დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების,მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017633 |
|
თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესის და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, მიმღები ცენტრის დატოვების წესსა და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლებსა და წესს. 2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. მიმღებ ცენტრში განთავსება 1. მიმღები ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ ღია ტიპის დროებითი განთავსების ადგილს. 2. მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის, ხოლო სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის ვადაზე. 3. თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება, რასთან დაკავშირებითაც იგი დეპარტამენტში წარადგენს განცხადებას (დანართი №1). დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველო აფასებს განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს დასაბუთებულ პოზიციას თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 4. თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებელია უარი ეთქვას მიმღებ ცენტრში განთავსებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) მიმღებ ცენტრში არ არის სათანადო თავისუფალი საცხოვრებელი ფართი; ბ) თავშესაფრის მაძიებელს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი ან/და საქართველოში ფლობს/განკარგავს უძრავ ქონებას (შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში); გ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა არ მოითხოვა გონივრულად მოსალოდნელ ვადაში; დ) ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, თუ მან ვერ შეძლო მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროების ან/და შეცვლილი გარემოების დასაბუთება; ე) თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება შეუწყდა ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) თავშესაფრის მაძიებელი თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანია; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური, ფიზიკური მახასიათებლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მიმღებ ცენტრში განთავსება; თ) სხვა ობიექტური გარემოებების საფუძველზე. 5. მიმღებ ცენტრში განთავსების ან განთავსებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განცხადების დეპარტამენტში რეგისტრაციიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. თავშესაფრის მაძიებლის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას გადაეცემა გადაწყვეტილება მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ. თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განთავსებაზე უარის თქმის შესახებ. 6. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს განთავსების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, რაც დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, დოკუმენტ(ებ)ით. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ტრანსპორტირებას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადად უზრუნველყოფს დეპარტამენტი. განთავსების შემდეგ ივსება განთავსების ბარათი (დანართი №4). 7. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე, მის მიერ მიმღებ ცენტრში განთავსებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და მიმღებ ცენტრში განთავსებას, მიმღებ ცენტრში ამ პირის მისაღებად შესაბამისი პირობების არსებობის გათვალისწინებით.
მუხლი 3. თავშესაფრის მაძიებლისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერება 1. მიმღებ ცენტრში განთავსებისას, თავშესაფრის მაძიებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება დათვალიერებას ამ წესის და №2 დანართით გათვალისწინებული ნივთების (შემდგომ – აკრძალული ნივთები) გამოვლენის მიზნით. 2. პირისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ − დაცვის პოლიცია) იმავე სქესის მოსამსახურე. თავშესაფრის მაძიებლის მიერ დათვალიერებაზე უარის თქმა წარმოადგენს მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. 3. ნივთები, რომლებიც არ არის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუმცა აკრძალულია მათი მიმღებ ცენტრში შეტანა, შესაძლებელია შენახულ იქნეს პირის ცენტრში განთავსების ვადით. დათვალიერებისას ასეთი ნივთების გამოვლენის შემთხვევაში პირი თავად უზრუნველყოფს მათ შენახვას სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ სათავსოში. სათავსოს ნომერსა და მფლობელის ვინაობას დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღრიცხავს შესაბამის ჟურნალში (დანართი №3). თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია მიმღები ცენტრის დატოვებამდე გაუფრთხილდეს სპეციალური სათავსოს გასაღებს. აღნიშნული ნივთების მიმღები ცენტრის გარეთ მოხმარების მიზნით, განთავსებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია სპეციალური სათავსოდან მათი გატანა დაცვის პოლიციის მოსამსახურის მონაწილეობით. 4. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. 5. თავშესაფრის მაძიებლისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერების შემდეგ, მიმღები ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე ავსებს თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ბარათს (დანართი №4). 6. დაცვის პოლიციის მოსამსახურეთა ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველს წარმოადგენს დაცვის პოლიციასთან გაფორმებული შესაბამისი დაცვითი მომსახურების ხელშეკრულება.
მუხლი 4. თავშესაფრის მაძიებლის სამედიცინო შემოწმება მიმღებ ცენტრში განთავსებამდე, თავშესაფრის მაძიებელი ექვემდებარება შემოწმებას ინფექციურ ან სხვა გადამდებ დაავადებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 5. საცხოვრებელი ფართი 1. მიმღები ცენტრის საცხოვრებელ ფართში პირი ცხოვრობს მისივე სქესის სხვა თავშესაფრის მაძიებელთან (მაძიებლებთან) ერთად. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე. 2. თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვის მიზნით, მიმღები ცენტრი, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა ერთ საცხოვრებელ ფართში განთავსებას. 3. თავშესაფრის მაძიებელს უფლება არ აქვს, თვითნებურად შეიცვალოს მისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი. აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილის შეცვლა დასაშვებია მიმღები ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით/თანხმობით. 4. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება სხვა განთავსებული პირის საცხოვრებელ ფართში თანხმობის გარეშე შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა ან სხვა უკიდურესი აუცილებლობა). 5. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და მოწესრიგებულად იქონიოს საწოლი და საცხოვრებელი ფართი. 6. საჭიროების შემთხვევაში, მიმღები ცენტრის უფროსი უფლებამოსილია შეამოწმოს თავშესაფრის მაძიებლის საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება აგრეთვე დასაშვებია მიმღები ცენტრის მოსამსახურის მიერ, დაცვის პოლიციის მოსამსახურესთან ერთად. 7. მიმღები ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის მაძიებელი შესაძლებელია დროებით განთავსდეს სხვა პირებისგან იზოლირებულად: ა) ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით; ბ) როდესაც პირი აგრესიულია ან არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ამ ან/და სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირების მიზნით, მიმღები ცენტრის უფროსი ახდენს შესაბამის რეაგირებას. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმღები ცენტრის უფროსი ან ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი, შესაბამისი რეაგირებისთვის, დაუყოვნებლივ მიმართავს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
მუხლი 6. მიმღებ ცენტრში ცხოვრება და ქცევის წესები 1. თავშესაფრის მაძიებლისათვის მიმღებ ცენტრში ცხოვრება უფასოა. მიმღებ ცენტრში განთავსებისას, ამ წესის №5 დანართით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, მას ერთჯერადად გადაეცემა პირველადი მოხმარების საგნები (დანართი №6), ასევე, ჰიგიენური საშუალებები და კვების პაკეტი (დანართი №7). შესაძლებელია, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი უზრუნველყოფილ იქნეს №5 დანართით განსაზღვრულისგან განსხვავებული რაოდენობის საკვები პროდუქტებით. 2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საერთო სარგებლობის სივრცეში სისუფთავის დაცვა, მათ შორის, საერთო მოხმარების სამზარეულო ინვენტარის მოვლა-პატრონობა და სარგებლობის შემდეგ მისი გასუფთავება. 3. მიმღები ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, წერილობით განსაზღვროს საერთო სივრცითა და ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობის გრაფიკი. 4. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისას, მიმღებ ცენტრს დაუბრუნოს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნივთები. 5. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია პატივი სცეს მიმღებ ცენტრში განთავსებულ სხვა პირთა უფლებებს. დაუშვებელია მიმღებ ცენტრში არსებული ტელე/ვიდეო/აუდიო აპარატურით სარგებლობა ან/და სხვაგვარი ხმაურის გამოწვევა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში. 6. სხვა განთავსებულ(ებ)თან უთანხმოების ან კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს დაცვის პოლიციის ან მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს. 7. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია არასაპატიო მიზეზით არ მიატოვოს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. აღნიშნული ქმედების ჩადენა განიხილება, როგორც მიმღები ცენტრის წესების დარღვევა. დასაშვებია არასრულწლოვანი შვილის დატოვება მიმღებ ცენტრში განთავსებული სხვა თავშესაფრის მაძიებლის მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნის მშობლისა და დამტოვებელი პირის წერილობითი შეთანხმების/თანხმობის არსებობის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრის უფროსს. 8. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს შეუზღუდავად დაუკავშირდეს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), საქართველოს პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას. 9. მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 7. მიმღებ ცენტრში ვიდეომონიტორინგის განხორციელება 1. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა/მოსამსახურეთა უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, სამართალდარღვევის პრევენციისა და დროული აღკვეთის, აგრეთვე, მიმღები ცენტრის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ხორციელდება მიმღები ცენტრის საერთო საცხოვრებელი სივრცის ვიდეომონიტორინგი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 ოქტომბრის №77 ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი, მათ შორის, მონაცემთა შენახვისა და დაარქივების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8. მიმღებ ცენტრში შესვლის/გასვლის კონტროლი 1. მიმღებ ცენტრში ყოველი შესვლის დროს დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხდება განთავსებული პირისა და მისი პირადი ნივთების ზედაპირული დათვალიერება. 2. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, თავისუფლად შევიდეს და დატოვოს მიმღები ცენტრი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში. განთავსებულ პირთა ცენტრში ყოველდღიურ შესვლას/გასვლას დაცვის პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნავს სპეციალურ ჟურნალში. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ დანაყოფს. 3. დაცვის პოლიციის მოსამსახურე ყოველდღიურად ახდენს მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა რაოდენობის შემოწმებას (დანართი №8). მიმღებ ცენტრში 23:00 საათამდე დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, განთავსებული პირი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს გასვლის მიზნის/მიზეზის და სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გარეშე მიმღები ცენტრის დატოვების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია გასვლის მიზანი/მიზეზი და ადგილსამყოფელი დაბრუნებისთანავე აცნობოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს (მისი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში) ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დაცვის პოლიციის მოსამსახურეს. 4. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება მიმღები ცენტრის თვის განმავლობაში ჯამში 5 დღეზე მეტი ვადით დატოვება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება ან მისგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზი). 5. მიმღებ ცენტრში დაუბრკოლებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესვლის უფლება აქვთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს; ბ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეებს; გ) დეპარტამენტის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს; დ) დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველოს მოსამსახურეებს; ე) დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს მოსამსახურეებს, დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) სამედიცინო მომსახურების განყოფილების მოსამსახურეებს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის წარმომადგენელს; ვ) დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველოს მოსამსახურეებს; ზ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით; თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოძიების მიზნით − საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილ პირს; ი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პიროვნების და პირადი ნივთების ზედაპირული დათვალიერების წესი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა მიმღებ ცენტრში სხვა პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 9. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა 1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძველია: ა) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა; გ) განთავსებული პირის წერილობითი განცხადება; დ) ამ წესის მოთხოვნების უხეში ან/და განმეორებით დარღვევა; ე) დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. 2. ამ წესის მოთხოვნების უხეშ დარღვევად განიხილება: ა) არასაპატიო მიზეზით მცირეწლოვანი ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება; ბ) მიმღები ცენტრის მაცხოვრებლებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება; გ) მიმღები ცენტრის ქონებისა და ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება; დ) პირის სხვა იმგვარი ქცევა, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის თანაცხოვრებას სხვა გათავსებულებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში ყოფნის უფლება უწყდება წერილობითი გაფრთხილების გარეშე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გარდა ამ წესის სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მიმღები ცენტრის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლების მქონე მოსამსახურე, თავშესაფრის მაძიებელს აძლევს წერილობით გაფრთხილებას (დანართი №9), ან იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია წერილობითი გაფრთხილების მიცემა, ცენტრის უფროსი მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს პირის დაუყოვნებლივ გასახლების თაობაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, პირის განმეორებითი მომართვა/განცხადება მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ, შესაძლებელია, არ იქნეს განხილული. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროება. 7. მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებლისათვის განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. 8. პირს უფლება აქვს, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი. 9. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვება ხორციელდება იძულების ღონისძიებების გამოყენებით, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველო უფლებამოსილია, განთავსებულ პირს პროპორციული ძალის გამოყენებით დაატოვებინოს მიმღები ცენტრი. იძულების ღონისძიება ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველოს თანდასწრებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განთავსებული პირი უარს განაცხადებს პირადი ნივთების წაღებაზე ან მიმღებ ცენტრს დატოვებს პირადი ნივთების გარეშე, მიმღები ცენტრის მოსამსახურე, დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველოს თანდასწრებით, უზრუნველყოფს მისი პირადი ნივთების აღწერას და დალუქვას, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. დალუქული პირადი ნივთები მას გადაეცემა მიმღები ცენტრის დატოვების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ განთავსებული პირი უარს განაცხადებს პირადი ნივთების წაღებაზე, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურეები და დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელი. დალუქული ნივთები ინახება მიმღებ ცენტრში 2 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს ნივთები ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები