დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/823 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 25/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.010.000.22.024.009.139 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2006 - 18/06/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.22.024.009.139
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/823
2006 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“.
2. ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს მინისტრის მოადგილეს გენრიხ მურადიანს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი
მუხლი 1. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ა) პროექტის სავალდებულო ექსპერტიზა – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტის ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნაწილის არსებულ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა და ერთმნიშვნელოვანი დასაბუთებული დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემა;
ბ) ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საინჟინრო განათლება, აქვს სპეციალობით საპროექტო ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ დოკუმენტურად დასაბუთებული 10 წლის სტაჟი და ანალოგიური ტიპის შენობა-ნაგებობების დამპროექტებლად ან/და პროექტის საექსპერტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
მუხლი 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტები
ექსპერტიზას ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით.
მუხლი 3. ექსპერტიზას დაქვემდებარებული პროექტის ნაწილები
ექსპერტიზას დაქვემდებარებული პროექტის ნაწილებია:
ა) საინჟინრო გეოლოგია ან/და საინჟინრო ჰიდროგეოლოგია;
ბ) ფუძეები და საძირკვლები;
გ) ძირითადი ან/და მზიდი სამშენებლო კონსტრუქციები.
მუხლი 4. ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა
1. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების III სტადიაზე საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგენს ექსპერტთან (საექსპერტო ორგანიზაციასთან) გაფორმებულ ხელშეკრულებას.
2. ექსპერტმა ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფიული ცნობები;
ბ) ინფორმაცია განათლების შესახებ;
გ) დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია პროფესიული საქმიანობის და ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული საექსპერტო სამუშაოების შესახებ;
დ) ექსპერტის დეკლარაცია, მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესახებ.
3. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობების წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში:
ა) იხილავს წარმოდგენილი ექსპერტების მონაცემებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) ატარებს ექსპერტთან გასაუბრებას.
4. ექსპერტის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ორგანო წარმოდგენილ ექსპერტს/საექსპერტო ორგანიზაციას გადასცემს საპროექტო დოკუმენტაციას ექსპერტიზის ჩასატარებლად.
5. ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს ნებართვის მაძიებელი.
6. ექსპერტი ნებართვის მაძიებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 30 დღის განმავლობაში შეისწავლის პროექტს და ნებართვის გამცემს წარუდგენს დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით საექსპერტო დასკვნას.
7. ნებართვის გამცემს უფლება აქვს მიიღოს ახსნა-განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია ექსპერტისგან და გაიაროს მასთან კონსულტაციები. კონსულტაციების შედეგად პროექტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, თუ იგი არ საჭიროებს ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე ხელახალ შეთანხმებას, ექსპერტიზის ჩატარებისათვის დადგენილ ვადაში წარედგინება ნებართვის გამცემს.
8. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.
9. მაძიებლის მიერ უარყოფითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა ან 30 დღის განმავლობაში საექსპერტო დასკვნის წარმოუდგენლობა არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
10. ნებართვის გამცემი ორგანო აწარმოებს ექსპერტთა მონაცემთა ბაზას მატრიცის შესაბამისი სპეციალობის მიხედვით (მატრიცა – დანართი №1).
დანართი №1
მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის
ჩამტარებელ ექსპერტთა რეგისტრაციის მატრიცა
შენობა-ნაგებობათა სახეობების და ექსპერტთა საქმიანობის მიხედვით
| სტრუქტურული ინჟინერი | (სახელი, გვარი) | ||
| № | შენობა-ნაგებობათა სახეობები |
| |
| 1 | სამოქალაქო და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები |
| |
| 2 | სამრეწველო შენობა-ნაგებობები |
| |
| 3 | სივრცითი ნაგებობები (ანძები, კოშკები, რეზერვუარები) |
| |
| 4 | ხიდები და გვირაბები |
| |
| 5 | საავტომობილო გზები |
| |
| 6 | რკინიგზები |
| |
| 7 | აეროდრომები |
| |
| 8 | ბაგირგზები (საჰაერო, ფუნიკულიორი) |
| |
| 9 | გაზსადენები და ნავთობსადენები |
| |
| 10 | მაგისტრალური წყალსადენები და საკანალიზაციო კოლექტორები |
| |
| 11 | ჰიდროტექნიკური ნაგებობები |
| |
| 12 | ენერგეტიკული ნაგებობები (მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზები) |
| |
| გეოლოგი | (სახელი, გვარი) | ||
|
| საქმიანობის სახეები |
| |
| 1 | გრუნტების გეოლოგი |
| |
| 2 | ჰიდროგეოლოგი |
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები