დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016959 |
|
ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 და 42 პუნქტების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 23 ივნისის №83/04 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი
|
მუხლი 1.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო |
1. „ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის (შემდგომში – შესაბამისობის კონტროლის სისტემა) შეფასების კითხვარების ფორმებს (შემდგომში – შეფასების კითხვარი), მათი შევსების პრინციპებსა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საბროკერო კომპანიებზე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, საინვესტიციო ფონდებზე და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე (შემდგომში – ანგარიშვალდებული პირები). 3. ამ წესის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ დისტანციურად შეფასდეს ანგარიშვალდებული პირების შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და მისი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა. 4. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ანგარიშვალდებული პირები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე წესით დადგენილი ფორმითა და ვადებში. 5. საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დამატებით გამოითხოვოს ანგარიშვალდებული პირის შიდა პოლიტიკა და პროცედურები, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა ან/და სხვა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ანგარიშვალდებულმა პირმა შეავსო შეფასების კითხვარი. 6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა. |
მუხლი 2.
შეფასების კითხვარის შევსებისა და წარდგენის წესი |
1. ანგარიშვალდებულმა პირმა შეფასების კითხვარში უნდა მიუთითოს ანგარიშვალდებული პირის დასახელება და შეფასების კითხვარის შევსების თარიღი. შეფასების კითხვარი სტრუქტურირებულია დახურული (დიახ, არა, არარელევანტურია (N/A)) და ღია კითხვების კომბინირებით და მიემართება შესაბამისობის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს/კატეგორიებსა და მათ შემადგენელ ქვეკატეგორიებს.
2. შეფასების კითხვარის სწორად შევსების უზრუნველსაყოფად, თითოეულ დახურული ტიპის კითხვას უნდა გაეცეს პასუხი (დიახ, არა ან არარელევანტურია (N/A)). იმისათვის, რომ პასუხად დაფიქსირებული „დიახ“ მიღებულად ჩაითვალოს, უნდა შეივსოს „დამატებითი ინფორმაციის“ ველი, სადაც დაფიქსირებული პასუხის დასაბუთების მიზნით მითითებული იქნება ინფორმაცია იმ დოკუმენტის/დოკუმენტების შესახებ (დოკუმენტის სახელწოდება, დამტკიცების თარიღი და ნომერი, ზუსტი ჩანაწერი (ციტატა), მუხლი, პუნქტი), რომლის მიხედვითაც დგინდება მითითებული პასუხის მართებულობა. 3. ანგარიშვალდებული პირები ვალდებული არიან, ამ წესით გათვალისწინებული შეფასების კითხვარი ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის მეორე ნახევარი წლის ანგარიშგებასთან (ივლისი – დეკემბერი) ერთად – არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა. 4. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, ანგარიშვალდებული პირის მფლობელობის ან/და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდეს შეფასების კითხვარის შევსების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ან/და განსხვავებული ინტენსიურობით გამოთხოვა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეფასების კითხვარის გამოთხოვისას, ეროვნული ბანკი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირის ინფორმირებას. 6. ანგარიშვალდებული პირი შევსებულ შეფასების კითხვარს ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 23 აპრილის №103/04 ბრძანებით განსაზღვრულ AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე (შემდგომში – პორტალი) მიმოწერის ფუნქციონალში. 7. შეფასების კითხვარის ფორმა განთავსებულია პორტალზე და მისი შევსება ხორციელდება MS Excel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული შეფასების კითხვარის ფორმის არსებული ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 8. ანგარიშვალდებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, შეფასების კითხვარის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. 9. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კითხვარი არ წარადგინოს, თუ მასში არ არის განხორციელებული შეფასების კითხვარით გათვალისწინებული საკითხის/კატეგორიის/ქვეკატეგორიის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, პორტალის მიმოწერის ფუნქციონალით ანგარიშვალდებული პირი ეროვნულ ბანკს ატყობინებს, რომ შეფასების კითხვარში ცვლილება არ განხორციელებულა. ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი ინფორმაცია აისახება შევსებული შეფასების კითხვარის შესაბამის გრაფაში იმგვარად, რომ ცვლილება იყოს თვალსაჩინო და მარტივად იდენტიფიცირებადი. ანგარიშვალდებული პირის მიერ კითხვარში შეცვლილი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს წარედგინება ამ მუხლის შესაბამისად. |
მუხლი 3.
საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) |
ანგარიშვალდებული პირის მიერ შეფასების კითხვარის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის ან/და არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ანგარიშვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები