

 ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“;

 ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

 გ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.

 

მუხლი 16. გარდამავალი დებულება

 საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დაამტკიცოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია.

 

მუხლი 17. კანონის ამოქმედება

 ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 ნოემბერი 2015 წ.

N4487-Iს