შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 906-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 410010020.05.001.102813
906-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 09/07/2025
410010020.05.001.102813
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები

1. ამ კანონის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;

გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა;

გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა;

დ) შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისა და მიმკედლებლების ვალდებულებების განსაზღვრა;

ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ვ) შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვა.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;

ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე;

დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;

თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ)  კინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში;

ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში;

მ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

ნ)  ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;

ო) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;

პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; 

ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი;

რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;

ს) მარეგისტრირებელი ორგანო − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი;

ტ) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;

უ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;

ქ) ცხოველის გასეირნება − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით;

ღ) ცხოველების მოშენება − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება;

ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;

შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;

ჩ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით;

ც) დეჰელმინთიზაცია − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა;

ძ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;

წ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ჭ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ხ) ცხოველების ორთაბრძოლა − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით;

ჯ) ვეტერინარული პასპორტი − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია);

ჰ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია;

1) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა;

2) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას;

3) ცხოველების რეალიზატორი (შემდგომ − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს;

4)  პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

5) მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე − პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ამგვარი ცხოველის დროებითი შემოყვანა და იმპორტი ან/და მოშენება; 

6) ცხოველების შემგროვებლობა − ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად;

7) კინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

8) ფელინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

9) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;

10) სასამსახურო ძაღლი – სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის მეპატრონე საჯარო დაწესებულებაა და რომელიც გამოიყენება დაცვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ძაღლი, რომლის დანიშნულებაა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთა, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნა, დაკავება და იდენტიფიცირება, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირება, პირზე ან/და პოლიციელზე/სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოგერიება, აკრძალული ნივთების აღმოჩენა;

11) ასისტენტი ძაღლი − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

მუხლი 4. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები

1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:

ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე;

ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა;

გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ კანონით დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას.

3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია:

ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;

დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;

ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;

ვ) ცხოველების შემგროვებლობა;

ზ) ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.

მუხლი 5. ცხოველის მიტოვების აკრძალვა

1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს იგი თავშესაფარში ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. მეპატრონის მიერ ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში სავალდებულოა.

მუხლი 6. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

1. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა)  მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;

ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააგენტო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად;

ბ) ახორციელებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

6. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია.

7. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცხოველის გადაადგილებისას ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 7. მეპატრონე

1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:   

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე; 

კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

მ) ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ნ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მეპატრონეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ვეტერინარულ პასპორტში შეტანის თაობაზე მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

5. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

მუხლი 8. ცხოველის მიკედლება

1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა;

ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

მუხლი 9. ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები

1. ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე შემდეგი სუბიექტები:

ა) ვეტერინარული დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ზოონოზური დაავადებებისგან დაცვას (მათ შორის, ანტირაბიულ ვაქცინაციას), და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას;

ბ) თავშესაფარი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის დროებით მოვლა-პატრონობას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ვაქცინაციას ან/და უპატრონო ცხოველისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას;

გ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მეპატრონის მიერ მიბარებული ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას;

დ) საშენი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, აგრეთვე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტურ აღრიცხვას;

ე) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით;

ვ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის მოვლა-პატრონობას, ყიდის მას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციას და სხვა სახის ვეტერინარულ მომსახურებას;

ზ) ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ჰიგიენური და გარეგნული მდგომარეობის შენარჩუნებასთან/გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

2. ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი:

ა) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია;

ბ) უფლებამოსილი არ არის, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ცხოველის კეთილდღეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებული არიან შეასრულონ ცხოველის მოვლა-პატრონობის ზოგადი მოთხოვნები:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ბ) უსაფრთხოების წესების დაცვა;

გ) ცხოველის დარწყულება და საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე კვება;

დ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;

ვ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვა.

მუხლი 10. ცხოველის ვეტერინარული მომსახურება

1. ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მოსახლეობის ზოონოზური დაავადებისგან დაცვის მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირებისა, დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვეტერინარული მომსახურება ხორციელდება ცხოველისთვის უმტკივნეულო საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

ა) ყურების კუპირება;

ბ) კუდის კუპირება;

გ) ეშვების ექსტრაქცია;

დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;

ე) სმენის დაქვეითება;

ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

5. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, მომსახურება გაუწიოს არარეგისტრირებულ ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. ამ მომსახურების გაწევის შემდეგ იგი ვალდებულია ჩაატაროს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.

9. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარულ პასპორტში. 

10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული ცხოველის ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

11. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცოფის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, სააგენტოსთან ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს.

13. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, გასცეს ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

14. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 11. თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები

1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.

2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას კერძო თავშესაფარი.

3. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს:

ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად;

ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას;

ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია;

გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად;

დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის საქმიანობა, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებები და პროცედურები, რეგულირდება ამ კანონის მე-18 მუხლით.

5. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ვეტერინარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ცხოველი. ამ შემოწმების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

7. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში კერძო თავშესაფარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. თუ კერძო თავშესაფარი მომსახურებას უწევს ცხოველს, რომელსაც გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება ესაჭიროება, კერძო თავშესაფარი ვალდებულია მხოლოდ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების გაწევის შემდეგ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

10. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული, სტერილიზებული/კასტრირებული და ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი და მონაცემთა ერთიან ბაზაში განაახლოს მის შესახებ ინფორმაცია.

11. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს გაუწიოს მომსახურება, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვასა და დროებით შეფარებაში.

12. კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.

13. კერძო თავშესაფარი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

მუხლი 12. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ბ)  ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

3. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტს (სასტუმროს) უფლება არ აქვს, მომსახურება გაუწიოს იმ ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

4. თუ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) მიიღებს უმეთვალყურეო ძაღლს, რომელსაც 2 თვის ვადაში არ გამოუჩნდება მეპატრონე/მიმკედლებელი, იგი ვალდებულია ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი, ხოლო მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმროს) მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე.

6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოწყობილ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტში (სასტუმროში) არ შეიძლება ერთდროულად განთავსდეს 15-ზე მეტი ცხოველი.

მუხლი 13. საშენი და მისი საქმიანობის ფარგლები

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას ახორციელებს საშენი.

2. საშენი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 3 წელი. აღნიშნული რეგისტრაციის საფასურს ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.

4. საშენის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა განთავსდეს მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.

5. სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველყოფის მიზნით საშენი ვალდებულია:

ა)  ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი;

ბ) შეასრულოს ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;

ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

ვ) მოაწყოს შესაბამისი სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;

თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოება;

ი) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;

კ) უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

6. საშენი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

7. საშენი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული საქმიანობა.

8. საშენი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 14. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და მისი საქმიანობის ფარგლები

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით ცხოველთა მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას, ცხოველის წვრთნას, სოციალიზაციას, ქცევის კორექციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის გაცემას, ცხოველების გამოფენის ორგანიზება-ჩატარებასა და სხვა სახის მომსახურებას უზრუნველყოფს კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი.

3. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

4. კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება არ აქვს, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას;

ბ) ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ ცნობის გაცემას;

გ) სხვადასხვა ჯიშის ცხოველების დატვირთვას მათი ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

დ) ცხოველის მოვლა-პატრონობასთან, მოშენებასთან, კვებასთან, სელექციასთან, ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, აგრეთვე ქცევის შესწავლასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;

ე) შესაბამის საწვრთნელ სივრცეში ცხოველის წვრთნას (ინდივიდუალური და სპორტული წვრთნა), სოციალიზაციას, ქცევის კორექციას;

ვ) ცხოველის მდგომარეობის შეფასებასა და გადამეტებული აგრესიის დადგენას;

ზ) ცხოველების გამოფენის ორგანიზება-ჩატარებას;

თ) სასწავლო კურსებისა და მოდულების ორგანიზება-ჩატარებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობად არ ჩაითვლება ის დოკუმენტი, რომელშიც მითითებული არ არის ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ.

7. კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით.

8. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია  შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლის მომსახურებაზე.

მუხლი 15. რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი.

2. რეალიზატორი ვალდებულია მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვით უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

3. რეალიზატორი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

4. რეალიზატორს უფლება არ აქვს, ჰყავდეს ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად რეალიზატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს ცხოველის განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; 

გ) უზრუნველყოს ცხოველის რეგულარული გასეირნება;

დ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით;

ე) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ვ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველი;

ზ) არ დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება გაყიდვის მიზნით;

თ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა.

6. რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 16. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო.

2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია;

ბ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

გ) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

გ) ვაქცინაციის შესახებ;

დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებული მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ახორციელებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებული მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ამოწმებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას.

6. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

7. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში.

8. მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

მუხლი 17. პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა

1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის წესისა და ვადების შესაბამისად, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. საშენი სანაშენე ცხოველის მოშენებას ახორციელებს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.

6. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

7. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

8. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. 

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვების გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოაცხადოს მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე.

10. ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის.

11. ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მეპატრონე ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის საგამოფენო ცხოველად აღნიშვნის მიზნით.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან 2 წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში ცხოველის მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველისთვის საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ იგი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

14. ამ მუხლის პირველი−მე-13 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

15. სასამსახურო ძაღლის განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 18. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა

1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.

2. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა)  ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ ცხოველს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

მუხლი 19. ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა

1. დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის:

ა) ცხოველის ცემა;

ბ) ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;

გ) ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იწვევს მის ტანჯვას;

დ) ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ;

ე) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება;

ვ) ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის;

ზ) ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ან/და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა;

ი) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მუხლი 20. პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები

1. ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

4. ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

5. ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

6. ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

7. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

8. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესებით დამატებით განსაზღვროს:

ა)  ადგილები, სადაც არ დაიშვება ძაღლის ყოფნა;

ბ) სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც დასაშვებია ძაღლის გასეირნება საბლის გარეშე;

გ) ცხოველის გასეირნების, მგზავრობის და ღონისძიებებში გამოყენების განსხვავებული წესი (მათ შორის, ალიკაპის გამოყენების წესი).

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

მუხლი 21. ცხოველის ევთანაზია

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ)  სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება; 

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.

მუხლი 22. კანონთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტები

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების დამტკიცება:

ა) შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი;

ბ) ტექნიკური რეგლამენტი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ.

მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ  2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს:

ა) „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ცხოველის პოპულაციის მართვის ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ;

ბ) ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) შესახებ.

3. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით) სულ მცირე უნდა განისაზღვროს:

ა) უპატრონო/მიკედლებული ძაღლის საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი მხარდაჭერის ღონისძიებები შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მეპატრონეებისთვის;

გ) უპატრონო/მიკედლებული ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის მიზნით ძაღლის ვეტერინარული მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების გეგმა ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ ამ დროებითი წესის (პროგრამის) განსახორციელებლად აუცილებელი ღონისძიებები.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით) განსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ცხოველის პოპულაციის მართვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხების გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებისთვის საშუალოვადიან პერიოდში ასიგნებების ზღვრული მოცულობების განსაზღვრისას (ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი) და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისას.

6. მუნიციპალიტეტებმა 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცება ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში მათი ამ კანონთან შესაბამისობა.

7. მეპატრონემ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.

8. მეპატრონე, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

9. მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

10. მეპატრონე, რომლის ცხოველიც სტერილიზებული ან კასტრირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.

11. მეპატრონეზე, რომელსაც 2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ჰყავს ცხოველი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

12. მეპატრონეზე, რომელსაც 2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი, არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

13. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საშენი ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე გაიაროს ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში.

14. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

15. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

16. სააგენტომ 2026 წლის 1 ივლისამდე:

ა) ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს, ვეტერინარული დაწესებულების, თავშესაფრისა და საშენის წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე;

ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმროს), კინოლოგიური დაწესებულების, ფელინოლოგიური დაწესებულების, რეალიზატორისა და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტის წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

17. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესების დამტკიცება.

18. ფიზიკური პირები, რომლებიც საქმიანობენ ცხოველის მოვლა-პატრონობის, მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით, ვალდებული არიან 2028 წლის 1 ივლისამდე გაიარონ სერტიფიცირებული კინოლოგის/ფელინოლოგის პროფესიული პროგრამა ან/და მიმართონ შესაბამის ორგანოს არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლები, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“−„ნ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-8 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები და მე-6 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-10 მუხლის პირველი−მე-4 და მე-11−მე-14 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი−მე-3, მე-8 და მე-11−მე-13 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები, მე-15 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტები, მე-19 მუხლი, მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი და 21-ე მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლები, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები და მე-3−მე-5 პუნქტები, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის მე-5−მე-10 პუნქტები, მე-11 მუხლის მე-4−მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტები, მე-12 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტები, მე-13 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტები, მე-15 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები, მე-16−მე-18 მუხლები და მე-20 მუხლის პირველი−მე-7 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N906-IIIრს-XIმპ